უჩა ნანუაშვილი უფლებამოსილების ამოწურვამდე ხმაურიანი ანგარიშისთვის ემზადება. საქმე ეხება ე.წ. ციანიდის საქმეს. სახალხო დამცველს უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება. კანონმდებლობით სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთი წლის ვადით, სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით ირჩევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატს ნაკლები შანსი აქვს გახდეს ქვეყნის სახალხო დაცველი.
პროცედურის გათვალისწინებით, კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საპარლამენტო ფრაქციას, ასევე პარლამენტის წევრთა, სულ ცოტა, ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ შედიან. არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი სახალხო დამცველის კანდიდატურას მომავალ კვირას დაასახელებს.
პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ სახალხო დამცველთან კონსულტაციებს ადასტურებს. როგორც ირკალი კობახიძე ამბობს, უნდა შევარჩიოს ისეთი კანდიდატი, რომელიც საუკეთესოდ უზრუნველყოფს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობას. მისი თქმით, კრიტერიუმები, რომლის თანახმადაც შეირჩევა შესაბამისი კანდიდატურა, არის პოლიტიკური მიუკერძოებლობა, კეთილსინდისიერება, პატიოსნება და შესაბამისი კვალიფიკაცია.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, სახალხო დამცველის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება. კონკრეტული სახელისა და გვარების დასახელებისგან პარლამენტის თავმჯდომარემ თავი შეიკავა.
„კანდიდატებს, ბუნებრივია, დღეს ვერ დავასახელებ. კონსულტაციების საფუძველზე, საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით ერთიან პოზიციაზე და ამის შემდეგ დასახელდება კანდიდატიც. მოგეხსენებათ, მოქმედ სახალხო დამცველს ვადა შვიდ დეკემბერს ეწურება და სწორედ ამ ვადებით ვიხელმძღვანელებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახალხო დამცველის თანამდებობაზე თავდაპირველად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თამარ ქალდანის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა მთავრობის შეთავაზება ქალდანმა არ მიიღო. არსებული ინოფრმაციით, ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის თანაშემწის, სოფო ჯაფარიძისა და სოფო ხორგუანის კანდიდატურა განიხილება. ორივე დასახელებულ კანდიდატურას ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აქვს. შეგახსენებთ, რომ ჯაფარიძე და ხორგუანი ყოფილი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის მოადგილეები იყვნენ.
პირველ არხთან საუბარში სოფო ხორგუანი აცხადებს, რომ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია, თუმცა სმენია, რომ მისი კანდიდატურა ომბუდსმენის პოსტზე განიხილება. შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა წინადადებას, ხორგუანი პასუხობს, რომ სახალხო დამცველის საქმიანობა ღირსებით სავსე საქმეა.
„გააჩნია, როგორი შემოთავაზება იქნება. ეს ისეთი სამსახურია, ამაზე უკეთესი, ღირსებით სავსე, პატივსაცემი და ადამიანების დაცვაზე მადლიანი საქმე არ არსებობს. ამაზე უფრო სასარგებლო რა უნდა იყოს. ოფიციალური წინადადება არ მიმიღია, მაგრამ თქვენ რომ წყაროები გყავთ, ასეთი წყაროები მეც მიყვებიან, რომ სადღაც ჩემი კანდიდატურა განიხილება. ამის იქით, არაფერი ვიცი. თუ ასეთი შემოთავაზება იქნება, ამას არ დავმალავ და ვიტყვი“, - აცხადებს სოფო ხორგუანი.
სახალხო დამცველობის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს უკვე მართავს არასამთავრობო სექტორი. სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო სექტორის ერთიან კანდიდატს პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დაარეგისტრირებს. არსებული ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორი საიას თავმჯდომარეს ანა ნაცვლიშვილის და კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის კანდიდატურას განიხილავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუკი არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ სურვილი, რომ მათი კანდიდატი ოფიციალურად იყოს წარდგენილი პარლამენტში, დამატებითი კონსულტაციების შემდეგ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ კანდიდატს პროცედურულად დაეხმაროს და შესარჩევ პროცესში მონაწილეობა მიიღოს. როგორც სამადაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე საჭიროა, რომ არასამთავრობოებმა სახალხო დამცველის კანდიდატურაზე ფართომასშტაბიანი კონსულტაციები თავად გამართონ და შეთანხმდნენ ერთიან კანდიდატზე.
„მიგვაჩნია, რომ მათ მიერ დასახელებული კანდიდატი, ჩვენთვის ბევრად უფრო სანდო იქნება, ვიდრე მმართველი პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატურა. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვაფიქსირებთ მზაობას, რომ ჩვენმა ფრაქციამ გამართოს მათთან კონსულტაცია ამ თემაზე, როგორც კი ისინი ჩამოყალიბდებიან.
თუ მათ საკუთარი კანდიდატის ოფიციალურად წარდგენა ექნებათ გადაწყვეტილი პარლამენტში, ჩვენ ჩვენი მხრიდან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ, მზად ვართ განვიხილოთ შესაძლებლობა, რომ ჩვენმა ფრაქციამ გამოიყენოს ფრაქციის პროცედურული შესაძლებლობები იმისთვის, რომ შესაძლებლობა მიეცეს არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატს, მონაწილეობა მიიღოს შესარჩევ პროცესში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
კონსულტაციებს ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ადასტურებს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე. თუმცა ამბობს, რომ მისი კანდიდატურის შესახებ, სხვა კანდიდატურებთან ერთად, არასამთავრობო სექტორი მსჯელობს. როგორ მენაბდე ამბობს, მისთვის, როგორც ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ადამიანისთვის, რომელიც ასევე დიდი ხნის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში საქმიანობდა, ეს შემოთავაზება საინტერესო იქნება.
„სახალხო დამცველის თანამდებობა და ინსტიტუტი კონსტიტუციურად ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ სფეროში მუშაობს, დიდი ხნის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში საქმიანობდა, ეს შემოთავაზება საინტერესო იქნება, თუ ასეთი შემოთავაზება იარსებებს. რაც შეეხება კონკრეტიულ პოლიტიკურ ძალებთან ამ საკითხის განხილვას, კიდევ ვიმეორებ, რომ არ მომხდარა. ეს არის პარლამენტის, საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტი. სწორედ მან უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, ვინ გახდება საქართველოს სახალხო დამცველი“, - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.
არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს ადასტურებს საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი და აცხადებს, რომ მზად არის გამოწვევა მიიღოს.
„ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემთვის საპატივსაცემო არაერთმა ადამიანმა და ჯგუფმა მომიაზრა ამ პოზიციაზე. მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს - პარლამენტს თუ ფართო საზოგადოებას უფრო დეტალურად ვესაუბრო ჩემს ხედვებსა და მიზნებზე - შესაბამის ფორმატში“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.