„შალელიშვილი ერთადერთი დეპუტატია, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის“

„შალელიშვილი ერთადერთი დეპუტატია, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის“

„ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია „ქართული ოცნების“ არც ერთ ლიდერს და თანამდებობისპირს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, სახალხო დამცველთან მიმართებაში და მას უპასუხისმგებლო განცხადება უწოდა. საქმე ეხება წულუკიანის განცხადებას, როდესაც მან უჩა ნანუაშვილს საქართველოს ისტორიაში ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი უწოდა. დეპუტატი მინისტრს სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ პასუხობს და წერს, რომ იუსტიციის მინისტრმა, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით უპასუხისმგებლობა გამოხატა.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის განცხადება სახალხო დამცველის მიმართ, გახლავთ როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი, რომელსაც მთლიანად ვემიჯნები და ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არც ერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოხატოს, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით.მინდა მოგიწოდოთ, რომ ყველამ პატივი სცეთ კონსტიტუციურ ორგანოებს, პატივი სცეთ თანამდებობის პირებს, რომლებიც კონსტიტუციით თუ სხვა სამართლებრივი აქტებით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არა მათი სამართლებრივი შეფასებები“, - წერს შოთა შალელაშვილი.

გარდა ამისა, უმრაველოსობის წევრი მმართველ გუნდს ახსენებს, რომ 2012 წელს, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს პარლამენტის მიერ 88 ხმით იქნა მხარდაჭერილი მოქმედი ომბუდსმენის კანდიდატურა.

„ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პრაქტიკულად ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2012 წლის შემდეგ შეძლო ადამიანის უფლებების აღიარება, განმტკიცება და დაცვის უზრუნველყოფა, ეს არის „ქართული ოცნება“ და სწორედ, ამ პოლიტიკური ძალის ღირსების და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაპირებ თვალი დავხუჭო მსგავს უსამართლობაზე. ყოველთვის ყურადღებით ვადევნებ თვალს ომბუდსმენის საქმიანობას და ანგარიშს, ასევე მისასალმებელი ფაქტია, რომ არც ერთი საერთაშორისო ან ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციიდან არ გაჩენილა პრეტენზიები მისი მისამართით“, - წერს დეპუტატი შოთა შალელაშვილი.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი შოთა შალელაშვილი, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის 29-ე ნომერი იყო, პარლამენტში ბიზნესიდან მივიდა. for.ge მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დეპუტატთან დაკავშირებას, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. შალელაშვილს ამ განცხადების გამო კოლეგები დაუპირსპირდნენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ამბობს, რომ განცხადებით,შოთა შალელაშვილს ასე საჯაროდ დარტყმა გუნდის ერთ-ერთ წარმომადგენელზე, რომელსაც სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, უხერხულია.

„თუ რაიმე კითხვის ნიშნები დგას გუნდში ერთმანეთის მიმართ, უმჯობესი იქნება მათი გარკვევა, პირველ რიგში, გუნდში მოხდეს. თეა წულუკიანის განცხადება უშუალოდ ომბუდსმენის ინსტიტუტზე არ ყოფილა, არამედ წულუკიანმა უჩა ნანუაშვილთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატა“, - აცხადებს სოფო კილაძე. თანაგუნდელის კრიტიკას არაკორექტულს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, რომლის შეფასებით, წულუკიანი წლების განმავლობაში ემსახურებოდა ადამიანის უფლებების დაცვის რთულ საქმეს, იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ.

„იუსტიციის მინისტრის რანგში მის საქმიანობას წარმატებულად ვაფასებთ. მისი უშუალო ლიდერობით არაერთი მიმართულებით დაიხვეწა კანონმდებლობა, განვითარდა საჯარო სერვისების დაფარვა და ხარისხი, წარმატებით შესრულდა ვიზა-ლიბერალიზაციის ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

უჩა ნანუაშვილი საკითხი აქტუალურობას არ კარგავს. პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ სახალხო დამცველი პოლიტიკური აქტიურობისთვის ემზადება მას შემდეგ, რაც აღარ იქნება სახალხო დამცველის პოსტზე. კობახიძე დისკუსიის გაღრმავებას არ აპირებს, თუმცა, ამბობს, რომ არსებობს უამრავი მიზეზი იმისთვის, რომ ასეთი შეფასება გაკეთდეს. მისი თქმით, ნანუაშვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადასული იყო პოლიტიკურ აქტივობაზე. „თეა წულუკიანს აქვს იმის მორალური უფლება, რომ შეაფასოს სახალხო დამცველის საქმიანობა. მე მოვისმინემისი მხრიდან შეფასება. ის საუბრობდა იმაზე, რომ ეს სახალხო დამცველი არის ყველაზე უსამართლო სახალხოდამცველი ჩვენი ისტორიის მანძილზე. ეს არის მისი შეფასება. ამის მორალური უფლება იუსტიციის მინისტრს აქვს, აქედან გამომდინარე, ეს იყო მისი პოზიცია.

რაც შეეხება უმრავლესობის წევრის, შოთა შალელიშვილისგანცხადებას, მე ვფიქრობ, ეს არ იყო კორექტული. როცა გუნდის წევრებს შორის არის აზრთა სხვადასხვაობა, ჯერ ეს გუნდის შიგნით უნდა გაირკვეს და ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს გარეთ განცხადება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატ შალელაშვილის კრიტიკის მთავარი ობიექტი, იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ შალელაშვილზე ბევრი არაფერი სმენია, მაგრამ კარგია, თუ მისმა განცხადებამ დეპუტატი შალელაშვილი სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა.

„დეპუტატ შალელაშვილის შესახებ ბევრი არაფერი მსმენია, მას არ ვიცნობ. მსმენია მხოლოდ ის, რასაც მედია ავრცელებდა, რომ რეალურად ეს არის პარლამენტში ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის. კარგია, თუ ჩემმა განცხადებამ ის სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ავირჩიოთ. ყველა დეპუტატს მართლაც მისგან განსხვავებით, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ, ვუსურვებ ნაყოფიერ სამუშაოს იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი ომბუდსმენი იყოს პასუხისმგებლიანი და მართლაც ამ პატივსაცემ საკონსტიტუციო ინსტიტუტს ვეღარავინ აკადროს ზედაპირულობა, ტყუილი და მიკერძოება. რაც შეეხება ბატონ უჩას საქმიანობას, მე მისი შეფასება გუშინდელი ჩემი 17-წლიანი პროფესიული დაკვირვების შედეგის საჯაროდ განცხადებით არ დამისრულებია, ამ საქმიანობას კიდევ შევაფასებ, მანამ ის არის ომბუდსმენი და მერეც, როცა აღარ იქნება ომბუდსმენი და თუ მისი სურვილი იქნება, როდესაც ის შეწყვეტს ომბუდსმენობას, მზად ვარ, მასთან გავმართო საჯარო პოლიტიკურიდებატი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.