ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის ახალი კანონპროექტით, პირი, თუ მას ნარკოტიკების მხოლოდ „დღიური დოზა“ ექნება, სისხლის სამართლის პასუხისგებისგან უნდა გათავისუფლდეს. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება საქართველოს „ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ“ ხუთ დეპუტატთან ერთად მოახდინა. პარლამენტში ამ კანონპროექტის განხილვა მომავალი კვირიდან უნდა დაიწყოს.
საქართველოს ნარკოპოლიტიკის და „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წარმომადგენელი დავით სუბელიანი ამბობს, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო უამრავი ადამიანი ციხეში იმყოფება, ხოლო ციხის შემდეგ შესაბამისი სერვისებისა და ნარკოპოლიტიკის არარსებობის გამო კვლავაც ნარკოტიკის მომხმარებელი ხდება.
„ჩვენს რეფორმაში განსაზღვრულია რეგულარული მომხმარებლისთვის საშუალო ერთი დღის დოზა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალებისთვის, რაც ექსპერტთა მიერ არის შეფასებული. ეს მოდელი განხორციელდა პორტუგალიაში და, საქართველოსგან განსხვავებით, პორტუგალიამ მიიღო 10 დღის საკმარისი ოდენობის ნარკოტიკის დოზის დეკრიმინალიზაცია. იმ ქვეყნებში, სადაც დეკრიმინალიზაცია განხორციელდა, ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა. ცხადია, ჩვენ არ ვეხებით ნარკოტიკის გამსაღებლებს. ჩვენი პაკეტი ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკს, მაგრამ არ არიან ჩართულნი ნარკოტიკის გასაღებაში“, - აცხადებს დავით სუბელიანი.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ფართო მსჯელობაა საჭირო. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე კი განმარტავს, რომ ნარკოტიკის მოხმარება დასჯადი რჩება, უბრალოდ, დადგენილი ოდენობის ფარგლებში დასჯის ფორმა იქნება ადმინისტრაციული და არა-საპატიმრო.
გაამართლებს თუ არა ნარკოტიკების დღიური დოზის დაწესება და ხომ არ გამოიწვევს ეს მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდას და ნარკოტიკის ხელმისაწვდომობას?!
პროფესორი, ნარკოლოგი გელა ლეჟავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ე.წ. ტოკიოს ასამბლეის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, თუკი არ გვსურს, ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციამ დანაშაულის ზრდა გამოიწვიოს, მას აუცილებლად უნდა უსწრებდეს ადმინისტრაციული სახდელების მრავალგვარი შემუშავება. სწორედ ასე იქცევიან დასავლეთში. დასავლეთის ბევრ ქვეყანაში სისხლის სამართლის პასუხისგების ნაცვლად გამოიყენება შინა პატიმრობა, სამთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ჯარიმები, მართვის მოწმობის ჩამორთმევა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. პირი ვალდებულია, ხშირად გამოცხადდეს შემოწმებაზე, რათა დაადგინონ, იღებს თუ არა ნარკოტიკს. პლუს ამას, თუ ადამიანი არ არის ნარკოტიკდამოკიდებული (ანუ ნარკომანი თუ არ არის) და მხოლოდ მომხმარებელია, მაშინ მის მიმართ კანონი უფრო ლმობიერია. მას შეუძლია, თქვას, რომ სულაც არ არის ნარკოტიკზე დამოკიდებული და ეს მისთვის უბრალოდ გართობაა.
„თუ ადამიანი ნარკოტიკდამოკიდებულია, მაშინ მას აგზავნიან სამკურნალოდ, მაგრამ ამასაც სერიოზული, რამდენიმეთვიანი მომზადება სჭირდება. მოკლედ, დასავლეთში მთელი სისტემაა, მათ შორის, სამედიცინო, სოციალური, ადმინისტრაციული ღონისძიებების ჩათვლით, რომლებიც მოქმედებენ ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციისთვის. ადამიანი ციხეში არ უნდა ჩასვან, ამის ნაცვლად მის მიმართ ადმინისტრაციული ღონისძიებები უნდა გატარდეს“, - აცხადებს გელა ლეჟავა და პორტუგალიის მაგალითით აპელირებას პანაცეად არ მიიჩნევს.
მისი თქმით, ვინც ნამყოფია პორტუგალიაში, კარგად იცის, რომ ეს მაგალითი მაინცდამაინც აღსაფრთოვანებელი არ არის. უკანასკნელი მონაცემებიც ადასტურებს, რომ საქართველოში 24-36 წლის ასაკის მოსახლეობაში მხოლოდ 21% იღებს მარიხუანას, ხოლო პორტუგალიაში - 31%. ამდენად, პორტუგალიის მაგალითი რომ ვარგოდეს, პირველ რიგში, ამ მაგალითს თავად ევროპა აიტაცებდა. მით უმეტეს, პორტუგალიასთან ახლოს არის საფრანგეთი, ესპანეთი და არა - საქართველო. უბრალოდ, ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაცია ეს არის იმ ძალების მოქმედება, რომლებიც სარგებელს ნახულობენ იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაშიც მოხდეს ნარკოტიკების იოლი გავრცელება.
„თუ ლაპარაკია მოხმარების ერთდღიან დოზასა და მის დეკრიმინალიზაციაზე, ამისთვის საქართველოშიც ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს ადმინისტრაციული სახდელები, უნდა გატარდეს შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები, ჭეშმარიტი მკურნალობა უნდა ტარდებოდეს. ევროპის ერთ რომელიმე ქვეყანაში ერთ ადამიანზე ნარკოხაზით საშუალოდ 50 ევრო იხარჯება, ხოლო საქართველოში, დავუშვათ, იხარჯება 5 ლარი. თვითონ პორტუგალიელები წინაღმდეგნი არიან, ასეთი რამ გაკეთდეს დღეს საქართველოში, რადგან იმის ჭკუა ჰყოფნით, რომ ჩვენთან საამისო სტრუქტურა მზად არ არის. რაც შეეხება ნარკოტიკების დღიურ დოზას, ეს საკითხიც პირობითია. მარიხუანას თუ ავიღებთ, აქაც განსხვავებებია, რადგან მარიხუანასაც გააჩნია. არის მარიხუანა, სადაც 2-3%-ია ტეტრა ჰიდრო კანაბინოლი, ანუ ნარკოტიკის შემცველობა, ხოლო ზოგიერთ მათგანში არის 27%. ახლა როგორ უნდა ვიანგარიშოთ, ე.წ. დღიური დოზა რამდენი უნდა იყოს?!
რაც შეეხება ევროპას, 2017 წელს გამოქვეყნდა წინა წლის, ანუ 2016 წლის მონაცემები. ამ მონაცემებიდან ირკვევა, რომ საქართველოში მარიხუანის და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მონაცემების მხრივ უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ევროპაში. ახლა გვინდა, ევროპას გავუსწროთ სიცუდეში?!“, - აინტერესებს გელა ლეჟავას.
For.ge ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, ნარკოლოგ დავით ოთიაშვილსაც ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ პორტუგალიის მაგალითი საქართველოსაც გამოადგება, თუმცა ეს არ გულისხმობს სრული მოდელის მექანიკურ გადმოტანას ქართულ პირობებზე. ცხადია, ჩვენი ქვეყნის კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებები გასათვალისწინებელია. პორტუგალიური მოდელი ადაპტირებული და მორგებული უნდა იყოს ქართულ სინამდვლესთან.
„რამდენიმე წლის განმავლობაში პორტუგალიაში ძალიან სწრაფად, დაბალანსებულად და მიზანმიმართულად განხორციელდა ის პროცესი, რომელიც სხვა ქვეყნებში ათწლეულობით გრძელდებოდა. ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია პორტუგალიური მოდელი. რაც შეეხება დღიურ დოზას, დღეისათვის ნარკოტიკების სიაში ნივთიერების 2/3-ისთვის, რომელიც კონტროლდება, არ გვაქვს დადგენილი მცირე ოდენობები. ნებისმიერი ოდენობის ფლობა, კანონის თვალსაზრისით, დიდი ოდენობის ფლობად ითვლება და, შესაბამისად, ციხეში მრავალი წლის გატარებით სრულდება. ჩვენს კანონპროექტში კი ყველა ამ ნივთიერებისთვის შეთავაზებულია მცირე ოდენობა. ეს ოდენობა ყველა ნივთიერებისთვის განსხვავებულია, რადგან ნივთიერების სიძლიერეც და პოტენციალიც განსხვავდება ერთმანეთისგან. ოღონდ პრინციპი ყველა შემთხვევაში ერთია - საშუალო მომხმარებლის სამყოფი ერთი დღის დოზა“, - აცხადებს დავით ოთიაშვილი.
მისივე თქმით, ე.წ. დღიური დოზა ექიმებისა და ექსპერტების, მომხმარებელთა წრის წარმომადგენლების აზრის გათვალისწინებით დაადგინეს. შესაბამისად, გამოიყვანეს ის ოდენობა, რომელიც საქართველოში საშუალო რეგულარულ მომხმარებელს ერთი დღის განმავლობაში სჭირდება. მაგალითად, ბუპრენორფინისთვის ეს არის 8 მილიგრამი, ანუ ერთი აბი. ჰეროინისთვის კი ეს არის 200 მილიგრამი.