დაპირისპირების ახალი ტალღა - „ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი“

დაპირისპირების ახალი ტალღა - „ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი“

უჩა ნანუაშვილს ერთდროულად დაუპირისპირდა სასამართლო ხელისუფლება, პროკურატურა, იუსტიციის მინისტრი და მმართველი გუნდი. საქმე ეხება ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმადაც, სახალხო დამცველი საქმეში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს. ასევე საუბრობს პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების დაინტერესებაზე, რომ საქმეზე დამდგარიყო გამამტყუნებელი განაჩენი.

საქალაქო სასამართლო „ციანიდის საქმეზე“ ომბუდსმენის ანგარიშში მოყვანილ დეტალებს არ აღიარებს და ნანუაშვილს პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების დეზინფორმირების მცდელობაში ადანაშაულებს. სასამართლოს საპასუხო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომბუდსმენის დასკვნა არაა პირველი შემთხვევა, როდესაც უჩა ნანუაშვილი სასამართლოს კომპეტენციაში იჭრება და სუბიექტური მოსაზრებებით და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების დეზინფორმირებას ცდილობს. სასამართლოს შეფასებით, ნანუაშვილის ანგარიშში სამართლებრივ საფუძველს მოკლებული შეფასებებია გაკეთებული.

ზემდგომი სასამართლოს ფუნქციის შეთავესაბასა და წინმსწრებად, საქმეზე სრულიად არაკომპეტენტური შეფასების მიცემაში ადანაშაულებს უჩა ნანუაშვილს ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი, ჯარჯი წიკლაური, რომლის განცხადებით, სახალხო დამცველის მიკერძოებულობაზე მეტყველებს 5 სექტემბერს მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „ციანიდის საქმეზე“ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა.

„სახალხო დამცველი აცხადებს, რომ „იმ მასალებით, რაც დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელ განაჩენშია მიმოხილული, არ მტკიცდება, რომ რეალურად დანაშაულს ჰქონდა ადგილი.“ აშკარაა, რომ უჩა ნანუაშვილი სცილდება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებს და ღიად იჭრება სასამართლოს უფლებამოსილებაში“, - აცხადებს ჯარჯი წიკლაური.

„ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი“, - ასე შეფასა იუსტიციის მინისტრმა ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებული დასკვა ე.წ. „ციანიდის საქმეზე“.

„მართალი გითხრათ, ძალიან გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება... ვიტყვი, რომ ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი, ამიტომაც მის განცხადებებზე კომენტარს არ ვაპირებ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

უჩა ნანუაშვილის მისამართით კრიტიკა ისმოდა საკანონმდებლო ორგანოშიც. „ქართული ოცნების“ წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სასურველია, რომ სახალხო დამცველმა გადახედოს მის განცხადებებს, ზოგადად, რა განცხადებებითაც საუბრობს ხოლმე.

„თუკი ბატონ სახალხო დამცველს ასეთი განცხადებები უკვირს, ჩემთვის გასაკვირია, რომ მას ეს განცხადებები უკვირს. ვისურვებდი, რომ სახალხო დამცველის განცხადებები იყოს სამართლიანი, ობიექტური და მიკერძოებისგან დაცლილი. ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები სახელისუფლებო და არა მხოლოდ სახელისუფლებო წრეებისგან არ გაკეთდება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კრიტიკა სახალხო დამცველის საქმიანობის მიმართ მიუღებელია პრეზიდენტის მრჩეველისთვის ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძისთვის, რომლის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის მისამართით გაუგებარი და მიუღებელი განცხადებები გახშირდა.

„ერთი მხრივ, ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული სტანდარტებით ვიცხოვროთ და მეორე მხრივ, გვავიწყდება, რომ ევროპაში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, არსად, სახალხო დამცველს არ აკრიტიკებენ მხოლოდ იმის გამო, რომ სახალხო დამცველი ასრულებს თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას.

ჩვენ გვახსოვს წლების წინ, როცა სახალხო დამცველს მიტინგის დარბევის დროს ვცემდით. დღეს აღარ ვცემთ და შეიძლება ეს ვიღაცისთვის პროგრესის მიმანიშნებელი იყოს, თუმცა სინამდვილეში, ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ არ გვესმის კარგად, რა არის სახალხო დამცველის მანდატის კონსტიტუციური არსი“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.

მისივე თქმით, როცა სახალხო დამცველი განცხადებას აკეთებს, მისთვის არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ვის საქმეს სწავლობს და რომელი პარტიის წევრია. როგორც კოჟორიძე აცხადებს, სახალხო დამცველისთვის ყველა ადამიანი არის თანასწორი და თუ უფლება ირღვევა, მისთვის არაფერს არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. მისივე შეფასებით, ქვეყნის სახალხო დამცველი უნდა იყოს კრიტიკული და ზოგჯერ მწვავედ კრიტიკულიც, როცა ეს საჭიროა.

ბრალდებებს არ ღებულობს სახალხო დამცველი, რომლის განცხადებით, საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის მხრიდან არის მცდელობა იმისა, რომ გაამართლოს ის დარღვევები, რომლებსაც განსაკუთრებით, გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ადგილი და სწორედ პროკურატურა არის ის ორგანო, რომელიც უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით არის პასუხისმგებელი.

რაც შეეხება სასამართლოს, უჩა ნანუაშვილი სასამართლოს ხელმძღვანელობას ურჩევს, წაიკითხოს კანონი სახალხო დამცველის შესახებ, რადგან სახალხო დამცველის უფლებაა, სასამართლო პროცესებზე გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბროს. ნანუაშვილმა ასევე უპასუხა იუსტიციის მინისტრს და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი არ ხუჭავს თვალს დარღვევებზე, რომელსაც ქალბატონი წარმოადგენს.

„ეს არ არის პირველი განცხადება, მანამდეც მოგვისმენია ქალბატონი მინისტრისგან სხვადასხვა განცხადებები. მე მოკლედ გავცემ პასუხს - მსგავსი განცხადებები პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას აზიანებს, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების თვალში.

პირადული ნამდვილად არაფერია, ეს, ალბათ, უკავშირდება იმ კონკრეტულ დარღვევებს, რომელზეც სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ამახვილებდა ყურადღებას. ასევე, უკავშირდება იმას, რომ სახალხო დამცველი არ ხუჭავს თვალს სერიოზულ და სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის იმ მიმართულებით, რომელსაც ქალბატონი წარმოადგენს“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.