უნდა იყოს თუ არა სახიფათო ობიექტები დედაქალაქში?!

უნდა იყოს თუ არა სახიფათო ობიექტები დედაქალაქში?!

გადაიხედება თუ არა თბილისის გენერალური გეგმით სახიფათო ობიექტების დედაქალაქის ცენტრში არსებობა? თბილისის განვითარების გენგეგმის ერთ-ერთი ავტორი, „სითი ინსტიტუტის“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ იზოტოპების და მსგავსი ობიექტების თბილისის ცენტრში არსებობის მიზანშეწონილობა განაშენიანების რეგულირების გეგმამ უნდა განსაზღვროს. მისი თქმით, გენგეგმაზე მუშაობისას ცალკეულ ობიექტებზე რომ გაემახვილებინათ ყურადღება, კიდევ დამატებითი წლები დასჭირდებოდათ სრულყოფილი გეგმის დასადებად.

რაც შეეხება იზოტოპების ინსტიტუტს, ჯერ კიდევ 2010 წელს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე მყარი იზოტოპების ინსტიტუტში ერთ-ერთ ჩაკეტილ ოთახში კონტეინერში მოთავსებული უცნობი ნივთიერება აღმოაჩინეს და გარემოს დაცვის სამინისტროს აცნობეს. გარემოს დაცვის რადიაქტიური და ბირთვული დეპარტამენტის თანამშრომლებმა იზოტოპების ინსტიტუტის შენობაში აღმოჩენილი პლუტონიუმის და ბერილიუმის კომპოზიცია დაცულ ადგილას გადაიტანეს. თუმცა ამ ინფორმაციამ იქვე ახლოს მცხოვრები მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია.

დღეს იზოტოპების ინსტიტუტის დირექტორი თემურ ჯიშიაშვილი აცხადებს, რომ შენობის სხვა ადგილას გადატანა ათეულობით მილიონი ლარი დაჯდება. თანაც, ასეთი ინფრასტრუქტურის გადატანა ასე მარტივი არაა.

თემურ ჯიშიაშვილის თქმით, ეს შენობა ქალაქის ცენტრში არ არის, თითქმის გარეუბანშია. როცა აშენდა, მაშინ მის ირგვლივ არაფერი იყო. მერე შემოუშენეს გარშემო სახლები. თავიდან მხოლოდ თანამშრომელთა საცხოვრებელი სახლები იყო, მერე დაიწყეს მთლიანი განაშენიანება.

იზოტოპების ინსტიტუტი დირექტორი ირწმუნება, რომ მისი ინსტიტუტი აწარმოებს სამედიცინო დანიშნულების დიაგნოსტიკის იზოტოპებს, რაც მსუბუქი იზოტოპებია რადიაციის გარეშე. ეს იზოტოპები გადის ამერიკის, ევროპის, იაპონიის ბაზრებზე.

„ეს უნიკალური წარმოება კომუნისტების დროიდან დარჩა საქართველოს, რომელიც საბჭოთა კავშირში არსად იყო. თუ ამ წარმოებასაც დაანგრევენ, ჰქონდეთ მერე ლომონათი და ბორჯომი“, - ასეთია თემურ ჯიშიაშვილის პოზიცია.

დაბინძურებული ჰაერით ისედაც განთქმულ თბილისში უნდა არსებობდეს თუ არა საეჭვო ობიექტები?

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი ამ მხრივ კრიტიკულია. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ სულაც არ აინტერესებს ამ თვალსაზრისით როგორია უცხოური გამოცდილება. გარკვეული ხიფათი და საშიშროება ადამიანს აიძულებს, იფიქროს, რომ ასეთი ობიექტების განთავსება ქალაქის სხეულში არ არის სასურველი. უფრო ზუსტად, სასურველი კი არა, ასეთი ობიექტები გასატანია და ისინი უნდა დაპროექტდეს ქალაქგარეთ.

„თავის დროზე, როცა იზოტოპები დაპროექტდა, მაშინ მთელი ეს უბანი არ იყო განაშენიანებული და არც ითვალისწინებდა ამ ტერიტორიების ათვისებას საცხოვრებელი ფონდით. დღეს თუ ეს ობიექტი თემატურად ასეთივე შინაარსის დაგვრჩება, ცხადია, უნდა გავიტანოთ იმ ტერიტორიიდან. ეს საკითხი მარტივად გადასაწყვეტია. თბილისს არ გააჩნია გენერალური გეგმა და რაც არის წარმოდგენილი, არ არის გენერალური გეგმა. ამიტომ ის ვერ გადაწყვეტს ამ საკითხს. თბილისში ასეთი ობიექტები ბევრი ვერ იქნება. მით უმეტეს, რომ ფიზიკის ინსტიტუტი და ფიზიკა, როგორც მეცნიერება, მოსპეს საქართველოში. ეს მეცნიერება აღარ არის არც მეცნიერებათა აკადემიაში, არც უნივერსიტეტში.

რაც შეეხება იზოტოპებს, ეს ინსტიტუტი ფიზიკის პროფილის ლაბორატორიად ითვლებოდა. ჩვენი ტრაგედია სწორედ ისაა, რომ რაზეც შეეძლო საქართველოს აეშენებინა თავისი კულტურულ-მეცნიერული და პოლიტიკური პლაცდარმი, სწორედ ის მოისპო. მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე იზოტოპები უსაქმოდ გაჩერებული შენობებია. თუმცა, თუ ეს ნაგებობები ხიფათის შემცველია, მათ გადატანაზე თანხები არ უნდა დაგვენანოს. შესაძლოა, ვინმემ თქვას, იზოტოპების გადატანა ძვირი დაჯდებაო, მაგრამ ფინანსები არ არის მთავარი, რადგან არსებობს უფრო ძვირფასი, რომელიც თანხებით არ განისაზღვრება. ეს ადამიანის ჯანმრთელობაა“, - აცხადებს გიგა ბათიაშვილი.

არქიტექტორი ვახტანგ დავითაია ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ, თუკი ჩვენს ქვეყანას რაიმე შესაძლებლობა აქვს, არავითარ შემთხვევაში, იზოტოპების მსგავსი ობიექტები არ უნდა გააჩეროს ქალაქში. მით უმეტეს, იმ ადგილას ურბანული სიტუაცია უკვე მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუკი 40 წლის წინ მხოლოდ ორი სახლი იდგა, ახლა მთლიანად საცხოვრებელი კორპუსებითაა მოშენებული. ე.ი. გაცილებით მეტია რისკი და მეტ ადამიანს ელის ხიფათი.

„ეს არ არის პრობლემა, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული კვლევა სჭირდება. ეს საკითხი უფრო მეტად დაკავშირებულია ფინანსებთან. თუ ასეთ ობიექტებს გაიტანენ დედაქალაქიდან, კარგი იქნება, მაგრამ როდის და რანაირად მოახერხებს ქალაქი ამას, ძნელი სათქმელია. ეს ძვირადღირებულია“, - აცხადებს ვახტანგ დავითაია.

ამასთან, ვერ აკონკრეტებს, რამდენი ასეთი ობიექტია დედაქალაქის ცენტრში. თუმცა მიიჩნევს, რომ უცხოეთის გამოცდილებაც ამას გვკარნახობს, რომ ჰაერის მდგომარეობით ისედაც დამძიმებულ დედაქალაქში ასეთ ობიექტებს არ ინარჩუნებენ.