პავლიაშვილის საქმეში კითხვის ნიშნები გაჩნდა - რას მალავს შს სამინისტრო?

პავლიაშვილის საქმეში კითხვის ნიშნები გაჩნდა - რას მალავს შს სამინისტრო?

პაატა პავლიაშვილის ოჯახი დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. პატრულის მიერ დაკავებისას გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით უნდა გაგრძელდეს. ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილის ოჯახის წევრები და იურისტი თბილისის პროკურატურაში საქმის მასალებს გაეცნენ. 

როგორც ლევან ვეფხვაძემ თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიციის მიერ სამხრე კამერებით გადაღებულ ვიდეო მასალაში ასახულია ყველაფერი, გარდა პაატა პავლიაშვილის დაკავებისა და იმ მომენტისა, როდესაც პოლიციელები ამბობენ, თითქოს პავლიაშვილი მათ აგინებდა. ამასთან, იურისტის თქმით, გარდაცვლილის ოჯახს აქვს კითხვები შსს-თან, თუ რატომ არ არის აღნიშნული შემთხვევა გადაღებული სრულად.

„პატრულის სამხრე კამერით, პრაქტიკულად, ყველაფერი გადაღებულია, გარდა ინციდენტისა და დაკავების მომენტისა. კადრებში ასახულია, თუ როგორ ხდება ცუდად, კონკრეტულად დაკავების და ინციდენტის ეპიზოდი არ არის. კადრები იწყება იმით, რომ პაატა ზის ძირს, ასხამენ წყალს და ცდილობენ მოასულიერონ. თუმცა კადრებში არ ჩანს, მოვიდა თუ არა ის გონს. ჩვენ გვაქვს შსს-სთან კითხვები, როგორ გახდა პაატა ცუდად და რატომ არ ჩანს ეს კადრებში.

მოგეხსენებათ, რომ გუშინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ არის მხოლოდ წინარე პერიოდი გადაღებული, მერე აღარ არის გადაღებული და მერე კვლავ გრძელდება. დღეს კი შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ არსებობს ჩანაწერები, მათ შორის შეუძლოდ გახდომის კადრები. შესაბამისად, ეს ორი განცხადება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ ჩანაწერი არ არის, ტყუილია. როგორც ხუციშვილი ამბობს, ჩანაწერებში ასახულია პავლიაშვილის ცუდად გახდომის მომენტი, თუმცა არ ჩანს დაკავების პროცესი. თუ რატომ არ ჩანს პირის დაკავების მომენტი, ხუციშვილის განცხადებით, ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

„ჩანაწერების გასაჯაროება გამოძიების საქმეა. ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ ჩანაწერები არ არის, ტყუილია. ჩვენ თვითონ მაქსიმალურად დაინტერესებული ვართ, რომ რაც შეიძლება მალე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. მჭიდროდ ვთანამშრომობთ პროკურატურასთან და ყველა ჩანაწერი, რაც კამერას აქვს დაფიქსირებული, მიეწოდა გამოძიებას.

თუ რატომ არ ჩანს დაკავების მომენტი, ამიტომ მიმდინარეობს გამოძიება, რათა მან გასცეს პასუხი. მე არ ვიცი გამოძიების შედეგები, თუმცა ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ინფორმაციაა მიწოდებული. სანამ არ გვეცოდინება, თუ რითი გარდაიცვალა ეს ადამიანი, ბრალდებებზე პოლიციის მისამართით ან რაღაც დეტალებზე და შეფასებებზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

შს მინისტრის ამ განცხადებას წინ უძღოდა პროკურატურის მიერ ორი დღის წინ გავრცელებულ განცხადება. მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის განცხადებით, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ შემთხვევაში მონაწილე პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებს ექსპერტიზა ჩაუტარდება. 

„ამოვიღეთ ვიდეოჩანაწერები, ამოვიღეთ ის ელექტრომოწყობილობები, რომლებზეც ეს ვიდეოჩანაწერებია დაფიქსირებული და დათვალიერდა. დათვალიერების შედეგად ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ ვიდეოებზე არის ასახული მხოლოდ ცუდად გახდომის შემდგომი პერიოდი და დაკავების პროცესი არ არის ასახული. დანიშნულია ექსპერტიზები და დაადგენს, ადგილი ჰქონდა თუ არა რაიმე მანიპულაციებს ჩამწერ ელექტრონულ მოწყობილობებზე“, - განახცადა გიორგი გოგაძემ.

