იურისტ ირმა ჭკადუას განცხადებით, პროცესები, რომელიც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარშემო მიმდინარეობს, არის საბოტაჟი. მისი შეფასებით, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი პოზიციებს იმყარებს და რევანშისთვის ემზადება. იურისტი ნინო გვენეტაძისგან მოითხოვს დაასახელოს იმ ადამიანების სახელი და გვარები, რომლებიც მასზე ძალადობენ, სხვა შემთხვევაში პრობლემები ვერ გადაიჭრება და შეიძლება ძალიან ცუდ შედეგებამდე მივიდეთ.
for.ge ირმა ჭკადუას ესაუბრა.
რა პროცესები მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რამდენად საშიშია ეს პროცესები, რამაც შეიძლება უარყოფითი როლი ითამაშოს ქვეყნის განვითარების პროცესში?
ირმა ჭკადუა: ყველა ვხედავათ და ვთანხმდებით, რომ საკმაოდ არაჯანსაღი გარემოა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საშინელებაა, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საუბრობს ძალადობაზე. როდესაც მოქალაქე მიდის სასამართლოში, როგორ შეიძლება იმედი ჰქონდეს იმისა, რომ საქმეს განიხილავს ობიექტური მოსამართლე, როდესაც ამ სასამართლოების თავმჯდომარე საუბრობს ძალადობაზე. სამწუხაროდ, იკვეთება გარკვეულ ძალთა გადანაწილების ძალიან შეფარული და შეიძლება ითქვას, ძალიან მზაკვრული გეგმა.
ის ჯგუფები, რომლებიც თითქოსდა ახლა ჩრდილში არიან გადასულები, რეალურად ხდება მათი გავლენების გაძლიერება. ხდება იმ მოსამართლეების და იმ საბჭოს წევრების ხარჯზე, რომლებიც ახლა არიან წარმოდგენილი იუსტიციის საბჭოში. მათ საკმაოდ კარგად ორგანიზებული პროცესი და მოცემულობა მიიღეს, სადაც უმცირესობაში არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ძალიან სამწუხაროა, რომ ნინო გვენეტაძემ ვერ შეძლო გაეძლიერებინა ეს ინსტიტუტი.
რატომ ვერ შეძლო, რამ შეუშალა ხელი, მით უფრო, რომ მას ჰქონდა როგორც გამოცდილება, ასევე სახელმწიფოს მხარადჭერა, რომ გაეძლიერებინა სასამართლო სისტემა?
- იმდენად ძლიერი იყო კლანები და გავლენები, ქალბატონ ნინოს უნდა ეფიქრა, რომ ძალიან გაუჭირდებოდა ხელის დატყობა. უნდა იყო ძალიან ძლიერი და არ უნდა წახვიდე კომპრომისებზე, ეს აუცილებლად თავიდანვე უნდა გაეკეთებინა. ახლა, უკვე, ბუნებრივია, რომ ვერ გააკეთებს. როგორც ბატონი მარგველაშვილი ხშირად იყენებს ვეტოს, ახლა მოცემულ შემთხვევაშიც იგივე გააკეთა ქალბატონმა ნინომ.
შეიძლება სიტყვა - ვეტო, პირდაპირ არ უკავშირდება, მაგრამ როცა მიღებულ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერ, ასეთ შემთხვევაში საზოგადოება იმსახურებს, რომ ნინო გვენეტაძემ ბოლომდე გახსნას კარტები და ბოლომდე თქვას რა ხდება რეალურად. ის, რომ არის ძალადობის მსხვერპლი, ეს შეიძლება გაიგოს მისმა უახლოესმა გარემოცვამ, რომლებმაც იციან რა ხდება, მაგრამ ჩემთვის, თქვენთვის და საზოგადოებისთვის ეს აბსლუტურად გაუგებარია. როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებს ასეთ განცხადებას, ეს არის სერიოზული განგაშის საფუძველი. როგორც მინიმუმ, ამ საკითხით ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაინტერესდეს.
იქნებ მართლაც არის ძალადობის მსხვერპლი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე?
- უნდა გაირკვეს ვისი და რისი მსხვერპლია. შესაძლებელია ამ ადამიანს აშანტაჟებენ, მაგრამ ესეც პრობლემაა, რითი აშანტაჟებენ? ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს პროცესები ასე უკვალოდ არ ჩაივლის. ძალიან მალე ჩვენ ვნახავთ, რომ ამ ყველაფრის უკან ისეთი ადამიანები დგანან, რომლებიც წლების განმავლობაში სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებში ფიგურირებდნენ და რომლებიც შეიძლება ითქვას, გარკვეული რევანშისთვისაც ემზადებიან. პოზოციებს იმყარებენ და ემზადებიან.
შეიძლება ეს პროცესები განვიხილოთ, როგორც საბოტაჟი?
-დიახ, საბოტაჟია, პოზიციებს იმყარებენ და ემზადებიან რევანშისთვის.
რა ჯგუფია ეს, რომელიც იმყარებს პროცესებს და რევანშისთვის ემზადება?
- უნდა ვაღიაროთ, ეს არის იმის ბრალი, რომ ქალბატონი ნინოს არ მიეცა იმის შესაძლებლობა, გამკლავებოდა ამ ადამიანებს. ეს ადამიანები, რომ არსებობდნენ ამ სისტემაში და არსებობდნენ საკმაოდ ძლიერად, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მათ შორის ნინო გვენეტაძემაც. მეორე მხრივ შეიძლება ეს პროცესები ისე განვიხილოთ, რომ მოსამართლეებმა თავისუფლების ჰაერი შეისუნთქეს და მათ
ვერავინ ვერ დააბრუნებს იმ მოცემულობაში, როდესაც მათზე ძალადობდნენ და მათი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოჰქონდათ. მორჩილად ასრულებდნენ შეკვეთას, როგორიც უნდა ყოფილიყო და ჩვენ არ გვახსოვს პროტესტი არც ერთი ამ ადამიანის. დღეს მიხვდნენ რა არის სასამართლოს ფუნქცია, მათზე არავინ არ ძალადობს, შეკვეთას არავინ არ აძლევს. თუკი ასეთი მოხდება, ეს მოსამართლეები ამის შესახებ ხმამაღლა იტყვიან.
დღეს სასამართლო სრულიად თავისუფალია, მაგრამ სრულიად უმართავი. უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის მიმართ ვერ ვხედავ პატივისცემის მარცვალს, როდესაც მას ესაუბრებიან საბჭოს წევრები და ეს ძალიან ცუდია.
ეს არის შედეგი იმისა, რომ ამ სისტემამ დაუშვა და მიიღო მურუსიძე, თევზაძე, ალანია, მიქაუტაძე და ა.შ?
- ამ ეტაპზე თავს შევიკავებ სახელებისა და გვარების დასახელებისაგან, მაგრამ გეტყვით, რომ მათი გავლენები საკმაოდ ძლიერია არა მარტო სასამართლოში, ასევე ძლიერია პროკურატურაში. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდი იმის შესახებ, რომ აბსოლუტურად ყველა სტრუქტურიდან გამოდის ინფორმაციის ნაკადი. გადის ყველა იმ სახის ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც ამ წუთში თითქოსდა პოლიტიკური ველის მიღმა არიან, მაგრამ ამ დროს ძალიან ბევრს აკონტროლებენ.
არ მინდა ჯერ დავასახელო მათი გვარები და სახელები. იმიტომ, რომ ეს ძალიან კარგად არის ცნობილი თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ძალადობის მსხვერპილი არიან. მინდა, რომ ეს ადამიანები თავად ალაპარაკდნენ და თავად ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც დახვდათ და ებრძვიან დღეს. ვერ ერთი ცალკე აღებული ინსტიტუტი ვერ გაუმკლავდება იმ კლანს, რომელიც 9 წლის განმავლობაში საკამოდ ფესვგადგმულია ყველგან. დაგვიანებულია ამ მიმართულებით მუშაობა. ძალიან კარგად იცოდნენ სად, რა ნაღმები უნდა დაეტოვებინა წინა ხელისუფლებას და ისინი ამ ნაღმებს მაშინ ააფეთქებენ, როდესაც დასჭირდებათ.
დღეს სასამართლოში მიმდინარეობს ბრძოლა გავლენებისთვის. მე არ გამოვრიცხავ, რომ ქალბატონი ნინო აიძულონ გადადგას რადიკალური ნაბიჯები. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ეყოფა ძალა გაუმკლავდეს ამ ყველაფერს. ან მინიმუმ, ეყოფა იმის ძალა, რომ საზოგადოებას უთხრას რა ხდება რეალურად, ან სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს მის თავმჯდომარეობას.
როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ - მე ვარ ძალადობის მსხვერპლიო, ეს თავისთავად ძალიან ცუდად მოსასმენი განცხადებაა, მით უფრო, რომ ამას არ მოჰყვა შემდეგი ახსნა. სამწუხაროდ, ნინო გვენეტაძე არ არის გახსნილი ჟურნალისტებისთვის, რაც არის პრობლემა. გამოსავალს რაში ხედავთ?
- თუკი სასამართლოს თავმჯდომარე ვერ მოახერხებს მართოს ის ორგანოები, რომელსაც ხელმძღვანელობს, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს თავმჯდომარეობას აზრი არ ექნება. ყველამ კარგად ვიცით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთ-ერთი სერიოზული ინსტიტუტია, თუკი ამ ყველაფერს ვერ აკოტროლებს ქალბატონი ნინო, იმიტომ, რომ ის არის ძალადობის მსხვერპლი, მაშინ ამ ყველაფერზე უნდა ისაუბრობს, იბრძოლოს და გაუმკლავდეს მის გუნდთან ერთად, თუ ჰყავს ეს გუნდი. მე მის მაგივდარ განცხადებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ მე რომ ვიყო მის ადგილას, ჩემს თავს ვერ დავინახავდი ასეთ თანამდებობაზე.
ვინ არის ნინო გვენეტაძის გუნდი სასამართლო სისტემაში?
- როდესაც ქალბატონი ნინო ამ თანამდებობაზე მიდიოდა, ძალიან კარგად იცოდა, რომ მას საკმაოდ სერიოზული წინაღობები შეხვდებოდა. ბუნებრივია, ამ გუნდთან მიმართებაში თავიდანვდე უნდა ეფიქრა. ძალიან კარგად იცოდა, რა ჯგუფი ხვდებოდა იუსტიციის საბჭოში, ან თუნდაც სასამარლოში, მზად უნდა ყოფილიყო ამისთვის.
გვახსოვს, რომ ქალბატონო ნინო იყო შეურიგებელი და უკომპრომისო. წინა ხელისუფლების დროს ის იბრძოდა როგორც საკუთარი, ასევე მისი კოლეგების დასაცავად. ბუნებრივია, ყველას გვქონდა იმის იმედი, რომ ასეთივე შემართებით გააგრძელებდა ბრძოლას იმისათვის, რომ სასამართლოში გარკვეული დადებითი ნაბიჯები გადადგმულიყო, მაგრამ ამ წუთში ჩვენ ვერანაირ დადებით ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. იმედი დავიტოვოთ, რომ ამას შეძლებს. არ მინდა, ჩემი ქვეყნის ნომერ პირველი მოსამართლე ამბობდეს, რომ ის არის ძალადობის მსხვერპლი.
როგორც ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს წევრები ცდილობენ გააგრძელონ ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა და საბჭოს თავმჯდომარეს მიაღებინონ მისი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ეს განცხადებები რამდენად დამაზიანებელია ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის?
- ბუნებრივია, ეს გახლავთ არათუ დამაზიანებელი, არამედ ამ ყველაფერმა შეიძლება დემოკარტიული განვითარებას შეუქმნას პრობლემა. წარმოგიდგენიათ ნებისმიერი განვითარებული ევროპული ქვეყნის, ან აშშ-ის სასამართლოს თავმჯდომარეს რომ გაეკეთებინა ეს განცხადება, რისი ტოლფასი იქნებოდა? ჩვენთან რატომღაც ბევრი რაღაცა გაუფერულდა, ფასი დაკარგა. ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს ქვეყანაში, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლია.
ნინო გვენეტაძემ აუცილებლად უნდა დაასახელოს იმ ადამიანების სახელი და გვარები, რომლებიც მასზე ძალადობენ. სხვა შემთხვევაში პრობლემები ვერ გადაიჭრება და შეიძლება ძალიან ცუდ შედეგებამდე მივიდეთ. მე მიმაჩნია, რომ ნინო გვენეტაძის ეს განცხადება არის გამოძიების დაწყების საფუძველი. ძალიან არაჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს.
საზოგადოებამ უნდა გაიგოს რა ხდება ნინო გვენეტაძის თავს, რა ხდება იუსტიციის საბჭოში და რატომ არის ძალადობის მსხვერპლი, რატომ აღებინებენ მისი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას? მეორე მხრივ, თუ იუსტიციის საბჭომ მიიღო რაღაცა სახის დოკუმენტი, თავმჯდომარე ვალდებულია ხელი მოაწეროს მას.