პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ყახაზეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ლიანდაგში სიმბოლურად ლურსმნები ჩააჭედეს, ისრები გადაიყვანეს და მემორიალური დაფა გახსნეს.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, სატვირთო გადაზიდვებთან ერთად, ყოველწლიურად, ერთ მილიონ მგზავრს მოემსახურება. ხუთი ქვეყნის ლიდერმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. ასევე, იმგზავრეს იმ პირველი მატარებლით, რომელმაც ახლად გახსნილ სარკინიგზო მაგისტრალზე გაიარა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის ცერემონია აზერბაიჯანში გაიმართება.
სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გახსნამდე თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მადლობა დაუხადა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის. კვირიკაშვილმა თურქ კოლეგასთან საუბრისას, ხაზი გაუსვა ილდირიმის განსაკუთრებულ წვლილს, ბოლო წლების განმავლობაში თურქეთის ტრანსპორტის სფეროს მოდერნიზებაში.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პროექტით თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ახალ ევრაზიულ ხიდს ეყრება საფუძველი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ეკონომიკებს, არამედ ჩვენს მოქალაქეებს დააკავშირებს ერთმანეთთან, გააუმჯობესებს და გაზრდის მათ კეთილდღეობას. მისი თქმით, ახალი სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ეკონომიკურ რეალობას და განვითარების სრულიად ახალ პირობებს შექმნის, არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ - მის მიღმა.
„თურქეთთან, აზერბაიჯანსა და საქართველოსთან ერთად, ყაზახეთისა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების დასწრება, ასევე მთავრობის წევრების დასწრება თურქმენეთიდან და ტაჯიკეთიდან, მეტყველებს აღნიშნული პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, დამატებით მიმზიდველობას აჩენს ამ პროექტის მიმართ და ზრდის მის სტრატეგიულ მნიშვნელობას.
დღეს, როდესაც რეგიონი და მსოფლიო მრავალი გამოწვევის და საფრთხის წინაშე დგას, არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი ქვეყნების განვითარებაზე, მათ შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გამყარებასა და გაფართოებაზე და, აქედან გამომდინარე, სტაბილურობაზე ორიენტირებული პროექტი ასეთ დიდ ყურადღებას იმსახურებს.
ჩვენი ქვეყნების გეოსტრატეგიული მდებარეობა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ვიყოთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, ახალი სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ეკონომიკურ რეალობას და განვითარების სრულიად ახალ პირობებს შექმნის, არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ - მის მიღმა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ახალი სარკინიგზო მარშრუტის სრულყოფილად ამოქმედება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის უკეთ ათვისებას და კიდევ უფრო განამტკიცებს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო სტატუსს.
კვირიკაშილის განცხადებით, ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედებას მოჰყვება თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარება, გამარტივდება ახალი ბაზრების ათვისება და ხელი შეეწყობა ტურიზმისა და გადამამუშავებელი სექტორების განვითარებას, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც ჩვენი რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის საწინდარია.
„საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ჩვენი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, არსებულის მოდერნიზებას და მის ეფექტიან მუშაობას.
რკინიგზის მშენებლობასა და მოდერნიზებასთან ერთად, საქართველო ავითარებს საპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე დიდ ინვესტიციებს ახორციელებს საგზაო ინფრასტრუქტურაში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მონაკვეთზე სატრანზიტო კორიდორების ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას. ჩვენ გვსურს, საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს „აბრეშუმის გზის“ აღორძინებისა და „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ინიციატივის განხორციელების საქმეში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არის ხიდი, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია მთლიანად რეგიონისთვის.
„ეს პროექტი არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ფართო გაგებით, რეგიონისთვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის. ეს არის ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული საქართველოს როლის მაქსიმალურად წარმოჩენაში ამ მიმართულებით და ეს არის დიდი წარმატება, რომელიც არის განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, ახალ შესაძლებლობებზე, მშვიდობასა და სტაბილურობაზე ორიენტირებული პროექტი“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის იქნება გარღვევა.
„დღეიდან, ოფიციალურად, ეს რკინიგზა დაიწყებს მუშაობას. ეს უმნიშვნელოვანესია როგორც იმ ქვეყნისთვის, სადაც ეს რკინიგზა გადის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით, იქიდან გამომდინარე, რომ შუა აზიის ტვირთების ძირითადმა ნაწილმა ამ მიმართულებით უნდა იმოძრაოს. ასევე ეს რკინიგზა დატვირთავს და შემადგენელი ნაწილი იქნება ანაკლიის პორტისაც. ეს მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად წასწევს წინ. რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის ეს იქნება გარღვევა“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.