„ზომიერი ისლამის“ ცნება დასავლეთს ეკუთვნის. ამ ტერმინის გამოყენების მიზანი ისლამის შესუსტებაა. სინამდვილეში, არ არსებობს ზომიერი და არაზომიერი ისლამი. ისლამი მხოლოდ ერთია“, -აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ევროკავშირში მუსლიმანი ქალების „დისკრიმინაციას“ აკრიტიკებს.
ერდოღანის თქმით, ევროკავშირში კრძალავენ თავსაბურავის ტარებას, რითაც ხელს უშლიან მუსლიმანი ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას. ამდენად, მუსლიმანი ქალების სახლში დატუსაღების მცდელობა ვირუსივით ვრცელდება.
თურქეთის პრეზიდენტმა, ასევე, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის გაკრიტიკებისთვისაც მოიცალა. მისი თქმით, საუდის არაბეთში ქალებს მანქანის ტარების უფლებას არ აძლევენ.
„ქალებს მანქანის ტარების უფლებას არ აძლევენ. ნუთუ ასეთი რამ არის ისლამში? ამ უფლებას მაშინ მისცემენ, როდესაც ზომიერ ისლამს დაუბრუნდებიან?!“, - აინტერესებს ერდოღანს.
ერდოღანის ბრალდებების პარალელურად, დასავლეთში უკვე ნათლად ხვდებიან, რომ აგრესიული ისლამის გაღვივების მიზეზი, ნაწილობრივ, ევროპელების ლოიალობაა. დასავლეთმა საკუთარი ქმედებებით თავად დაუტოვა ევროპულ ისლამს ერთადერთი გზა - რადიკალიზმისა და დასავლურ ფასეულობებთან ბრძოლის სახით. სწორედ დასავლეთის ლოიალობამ და ზედმეტმა ტოლერანტობამ რადიკალ მუსლიმანებს გაუჩინა განცდა, თითქოს ისინი უკიდურესად მართლები არიან ყველაფერში და თითქოს მათ ევროპელები ჩაგრავენ.
ამიტომაც ევროპელები მივიდნენ იმ აზრამდე, რომ, მართალია, დასავლეთი რადიკალურ ისლამს ახლო აღმოსავლეთში ებრძვის, მაგრამ, სინამდვილეში, ისლამის რადიკალიზმის რეალური საფრთხე სწორედ დასავლური სამყაროს შუაგულშია.
ნიშნავს თუ არა „ზომიერი ისლამის“ ცნება ისლამის, როგორც რელიგიის, დასუსტებას დასავლეთის მხრიდან?
ყოფილი დისიდენტი, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ზომიერი ისლამის“ ცნება მართლაც დასავლეთმა შექმნა, მაგრამ ამის მიზეზი ისლამის დასუსტება არ ყოფილა. უბრალოდ, დასავლეთს სურდა, ერთმანეთისგან გენესხვავებინა რადიკალებისგან ის ადამიანები, რომლებიც ისლამის რელიგიური მიმდევრები არიან, იცავენ ისლამის წესებს, თავიანთ რელიგიურ აღმსარებელობას, მაგრამ არ ცდილობენ, გარშემომყოფებზე ზემოქმედების მოხდენას. ამ ადამიანებისგან განსხვავებით, რადიკალები ცდილობენ მათ წარმოდგენაში არსებული ისლამური ფასეულობების ძალადობით, იარაღით, ტერორით სხვებისთვის თავს მოხვევას.
