„მადრიდი გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე 90-იანი წლების ოფიციალური თბილისი, რომელიც საველე მეთაურთა სამოქმედო ასპარეზი იყო“.

„მადრიდი გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე 90-იანი წლების ოფიციალური თბილისი, რომელიც საველე მეთაურთა სამოქმედო ასპარეზი იყო“.

კატალონიურმა სეპარატიზმმა სრული კრახი განიცადა. ევროპაში კატალონიის ე.წ. დამოუკიდებლობის მოსურნეებს თანამზრახველები არ გამოუჩდა, განსხვავებით, საქართველოსგან, სადაც რუსეთის მონაწილეობამ ორი რეგიონი დაგვაკარგვინა. ასე რომ, ოფიციალურმა მადრიდმა თანმიმდევული და გონივრული პოლიტიკით გაიმარჯვა და კატალონიელი სეპარატისტი ლიდერების დაპატიმრების გადაწყვეტილებაც მიიღო.

თავის მხრივ, სეპარატისტებმაც „ღირსეული“ სახის შენარჩუნება გადაწყვიტეს. კატალონიის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ -კარლეს პუჩდემონმა ბელგიაში გაქცევის მიზეზები განმარტა და ირწმუნება, თითქოს მას კატალონიაში დარჩენა და წინააღმდეგობისკენ მოწოდება შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა და არც მომავალში გააკეთებს, რადგან არ სურს, კატალონიის დამოუკიდებლობისადმი მისწრაფების გამო ესპანეთში სამოქალაქო ომი დატრიალდეს.

მართალია, პუჩდემონს ესპანეთის მშვიდობიანობის გარანტად მოაქვს თავი, მაგრამ მის პოზიციას ოფიციალური მადრიდისთვის ხელი არ შეუშლია, რომ პუჩდემონისა და კატალონიის რეგიონული მთავრობის ოთხი ყოფილი მინისტრის დაკავების ორდერი ბელგიაში გაეგზავნა. ესპანეთის მთავრობა კატალონიელ ლიდერებს ამბოხების მოწყობას, ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავება.

5 ნოემბერს პუჩდემონი და კატალონიის რეგიონული მთავრობის ოთხი მინისტრი ბელგიის პოლიციას მას შემდეგ ჩაბარდნენ, რაც ესპანეთის ხელისუფლებამ მათი დაკავების საერთო ევროპული ორდერი გასცა. სულ რამდენიმე საათის წინ კი კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრები ბრიუსელის სასამართლომ გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლა. ისინი მანამ დარჩებიან თავისუფლებაზე, ვიდრე ესპანეთის მიერ გაცემულ დაკავების ორდერთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. სეპარატისტებისთვის სიტუაციის ასე დრამატულად განვითარებას წინ უსწრებდა ის ფაქტი, რომ ესპანეთის მთავრობამ აღნიშნულ რეგიონზე პირდაპირი მმართველობა დაამყარა, ავტონომიური ოლქის მთავრობა და პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

რამდენ ხანს გასტანს სეპარატისტულად განწყობილი კატალონიელების მიყუჩება?! ოფიციალური მადრიდისგან განსხვავებით, თავის დროზე რისი გაკეთება შეეძლო ოფიციალურ თბილისს, რათა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სეპარატიზმის იდეა არ გაღვივებულიყო?!

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია დარწმუნებულია, რომ კატალონიელ სეპარატისტებს, სულ მცირე, 20-25 წლის განმავლობაში გაუნელდებათ ე.წ. დამოუკიდებლობის სურვილი. საეჭვოა მათ კიდევ ერთხელ ამოიღონ ხმა. პირიქით, ესპანეთის მთავრობასაც და კატალონიის ლიდერსაც ახლა სურთ, ამ სიტუაციიდან ლამაზად გამოვიდნენ. თუმცა კარლეს პუჩდემონის განცხადებები, თითქოს მას ესპანეთში სამოქალაქო ომის გაჩაღება არ სურს, ერთგვარი ფარისევლობაა. თუ პუჩდემონს ეს სურვილი ჰქონდა, მაშინ კატალონიას არ გამოაცხადებდა სეპარატისტულ რეგიონად.

უბრალოდ, ვახტანგ მაისაიას აზრით, პუჩდემონი მიხვდა, რომ ესპანეთმა ხისტი და რადიკალური ზომები მიიღო. მეორეც, კატალონიაში დამოუკიდებლობის მომხრეთა იმდენი რაოდენობა არ აღმოჩნდა, რამდენსაც ელოდა.

