„აფხაზეთს თავისი ფული ვერ გამოუშვია და მეეჭვება აფხაზეთის ხელისუფლებამ იცოდეს, კრიპტოვალუტა რა არის“

„აფხაზეთს თავისი ფული ვერ გამოუშვია და მეეჭვება აფხაზეთის ხელისუფლებამ იცოდეს, კრიპტოვალუტა რა არის“

აფხაზეთში ეროვნული კრიპტოვალუტის გამოშვებაზე ფიქრობენ. დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა აცხადებს, რომ აფხაზეთი პირველი ქვეყანა იქნება მსოფლიოში, რომელიც საკუთარ ეროვნულ კრიპტოვალუტას (ციფრული, ვირტუალური ფულის ერთეული) გამოუშვებს.

არძინბას თქმით, ამ კუთხით ბევრი ქვეყანა აქტიურად მუშაობს. კერძოდ, არძინბა რუსეთის ფედერაციის კავშირგაბმულობის მინისტრის ნათქვამს იშველიებს, რომლის თანახმადაც, უახლოეს მომავალში რუსეთი კრიპტორუბლის შექმნას გეგმავს.

ადგურ არძინბას კარგად ესმის სკეპტიკოსებისაც, ვინც მსგავს იდეებს სიფრთხილით ეკიდება. თუმცა იგი შეგუებულია იმასაც, რომ, როდესაც ეს ტექნოლოგიები გასაგები და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, როდესაც უმსხვილესი ქვეყნები საკუთარი კრიპტივალუტის მწარმოებლები გახდებიან, აფხაზეთისთვის ეს შესაძლებლობა დაიხურება.

მანამდე კი პოტენციური ინვესტორებისთვის აფხაზეთის მიმზიდველობა კრიპტოვალუტის აქტივების ბრუნვისა და ინკორპორაციისთვის ყველაზე კომფორტულ პირობებს უნდა ეფუძნებოდეს, რომელსაც აფხაზები შექმნიან.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ ფინანსური სისტემის კლასიკური ვარიანტი არ გაგვაჩნია, რისკი მინიმალურია“,-ამბობს ადგურ არძინბა.

თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორ ვახტანგ ჭარაიასთვის გაუგებარია, რისთვის სჭირდებათ აფხაზებს კრიპტოვალუტა, რადგან, რეალურად, კრიპტოვალუტების საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია და ბოლომდე არავინ იცის, რას წარმოადგენს კრიპოტოვალუტა. For.ge-სთან საუბარში ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ, თუ დღეს მსოფლიოში არსებობს რომელიმე წარმატებული კრიპტოვალუტა, ამას განაპირობებს მისი ცნობადობა და რეპუტაცია. კრიპტოვალუტებისადმი ნდობა ისედაც არ არის მაღალი, მით უმეტეს, არაღიარებული, დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტა რამდენად საინტერესო იქნება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ძალზე საეჭვოა.

„აფხაზების ინიციატივა აბსტრაქტულად მეჩვენება. პირობითად, საქართველომ, ამ აღიარებულმა სახელმწიფომაც რომ გამოუშვას ეს ვალუტა, არა მგონია, მას დიდი პოპულარობა ჰქონდეს, რადგან, თუ ვალუტა არ არის გამყარებული ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობით, სამხედრო პოტენციალით, საერთაშორისო კავშირებით, მაშინ რაღაც ახალი ვალუტის გამოშვება თავისთავად არაფერს გვაძლევს. თუ ვინმეს სჯერა შენი ქვეყნის ეკონომიკის, მაშინ ის შენს ეროვნულ ვალუტას იყიდის, რეზერვად შეინახავს და არა -კრიპტოვალუტას. რატომ უნდა იყიდოს რაღაც აბსტრაქტული ფული, რომელიც საეჭვო მიზნებისთვის იქმნება და ვინ იყიდის, ვინ გაყიდის, ბევრი რამ უცნობია.

ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ცდილობს აფხაზეთში თავისი გავლენის გაძლიერებას და აფხაზეთის ბიუჯეტს წლიდან წლამდე ოფიციალურად ურიცხავს გარკვეულ თანხას. შესაძლოა, აფხაზებს კრიპტოვალუტის გამოყენება ზუსტად ამ შემთხვევებისთვის სჭირდებათ, როდესაც ადგილობრივ აფხაზ ჩინოვნიკებს მოუწევთ გარკვეული „ატკატების“ უკან გაბრუნება რუსებისთვის. ამ დროს შეიძლება რაღაც მსგავსი მექანიზმი გამოიყენონ და შეიძლება ამან მათ სარგებელი მისცეს, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის უინტერესოა არაღიარებული რესპუბლიკის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტა, რომლის უკანაც სუსტი, ეკონომიკურად უძლური, კონფლიქტური ტერიტორია, ანუ დე ფაქტო რესპუბლიკა დგას“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია და არ გამორიცხავს, აფხაზებს ამ ნაბიჯით საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიქცევაც სურდეთ.

ექსპერტის თქმით, ასე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნას. თუ პროგრამისტები გყავს, ეს წარმოუდგენელ საქმეს არ უკავშირდება. თუმცა მსოფლიოში იმიტომ ენდობიან ევროსა და დოლარს, რომ ამის უკან შესაბამისი სახელმწიფოები დგანან და გრძელვადიანი ნდობაა ამ ვალუტების მიმართ. კრიპტოვალუტების მიმართ კი მოკლევადიანი ნდობაა და მათ არავინ ყიდულობს იმისთვის, რომ 10 წელი შეინახონ და მერე გაყიდონ. ყიდულობენ იმისთვის, რომ გარკვეული საათის თუ დღეების მერე გაყიდონ და გარკვეული მოგება ნახონ. ეს საერთოდ სხვა ტიპის ინსტრუმენტია, რომლითაც საეჭვოა, აფხაზებმა რაიმე ეფექტი მიიღონ.

ექსპერტთა კლუბის წევრი ირაკლი ცქიტიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ადგურ არძინბას განცხადება მხოლოდ პიარია, გათვლილი გაუცნობიერებელ აფხაზ მოსახლეობაზე, რათა მათ მკერდში მჯიღი დაირტყან, თურმე რა მაგრები ყოფილან აფხაზები. სინამდვილეში, არავითარი კრიპტივალუტის გამოშვება არ შეუძლია და ვერც შეძლებს აფხაზეთი. ეს შეუძლიათ რუს სპეციალისტებს და რუსებს ისიც ძალუძთ, კრიპტოვალუტის თემა ვითომც აფხაზებს მიაბან. სინამდვილეში, ეს იქნება დიდი შავი ხვრელი და ასეთი კრიპტოვალუტა გამოყენებულ იქნება მხოლოდ ბინძური საქმებისთვის, ფულის გასათეთრებლად. არავითარი სხვა პერსპექტივა მას არ აქვს.

„დღეს მსოფლიოში ერთი-ორი კრიპტოვალუტაა, რომელიც, ასე თუ ისე, აინტერესებს ხალხს, მაგრამ აინტერესებს მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეული აჟიოტაჟია შექმნილი. ეს გახლავთ ბიტკოინი და მისი „მეორე ნახევარი“, რომელთა აჟიტირებაც სპეციალურად ხდება, მაგრამ ისინი ფართო მიმოქცევაში ვერ იქნება. უბრალოდ, მათი მცირე რაოდენობისა და მათზე მოთხოვნის ზრდის გამო ამ კრიპტოვალუტების ფასი იზრდება. რაც შეეხება აფხაზებს, უსაქმურობის პირობებში ისინი ზღაპრების მოგონებით არიან დაკავებულნი, აფხაზური კრიპტოვალუტა ფანტასტიკის სფეროა. ჯერ ერთი, აფხაზეთს თავისი ფული ვერ გამოუშვია და რუსეთზეა ჩამოკიდებული. მეორეც, მეეჭვება აფხაზეთის ხელისუფლებამ იცოდეს, კრიპტოვალუტა რა არის და როგორ მუშაობს. აფხაზებს ამის არც ცოდნა, არც რესურსი, არც შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ეს ყველაფერი რომც ჰქონდეთ, მათი კრიპტოვალუტა მაინც არავის სჭირდება მსოფლიოში“, - აცხადებს ირაკლი ცქიტიშვილი.