„ამიტომაც შემოვიდა „ზომიერი ისლამის“ ცნება და არა -რელიგიური მიმდინარეობების გასაყოფად. ისლამზე რომ არაფერი ვთქვათ, ნებისმიერი იდეოლოგია შეიძლება გახდეს აგრესიული. მაგალითად, ილია ჭავჭავაძის ლიბერალიზმი კლასიკური ლიბერალიზმია. ლიბერალიზმთან დაკავშირებით იყენებენ ტერმინებს „კლასიკური ლიბერალიზმი“ (ანუ ზომიერი ლიბერალიზმი) და „აგრესიული ლიბერალიზმი“ (ანუ ექსტრემისტული მიმართულება, ე.წ. ფსევდოლიბერალიზმი), რომელიც აგრესიული მეთოდებით ცდილობს საზოგადოებას თავს მოახვიოს თავისი ხედვები. ამ ძალისმიერი მეთოდის მრავალი გამოვლინებაა, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. რა თქმა უნდა, „აგრესიული ლიბერალიზმის“ მიმდევრები არ იყენებენ შეიარაღებულ მეთოდს, არამედ მათი აგრესია უფრო სამოქალაქო ფორმაშია გამოვლენილი. „აგრესიული ლიბერალიზმის“ ერთ-ერთი ასეთი გამოვლინებაა ერთსქესიანთა ქორწინება. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, ჩვენ ვაღიარებთ თუ რა ერთსქესიანთა ქორწინებას, არამედ საუბარია იმაზე, რომ ლგბტ პირებს სურთ, მაღიარებინონ ის, რაც ჩემი აღმსარებლობისთვის მიუღებელია. ანუ ზემოქმედება ხდება ჩემს აღმსარებლობაზე და არა იმაზე, დასაშვებად მიმაჩნია თუ არა ერთსქესიანთა ქორწინება. მეუბნებიან, შენ ეს აღიარე ჩვეულებრივ მოვლენად. არადა, როგორ ვაღიარო ჩვეულებრივ მოვლენად, როდესაც ჩემი რელიგია ამას ცოდვას უწოდებს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ერთი და იგივე ცნება სხვადასხვანაირად გავიგოთ“, - აცხადებს მამუკა გიორგაძე.
მისივე განმარტებით, თავის დროზე, როდესაც ერდოღანი მეორედ მოვიდა თურქეთის ხელისუფლებაში, ის მოვიდა ზომიერი ლოზუნგებით. ერდოღანი ახლა თავსაბურავების აკრძალვის გამო საყვედურობს ევროპას, მაგრამ თავიდან მის მეუღლესა და ოჯახის წევრებს თავსაბურავები არ ეხურათ. თუმცა, როდესაც ერდოღანმა ეკონომიკური ვითარება წამოსწია ქვეყანაში, მომხრეები გაიჩინა და თურქეთი უფრო ძლიერად დადგა ფეხზე, ამის პროპორციულად მოხდა მასში ისლამისტური ორიენტაციის გაძლიერება. დღეს ჩვენ ვხედავთ, მისი ოჯახის წევრები უკვე თავსაბურავით დადიან, გრძნობენ რა ეკონომიკური წარმატების გამო საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერას. ამიტომაც უფრო აქტიურად დგამენ ნაბიჯებს ქვეყნის ისლამიზაციასთან დაკავშირებით.
„ეს პოლიტიკური თამაშია და ერდოღანის ახლანდელი განცხადება, თითქოს დასავლეთს სურს ისლამის გაყოფა, არ არის სწორი. ერდოღანმა თავიდან ძალზე დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა, შეცვალა კონსტიტუცია და სასამართლოს ბოლო ინსტანცია უკვე აღარ არის სამხედრო ტრიბუნალი. ამაში ერდოღანმა ევროკავშირის ქვეყნები დაიხმარა, რომლებიც მას მხარს უჭერდნენ ამ პროცესებში. ხოლო ახლა, როდესაც ჩიხშია შესული დასავლეთთან მიმართებით, ეძებს თავის ადგილს და ცდილობს, თურქეთი ლიდერის ფუნქციით მოევლინოს ისლამურ სამყაროს. ერდოღანის ეს განცხადებებიც ამითაა ნაკარნახევი და ამით იგი იმ საზოგადოების ნაწილს უპირისპირდება, რომელიც ცდილობს, ამ ბრძოლაში გაემიჯნოს ერდოღანს. ანუ ვგულისხმობ „ზომიერი ისლამის“ მიმდევრებს. ერდოღანი მათ ეუბნება, თქვენ ან იქნებით ჩემთან ამ აქტიურობაში, ან ჩაითვლებით ისლამის მტრებად, ანუ არ ხართ მორწუნეები“, - აცხადებს მამუკა გიორგაძე და პარალელებს ქართულ ყოფასთანაც ავლებს.