„მართალია, კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს იქაურმა მოსახლეობამ მხარი დაუჭირა, მაგრამ, როგორც ჩანს, კატალონიელებს სხვანაირად წარმოედგინათ ეს მოვლენა. ალბათ, ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იქნებოდა დამატებითი ზეწოლის ბერკეტი ესპანეთზე, რასაც კატალონია იყენებდა თუნდაც იმავე რესპუბლიკური მმართველობის პერიოდში და, ასევე, ფრანკოს ტირანიის დამხობის შემდეგ, სუარესის მთავრობის დროს. კატალონიამ იმ პერიოდშიც გამოიყენა ეს შანტაჟი, როდესაც სუარესის მთავრობამ მათ პოლიტიკური ავტონომია მიანიჭა. რაც შეეხება პუჩდემონს, მან რეალურად მიიღო ის მონეტა, რომელიც თვითონვე შეაგდო. თუმცა მისი იმედები არ გამართლდა. ბოლო მომენტში კატალონიელები მიხვდნენ, რომ მათი საქციელი არ გამოიწვევდა პოზიტივს. მათ არავინ უჭერდა მხარს, „ბარსელონას“ გუნდმაც კი უარი განაცხადა სეპარატისტების მხარდაჭერაზე და მოსახლეობაშიც გაჩნდა ერთგვარი ნიჰილიზმი. ამიტომაც პუჩდემონი და მისი სეპარატისტები გაიქცნენ ბელგიაში, სადაც კარგი თავშესაფარი ეგულებოდათ, მაგრამ აქაც მოტყუვდნენ. ამდენად, ესპანეთში სეპარატიზმი დამარცხდა. ეს შეიძლება იყოს ჩვენთვის კარგი ქეისი“ და კარგი ნიშანი, როგორ შეიძლება სეპარატიზმი დაამარცხო. თუმცა აქ ერთი მომენტია, ესპანეთი მაინც შემდგარი და ძლიერი ქვეყანაა, ჩვენ კი არშემდგარი ქვეყანა ვართ. ამასთან, ესპანეთის გარშემო არც ერთმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა სეპარატიზმს, განსხვავებით, საქართველოსგან, სადაც სეპარატიზმს რუსები ახალისებდნენ. ეჭვი მეპარება, კატალონიამ ისევ გაბედოს დამოუკიდებლობაზე ოცნება. ეს იყო კარგი გაკვეთილი რადიკალი სეპარატისტებისთვის, რომლებიც გამოყოფაზე დებდნენ ფსონს“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ პუჩდემონი ჩვეულებრივი სეპარატისტია თავის მინისტრებთან ერთად, რომლებიც გაიქცნენ ბელგიაში. ამდენად, მცდარია იმაზე საუბარი, თითქოს პუჩდემონს მოქალაქეობრივი პოზიცია აწუხებს და სწორედ ამიტომ არ ჩაუდგა სათავეში კატალონიელთა წინააღმდეგობის მოძრაობას.

„9 ნოემბერს ბელგიაში სასამართლო პროცესია დანიშნული. ვნახოთ, გადასცემენ თუ არა ამ ადამიანებს ესპანეთს. ბელგიას ორთვიანი ვადა აქვს მათი გადაცემისთვის. რასაკვირველია, 30 წლით ციხეში ჯდომა პუჩდემონს არ სურს, თავის დროზე იგი ოცნებობდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტი გამხდარიყო. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ ესპანეთში კატალონიის ლიდერს პოლიტიკური, და არა იურუდიული, სასამართლო ელის. უბრალოდ, ეს არის მცდელობა, პუჩდემონმა თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას. ესპანეთის ხელისუფლებამ ბევრად ღირსეულად იმოქმედა, ვიდრე ჩვენმა ხელისუფლებამ, როცა აფხაზეთი დავკარგეთ. 90-იან წლებში, თუკი ვინმეს ლომის წვლილი მიუძღვის აფხაზეთის დაკარგვაში, ეს კიტოვანია. იგი არავის არაფერს შეეკითხა, კიტოვანი გააბრიყვეს რუსებმა. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილემ, ჩრდილო კავკასიელმა, ყაბარდოელმა ბეპაევმა იმ პერიოდში საჯაროდ, ქართველების გასაგონად განაცხადა, თქვენ მიიღეთ მშვენიერი ტექნიკა და ამით ყველა პრობლემა შეგიძლიათ გადაჭრათო. სინამდვილეში, ეს იყო 60 დანჯღრეული ტანკი, აქედან 59 სამტრედიაშივე გაჩერდა და უფრო შორს ვერ წავიდა. ბეპაევმა გააბრიყვა კიტოვანი, თუმცა კიტოვანის გაბრიყვებას დიდი გენიოსობა არ სჭირდებოდა. ყველაფერ ამის მიზანი იყო 300 ათასი ქართველის გამოყრა აფხაზეთიდან. აფხაზეთი მაშინ დავკარგეთ, როცა 300 ათასი ქართველი გამოაძევეს იქიდან“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან საუბარში და ესპანეთის მთავრობის ქმედება ღირსეულად შეაფასა.

მისი თქმით, ოფიციალურმა მადრიდმა კონსტიტუციის ჩარჩოებში იმოქმედა, მათ არც ჯარი შეუყვანიათ კატალონიაში. ელემენტარულად, ესპანელებმა აამოქმედეს კონსტიტუციის 155-ე მუხლი. მადრიდი გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე იმდროინდელი საქართველო. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ესპანეთი იმ დროს უკვე კარგა ხნის ჩამოყალიბებული, დემოკრატიული ძლიერი სახელმწიფო იყო. ხოლო 90-იანი წლების დასაწყისის საქართველო ჯერ კიდევ საველე მეთაურთა სამოქმედო ასპარეზი იყო, როგორც დღეს სომალია.

მართალია, რუსეთის სიმპათიები კატალონიისკენაა, მაგრამ რუს ხელისუფალთა ოფიციალური კურსი ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობაა.