ე.წ. ციანიდის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, დეკანოზს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.
ამ სკანდალურ საქმეზე სკანდალური ანგარიში გაასაჯაროვა სახალხო დამცველმა.
ანგარიშში უჩა ნანუაშვილი არ განიხილავს გიორგი მამალაძის ბრალეულობისა და მტკიცებულებათა შეფასების საკითხს, რაც მხოლოდ მოსამართლის კომპეტენციას განეკუთვნება, მაგრამ აღნიშნავს, რომ წინასწარი გამოძიება და სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა.
სახალხო დამცველის აპარატი ერთადერთი ნეიტრალური ორგანო იყო, რომელმაც სასამართლო პროცესის მონიტორინგი განახორციელა. იმის მიუხედავად, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სასამართლო სხდომები არსებითი საპროცესო ხარვეზების გარეშე წარმართა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეუძლებელი გახდა გამოძიების პროცესში დაშვებული დარღვევების გამოსწორება, რამაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
უჩა ნანუაშვილმა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად შეაფასა სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთა მიერ, გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, რამაც, მისი შეფასებით, ხელი შეუწყო, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე ბევრად ადრე, შექმნილიყო საზოგადოებრივი განწყობა გიორგი მამალაძის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.
დაცვის მხარე არათანაბარ პირობებში ჩაყენება და ადვოკატებისათვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება, სახალხო დამცველის შეფასებით, არ ემსახურებოდა საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებს და ზედმეტი და არასაჭირო შეზღუდვა იყო ბრალდებულისათვის. ნანუაშვილის შეფასებით, მხარეთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა უფრო თვალსაჩინო იყო იმ ფონზე, როცა საქართველოს მთავარი პროკურატურა ასაჯაროებდა საქმეში არსებულ მთავარ მტკიცებულებებსა და მოწმეთა ვინაობას.
„იმ მასალებით, რაც დეკანოზ გიორგი მამალაძის გამატყუნებელ განაჩენშია მიმოხილული, არ მტკიცდება, რომ რეალურად დანაშაულს ჰქონდა ადგილი. ამ საქმეზე დარღვევები ძირითადად გამოძიების ეტაპზე ფიქსირდებოდა, თუმცა სასამართლო ეტაპზე ამ დარღვევების გამოსწორება არ მომხდარა. ყველაზე დიდი დარღვევაა, როდესაც მტკიცების ტვირთი ბრალდებულზეა გადატანილი და გიორგი მამალაძის შემთხვევაში ეს ტვირთი მასზე იყო გადასული.
სასამართლოს უნდა მოეხდინა ყველა იმ მტკიცებულების შეჯერება და მიეღო გადაწყვეტილება, რომლითაც იქნებოდა მოთხოვნილი ნორმები დაცული. პროცესის დახურვაც სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ ის ხარვეზები, რომელიც ამ საქმეში არსებობს, მათ შორის მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის არ გამხდარიყო საჯარო. რეალურად არანაირად არ მტკიცდება, იმ მასალების საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელ განაჩენში არის მიმოხილული ის, რომ ნამდვილად ჰქონდა დანაშაულს ადგილი“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში არის შანსი გამოსწორდეს ის დარღვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვის დროს. იმ შემთხვევაში, თუკი სააპელაციო სასამართლო ყველა მტკიცებულებას შეაფასებს, ნანუაშვილის შეფასებით, შესაძლებელია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი შეიცვალოს.
„ციანიდის საქმეში, შესაძლო დანაშაულებზე რეაგირების მხრივ პროკურატურა შერჩევით მიდგომებს იყენებდა. დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ სავარაუდო დანაშაულებები, რომელიც ასევე გამოვლინდა სასამართლოს მიმდინარეობის დროს, მასზე რეაგირებაც არ მომხდარა პროკურატურის მხრიდან, ან ეს რეაგირება იყო მხოლოდ შერჩევითი და ცალმხრივი, რაც კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.
აქ არის საუბარი ზეწოლაზე თუნდაც, ასევე, სავარაუდო მძიმე დანაშაულის ჩადენაზე, როდესაც ამაზე მოწმეებმაც ისაუბრეს სასამართლო პროცესებზე და ამაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა რეალურად. თუმცა გარკვეულ საკითხებზე, იგივე ფირცხალავასთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოიყენა უფლებამოსილება და იმ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით დაიწყო ცალკე გამოძიება, მაგრამ არ მოხდა სხვა მსგავს შემთხვევებზე, რაც ამ პროცესის ხარვეზია“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ხმაურიან დასკვნაში ნანუაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის ფიგურირებაზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების გამო, ჩუბინიძე სასამართლოზე მოწმის სახით აუცილებლად უნდა დაკითხულიყო.