მისი თქმით, ჩვენთანაც არის მსგავსი მომენტები, როდესაც ცალკეული პირები საზოგადოებას მოუწოდებენ, ჩაქოლონ ლგბტ თემი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭეშმარიტ ქრისტიანებად არ ჩაითვლებიან. ეს მაშინ, როცა ჩაქოლვა სრულებით არ არის საჭირო და მის გარეშც შეიძლება ქრისტიანული ღირებულებების დაცვა.
სწორედ „ზომიერი ისლამის“ მიმდევრებად მიიჩნევს აჭარელ მუსლიმანებს ბათუმის მკვიდრი, ექსპერტი პაატა აროშიძე. ჩვენთან საუბარში ის აცხადებს, რომ აჭარელი მუსლიმანები ჩვეულებრივი ქართველი პატრიოტები არიან, მთავარია, ამ ადამიანებს ექსტრემისტული განწყობის ხალხმა და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმა არ აურიონ გონება.
„ყველა ხედავს, რომ ტერორისტები, რომლებიც თავს აცხადებენ ისლამის მიმდევრებად,სინამდვილეში, აგრესიული ისლამის მიმდევრები არიან. საბედნიეროდ, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში რადიკალური ისლამის მიმდევრობა ფანატიკურ დონეზე არ არის ასული. საქართველოში და, კონკრეტულად, აჭარაში არც ერთი რელიგია არ იზღუდება და მუსლიმანებსაც არავინ ზღუდავს. მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნა იქნება თუ სხვა რამ, უკვე ინსპირირებულია უცხოეთის სპეცსამსახურების მხრიდან. აჭარაში მცხოვრები ყველა მუსლიმანის რელიგიური გრძნობების დასაკმაყოფილებლად სრულიად საკმარისია ის რელიგიურ-საკულტო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, რომლებიც აჭარაშია. ვისაც ეს არ სჯერა, მას შეუძლია გაიაროს ბათუმში მეჩეთის ტერიტორიაზე და ნახავს, რამდენი ტერიტორია აქვს მეჩეთს გასხვისებული და იჯარით გაცემული. ნახავს მეჩეთის ტერიტორიაზე ფლიგელში არსებულ მაღაზიებს, სადაც რაღაცებს ყიდიან. პირდაპირ ვაცხადებ, ბათუმის მოსახლეობა კატეგორიულად არ დაუშვებს ახალი მეჩეთის მშენებლობას.
აჭარელი მუსლიმანები, პირველ რიგში, ქართველები არიან და შემდეგ - სხვა აღმსარებლები. თავის დროზე ილია ამბობდა, რომ აჭარლები, პირველ რიგში, ქართველები არიანო. დანარჩენი უკვე უცხო ქვეყნების ინტერესებია, ვისაც ჩვენი ქვეყნოს მთლიანობა გულზე ესობათ“, - აღნიშნა პაატა აროშიძემ.
რაც შეეხება ევროპის ცალკეულ ქვეყნებში ჩადრების აკრძალვას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ყველა ევროპულ ქვეყანას თავისი კულტურა, ტრადიცია აქვს და მას პატივი უნდა ვცეთ. ასევე, თურქები არ უნდა ხსნიდნენ ტაო-კლარჯეთის ქართულ ძეგლებში მეჩეთებს, რადგან ოშკი და სხვა მონასტრები თავის დროზე ქართული ტაძრები იყო.