ვახტანგ გორგასლის ორდენოსან მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის ამზადებენ

ვახტანგ გორგასლის ორდენოსან მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის ამზადებენ

უკრაინელმა სამართალდამცველებმა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა მაშინ დააკავეს, როდესაც ყალბი პასპორტით უკრაინაში შეღწევას ცდილობდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მეგის ქარდავა ამ დროისთვის კიევშია გადაყვანილი. უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად მას საქართველოში ექსტრადიცია ელოდება.

ქარდავა უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს. ყოფილი მაღალჩინოსანი ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 13 თებერვლიდან იძებნებოდა. ქარდავა თავს თურქეთს და საბერძნეთს აფერებდა. ბოლო კი, თურქეთში იმყოფებოდა.

მეგის ქარდავა ბრალდებულია ადამიანების წამებაში, რამდენიმე მკვლელობაში, ასევე პატიმრების გაუპატირების ორგანიზებაში. გარდა ამისა, ქარდავა მსჯავრდებულია: ციხის ბუნტის საქმეზე; პატიმართა წამება; ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაცია; ე.წ „კასრებისსაქმე; ..- წამების საქმე, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და მკვლელობის.

გარდა ამისა, ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება ქარდავას ბრალდების ოთხი სისხლის სამართლის საქმე, კერძოდ: სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე; ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე; მალხაზ არქანიას წამების საქმე; ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, უკრაინაში დაკავებული მეგის ქარდავას მიმართ ამჟამად კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, ქარდავას მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად.

ქარდავასთან ერთად საექსტრადაციო დოკუმენტების მომზადების პროცესშია სამეგრელო ზემო სვანეთის უფროსის ყოფილ მოადგილე კოხტა კოდუას საქმე, რომელიც ასევე 4 აგვისტოს უკრაინის ტერიტორიაზე საქართველოში ექსტრადირების მიზნით დააკავეს. კოდუა საქართველოში ორ გახმაურებულ საქმეზეა ბრალდებული: ე.წ. „კასრების საქმე“, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და უფლებამოსილების გადამეტება.

მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის თქმით, მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. მისივე თქმით, ვადებზე საუბარი რთულია, თუმცა შესაბამისი მოთხოვნა უკვე არსებობს.

„მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზეა დაკავებული. ცნობილია დამნაშავედ მძიმე დანაშაულებების ჩადენაში. ექსტრადაციის ვადებზე შეუძლებელია წინასწარ გათვლა, თუ როდის მოხდება მისი ექსტრადირება. დაველოდებით და აქტიურად ვითანამშრომლებთ უკრიანულ მხარესთან, რომ არა მხოლოდ მეგის ქარდავა, არამედ ყველა წარსდგეს ქართული მართლსამჯულების წინაშე“, - განაცხადა გიორგი გოგაძემ.

სამხედრო პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მეგის ქარდავამ უკრაინაში, შესაძლოა, პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს. დაკავებულის ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონკრეტულად არ უსაუბრია, თუმცა მისი ინფორმაციით, ქარდავა საქართველოს ხელისუფლებისგან პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს თავს და თავშესაფრის მოთხოვნის ვარაუდიც ამას ემყარება. როგორც ველიჯანაშვილი აცხადებს, ექსტრადირება ბევრ პროცედურას მოიცავს. საუბარია მინიმუმ 5-6 თვეზე.

„ჩვენი ღრმა რწმენით უკრაინის სასამართლო არ დააკმაყოფილებს ექსტრადირების მოთხოვნას, რადგან მეგის ქარდავას აქვს ყველაზე დიდი საფუძველი თავშესაფრის მიღების, ვინაიდან იგი საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ საქმეებზე დევნილად მიიჩნევს თავს. ეს არის სრული საფუძველი იმისთვის, რომ იქაურმა სასამართლომ ექსტრადირება არ განახორციელოს.

ის ადამიანი გათავისუფლდება. პოლიტიკური თავშესაფარი თუ მიიღო, ინტერპოლის ძებნიდანაც მოხსნიან. ამ საკითხზე არასდროს მისაუბრია მასთან, არც კომუნიკაცია მაქვს, თუმცა მისი პოზიცია მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს“, - აღნიშნა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ქარდავას საქმეზე უკრაინულ მხარესთან კარგი თანამშრომლობა შედგა.

„მთავარი პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ წარმატებით მოხდეს მისი ექსტრადირება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეგის ქარდავას დაკავების ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა პარლამენტში. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ამბობს, რომ ყველა ადამიანმა, რომელიც დანაშაულს სჩადიოდა, პასუხი უნდა აგოს.

„ქარდავასთან მიმართებით არის არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოს მხრიდან. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის რეჟიმი, რომელიც 2012 წლამდე საქართველოში მოქმედებდა, სწორედ ასეთი ადამიანის ხელით სჩადიოდა წამებას, გაუპატიურებას და სხვა საშინელებებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა აგოს პასუხი იმ დანაშაულებზე, რომელიც ჩაიდინა. როგორც ვიცი, მიმდინარეობს ექსტრადიციის პროცედურები, რომელიც დარწმუნებული ვარ ბოლომდე მივა და დამნაშავე მიეცემა პასუხისგებაში“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

ქარდავასთან კავშირს უარყოფენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიის წევრი, ზაზა ბიბილაშვილის თქმით, სამხედრო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ აქვს, არც პარტიული და არც პირადი კუთხით.

„მეგის ქარდავასთან დაკავშირებით რამდენჯერმე დამისვეს კითხვა. გეტყვით, რომ პირადად არ ვიცნობ ამ პიროვნებას, ის არ არის ჩვენი პარტიის წევრი, არასდროს არ ჰქონია მას ჩვენს პარტიასთან შეხება. რაც შეეხება მის დევნას, ვიცი მასთან დაკავშირებული ინფორმაციები პრესიდან, მედიიდან.

ზოგადად, ივანიშვილის ხელისუფლების მიერ წამოყენებული არც ერთი ბრალდება არ იმსახურებს საზოგადოების ნდობას, ვინაიდან, როგორც წესი, ამ ბრალდებების უკან დგანან რუსეთის აგენტები, ჯაშუშები, ძალიან საეჭვო კავშირებისა და წარსულის მქონე ადამიანები“, - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

მეგის ქარდავას დაკავებას „ფეისბუქით“ გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს არ იცნობს.

„მედიის წყაროები ძალიან არასარწმუნოა. ამ „უახლოეს თანაგუნდელს“ მე არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

საპირისპიროს ამტკიცებს არქივი. მიხეილ სააკაშვილმა როგორც პრეზიდენტმა, მისთვის „უცნობი“ მეგის ქარდავა სახელმწიფო ჯილდოთი ორჯერ დააჯილდოვა. 2010 წლის 20 დეკემბრის განკარგულების თანახმად, სააკაშვილმა ქარდავას ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენი გადასცა. 2012 წელს, კი მეგის ქარდავამ სააკაშვილისგან სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის სააკაშვილისგან ღირსების ორდენი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ექს-პრეზიდენტი უახლოეს თანაგუნდელთან ნაცნობობას უარყოფს. სააკაშვილიმა ასეთივე წარმატებით უარყო კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანთან, დათა ახალაიასთან ნაცნობობა და აღნიშნა, რომ არ იცნობს დათა ახალაიას, რომელიც 8 წლის განმავლობაში კუდ-ის დირექტორის მოადგილე გახლდათ, შემდეგ კი, მისივე ბრძანებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახდა.

გარდა ამისა, სააკაშვილმა თქვა, რომ წარმოდგენა არ აქვს ვინ არის კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, ლევან ქარდავა, რომელიც წამების ფაქტების ორგანიზებაში არის ბრალდებული. მაგრამ, ეს ის ლევან ქარდავაა, რომელსაც სააკაშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, კოჯორში 2501 კვადრატული მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემის შესახებ, განკარგულებას ხელი 2011 წლის 16 ნოემბერს მოაწერა. აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ლევან ქარდავას სახელზეა რეგისტრირებული და მის თანამდებობრივ დეკლარაციაშიაც იყო აღნიშნული.