ახალი საფრთხე - ბიოლოგიური ტერორიზმი

ახალი საფრთხე - ბიოლოგიური ტერორიზმი

სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ, საფრთხე იმისა, რომ ტერორისტების ჯგუფები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში შევიდნენ, საკმაოდ დიდია. „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველო არ არის ტერაქტების პირდაპირი სამიზნე, თუმცა არსებობს დიდი რისკის შემცველი სტრატეგიული ობიექტები.

for.ge ბესიკ ალადაშვილს ესაუბრა.

ისლამური სახელმწიფოს რეალური დამარცხების ფონზე, რა პერსპეტქივა შეიძლება ჰქონდეს ერთ-ერთი ყველაზე უძლიერეს ტერორისტულ ორგანიზაციას, როგორ შეიძლება შეიცვალოს მისი გეგმები, მოქმედებები და მეთოდები?

ბესიკ ალადაშვილი: უკვე შეინიშნება, რომ ერაყში და სირიაში „ისლმაური სახელმწიფოს“ დამარცხების პარალელურად, ტერორისტული ორგანიზაციები ტერაქტებს და მოქმედებებს ააქტიურებენ ავღანეთში. დღე არ გავა ავღანეთში დიდი მსხვერპლის მქონე ტერაქტი არ მოხდეს. პირდაპირ ვხედავ გარკვეულ ძალთა გადაჯგუფებას. გასაგებია, რომ იქ ძირითადად ალქაიდა და თალიბანი მოქმედებს, მაგრამ ალბათ, ტერორისტები ყოველთვის მონახავენ საერთო ენას.

რამდენად რეალური და დიდია საფრთხე იმისა, რომ სირიაში და ერაყში დამარცხების შემდეგ, „ისლამური სახელმწიფოს“ ეს დაჯგუფებები საბრძოლო ტერორისტულ ჯგუფებად შევიდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში?

- ეს რეალური კი არ არის, არამედ ეს უკვე ხდება. პროგნოზირება საჭირო არ არის, სამწუხაროდ, ეს სახეზეა. დღე არ გავა ისე, რომ ევროპის დიდ ქალაქებში და აშშ-ში ტერორისტებმა არ მოაწყონ ტერაქტი. ტერორისტები იყენებენ მრავალაფეროვან მეთოდებს, დაწყებული სამზარეულოს დანით, დამთავრებული ავტომობილით. რაც შეეხება საქართველოს, ჩემი დაკვირვებით და პროგნოზით, ბუნებრივია, რომ პროგნოზს ვაკეთებთ მხოლოდ არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუზველზე და ეს პროგნოზი არ შეიძლება იყოს უკანასკნელი ჭეშმარიტება. მაგრამ, ამ ეტაპზე, საქართველო არ არის ტერაქტების პირდაპირი სამიზნე, თუმცა, არსებობს დიდი რისკის შემცველი სტრატეგიული ობიექტები, სადაც უცხოელები და განსაკუთრებით ნატოს წევრი ქვეყნების მოქალაქეები, დიპლომატები, ან თუნდაც ტურისტები გადაადგილდებიან. ეს ადგილები რეალური საფრთხეა. საქართველოში ასეთი რისკფაქტორიანი ობიექტები შეიძლება იყოს ტურისტების შეკრების ადგილები და სასტუმროები. ჩვენმა სპეცსამსახურებმა ყველაზე დიდი და ძირითადი ყურადღება ამ ობიექტების დაცვას უნდა მიაქციონ. თუნდაც - იგივე მეტრო.

ზოგადად, დღეს მოდაშია ზურგჩანთა და ვხედავთ, რომ თინეიჯერები და არც თუ მთლად ახალგაზრდები ზურგჩანთით დადიან. ბოლო ტერაქტები, რომელიც მოსკოვში და სხვა ქალაქებში მეტროში მოხდა, სწორედ ზურგჩანთის გამოყენებით მოხდა. რასაკვირველია, ყველა ზურგჩანთის გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ მეტროში პოლიცია და თვითონ მოქალაქეები ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, როცა ასე უპატრონოდ მიტოვებულ ზურგჩანთას, ან რაიმე საეჭვო ნივთს დავინახავთ მეტროში, ხალხმრავალ ადგილას, ეს იქნება სტადიონი, კინოთეატრი, თუ ღამის ბარი, სადაც ძირითადად, უცხოელები იყრიან თავს.

ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი გაწევრიანებულიაისლამური სახელმწიფოსრიგებში, მათი მიმდევნები არიან პანკისის ხეობაში. მაგალითად, თარხან ბათირაშვილი აშშ-მა ყველაზე საშიშ ტერორისტთა სიაში შეიყვანა და მას გმირის სახელით იცნობენ ხეობაში. ერაყში და სირიაშიისლმაური სახელმწიფოსდამარცხების პარალელურად, თუნდაც პრევენციის თვალსაზრისით, რამდენად აუცილებელია ამ მიმართულებით აქცენტის გადატანა?

- რა თქმა უნდა, ეს დიდი პრობლემაა, მით უმეტეს საქართველოსთვის. ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, უმუშევრობა, შემოსავლების დაბალი დონე, გაძვირებული ცხოვრება, ეს პრობლემურია საქართველოს რაიონებში და განსაკუთრებით მაღალმთიან რაიონებში, სადაც ძირითადად ცხოვრობენ ჩვენი ქართველი მუსლიმები - ეს არის პანკისის ხეობა, გურია და აჭარა.

ასევე, ქვემო ქართილიც, მაგრამ თუ დავაკვირდებით და ალბათ, კეთდება ამის ანალიზი, რომ ქვემო ქართლიდან ძალიან მცირე ჯგუფია გაწვერიანებული ამ დაჯგუფებაში, ესეც, ალბათ, გასარკვევია რა ფაქტორების გამო. სწორად აღნიშნეთ, აუცილებელია მათი ჩართვა მთლიანად ცენტრალური ხელისუფლების ღონისძიებებში და საერთოდ, საქართველოს პოლიტიკაში, ეს იქნება, ეკონომიკური, სოციალური, თუ თუნდაც, იგივე სამხედრო სამსახურში. ესენი ახალგაზრდები არიან და ბევრს სამხედრო გამოცდილება აქვს.

თუმცა, აქ კარგი გაფილტვრა არის საჭირო. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ცდილობდნენ დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვაში შეღწევას. წარმოიდგინეთ, რამხელა ხიფათის შემცველი იქნებოდა, რომ ზუსტად იმ ანტიტერორისტულ ჯგუფში ტერორისტები შესულიყვნენ. ისინი გაიშიფრნენ და ბუნებრივია, რომ ხიფათი აცილებული იქნა. ამიტომ, აქ სპეცსამსახურების და მათ შორის ქართული სპეცსამსახურების ამოცანები ძალიან დიდია, დაწყებული კოორდინაციით, ინფორმაციის გაცვლით და უშუალოდ ოპერატიული მოქმედებებით.

იგივე ფულის გათეთრება - საქართველოში ბევრი უცხოელია, რომელიც საქართველოში ბინადრობს, ძალიან რთული დასადგენია მათი კავშირები. რთული დასადგენია თუნდაც იგივე ფულის გადარიცხვა, როგორ მიდის ფულის ნაკადები. შეიძლება ჰქონდეთ მაღაზია, მაგრამ ეს იყოს შირმა, ტერორისტების ჩამოსაყვანად, ან ფულის გასათეთრებლად. ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი ყურადღება და მუშაობა სჭირდება.

ეს არ ნიშნავს, რომ რეზერვაციაში გვყავდეს, მაგრამ ამ მიმართულებით პოლიტიკა უნდა იყოს გამკაცრებული?

- მოდით ნუ ჩავერევით სპეცსამსახურების საქმიანობაში. მეტი ყურადღება არის საჭირო. ის სპეციფიკა, რაც სპეცსამსახურებს აქვთ, ითვალისწინებს აგენტურულ მუშაობას, ინფორმაციის წყაროების გადამოწმებას და ა.შ.

როგორც მანჰეტენზე მომხდარმა ტერაქტმა აჩვენა, ტრამპის მიერ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკა არ აღმოჩნდა შედეგზე ორიენტირებული. როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია საემიგრაციო პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება ისე, რომ არ დაირღვეს იგივე მუსლიმი მოქალაქეების უფლებები?

- ბუნებრივია, რომ ორივე გადაწყვეტილება გარკვეული რისკების და პრობლემების შემცველია. თუ გაამკაცრებ მიგრაციულ პოლიტიკას, ასეთ შემთხვევაში შენი ეკონომიკა ძირითადი სამუშაო ძალის გარეშე რჩება. აშშ-ში თუ ევროპაში ზუსტად რომ აღმოსავლეთიდან ივსება ინტელექტუალური სამუშაო ძალა. განსაკუთრებით აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და ნაწილობრივ აფრიკის ქვეყნებიდან.

აქ მეორე მომენტიც არის, გამკაცრება მეტ რეგულაციას გულისხმობს, დაწყებული აეროპორტებიდან და შემდეგ უკვე თვითონ ქვეყანაში მათი გადაადგილება. რამდენი ტერაქტი მოხდა განსაკუთრებით საფრანგეთში და ბელგიაში, როდესაც ტერორისტები აღრიცხვაზე იყვნენ, პოლიციას და სპეცსასმსახურებს ჰქონდათ მათი მონაცემები, მაგრამ ვერ უმტკიცებდნენ, თავისუფლებაზე გამოდიოდნენ და შემდეგ უკვე ტერაქტს აწყობდნენ. ურთულესი სამუშაოა.

წარმოიდგინეთ, რომ ესენი არ არიან ტერორისტები, რომლებიც წვერმოშვებული კალაშნიკოვით დარბოდნენ. საკამოდ ბევრი არის მათ რიგებში ინტელექტუალი. მკაცრი ორგანიზაცია აქვთ. განაწილებული აქვთ სფეროები, ფინანსების მოზიდვაზე სხვა ჯგუფი მუშობს, საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვაზე სხვა და ა.შ. როგორც ვხედავთ უძლიერესი ჰაკერები ჰყავთ. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალობაზე, საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე საკმაოდ დიდია.

ალბათ, დიდი საფრთხე იქნება და ეს გასათვალისწინებელი აქვთ სპეცსამსახურებს. ბიოლოგიური ტერორიზმი, ეს არის ბაქტერიების და ვირუსების შეგნებული გავრცელება მოწინააღმდეგის ტერორიაზე, ადამიანების დასაავადებლად. ბიოლოგიური იარაღი ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს რამდენჯერმე გამოიყენეს გერმანელებმა. მაშინ გამწევი ძალა ცხენები იყო და ცხენების დასაავადებლად იქნა გამოყენებული. შემდეგ იაპონელები იყენებდნენ ბაქტეოროლოგიურ იარაღს. მართალია გაერომ აკრძალა ამ იარაღის გამოყენება, მაგრამ ბუნებრივია, რომ ეს აკრძალვა ტერორისტებზე არ იმოქმედებს. რეალურია საფრთხე იმისა, რომ დაიქირავონ მკვლევარები, დააფინანსონ და უკვე ბაქტეოროლოგიური იარაღი გამოიყენონ საკვებში და წყალში, რასაც ექნება მძიმე შედეგი. სამწუხაროა, მაგრამ  ბუნებრივია, ამაზე უნდა იმუშაონ სპეცსამსახურებმა.

ამ პრობლემის წინაშე რამდენად მომზადებული არიან საქართველოს სპეცსამსახურები?

- როდესაც საქმე საერთაშორისო ტერორიზმის ეხება, საკმაოდ დიდია ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დახმარება. ნატოს ხაზითაც და პირდაპირი კონტაქტებითაც, რაც ჩვენ ვიცით, თანამშრომლობა დიდია ინფორმაციის გაცვლის, თუ თანამედროვე მეთოდების სწავლების თვალსაზრისით. მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფო ტერორიზმს, ეს არის ყველაზე მძიმე ფორმა. ანუ, როდესაც ამის უკან უკვე რომელიმე ფორმირებული სახელმწიფო დგას და არა თვითგამოცხადებული, როგორც „ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც თვითონ დაირქვა სახელი. ვგულისხმობ უკვე არსებულ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს დიდი რესურსები და გამოცდილება და იგი თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების გამო, ტერორისტებს სხვადასხვა ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა კონკრეტული მიზნებისთვის იყენებს.

აი, აქ უკვე საფრთხე საკმაოდ დიდია და ბუნებრივია, ჩვენი სპეცსამსახურებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი და საერთო მნიშვნელობის არის მაქსიმალური მობილიზება, ყურადღება და უფრო მეტი კონტაქტი საზოგადოებასთან. უფრო მეტი შეხვედრები და საუბრები ამ თემაზე უმაღლეს სასწავლებლებში, თუ ახალგაზრდების სხვადასხვა ფენაში. უფრო მეტი ღია მოქმედება საფრთხის შემცველ რეგიონებში და ამიტომ აუცილებელია პროფილაქტიკური მოქმედება.