რუსიფიკატორული პოლიტიკის გამო გადაშენების პირას მყოფ აფხაზურ ენას მზრუნველი გამოუჩნდა. საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის. როგორც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, 27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა და სწორედ აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების პროგრამა გახდება მნიშვნელოვანი საფუძველი აფხაზებთან ნდობის აღდგენის პროცესში. საამისოდ შესაბამისი ბიუჯეტიც გამოიყოფა.
„მჯერა, რომ აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზური ენა ყოველთვის განიხილებოდა ქართველურ ენებთან ახლოს მდგომ ენად, რა შედეგს გამოიღებს აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის შექმნა?!
ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ავთანდილ არაბული For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აფხაზურ-ადიღეული ენა საერთო იბერიულ-კავკასიურ მონათესავე ენათა ოჯახის ერთ-ერთ წარმომადგენლად განიხილება. აშკარაა ამ ენების გენეტიკური ნათესაობა. სწორედ ამიტომ აფხაზური ენა ჩვენი მეცნიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო და უნივერსიტეტის დაარსებისთანავე აფხაზური ენის სწავლებასა და კვლევას ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი მიენიჭა. იმის გამო, რომ აფხაზების საცხოვრებელი ტერიტორია სწორედ საქართველოს შემადგენლობაში იყო, საქართველოს კონსტიტუციაში იმთავითვე განისაზღვრა ორი სახელმწიფო ენა - ქართული და აფხაზური. ეს ტრადიცია დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს დროიდან მოდის, რადგან მთელ საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო ენა ქართულია, ხოლო აფხაზეთში- აფხაზური. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფოს ისეთივე მოვალეობა აკისრია აფხაზური ენის შენარჩუნება-განვითარების საქმეში, როგორც ქართული სახელმწიფო ენის განვითარების საქმეში.
„ეს ყველაფერი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით. ასე რომ, აფხაზურ ენასთან დაკავშირებით ინიციატივა დროულია, თუ დაგვიანებული არ არის. აფხაზურ ენასა და კულტურას 90-იანი წლების შემდეგ რუსეთის აგრესიული დაპყრობითი ომის შედეგად გადაშენების საფრთხე შეექმნა. ეს საფრთხე დღითი დღე იზრდება, რადგან ექსპანსია არათუ მცირდება, არამედ იზრდება. ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის მთლიანობის აღდგენის საქმეში თბილისის პოზიციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეს ჩვენი ზეამოცანაა. ასევე, ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი მოძმე და საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ერი ამ გლობალურ პოლიტიკაში დავიცვათ. ამ ღონისძიებების დასახვა ბევრად უფრო სერიოზული იქნება, როდესაც ჩვენ გადავწყვეტთ ქართული სახელმწიფო ენის პოლიტიკის საკითხს. ყველა სხვა პოლიტიკა დაკავშირებულია სწორედ სახელმწიფო ენის პოლიტიკასთან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპირველესია. ეს გახლავთ ქართული სახელმწიფო ენა და ამის შემდეგ აფხაზეთში, ასევე, მნიშვნელოვანია აფხაზური ენა“, - აღნიშნა ავთანდილ არაბულმა.
მისივე მონაცემებით, „მსოფლიო ენათა ატლასის“ თანახმად, მსოფლიო ენათაგან 2500 ენა გადაშენების საფრთხის წინაშეა. ეს ძალზე დიდი რიცხვია, ფაქტობრივად, ენების მესამედია. ეს ნიშნავს, რომ თაობებს შორის უკვე აღარ ხდება ამ ენების ინტენსიური გადაცემა. მათ შორისაა აფხაზური ენა. ამიტომაც საგანგებო ღონისძიებების გატარება აუცილებელია. მით უმეტეს, რომ აფხაზურის თანამოძმე ენა-უბიხური უკვე გადაშენდა. უბიხების გადასახლების პროცესი ყველასთვის ცნობილია და ეს კავკასიური ენა არსებითად უკვე გამქრალია რუკიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აფხაზური ენის დღე - 27 ოქტომბერი ტრადიციისამებრ აღინიშნება. ამ თარიღს აფხაზეთის მთავრობა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი გულიას ძეგლთან ხვდება.
„სამწუხაროდ, ცნობილი მოვლენების გამო ეს ძეგლი დაზიანებული იყო და უკვე აღდგა. ამჯერად მე ვიმყოფები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სადაც ქალბატონი ციხელაშვილი და ბატონი ჯეჯელავა ხელს მოაწერენ პროგრამას, რომელიც მომავალში აფხაზური ენის ხელშემწყობ ღონისძიებებს განახორციელებს. მოგეხსენებათ, ეს მეორე ენაა ჩვენს კონსტიტუციაში და ქართულთან ერთად აფხაზეთში აფხაზური ენაც სახელმწიფო ენად ითვლება. ყველაფერი გაკეთდება აფხაზური ენის განვითარების სასარგებლოდ საქართველოს ამჟამინდელ ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, ეს ღონისძიებები ვერ გატარდება ჩვენგან გაუკონტროლებელ აფხაზეთის ტერიტორიაზე. თუმცა ეს თავის შედეგს გამოიღებს აფხაზებთან დაახლოების საქმეში“, - აღნიშნა დიმიტრი ჯაიანმა.
For.ge-სთან საუბრისას აფხაზოლოგმა თეიმურაზ გვანცელაძემ განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზური ენის მიმართ გამოჩენილი ყურადღება ეს არის სახელმწიფოს მიერ ვალის მოხდა თავისი ლეგიტიმური მოსახლეობის დედაენის წინაშე. მით უმეტეს, რომ აფხაზური ენა რეალურად გაქრობის წინაშეა. ის ფაქტი, რომ დღეს აფხაზეთში 50 ათასზე ცოტა მეტი აფხაზი დარჩა, ხოლო თურქეთში თითქმის ნახევარ მილიონამდე აფხაზი ცხოვრობს, არაფერს ცვლის. აფხაზეთშიც უჭირს აფხაზურ ენას და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეც არანაკლები სიტუაციაა.
„აფხაზი თაობების უმრავლესობამ დედაენა არ იცის. აფხაზეთში ვინც დარჩა, ისინი დედაენის ნაცვლად ლაპარაკობენ რუსულად, ხოლო თურქეთში ვინც ცხოვრობს, ისინი საუბრობენ თურქულად. ასე რომ, ამ ენის მიხედვის ვალდებულება საქართველოს აკისრია. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს ენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენაა, სახელმწიფო ენას კი მოვლა და ხელის შეწყობა სჭირდება, რათა არ გაქრეს. ცხადია, საქართველოს ხელისუფლების პროგრამა აფხაზეთში სიტუაციას ვერ შეცვლის, რადგან ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება იქაური ვითარების წარმართვაზე, მაგრამ ქართველებს ენგურის გამოღმაც გვეკისრება მოვალეობები. აუცილებელია, ჩვენი ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება თუ კანონი ოფიციალურად ითარგმნოს იმ ენაზეც, რომელიც სახელმწიფო ენის სტატუსითაა აღჭურვილი ჩვენივე კონსტიტუციის მიხედვით. შესაბამისად, მთელი კანონმდებლობა აფხაზურად უნდა იყოს გადათარგმნილი და აფხაზმა მოქალაქეებმაც გაიგონ, რისი უფლება აქვთ და რისი არა. აფხაზებმა უნდა იცოდნენ, დანარჩენ საქართველოში რა სიახლეებია. ადრე თუ გვიან, ამით მაინც მოვაბრუნებთ ამ ხალხს ჩვენსკენ, ვინაიდან გამოჩენილი ყურადღება, მადლი არასდროს იკარგება. ეს ღვთის კანონია“, - აცხადებს თეიმურაზ გვანცელაძე.
მისივე ინფორმაციით, აფხაზეთში მოქმედი ე.წ. აფხაზური სკოლა, სინამდვლეში, არანაირად აფხაზური არ არის. რეალურად ის რუსული სკოლაა და დაწყებითი კლასიდანვე ტვინს უტრიალებს აფხაზ მოსწავლეს. აფხაზურ სკოლებში აფხაზურ ენას ასწავლიან, როგორც ერთ-ერთ საგანს, თორემ საგნების უმრავლესობა ისწავლება რუსულად, მათ შორის, ფიზიკა, ქიმია, ისტორია, გეოგრაფია. აფხაზი ბავშვი აზროვნებას სხვის ენაზე ეჩვევა და გეოგრაფიულ ტერმინებსაც ვერ დაგისახელებთ აფხაზურად, რადგან არ იცის ეს ტერმინები. სამაგიეროდ, რუსულად ეს ტერმინები კარგად იცის.