თეატრების თვითდაფინანსებაზე გადაყვანა უმძიმესი საკითხია, რაზეც საუბარი ამ სფეროს მესვეურებს უჭირთ. სამაგიეროდ, სოციალურ ქსელებში თავისუფლად გამოთქვამენ აზრს ამ თემასთან დაკავშირებით.
კულტურის ქომაგთა ნაწილი ფიქრობს, სანამ მსახიობს მოჭრილი ხელფასი ექნება, მანამ მისი მოტივაცია ნულოვანი იქნება, რაც ჩვენს კულტურაზეც დამღუპველად აისახება. უფრო მეტიც, თეატრი თვითდაფინანსებაზე რომ გადაიყვანო, რამდენიმე თვეში არც ერთი თეატრი აღარ დარჩება. არა იმიტომ, რომ ცუდი მსახიობები გვყავს, არამედ იმიტომ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მაყურებლებმა დაკარგეს თეატრში სიარულის კულტურა. ეს არც არის გასაკვირი ისევე, როგორც არავის უკვირს, რომ კომპიუტერის ეპოქაში წიგნებს თითქმის არავინ კითხულობს. ამიტომ ზოგიც უპრიანად მიიჩნევს, სჯობს, ჩინოვნიკებს ჩამოვაჭრათ ხელფასები, ვიდრე თეატრის მსახიობებს. მით უმეტეს, 500 ლარი სასაცილო ანაზღაურებაა მსახიობისთვის. ეს ადამიანები ხომ „კილომეტრიან დიალოგებს“ იზეპირებენ. ამას ემატება გარდასახვა და შინაგანი ენერგიის მობილიზაცია, რაც არც ისე იოლია.
ეს ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის აზრია, თუმცა მავანნი მიიჩნევენ, რატომ უნდა იყვნენ მსახიობები სახელმწიფოს კმაყოფაზე? იქნებ, შექმნან რაიმე ღირებული თავიანთ სფეროში და კაპიტალიზმის ეპოქაში მაყურებლის მიზიდვა თავად მოახერხონ.
არის მესამე პოზიციაც, თუ არ დადის ხალხი თეატრში, ე.ი. არ არის საჭირო ასეთი თეატრების შენახვა.
ასეთი რადიკალური შეხედულებების მიუხედავად, სახელმწიფომ გონივრული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან თეატრი მაინც ერის ნაციონალურ ღირსებას გამოხატავს.
დღესდღეობით კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ თეატრებს დაფინანსების ახალ სისტემასთან დაკავშირებით ევროკავშირის რეკომენდაციებს შესთავაზებენ. მინისტრი მიხეილ გიორგაძე აპირებს თეატრების ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად დაფინანსების ისეთ მოდელზე შეჯერდეს, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება და, ერთი მხრივ, ქართულ რეალობას, ხოლო, მეორე მხრივ, საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას დაეფუძნება.
მოუწევთ თუ არა თეატრებს საკუთარი დაფინანსების წყაროების მოძიება, ამის შესახებ მინისტრი განმარტავს, რომ თეატრებისთვის ძალზე რთული იქნება წარმატების მიღწევა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში. მით უმეტეს, როცა ამდენი შესაძლებლობაა. ამდენად, თეატრებში აუცილებლად უნდა მუშაობდნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ალტერნატიულ დამატებით დაფინანსებას მიიზიდავენ.
„ეს არ არის ზღაპარი და ფანტაზია. მარჯანიშვილის თეატრი კონკრეტული მაგალითია, რომ იგი უკვე ორჯერ იყო საკმაოდ დიდი პროგრამის წარმატებული ბენეფიციარი და სერიოზული დაფინანსებაც მიიღო“, - აღნიშნა მინისტრმა.
თეატრმცოდნე ნათელა არველაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თეატრის მიერ საკუთარი დაფინანსების წყაროს მოძიება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ არსებული პირობები ამის საშუალებას ნაკლებად იძლევა. ამას ზუსტი გათვლა სჭირდება და თეატრის დირექტორი მხოლოდ ადმინისტრატორი კი არა, მენეჯერიც უნდა იყოს. დირექტორი და მენეჯერი უნდა გაერთიანდნენ და შექმნან სისტემა, რომლითაც დააინტერესებენ მეწარმეებს. ამისთვის თეატრებმა დიდი სამუშაო უნდა გაწიონ.
ნათელა არველაძის თქმით, თეატრში არსებობს ასეთი შტატიც- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. ამ სამსახურშიც უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ასეთ კონტაქტებზე გასვლა და დამოუკიდებელი ფინანსების მოძიება.
„ასეთი ლოზუნგების სროლა ძალიან ადვილია, მაგრამ შესასრულებლად უნდა იყოს ზუსტად გათვლილი და მოფიქრებული სვლა თეატრის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითდაფინანსებაზე გადასვლა ძალზე რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს თეატრებს. მოზარდმაყურებელთა თეატრს ეს პრობლემა თითქმის არ აქვს, რადგან სკოლებიდან მიჰყავს მოწაფეები. საქართველოს ორი მზამზარეული ნიშა გააჩნია - კულტურა და ღვინო, რომლითაც შეუძლია მსოფლიოს გააცნოს თავი. ამ მხრივ თეატრი განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ამას წინათ ფოთში გახლდით, სადაც დავესწარი პრემიერას. მოგეხსენებათ, ფოთში არის პორტი და ამ პორტის მხოლოდ ერთი დღის შემოსავლის გარკვეული პროცენტი რომ მისცენ იქაურ თეატრს, იგი მთელი წლის განმავლობაში ამოისუნთქავდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პორტი თითქმის ნახევარი საუკუნით გაყიდულია „ნაციონალების“ ზეობის დროს და უცხოელ მენეჯერს სულაც არ აინტერესებს ქართული თეატრის ბედი. პრობლემა ისაა, რომ არავის აინტერესებს ქართული თეატრის მომავალი.
ეს სერიოზული საქმეა, სახელმწიფო ინსტიტუტები სერიოზულად უნდა მიუდგნენ ამ საქმეს. ამაში მარტო კულტურის სამინისტრო კი არ უნდა ჩაერთოს, არამედ ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებიც, რადგან უამრავი უცხოელია საქართველოში ჩამოსული. თუ ისინი ინტერესდებიან ღვინის პრობლემით, თეატრის პრობლემითაც შეუძლიათ დაინტერესდნენ. უცხოელებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც უფრო მეტს ფიქრობენ კულტურაზე, ვიდრე ჩვენი კულტურის სამინისტრო. იქნებ, სპეციალისტები შეგვახვედრონ ახალ მერს, რომელსაც თეატრთან დაკავშირებით რამეს ვურჩევდით“, - აცხადებს ნათელა არველაძე და ფიქრობს, რომ კულტურის სამინისტრო ვერავითარ პასუხისმგელობას ვერ მოიხსნის თეატრის წინაშე.
მართალია, კულტურის სამინისტრო გადაყოლილია მუსიკალურ ფესტივალებზე, ჩამოჰყავს უცხოელები, რაშიც მილიონებს ხარჯავს, მაგრამ ნაკლებად ფიქრობს, რომ ამ მილიონებიდან თეატრს ცოტათი მეტი დახმარება გამოუყოს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ თეატრების თვითდაფინანსების თემა ახალი არ არის. ამის შესახებ ხელისუფლება ყოველთვის აცხადებდა, მაგრამ, თუ თეატრები ვერ მოიძიებენ დაფინანსებას, უხელფასოდ თეატრს არავინ დატოვებს.
„მსახიობებს ხელფასები აქვთ, განაკვეთი აქვთ, ცხადია, სახელმწიფო მომავალშიც მისცემს მათ თანხას, მაგრამ საკუთარი დაფინანსების მოძიება მაინც მოუწევთ. არავის აწყენს ზედმეტი ხელფასის მიღება, ვიდრე 500 ლარია. ხომ შეიძლება, 1000-1500 ლარი ჰქონდეთ ხელფასი. მით უმეტეს, რომ საკუთარი დაფინანსების მოძიება არც ისე რთულია“, - აღნიშნა დიმიტრი ჯაიანმა.