„პაციენტს ექიმი კომპასით საძებნი არ უნდა ჰყავდეს“

„პაციენტს ექიმი კომპასით საძებნი არ უნდა ჰყავდეს“

სამედიცინო სფერო რეფორმების წინაშეა. ხელისუფლება აპირებს, ცალკეული კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ამოიღოს და დატოვოს მხოლოდ მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული კლინიკები. ამ კლინიკებში უფრო მეტად დაიტვირთებიან ექიმები, გაიზრდება მათი ანაზღაურება და ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გადარბენის აუცილებლობა აღარ ექნებათ მეტი ანაზღაურების მოლოდინში.

კლინიკების შემცირების მიზეზი მარტივია. ბოლო ორ წელიწადში მხოლოდ თბილისის მასშტაბით 64 კლინიკა გაიხსნა. ამდენი მაღალკვალიფიციური ექიმი კი არ არის. ამის გამო მაღალკვალიფიციური ექიმები უამრავ ადგილას მუშაობენ და, როცა პაციენტი კონკრეტულ კლინიკაში მიდის, იმ პროფილის ექიმი მხოლოდ ერთია, რომელიც იმ დროს შეიძლება სულ სხვა ქალაქში იყოს.

„შეიძლება, ამას პაციენტის სიკვდილი ან მისი ჯანმრთელობის დაზიანება არ გამოუწვევია, მაგრამ ნამდვილად არის ასეთი შემთხვევები“, -აცხადებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რომელიც განმარტავს, რომ „დღევანდელ სიტუაციაში უფრო მეტი კლინიკაა, ვიდრე მაღალკვალიფიციური ექიმი. შესაბამისად, ეს მაღალკვალიფიციური ექიმები მუშაობენ ბევრ კლინიკაში ერთად, რაც სამედიცინო შეცდომის რისკს ზრდის. ექიმებს უნდა შევუქმნათ პირობები, რომ მათ არ ჰქონდეთ ბევრ ადგილას ზენორმირებულად მუშაობის აუცილებლობა თავიანთი ჯანმრთელობის თუ პაციენტთა ჯანმრთელობის საზიანოდ. გამოსავალი სელექციურ კონტრაქტირებაშია. კერძოდ, ამდენი კლინიკაა დღეს საყოველთაო ჯანდაცვაში და პირდაპირ ვამბობ, მათი ნაწილი არის საამქროები, რომლებიც მხოლოდ სახელმწიფოს ფულის გადამუშავებაზეა ორიენტირებული. ასეთი კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან უნდა ამოვიდეს და დარჩეს მხოლოდ მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული, მულტიპროფილური, აღჭურვილი კლინიკები, რომელთაც მაღალი ხარისხის დახმარების გაწევა შეუძლიათ“.

გამოიწვევს თუ არა ეს რეფორმა კლინიკების ნაწილის დახურვას და ცალკეულ მედიკოსთა სახლში გაშვებას?!

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი მარინა ბერიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯანდაცვის სფეროში რეფორმა აუცილებლად გასატარებელია და რეგულაციებიც მისაღებია. რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ცალკეული კლინიკების ამოღებას, მარინა ბერიძე მიიჩნევს, რომ აქ მთავარია, როგორ აპირებენ იმის გარჩევას, რომელი ექიმია კვალიფიცირებული და რომელი- არა. გასაგებია, რომ ექიმების რაოდენობა ძალზე ბევრია, კლინიკებიც უამრავია, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ყველა ექიმთან რიგია და პაციენტებიც ძალიან ბევრია.

ამდენად, ცხადია, მტკივნეული რეფორმა გველის, მაგრამ მისი შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწორად განხორციელდება ეს რეფორმა, იქნება თუ არა კონკურენციაზე დაფუძნებული, თუ პირიქით, ვინმეს პირადი ინტერესით იქნება ნაკარნახევი. მით უმეტეს, რომ, სამწუხაროდ, თავისუფალი ბაზარი და თავისუფალი კონკურენცია ჩვენ არ გვაქვს.

„ექიმთა მუშაობის ნორმები და ნორმატივები უნდა დაწესდეს, რაც საერთაშორისო პრაქტიკითაა მიღებული, რადგან ექიმიც ადამიანია და არ შეიძლება, 24 საათის განმავლობაში თუნდაც ძალიან კარგი გამომუშავების გამო, ვამუშაოთ. ამ თვალსაზრისით, რეგულაცია გასატარებელია. ეს საკითხი კომპლექსურად გადასაჭრელია და აქ მთავარია, კონკრტულად ვინ არის ჩართული ამ რეფორმაში. სამედიცინო წრეებში უნდა მოხდეს ამის განხილვა, საზოგადოებაც მომზადებული უნდა იყოს, რადგან რაგინდ იდეალურ იდეასაც არ უნდა მიაგნონ, ეს გაგებული უნდა იყოს მოქალაქეებისთვისაც და მედიკოსთა საზოგადოებისთვისაც. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, როცა ექიმი რამდენიმე კლინიკაში გადარბენაზე მუშაობს. პაციენტმა ექიმი თავისუფლად უნდა მოძებნოს და კომპასით საძებნი არ უნდა ჰყავდეს. ექიმი უნდა იყოს იქ, სადაც გეგულება, მედიკოსს აუცილებლად უნდა ჰქონდეს პაციენტზე ფიქრის საშუალება. მან უნდა იაზროვნოს, რადგან ერთი და იგივე დაავადება შეიძლება რამოდენიმე ადამიანს სრულიად სხვაგვარად სამართავი ჰქონდეს. ამისთვის ექიმს უნდა ჰქონდეს საფიქრალი დრო და კონვეიერივით არ უნდა ღებულობდეს პაციენტს. მომხრე ვარ, ექიმი ერთ ადგილას მუშაობდეს, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა აისახებოდეს მის გამომუშავებაზე, ანუ ექიმის პოზიცია უნდა გაიზარდოს. ის არ უნდა იყოს ისეთ დაჩაგრულ მდგომარეობაში, როგორც ახლაა. მხოლოდ 3-დან 5 %-მდე ექიმები არიან მაღალანაზღაურებადნი და ისინიც არაადეკვატურად მაღალ ხელფასებს იღებენ. ჩემი აზრით, არც ეს არის ნორმალური“, -აცხადებს მარინა ბერიძე და იხსენებს ფაქტებს, როცა გადამეტებულმა დატვირთვამ უამრავი ექიმის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს ადამიანები სამსახურში იღუპებიან. ამ დროს ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ექიმები.

ექსპერტისთვის გაუგებარია ისიც, თუ რას ნიშნავს, ამიერიდან მედიკოსები ერთ კლინიკაში ბევრს იმუშავებენ და დიდი ანაზღაურება ექნებათო. მთავარია, ხარისხიანად იმუშაონ.

საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი ოთარ თოიძე პაციენტის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ჯანდაცვის რეფორმას მიესალმება. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ კლინიკების დახარისხება დონეების მიხედვით მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა, მაგრამ ეს არ ეხება სამედიცინო მანიპულაციის სახეებს. პირველი დონის კლინიკა იქნება, თუ მეორე ან მესამე დონის, ყველაფერი ერთნაირად უნდა კეთდებოდეს. მაგალითად, სისხლის ანალიზი ყველა კლინიკაში ერთნაირად უნდა კეთდებოდეს.

„როგორც მივხვდი, სახელმწიფო ხარისხის კონტროლის მექანიზმის შემოღებას იწყებს და არჩევს კლინიკებს, თუ რომელია უმჯობესი. რასაკვირველია, სახელმწიფო დაინტერესებულია, თავისი ფული ეფექტურად დაიხარჯოს. ამდენად, უნდა არსებობდეს კლინიკების ხარისხის მარეგულირებელი სისტემა. არ ვიცით, ეს სისტემა ჩვენ რამდენად გაგვაჩნია. ამიტომ ეს ხომ არ იქნება სუბიექტური მიდგომა, ან რაზე იქნება დაფუძნებული, ვინაიდან პატარა კლინიკამ შეიძლება გამოჯანმრთელების მხრივ ძალიან მაღალი პროცენტი აჩვენოს, ხოლო დიდმა კლინიკამ, სადაც მრავალგვარი პაციენტის მიღება შეიძლება, გამოჯანმრთელების ნაკლები პროცენტი აჩვენოს. რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმას, იგი ერთი ნაბიჯია წინ. მან მოხსნა წინათ არსებული მრავალი პრობლემა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, როგორც ფინანსური, ასევე, პროფესიული ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, მაგრამ, მეორე მხრივ, ორი ნაბიჯი უკან გადაიდგა, რადგან სწორედ ხარისხის კონტროლი, რომელიც ჩადებული იყო წინა რეფორმაში და, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად სადაზღვევო კომპანიებსაც ევალებოდათ, მოიხსნა. ამდენად, ჩვენ ხარისხით დავიწიეთ უკან. სისტემა დაუბრუნდა სახელმწიფო რეგულაციებს, რაც, ასევე, უკან გადადგმული ნაბიჯია. სახელმწიფო ვერასდროს შეძლებს, გააკონტროლოს ქვეყანაში ხარისხი. ამისთვის სახელმწიფოს სპეციალური მექანიზმების შემუშავება დასჭირდება, რადგან სამედიცინო საქმიანობის კონტროლის სააგენტო მარტო სამედიცინო შეცდომების ანალიზით რომ დაკავდეს, ეს საკმაოდ შრომატევადია“, - აცხადებს ოთარ თოიძე და საჭიროდ მიიჩნევს ეფექტურობის ობიექტური კრიტერიუმების შემოღებას.

მისი აზრით, ამიერიდან კლინიკებს შორის კონკურენცია, რასაკვირველია, გაიზრდება, რადგან კარგი კლინიკა ისეთი დაწესებულებაა, რომელსაც ბადალი არ ჰყავს. სპეციალისტი ფიქრობს, რომ რეფორმის შედეგად მსხვილი კლინიკები უფრო მოიგებენ, ვიდრე წვრილი კლინიკები.

რაც შეეხება ექიმების წინ და უკან სირბილს, ოთარ თოიძე მიიჩნევს, რომ ეს საკითხიც მოსაწესრიგებელია, ვინაიდან ექიმი მართლაც იღლება ჯერ მარტო ფიზიკურად, მერე მორალურად. მისი თქმით, რთულია მუშაობა, როდესაც ექიმს ერთი პაციენტი ერთ დაწესებულებაში ჰყავს, მეორე პაციენტი-მეორეში და ორივე დაწესებულებაში განსხვავებული სახის მოთხოვნებია. თუნდაც ეს დაწესებულებები ერთი შენობის სხვადასხვა სართულზე მდებარეობდეს, მაინც რთულია ექიმისთვის ასეთ პირობებში მუშაობა. სიმშვიდისა და პროფესიონალიზმისთვის უმჯობესია ექიმი ერთ დაწესებულებაში იყოს დასაქმებული. შრომის მაღალანაზღაურება მნიშვნელოვანია, მაგრამ ძნელი სათქმელია, რა იქნება სინამდვილეში. შესაძლოა, მედიკოსს შრომის ანაზღაურება არც ჰქონდეს მაღალი, ვინაიდან ორ კლინიკაში თუ იღებს 500-500 ლარს, ერთ კლინიკაში იმავე სამუშაოში შეიძლება დაუკლონ ხელფასი და მისცენ მხოლოდ 800 ლარი.

„ზოგადად, საქართველოში ექიმებისა და სტაციონარების რაოდენობა ჭარბია. ზოგიერთ სტაციონარში ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს. ამიტომ ხარისხის კონტროლი სამედიცინო საზოგადოებას უნდა დაევალოს“.