„სდსს-ს სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე არ ყოფილა გამოძახებული მოწმედ სასამართლოში, მაშინ როდესაც ორი მოწმე ადასტურებდა იმას, რომ გიორგი მამალაძის ბარგში აღმოჩენილი ციანიდის შესახებ ანზორ ჩუბინიძემ იცოდა, ვიდრე დეკანოზის ბარგში აღმოაჩენდნენ მომწამვლელ ნივთიერებას. არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები, რომელიც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა“, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა.
საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა. საქმეზე სასამართლომ დეკანოზი დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მამა გიორგის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ საქმეზე დაკავების დღიდან იყო დარღვეული შეჯიბრითობების კანონი, რაც დასტურდება იმით, რომ სასამართლომ უარი თქვა აეროპორტის სათვალთვალო კამერებიდან ვიდეო ჩანაწერების ამოღებაზე, რაც მამა გიორგის უდანაშაულობას ადასტურებს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ამ სახელმწიფოს წევრები ვართ, იმედი მაქვს, რომ გონიერება მაინც ეყოფა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს და არ გააგრძელებნ იმ გზით სიარულს, რა გზითაც მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა იარა. ანუ, შეკვეთის შესრულება. პირდაპირ მიუთითებდა თუ რა ინტერესი ჰქონდათ სახელმწიფო თანამდებობის პირებს, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენით შეასრულა ბესიკ ბუგიანაშვილმა.
იმედი მაქვს, რომ მეორე ინსტაციის სასამართლო მიიღებს გონიერ გადაწყვეტილებას და ეს საქმე არ წავა სტრასბურგის სასამართლოში, რაც მერწმუნეთ, რომ ძალიან მძიმე და სასირცხვილო ფურცელი იქნება ქართული მართლმსაჯულების ინსტორიაში. სკანდალურად რომ არ იქცეს და უფრო მეტი სკანდალი რომ არ მოჰყვეს ამ საქმეს, სახელმწიფომ და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა გაითვალისწინონ ეს ყველაფერი და უნდა მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება, ანუ, გაამართლონ უდანაშაულო მამა გიორგი“, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
ამასთანავე, რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ სახალხო დამცველის დასკვნა აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებად სააპელაციო სასამართლოს წარუდგინოს.
„ფაქტია, რომ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად ჩვენზე გადმოვიდა. სახალხო დამცველმა საკუთარი დასკვნით დაადასტურა ის გარემოებები, რასაც ემსახურებოდა სასამართლო პროცესის დახურვა. თვით მოსამართლემაც კი, იმდენად არასაკმარისი იყო მტკიცებულებები ანგარებისთვის, გააგრძელა რა დავალების შესრულება, ერთადერთი მოიფიქრა და გადააკვალიფიცირა შურისძიებაზე. ანგარების მოტივისთვის არ იყო საკმარისი ეს მტკიცებულებები და შურისძიებითვის როგორ აღმოჩნდა, ჩემთვის გაუგებარია“, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
ნანუაშვილის სკანდალურ დასკვნაზე კომენტარს არ აკეთებს საქართველოს მთავარი პროკურატურა. ირაკლი შოთაძის უწყებისგან განსხვავებით, სახალხო დამცველის ანგარიშს გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო. პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ საპატრიარქოს განცხადებები ციანიდის საქმეზე სიმართლის დადგენას ემსახურებოდა. მისივე შეფასებით, სახალხო დამცველის ხედვა, ამ შემთხვევაში, არ არის მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მექანიზმი.
„ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ სამართალს, რაც ქვეყანაში არსებობს და სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვხელმძღვანელობთ სინოდის განჩინებით. სინოდმა განაჩინა, რომ მამალაძის საქმემ უნდა გაიაროს სხვადასხვა ინსტანცია. ამ ინსტანციების გავლის შემდეგ კი, ჩამოყალიბდება საერთო პოზიცია განაჩენთან დაკავშირებით.
არაერთგზის განვაცხადე, რომ ეს იყო ჩვენთვის მძიმედ და ძნელად გადასატანი განსაცდელი. ეკლესია ბევრად დაზიანდა ამ ყველაფრით, შესაბამისად, სხვა განცხადებები ჩვენ არ გაგვიკეთებია. მხოლოდ ვამბობდით, რომ უნდა დადგინდეს საქმეზე სიმართლე. რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო ეს ჩვენი ეკლესიისათვის, ეს უნდა მიგვეღო, როგორც მოცემულობა“, – აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა.