ცხინვალის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკამ გენოციდის აღიარებისთვის უნდა იბრძოლოს, რათა აღნიშნულმა საკითხმა სხვადასხვა დონეზე წინ წაიწიოს.
მისი თქმით, ოს ხალხს არაერთხელ მოუწია საკუთარ თავზე ეწვნია გენოციდი, ამიტომ საჭიროა ფილმების გადაღება, წიგნების დაწერა, რათა ყველამ გაიგოს, რაც ხდებოდა. მედოევის აზრით, მომხდარის შესახებ ევროპაში ბევრმა არ იცის, რადგან საბჭოთა პერიოდში ოსების ტრაგედიაზე საუბარი აკრძალული იყო. ამას არ წერდნენ გაზეთებში.
„ჩვენი ხალხის მეხსიერებაში 1920 წლის გენოციდი მუდამ განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს, რადგან მაშინ 40 ათასი მცხოვრები განდევნეს სამხრეთ ოსეთიდან, 5 ათასზე მეტი მოკლეს“, - ამბობს მედოევი.
მედოევი საქართელოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ქართველ ნაციონალისტებს ცხინვალის რეგიონის გადაწვაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ოსების გენოციდის ისტორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც განმეორდა, თუმცა ოსთა მამაცობისა და რუსთა დახმარებით, დე ფაქტო რესპუბლიკა გადარჩა და დამოუკიდებელი აღიარება მოიპოვა.
ცალსახაა, მედოევი ისტორიის შებრუნებას ცდილობს და რუს ბოლშევიკთა ხელშეწყობით ოსების მიერ ქართულ მიწაზე მოწყობილ ქართველთა გენოციდს მასპინძელ ქვეყანას აბრალებს. სინამდვილეში, როგორი სიტუაცია იყო ერთი საუკუნის წინ სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, ამის შესახებ For.ge-ს „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე ესაუბრა.
ოსები იმთავითვე ბოლშევიკთა დასაყრდენად ითვლებოდნენ და ბოლშევიკებისგან გათამამებულნი ქართულ სოფლებს აწიოკებდნენ. თუმცა, ამის მიუხედავად, მედოევი ქართველებს აბრალებს ოსების გენოციდს. მისი ბრალდებები ანგარიშგასაწევია?
- მე გეტყვით ფაქტებს. პირველი ფაქტია, რომ იმ დროისთვის, როდესაც რუსეთმა საქართველო დაიპყრო, ანუ 1921 წლისთვის, არც ერთი ოსური რაზმი საქართველოში უკვე აღარ არსებობდა. ყველა გაყვანილი იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ, ანუ საქართველო თავისუფალი იყო ბანდიტური რაზმებისგან და ჩვენს ქვეყანაში დამყარებული იყო სიწყნარე. მეორე ფაქტია, რომ არსებობს დოკუმენტური მასალა, სად ვინ მოკლეს და როდის მოკლეს, მაგრამ არავითარი ფაქტი იმისა, რომ ოსების ჟლეტა ყოფილიყო საქართველოში, არ არსებობს. ხოლო ქართველების ჟლეტა რომ იყო, ამის ფაქტები არსებობს.
მესამე და მთავარი, მთელი პოლიტიკური და პრინციპული იდეოლოგია, რომლითაც მუშაობდა რუსეთი, ცალსახად მიუღებელი იყო. სახელდობრ, რუსეთი საქართველოსთან აწარმოებდა სამშვიდობო მოლაპარაკებას, რომელიც დასრულდა 1920 წლის 7 მაისს და დაიდო ხელშეკრულება რუსეთ-საქართველოს შორის. ამ ხელშეკრულებით რუსეთი საქართველოს ცნობდა ჩვენს რეალურ საზღვრებში, საინგილოს, ცხინვალის, აფხაზეთის, სოჭის ჩათვლით. თუმცა ამის შემდეგ რუსებმა აზერბაიჯანის მოთხოვნით აზერბაიჯანს (რომელიც რუსეთის მიერ, ასევე, დაპყრობილი იყო) დაუმატეს ჩვენი ტერიტორიის ნაწილი. იმ პერიოდში ნათქვამი იყო, რომ ზაქათალა-ბელაქნის, ანუ საინგილოს საკითხი მოგვარებული არ გახლდათ, რაზეც მოლაპარაკება უნდა შემდგარიყო რუსეთის მონაწილეობით. რა თქმა უნდა, ამით საინგილო წაგვართვეს.
იმის პარალელურად, რომ რუსეთი ჩვენთან სამშვიდობო მოლაპარაკებას აწარმოებდა (რომელიც დამთავრდა ხელშეკრულებით), იგივე რუსეთი პარტიის ხაზით ღია ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს წინააღმდეგ. ესეც დოკუმენტირებულია. არის საამისო დოკუმენტები, რომლებიც საქართველოში არაერთხელ დაიბეჭდა. ეს იყო როსტოვის ბოლშევიკების სამხარეო კომიტეტის დოკუმენტი, რომელიც ცალკეულ ბრძანებებს აძლევდა საქართველოში არსებულ თავის ორგანიზაციებს - გააკეთეთ ესა და ეს და ამდენი და ამდენი მანეთი გერიცხებათო, ანუ ღია ძირგამომთხრელ მუშაობას ეწეოდა, სამხედრო მუშაობის ჩათვლით. ასეთი ბრძანებები უამრავია, მთელი სერიაა და დოკუმენტურად გამოცემულია თბილისში. ანუ რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკური და იურიდიული იდეოლოგია ასეთი იყო, რომ კომპარტიას, ბოლშევიკებს უფლება აქვთ, უხელმძღვანელონ თავისი უცხო წევრების სამხედრო მოქმედებას უცხო ქვეყანაში, რომელთანაც რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს. ამის შემდეგ კომისიები შეიქმნა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინს ეს კომისიები დააშლევინეს. ამით იმის თქმა მსურს, რომ ცხინვალის დაკავება და საქართველოს შიგნით მისი ავტონომიის გამოცხადება თავიდან ბოლომდე იურიდიულად დანაშაულებრივი საქმიანობა იყო. ამაზე ხელის მოწერა დღეს არავის შეუძლია, რუსეთის ვერც ერთი პრეზიდენტი, ვერც ერთი საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერც ერთი პასუხისმგებელი პირი ვერ იტყვის, რომ რუსები იმ დროს სამართლიანად იქცეოდნენ. რის საფუძველზე შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოში? იყო ასეთი ორგანო საქართველოში-ცაკი, „ცენტრალნი ისპალნიწელნი კომიტეტ“. ეს იყო საბჭოების კრების აღმასრულებელი კომიტეტი. საბჭოები კი მუშებს, გლეხებსა და ჯარისკაცებს აერთიანებდნენ. არც ერთი კაცი, ვინც არ იყო მუშა, გლეხი თუ ჯარისკაცი, იმ საბჭოებში არ მონაწილეობდა. დანარჩენი მთელი მოსახლეობა პრინციპულად გამორიცხული იყო ძალაუფლებიდან. თუმცა საბჭოთა მმართველობის ეს ფორმა რუსეთს აპატიეს, ჩამოწერეს. რუსეთს ჰქონდა არგუმენტი, კი ბატონო, ჩვენ ასე გვინდოდა ცხოვრება და ასე ვცხოვრობდით, მაგრამ ის, რომ ამ საბჭოებმა მიიღეს დეკრეტები, რათა ჩარეულიყვნენ უცხო ქვეყნის საქმეებში, ასეთი უფლება მათთვის არავის უპატიებია. ეს პრინციპულად მიუღებელია დღესაც, ანუ უკანა რიცხვის ჩათვლითაც. ამ ფონზე აბსურდული დეკრეტი მიიღეს საქართველოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, ნაძირალა ფილიპე მახარაძემ და სტალინის მეგობარმა სერგო ქავთარაძემ, რომელიც, ასევე, ხელს აწერს იმ დეკრეტს.
რა წერია იქ? სიტყვა-სიტყვით გეუბნებით, „პა ზაკონუ №2 უსტროიტ იუჟნუიუ ოსეტიუ“. რის საფუძველზე, საიდან შექმნეს ე.წ. სამხრეთ ოსეთი? ანუ თვითონ ეს დეკრეტი იურიდიული შინაარსით აბსურდულია. ამის მეტი დოკუმენტი მანამ, სანამ სტალინმა არ შექმნა კონსტიტუცია, არ ყოფილა.
მაგრამ მანამდე იყო საქართველოსთვის უმძიმესი პერიოდი, როცა ე.წ. ჩრდილოეთ ოსეთიდან ოსების გადმოსახლება სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ცხინვალის რეგიონში ქართული მოსახლეობის გენოციდი განხორციელდა.
- რასაკვირველია, ოსები ჩრდილო კავკასიაში ბინადრობდნენ. მონღოლები რომ შევიდნენ, ისინი ე.წ. ჩრდილო ოსეთის მთიანეთში არეკეს. იქ ცხოვრობდნენ საშინელი გაჭირვებით და საქართველოში შემოღწევა მხოლოდ მე-17 საუკუნეში დაიწყეს. საქართველოში მათი გამოჩენის შესახებ პირველი დოკუმენტი მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის დოკუმენტია, სადაც მითითებულია, რომ ჯავა გაუკაცრიელდა ოსთაგან, ანუ ოსური რაზმის მიერ განადგურდა ჯავის ქართული მოსახლეობა. საქართველოსთვის ეს იყო საშინელი საუკუნე. ასე რომ, ოსური პირველი დასახლება გაჩნდა მე-17 საუკუნის ბოლოს. სხვათა შორის, ქობულაშვილები იყვნენ ქართველი თავადები, ოსებმა ამოწყვიტეს ქობულაშვილების მოსახლეობა ჯავაში და ამ ქართველ თავადებს მიწის დასამუშავებლად კაცი არ ჰყავთ. სწორედ ქობულაშვილებმა დაიწყეს ოსების ჩამოსახლება. მძიმე დემოგრაფიული პროცესი მიმდინარეობდა ქართლში, სადაც მოსახლეობა მასობრივად გაწყდა. დავით გურამიშვილსაც აქვს აღწერილი, გაუკაცრიელდა ქართლი, „მცირედ დარჩა ცოდვისაგან კაცი ღვთისგან შენაწევრი“. ასე რომ, ხიზნების სახით გაჩნდა ოსური მოსახლეობა.
ამის შემდეგ 1801 წელს საქართველოში რუსები შემოვიდნენ, რომელთა დასაყრდენადაც კავკასიაში სწორედ ოსები ითვლებოდნენ. იმ პერიოდში ოსებს რუსების ერთგულება დაუფასდათ?
- ცხადია, რუსებს ოსებთან ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდათ, რადგან მე-17 საუკუნიდან მოყოლებული, რუსეთი ჩრდილო კავკასიას რომ იპყრობდა, ერთადერთი მოსახლეობა ჩრდილო კავკასიაში, რომელიც რუსეთს უწყობდა ხელს და მიუძღვებოდა, ესენი იყვნენ ოსები. ისინი არაკავკასიური მოდგმის ხალხია, ინდოევროპელები, ანუ კავკასიურ მოდგმას არ განეკუთვნებიან. რუსები რომ შემოვიდნენ საქართველოში, სადაც კი დაინახეს კანტი-კუნტად მცხოვრები ოსი მაცხოვრებელი, ყველა ადგილს უწოდეს ოსური ზედსართავის მქონე სახელი. იყო მაგალითად, „ოსეტინსკი უჩასტოკ“ (ადმინისტრაციული ერთეული), ე.ი. შექმნეს ილუზია, თითქოს საქართველოში ოსური მოსახლეობა იმთავითვე ცხოვრობდა.
1801 წლიდან შემოსულმა რუსებმა დაიწყეს ოსების ჩამოსახლება. პარალელურად, მეორე პროცესი ვითარდებოდა, ქართული მოსახლეობა ბარში ჩადიოდა საცხოვრებლად. საერთოდ, ეს სოციალური ტენდენციაა. როგორც ცნობილია, ქალი სადაც იბადება ზღვის დონიდან, თხოვდება იმაზე დაბლა ტერიტორიაზე, ე.ი. მოსახლეობას ტენდენცია აქვს, ჩავიდეს ბარში, თუკი იქ ადგილები დახვდა. ქართველებიც ბარში ჩადიოდნენ და ცარიელ მიწებზე სახლდებოდნენ. ამიტომ მთის ზონა, სადაც ოსები შევიდნენ, დაცლილი იყო და რუსებმა იქ ორგანიზებულად დაასახლეს ოსები.
მთელ მსოფლიოში პრინციპული საკითხია ის, რომ, თუ ცალკეულ სახელმწიფოში რომელიმე კონკრეტულ ტერიტორიაზე დემოგრაფიული დინამიკა იცვლება (ანუ ერთი მოსახლეობის რაოდენობა იზრდება და მეორე მცირდება) და ამის შედეგად ახალი მოსახლეობა უმრავლესობას აღწევს, ეს არ შეიძლება დაკანონდეს, როგორც ახალი ერთეული, რადგან ეს იქნება ავტომატური მექანიზმი ეთნიკური წმენდისა და გენოციდისთვის. ამიტომ მსოფლიოსთვის ეს მიუღებელია. ამდენად, თუ ჩვენ მუდამ გვექნება მეცნიერულად დასაბუთებული მზად არგუმენტაცია, რომ ოსური მოსახლეობა იმ ტერიტორიაზე ადგილობრივი არ არის, ჩვენ ყოველთვის მოგებულნი ვიქნებით.
გენოციდის თემას შევეხოთ. ოსების სასარგებლოდ არ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ოსი რევოლუციონერის, ჩრდილოეთ ოსეთში დაბადებული ზნაურ აიდაროვის რაზმები ქართლის ხეობის სოფლებს, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით, მუსრს ავლებდნენ. რატომღაც სწორედ მისი სახელი დაერქვა ზნაურის რაიონს 1933 წელს, რომელსაც ოდესღაც ოქონის რაიონი ერქვა.
- ზნაური ვინ იყო? 1919 წელს, მენშევიკების დროს ოსებმა მოაწყვეს პირველი ამბოხება სამხრეთით, ანუ რუსეთ-თურქეთის ფრონტიდან წამოსული ოსი ჯარისკაცებისგან შექმნილი რაზმით. იმ ფრონტზე რუსეთი დამარცხდა, იქიდან ჩამორჩენილი ოსი ჯარისკაცებით ოსებმა მოახდინეს ამბოხება ცხინვალში და ქართველები მოკლეს. ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იქ იყო ცხინვალელი კეცხოველი, ისიც მოკლეს და პარპაშობდენ ცხინვალში. სანამ გორიდან არ ავიდა მენშევიკური არმიის რაზმი, მანამ ოსური ბანდები არ გადიოდნენ იქიდან. მენშევიკების დროს ზნაური სწორედ ერთ-ერთი ოსური ბანდის მეთაური იყო. მისი სახელი დაარქვეს ქართულ სოფელს.
სხვათა შორის, ბოლშევიკებისთვის პრობლემა იყო, რომ ახლად შექმნილი ერთეულისთვის დედაქალაქის გამონახვა უჭირდათ, რადგან ცხინვალში ოსური მოსახლეობა არ არსებობდა. ეს იყო სავაჭრო ქალაქი, რომელშიც ქართველების გარდა ცხოვრობდნენ ებრაელები და სომხები, როგორც ვაჭრები. ამ ერთეულის არსებობას არავითარი იურიდიული გამართლება არ აქვს, გარდა ერთისა, რომ ისინი დე ფაქტოდ არიან.
ჯერ კიდევ შარშან ცხინვალის რეჟიმმა საქართველოს მენშევიკური მთავრობის შეიარაღებული ძალების მეთაურის-ვალიკო ჯუღელის შესახებ ფილმის გადაღება დაიწყო იმ მოტივით, თითქოს ვალიკო ჯუღელი ოსებისგან აწიოკებულ ქართველებს კი არ იცავდა, არამედ ოსთა გენოციდს აწყობდა. სინამდვილეში, სწორედ ვალიკო ჯუღელმა ჩაახშო ცხინვალის რეგიონში ანტისახელმწიფოებრივი აჯანყება და 1921 წელს ემიგრაციაში წასული საქართველოში დაბრუნდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით აჯანყების მოსამზადებლად. თუმცა „ჩეკამ“ ვალიკო ჯუღელი, ეს მამაცი და საქართველოსთვის პატრიოტი ადამიანი, დახვრიტა. ისტორიის ფალსიფიკაციით მარიონეტულ რეჟიმს შეუძლია დასავლეთს თვალი აუხვიოს?
- სინამდვილეში, ვალიკო ჯუღელი გახლდათ რაზმის მეთაური, რომელიც ქართველების ამწიოკებელ ოსურ ბანდფორმირებებს დასდევდა და ანადგურებდა, მაგრამ არ არსებობს არავითარი დოკუმენტი, რომ ვალიკო ჯუღელს უბრალო ოსური მოსახლეობისთვის ხელი ეხლოს. ოსური მოძრაობა თავიდან ბოლომდე ბოლშევიკების მიერ იყო ორგანიზებული და ზნაურიც ერთ-ერთი ოსური ბანდის მეთაური იყო.
ერთ საინტერესო ფაქტს გავიხსენებ. გაეროს პირველი მისია როცა იყო საქართველოში, მისი მეთაური გახლდათ ელჩი აიფი. მას ბევრჯერ შევხვედრივარ მხოლოდ და მხოლოდ კამათის პირობებში და არა კოლეგიალობით. მაშინდელი მისია ძირითადად გერმანელებისგან შედგებოდა, აიფიც გერმანელი იყო და ჩვენს წინააღმდეგ იყო მიმართული. სწორედ ამის გამო ვხვდებოდი პოლემიკურ სიტუაციაში. ამ მისიამ მიიღო დადგენილება, საზიზღარი დოკუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, სადაც იყო ასეთი თეზისი, რომ ოსები 67 წლის მანძილზე შეეჩვივნენ, რომ ეს ტერიტორია მათია და არ უნდა გადავაჩვიოთო. მოგვიანებით ამ მისიაში ფრანგი კაცი მოიყვანეს. იგი შემხვდა კიბეზე და ვუთხარი, გახსოვართ, ასეთ რამეს რომ აკეთებდით-თქო?! უკაცრავადო, მითხრა მან, ეს გაეროს მისიის მოსაზრება კი არ იყო, არამედ გაეროს მისიის გერმანული ნაწილის მოსაზრებაო. ამის მიზეზი გახმაურებული არ არის, მაგრამ ოსების მიმართ გერმანელების განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ მე მომისმენია უშუალოდ ერთი კაცისგან, რომელსაც დიდი კავშირები ჰქონდა დასავლეთში. იგი საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში ამერიკულ მისიაში მუშაობდა. გერმანელებმა ტყვეებისგან რომ შექმნეს ერთი ქართული ბატალიონი - „ბერგმანი“, ანუ მთიელი, იმავე პერიოდში ტყვეებისგან შექმნეს ორი ოსური ბატალიონი. ოსური ბატალიონი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ერთგულებით გერმანული რაიხისადმი. იმიტომ, რომ გერმანელებმა მათ იდეოლოგია შეურჩიეს და უთხრეს, თქვენ ხართ ინდოევროპელები, ინდოევროპელის სინონიმია ინდოგერმანელი, ინდოგერმანული რასა, ინდოგერმანული ენები. ამიტომ გერმანია, როგორც თავის შესაძლო საყრდენს კავკასიაში, ოსების ფაქტორს არ ივიწყებს. გერმანიას დღესაც თავის გეოპოლიტიკურ გათვლებში საყრდენად მიაჩნია ოსები. ამიტომ დაინტერესებულია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს წიაღში არსებობდეს.