მიუხედავად ამ წინააღმდეგობრივი განცხადებებისა, შსს-ში ამტკიცებენ, რომ პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის კომენტარს შორის წინააღმდეგობა არ არსებობს. 

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების მომენტს სამი ვიდეოკამერიდან არც ერთი არ ასახავს, არ ეხმარება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და მათ შორის, აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით. 

ომბუდსმენი ოპერატიული და ეფექტიანი გამიძების ჩატარებისკენ მოუწოდებს პროკურატურას და მიმართავს, პროცესში მონაწილე სამართალდამცავები სისხლისსამართლის პასუხისგებაში მისცეს. ასევე მიმართავს შსს-ს, საპატრულო პოლიციის მიერ ფიზიკურ პირთან კომუნიკაციის დროს სამხრე ვიდეოკამერის გამოყენებით გაკეთდეს სრული ვიდეოჩანაწერები.

„შსს-ს განცხადება და მის მიერ ვიდეოჩანაწერების გავრცელება, სამინისტროს მიერ ცალსახად წარმოაჩენდა საზოგადოების თვალში პირის დისკრედიტაციის მცდელობას. ადამიანის პირადი ცხოვრების წესი არ აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს მის მიმართ არასათანადო მოპყრობისა თუ ძალის გადამეტების უფლებამოსილებას და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ეს გარემოებები არ შეიძლება გახდეს პოლიციელების მიმართ შემწყნარებლური მოპყრობის საფუძველი“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმეში არსებული წინააღმდეგობრივი განცხადებიდან გამომდინარე, ოპოზიცია პარლამენტში ძალოვან მინისტრს იბარებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ შსს და ძალოვანი სტრუქტურები გამოსულია საპარლამენტო კონტროლიდან. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი ძალოვან სტრუქტურებს ვერ აკონტროლებს.

„ჩვენ რომ ვეძახით და არ მოდიან, ეს არაფერია. საპარლამენტო უმრავლესობამ რომ დაუძახოს, არც მაშინ მოვლენ, რადგან მათ დღეს ზედამხედველი არ ჰყავს. ის, რაც პროკურატურამ გამოაქვეყნა დასკვნის სახით, თითქოს პოლიციას ჩაწერის საშუალებები გამორთული ჰქონდა, ეს არის მორიგი დაცინვა. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, მუხთარლის გატაცებისას, გზაზე 15 კამერა იყო და ყველა იქნა წაშლილი. ისევე, როგორც ნარკოტიკების ჩადების შემთხვევაში, არც ერთხელ არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა. ეს ნიშნავს განუკითხობას და ძალოვანი სტურქტურების გასვლას საზოგადოებრივი კონტროლიდან. ამაში დამნაშავე არის პირველ რიგში, პარლამენტი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის ბრალდებას მიუღებელს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი შსს-თან მუდმივად თანამშრომლობს. რაც შეეხება პავლიაშვილის საქმეს, უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია.

„დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ჩვენ მუდმივად გვაქვს ურთიერთობა შს სამინისტროსთან და მინისტრთან რეფორმებთან დაკავშირებით. წლის განმავლობაში არაერთი შეხვედრა შედგა. პარლამენტი მთავრობასთან ურთიერთობს და ეს არის ნორმალური სამუშაო რეჟიმი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თავის მხრივ, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რაც უფრო ხშირად მოვლენ მინისტრები პარლამენტში, მით უკეთესია თავად სამინისტროებისთვისაც და პარლამენტისთვისაც.

„კონკრეტულად რა ფაქტი იყო, ამას გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება მინისტრის პარლამენტში მისვლას, მგონია, რომ რაც უფრო ხშირად იქნებიან მინისტრები პარლამენტში წარმოდგენილი, მით უკეთესია თავად სამინისტროებისთვისაც და პარალმენტისთვისაც. 

ვფიქრობ, პარლამენტი არის ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ პასუხები გაეცეს სხვადასხვა თემას, რომელზეც შეიძლება კითხვები არსებობდეს. მით უმეტეს ამ საქმესთან დაკავშირებით. მგონია, რომ არავის არაფერი აქვს დასამალი და შესაბამისად, ეს კარგი შესაძლებლობა იქნებოდა სამინისტროსთვისაც“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.