ნოემბერში დაგეგმილია აბაშიძე-კარასინის შეხვედრა და სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება 2011 წლის ხელშეკრულების შესრულების დაწყების საკითხი, რომელიც ეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ტვირთების მოძრაობის მონიტორინგს, რომელიც უნდა განახორციელოს ნეიტრალურმა კომპანიამ. აფხაზეთის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ უკვე გახსნეს საბაჟო და ლაპარაკია საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნაზე ცხინვალის ტერიტორიაზეც. ამ თემას უკვე მოჰყვა საქართველოს მხრიდან მკაცრი შეფასებები.
რამდენად გამწვავდება პოლემიკა საქართველოსა და რუსეთს შორის, და თავდაცვის რა მექანიზმები გააჩნია ამ შემთხვევაში საქართველოს, ამ თემაზე ექსპერტი, სოსო ცინცაძე გვესაუბრება.
ბატონო სოსო, რუსეთის მხრიდან ამ თემის გახსნა რამე კონკრეტულ მოვლენას უკავშირდება თუ ეს არის საკითხი, რომელიც ადრე თუ გვიან მოსაგვარებელია?
- ძალზე დელიკატური და ამავდროულად, პრინციპული საკითხია, იმიტომ, რომ თუ ჩვენი ხელისუფლება მიაღწევს, რომ საბაჟო გაიხსნას არა რეალურ, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საზღვრებზე - როკის გვირაბთან და მდინარე ფსოუზე, ეს უკვე პრინციპული გამარჯვება იქნება ჩვენი ხელისუფლების, მაგრამ ვშიშობ, რომ ე.წ. სოლომონის გადაწყვეტილებასთან გვექნება საქმე, ანუ რაღაც შუალედური გადაწყდება. იმიტომ, რომ აფხაზები თავს მოიკლავენ და არ დათანხმდებიან ამას. აფხაზები რომ დათანხმდნენ, ისინი მოინდომებენ ამის გაკეთებას ენგურზე და არა - ფსოუზე.
გარდა ამისა, გვახსოვს ეს ყველაფერი რადაც დაგვიჯდა - რუსეთი შევუშვით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) - მაშინ იყო რაღაც პირობები, შეპირებები და ა.შ. სააკაშვილის ხელისუფლებაც და დღევანდელიც, ხელშეკრულებებს დებენ ისე, რომ საზოგადოებამ არ იცის, მასში რა წერია. ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით, შვეიცარიული კომპანია გააკონტროლებს ამ ტვირთებს, თუ სხვაც შეიძლება იყოს, ან სად უნდა ყოფილიყო საზღვარი. მას შემდეგ 6 წელი გავიდა, ეს დიდი დროა. თანაც, იმდენად პრინციპული საკითხია, რომ არ მგონია ეს კარასინი-აბაშიძის შეხვედრების დონეზე გადაწყდეს.
ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ მდინარე ფსოუზე უკვე გაიხსნა განსაკუთრებული დანიშნულების საბაჟო, ამჯერად, არა რუსეთის, არამედ - აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუმცა როგორც ითქვა დაექვემდებარება რუსეთის საბაჟოს...
- მაშინ ბურუსით იყო მოცული, ეს საკითხი, რადგან დასავლელი პარტნიორებისაგან იყო ზეწოლა, რომ რუსეთის მსო-ში გაწევრიანებისთვის დაგვეჭირა მხარი. ამიტომ ხელშეკრულებაში რა დეტალები ჩაიწერა, არ ვიცით. ასევე უცნობია გათვალისწინებულია თუ არა, რომ წარმოდგენილი იყოს ქართველი მებაჟეც, თუ მხოლოდ უცხოელები იქნებიან. ბევრი დეტალებია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ გახლდათ საჯარო დოკუმენტი, ეს დეტალები უცნობია. ისევე, როგორც არ ვიცით რა წერია „გაზპრომის“ ხელშეკრულებაში...
კი, ვიცით მთლიანობაში რაც წერია, მაგრამ საბაჟო ისეთი რამ არის, რომ როგორც იტყვიან, დეტალებში შეიძლება იყოს ეშმაკი დამალული.
აფხაზურ მედიაზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავად აფხაზებსაც არ მოეწონათ, რომ ეს საბაჟო რუსეთს დაექვემდებარება. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ - თვლიან, რომ ეს აფხაზეთის სუვერენიტეტის შელახვაა გამომდინარე იგივე, 2011 წლის შეთანხმებიდან. აფხაზების განწყობას გაითვალისწინებს ვინმე?
- აფხაზები იმიტომაც არიან სეპარატისტები, რომ ამ დეტალებით ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიონ სასურველს - ანუ ერთ მშვენიერ დღეს იტყვიან საბაჟო გვაქვს, ეს გვაქვს, ის გვაქვს და ვართ დამოუკიდებლებიო. ისინი აქეთ მიდიან და ამიტომაც არიან უკმაყოფილონი. აფხაზებს რა მოსწონთ და რა - არა, მათი პრობლემაა.
არა მხოლოდ საბაჟოს საკითხში, სხვა ასპექტებშიც ცდილობს რუსეთი მაქსიმალურად გაზარდოს გავლენა ეთნიკური აფხაზების გავლენების შემცირების ხარჯზე, ეს იქნება რუსი ეროვნების ადამიანების წარმოდგენა სხვადასხვა სფეროებში თუ თანამდებობებზე და ა.შ. თუ აფხაზები გაიაზრებენ, რომ მათ, როგორც ეთნიკურ უმცირესობას საკუთარ ტერიტორიაზე დაემუქრება საფრთხე, ეს ხომ არ გააჩენს საქართველოსთან ურთიერთობის გადატვირთვის სურვილს? ასეთი მოლოდინი რამდენად რეალურია?
- არაფერი შეიცვლება, ზღაპრებია ყველაფერი, იმიტომ, რომ აფხაზები უკვე მიეჩვივნენ რუსების ხარჯზე ცხოვრებას. ცოტა პოზაში დგებიან, ცოტას - „კეკლუცობენ“, მაგრამ ყველაფერს შეგუებულები არიან.
რუსეთი ქველმოქმედი არასოდეს ყოფილა, ლამაზი თვალებისთვის ინახავს? - ჩაიხედონ ბიუჯეტში, რა უჯდება რუსეთს აფხაზეთის შენახვა თავისი პენსიებით და ხელფასებით. ოსებიც და აფხაზებიც ამას შეგუებულები არიან.
თითქოს არ უნდათ რუსეთი და დამოუკიდებლები არიან, მაგრამ ეს ასე არ არის. თუ არ უნდოდათ რუსეთი, მშვენივრად იცოდნენ, რაზეც მიდიოდნენ, სად მიდიოდნენ და რასაც აკეთებდნენ.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დღეს რუსებზე მეტი სომხები არიან აფხაზეთში და რუსეთი აფხაზების ჩანაცვლებას სომხებით ცდილობს - ეს ახლაც კარგად იციან აფხაზებმა და ადრეც იცოდნენ, მაგრამ ეს მათი არჩევანია - თხებივით მიეყიდნენ რუსეთს და ახლა ლაპარაკობენ სუვერენიტეტზე?!
როგორც ვიცით, ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებამაც მიიღო ახალგორთან საბაჟოს გახსნის შესახებ გადაწყვეტილება, თუმცა ქართული მხარე აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია. მოსალოდნელია, რომ რუსეთი შეეცადოს, ზეწოლა მოახდინოს იმისათვის, რომ ქართული მხარე დათმობაზე წაიყვანოს? ჩვენ თუ გაგვაჩნია მექანიზმები, რომ ეს არ დავუშვათ?
- საბაჟო თუ უნდათ, ეს უნდა იყოს როკის გვირაბთან, რა შუაშია ახალგორი?- ეს უნდა იყოს საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ საზღვართან.
რაც შეეხება ზეწოლას, საქართველოსაც აქვს მექანიზმები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია. მსო არის ზესახელმწიფოებრივი გაერთიანება, მას გააჩნია ძალზე რთული და ეფექტური მექანიზმები. საქართველოს მთავრობას თუ მართლაც გააჩნია ამისი პოლიტიკური ნება, შეუძლია შეიტანოს საჩივრები - იქ არც მურუსიძის სასამართლოა და არც სხვა დანარჩენი „ღირშესანიშნაობები“.
თავის დროზე, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ციცქნა ნორვეგიამ რამდენიმე მილიარდით დააჯარიმა ამერიკა - გავიხსენოთ, ე.წ. ქაშაყის ომი...
მსო-ს სასამართლო რეალური სასამართლოა, მაგრამ ქართული მხრიდან საჭიროა კვალიფიციური იურისტები და არა ისეთი, საფრანგეთში რომ გავგზავნეთ და კეზერაშვილს მექრთამეობა ვერ დაუმტკიცეს.
მექანიზმები როგორ არ არსებობს, მაგრამ მექანიზმების გამოუყენებლობის გამოა რომ 6 წელი უკანონოდ სარგებლობს რუსეთი მსო-ს შეღავათებით, ვინაიდან ის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მივეცით ხმა რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას, არ სრულდება.
ჩვენი მართლმსაჯულება მაგარია საქართველოში, როგორც კი საერთაშორისო არენაზე გადის, შემდეგ უკვე ხდება ხოლმე გაურკვეველი მოვლენები - როგორც ჩანს, არაპროფესიონალიზმია ჩვენი მთავარი პრობლემა.
რუსეთი საქართველოს ბრალს სდებს ხელშეკრულების შეუსრულებლობაში, თავის მხრივ, ქართული მხარე აცხადებს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, შვედური კომპანიის წარმომადგენლები გააკონტროლებენ საბაჟოებს თუ ეს საბაჟოები ამოქმედდება საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ საზღვრებთან. რაშია პრობლემა? თუ საზღვრების ოფიციალურად გადმოწევა სურს რუსეთს, ამაზე არავინ დათანხმდება...
- უამრავი იურიდიული პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში. თუ ხელისუფლებას ამისთვის არ სცალია, მათაც შეუძლიათ იმ ხელშეკრულების დეტალების შესწავლა - ნათელი გავხადოთ, რას მოვაწერეთ ხელი და მერე ადვილი იქნება ლაპარაკი რეალურად რასთან გვაქვს საქმე.
პრობლემა ისაა, რომ საქართველო იქცა ერთ დიდ, პროვინციულ სოფლად - არ გვყავს კვალიფიციური სპეციალისტები და ამის გამო გვექმნება უამრავი პრობლემა - ორწიგნწაუკითხავი ხალხი გადაწყვეტს ამ დონის პრობლემებს?!