როგორია კახა კალაძის პირველი დღეები მერის ამპლუაში და ტოვებს თუ არა ის კარგი მეურნის შთაბეჭდილებას, რაც ასე საჭიროა დედაქალაქის მმართველისთვის?! რამდენად მომგებიანია კალაძისთვის სამუშაოს იმ თემებით დაწყება, რასაც ყოფილმა მერმა თავი ვერ გაართვა და, სხვა პრობლემებთან ერთად, დედაქალაქის გამოწვევად კვლავაც რჩება ანტისანიტარია მიწისქვეშა გადასასვლელებში, თუ ზაფხულის ცხელ დღეებში კონდიციონრების გათიშვა სამარშრუტო ტაქსებში?!
არქიტექტორი ვახტანგ დავითაია კახა კალაძის მხრიდან დავით ნარმანიას პოლიტიკის კორექტირებას ვერ ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ პირადად დავით ნარმანიას მიმართ ადამიანური წყენა დარჩა, მაინც ფიქრობს, რომ ნარმანიამ ყველაფერი შესაძლებლობის ფარგლებში გააკეთა. ყოფილმა მერმა ერთი რამ სწორად თქვა, რაც სათაურადაც წაუმძღვარეს მის ინტერვიუს, რომ მე ვუტოვებ კახა კალაძეს გაცილებით უფრო კარგ და მოგვარებულ თბილისს, სანდო კადრებით დაკომპლექტებულ მერიას, ვიდრე მე ჩავიბარე.
ვახტანგ დავითაია მიიჩნევს, რომ ნარმანიამ ძალზე მძიმე მემკვიდრეობა ჩაიბარა და მაინც კარგად გაართვა თავი. პირადად ვახტანგ დავითაიას არაერთი პუბლიკაცია და შეხვედრა ჰქონია ყოფილ მერთან დავით აღმაშენებლის ძეგლის პირვანდელ ადგილას გადმოტანასთან დაკავშირებით, მაგრამ უშედეგოდ.
„მიმაჩნია, რომ ეს იყო უმნიშვნელოვანესი ეროვნული, ძალიან ფაქიზი საქმე, რომელიც შეეძლო მოეგვარებინა ნარმანიას და ალიბეგაშვილს. ისინი ვალდებულნიც იყვნენ, ეს საკითხი დადებითად გადაეწყვიტათ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გულხელდაკრეფილნი იყვნენ. ვიმეორებ, მათ მძიმე თბილისი „შეხვდათ“, მთელი მიწები იყო გაყიდული. ყოველდღიური კონფლიქტები სწორედ იმითაა განპირობებული, რომ დედაქალაქში მიწები ყოველგვარი გენერალური გეგმის გარეშე იყო გაყიდული. ვიღაც მივიდოდა, ესა და ეს მიწა თავისუფალია და მომყიდეო და ყიდდნენ კიდეც მიწებს ნარმანიას წინამორბედნი მერიაში. მაშინდელ პირობებში არანაირი მოთხოვნა არ იყო ჩაწერილი, მათ შორის, არც ის ეწერა, რომ იქ აუცილებლად სკვერი უნდა გაკეთებულიყო. ამიტომაც ყველას უნდოდა, შეძენილ მიწებზე საცხოვრებელი სახლი აეგო და მოგება ენახა“, - აცხადებს ვახტანგ დავითაია For.ge-სთან საუბარში და მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მოსახლეობა მაინც არ უნდა იყოს უმადური, რადგან ყოფილმა მერმაც და საკრებულომაც ურთულეს პირობებში საქმე გააკეთეს. თუმცა შეიძლებოდა, მეტიც გაკეთებულიყო.
რაც შეეხება პირად წყენას, ვახტანგ დავითაია ცნობილი მოქანდაკის, მერაბ ბერძებნიშვილის უკანასკნელ ზარს იხსენებს და დღესაც დარწმუნებულია, რომ საქართველოს უპირველესი მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილი ნამდვილად არ არის ტრასაზე, მტვერსა და ჭუჭყში. მისი გადმოტანა მერაბ ბერძენიშვილის უდიდესი სურვილი იყო, რასაც, იმედია, კახა კალაძე შეასრულებს.
„მახსენდება მერაბ ბერძენიშვილის ბოლო ზარი. მას შემდეგ არავითარი ზარი არ ყოფილა, ვინაიდან მერაბი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მითხრა, ვახტანგ, დღეს იყო კონსილიუმი, უკვე გადაწყდა, ოპერაცია გარდაუვალია, არ ვიცი, რა მოხდება და არ მინდა, ტრასაზე დავტოვო დავით აღმაშენებელი. შენ და თამაზ შილაკაძე (ისიც მერაბის მეგობარი იყო), მიდით ნარმანიასთან, სთხოვეთ, განცხადება მაინც გამაგონოს, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლს გადმოიტანს, რათა ისე არ წავიდე ამ ქვეყნიდანო. ამის შეუსრულებლობის გამო ადამიანური წყენა, რა თქმა უნდა, მაქვს ნარმანიას მიმართ, მაგრამ მის დროს ბევრი რამ გაკეთდა. უბრალოდ, „ოცნებას“ არ აღმოაჩნდა გაკეთებული საქმეების უკეთ წარმოჩენის ნიჭი. ვფიქრობ, ახლაც კახა კალაძე კი არ აკრიტიკებს ნარმანიას, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ, არამედ მისი სურვილია, ბევრი რამ გაკეთდეს ქალაქში. ახალი კაცი მოვიდა და გააკეთებს კიდეც გასაკეთებელს. დარწმუნებული ვარ, კალაძე უფრო ეფექტური იქნება. არჩევნებამდე 5 დღით ადრე უკვე მივეცი რეკომენდაციები თბილისის მომავალ მერს და იმედია, შეასრულებს“.
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არ ღირს ეჭვების გაჩენა კახა კალაძის მიმართ, ახდენს თუ არა იგი ნარმანიას პოლიტიკის რევიზიას. ახლა საჭიროა ძალისხმევის იქითკენ მიმართვა, რომ გადაუჭრელი საკითხები დადებითად გადაიჭრას. ცხადია, დავით ნარმანიამ ვერ მოასწრო ყველაფრის გაკეთება, რადგან ათასი სხვა საკითხი იყო დღის წესრიგში. შესაძლოა ისიც, რომ ნარმანიას ორგანიზაციული უნარი ბოლომდე არ გამოაჩნდა, როგორც საჭირო იყო. კახა კალაძის შემთხვევაში კი, იმედია, გამოჩნდება ეს უნარი.
„ამიტომაც ავირჩიეთ კახა კალაძე მერად. მისი ბიოგრაფია იმას გვეუბნება, რომ ეს კაცი წარმატებული იყო. რასაც მოჰკიდა ხელი, ყველაფერი გამოუვიდა. ვნახოთ, იქნებ, დედაქალაქის მერობასაც წარმატებულად გაართვას თავი. წარმოაჩინა თუ არა პირველმა დღეებმა კალაძე, როგორც მეურნე? საერთოდ, მას შემდეგ, რაც კალაძე გამოჩნდა თბილისში, როგორც სუფთა ბიოგრაფიის ადამიანი, მან გააჩინა ნდობა. ყველა სფეროში, სადაც კი მოღვაწეობდა, დადებით შედეგს მიაღწია. ამიტომ იმედს გამოვთქვამ, რომ კალაძეს მეურნის ნიჭიც აღმოჩნდება“, - აცხადებს არქიტექტორი.