სამხედრო იარაღის ჩამორიგების მხრივ რუსეთი თანაბრად გულუხვია, როგორც სომხეთისთვის, ისე აზერბაიჯანისთვის. სულ ახლახანს რუსეთმა სომხეთს სამხედრო ტექნიკის შესაძენად სესხი მისცა და სერჟ სარგსიანმაც მადლიერებით მიიღო ჩრდილოეთიდან მიძღვნილი 100 მილიონ აშშ $-ის ოდენობით სესხი. ეს ფინანსური რესურსი სომხეთმა 2018-22 წლებში უნდა აითვისოს. სარგსიანი იმედოვნებს, რომ რუსეთი სომხეთის შეიარაღების მოდერნიზებისთვის სესხის გაცემას კვლავაც განაგრძობს.
რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარესაც არ ტოვებს უყურადღებოდ და აზერბაიჯანსაც იარაღით ამარაგებს. 2010 წლიდან რუსული შეიარაღების მიწოდებამ ბაქოსთვის 4 მილიარდი $ შეადგინა. სხვათა შორის, რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანისთვის შეიარაღების მიწოდება არაერთხელ გამხდარა სომხეთის უკმაყოფილების მიზეზი, რადგან სომხეთი რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევა.
რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი ამბობს, რომ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება. დიმიტრი მედვედევი კი სომხეთ-აზერბაჯანს შორის პარიტეტის დაცვას იმით ხსნის, რომ ბალანსის შენარჩუნება აუცილებელია. ამიტომაც სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთდროულად მიეწოდება რუსული იარაღი.
კონფლიქტებზე მომუშავე საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ანგარიშის მიხედვით, სომხეთი და აზებაიჯანი ამჟამად ყველაზე ახლოს არიან სრულმასშტაბიან ომთან, ვიდრე ოდესმე, 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთს აინტერესებს თავისი შეიარაღების გაყიდვა და ამისთვის შესაბამის ბაზრებს ეძებს. ამ შემთხვევაში, რეგიონები, სადაც მიმდინარეობს კონფლიქტები, იარაღის გასაღებისთვის ყველაზე კარგი ბაზრებია. რუსეთი შეეცდება, იარაღის მიწოდების მოთხოვნა ყოველთვის თავის სიმაღლეზე იყოს და, თავისთავად, რაც უფრო მეტ იარაღს მიჰყიდის აზერბაიჯანს, მით მეტი მოთხოვნა გაჩნდება სომხეთის მხრიდან.
ექსპერტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს ახლა არ აქვს შესაძლებლობა, სამხედრო იარაღი კრედიტის აღების გარეშე პირდაპირ შეისყიდოს რუსეთისგან, ეს მაინც მომგებიანია რუსეთისთვის, რადგან რუსეთი პოლიტიკურად კიდევ უფრო ძლიერად იმორჩილებს სომხეთს და იქ აბანდებს თავის კაპიტალს.
„უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთისთვის კონფლიქტის გაღვივება იმის გარანტიაა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არანაირი გარიგება არ მოხდება. თორემ დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებული ცეცხლის შეწყვეტის პირობები შესაძლოა, მომავალში ურთიერთობის მოგვარების საწინდარი გამხდარიყო. თუმცა, თუ კონფლიქტი დროდადრო მიიღებს ცხელ ხასიათს და სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზრდება, ასეთი პირობები რუსეთს აწყობს როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად. რა თქმა უნდა, რუსეთისთვის უმჯობესია, კონფლიქტში მონაწილე არც ერთმა მხარემ არ მიაღწოს სრულ გამარჯვებას. მისთვის მთავარია პარიტეტის შენარჩუნება.
საქართველოსთან მიმართებაშიც გვქონდა ისეთი შემთხვევები, როდესაც აფხაზეთში კონფლიქტის დაწყებასთან ახლოს ვიყავით. ეს ხდებოდა აფხაზეთის ომამდე. სწორედ მაშინ მოგვაწოდა რუსეთმა დიდი რაოდენობით იარაღი. რა თქმა უნდა, იმავე რუსეთმა აფხაზეთსაც მიაწოდა იარაღი გუდაუთის ბაზიდან და ინსცენირება მოახდინა, თითქოს აფხაზებმა თვითონ წაართვეს რუსებს იარაღი. სინამდვილეში, ეს ერთი და იგივე სცენარი იყო. იმ პერიოდში რუსეთს აწყობდა ჩვენთან ომი და, ასევე, აწყობს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება, კონფრონტაცია, მაგრამ, ამავდროულად, რუსეთი არც ერთ მხარეს არ მისცემს საშუალებას, სრული გამარჯვება მოიპოვონ“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დაბალანსებასა და კავკასიის რეგიონში ჰეგემონური პოზიციების განმტკიცებას ცდილობს. მისივე თქმით, რუსეთის მიზანია, დასავლეთისგან ორბიტამოწყვეტილი აზერბაიჯანი როგორმე საკუთარ ორბიტაში შეიყვანოს და შეიტყუოს. სომხეთი კი ისედაც რუსეთის ორბიტაშია და მას არ სჭირდება შეტყუება. ასეთ სიტუაციაში საქართველო, ფაქტობრივად, მძევლის მდგომარეობაშია.
„ჩვენი ტერიტორიების გათვალისწინებით, ფაქტობრივად, ჩვენ მძევლის მდგომარეობაში ვართ. რუსეთმა საკუთარი თავისთვის და შემდგომი ჰეგემონობისთვის კარგი პოზიცია შექმნა და ახლა შესაფერის დროს ელოდება, როცა მთლიან კავკასიაში თავისი პოზიციის გამყარებას მოახდენს. მაინც არა მგონია, მთიან ყარაბაღში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყოს. უფრო ადრე ომის დაწყებას ორივე მხარე შეეცადა, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. ჯერჯერობით საერთაშორისო საზოგადოებას იმის ბერკეტები აქვს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი ომი შეაჩეროს. რა თქმა უნდა, პროვოკაციები იქნება, ცხელი პერიოდებიც იქნება, მაგრამ ომამდე საქმე არ მივა“,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.