თანამედროვე ქართველი მამლუქები

თანამედროვე ქართველი მამლუქები

კონტრაქტის დამთავრების შემდეგ, ფაქტობრივად, ქართველი ჯარისკაცების ბედი გაურკვეველია. მათ სამსახურის შოვნა უჭირთ და სამოქალაქო ცხოვრებაში მათი დაბრუნებაც რთულია. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისას ქართველ ჯარისკაცებს მხოლოდ ერჯერადი კომპენსაცია ეძლევათ, სამხედრო პენსია კი მხოლოდ 20-წლიანი ნამსახურეობის შემდეგ ენიშნებათ. გამოდის, რომ, თუკი სამხედრო სამსახურს 20 წელზე ადრე დაანებებ თავს, ნამსახურეობის წლები აღარ გეთვლება და არც ჯარში მიღებული  შენი ცოდნა გამოადგება ვინმეს. შესაბამისად, ერთადერთ გამოსავლად „კომერციული არმია“ რჩება, რომელიც მოქმედებს ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში...

დაქირავებული ქართველი მეომრებიც ან სხვის ომში იბრძვიან ქართველი მამლუქებივით, ან უცხო ქვეყნის კერძო კომპანიებს იცავენ თავდამსხმელებისგან. როგორც ამბობენ, დაქირავებული მებრძოლების ანაზღაურება თვეში დაახლოებით $3 ათას შეადგენს. ქართველი მებრძოლისთვის ოჯახის შენახვის მიზნით ამ კომპრომისზე წასვლა, თუნდაც უცხო ქვეყანაში გადახვეწის საფასურად, ღირს.   

მძიმე დემოგრაფიის მქონე ჩვენისთანა ქვეყნისთვის პრობლემურია საკითხი, თუ რატომ უნდა მუშაობდეს ქართველი სხვისთვის და სხვის ომში იღუპებოდეს?

ამის შესახებ For.ge ანალიტიკოსს სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

მამლუქების ამბავი საქართველოს ტრაგედია იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს დროში განგრძობითი პროცესია და დღესაც ქართველები სხვის ომში იღუპებიან. ამ პრობლემას ჩვენთვის  უფრო გლობალური ხასიათი აქვს. რატომ ვერ ვახერხებთ კადრების შენარჩუნებას და პროფესიონალების ადგილს ძალიან ხშირად რატომ იკავებენ არაპროფესიონალები?

- საკადრო გადინება ძალზე სერიოზული პრობლემაა. 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე ძალიან დიდი საკადრო რესურსი დავკარგეთ. როცა ოფიცრების მასობრივი გაშვება დაიწყო, მეც მათ პირველ ტალღაში მოვხვდი. ჩემზე აღარაფერს ვამბობ, თუმცა დაგენანება კაცს, როცა 7-წლიანი სამხედრო განათლება გაქვს მიღებული, 30-წლიანი სამსახურეობრივი სტაჟი გაგაჩნია და შენი გამოცდილება არავის სჭირდება. ამ ცოდნასა და გამოცდილებას ერთ დღეში ვერავის გადასცემ. ეს ხომ არაა ციფრული ინფორმაცია, რომ მეხსიერებაში ჩაუწერო. არ მოსწონთ ხოლმე ასეთი შეფასებები.

მართლაც თაობათა დიდი ცვლა მოხდა შეიარაღებულ ძალებში და აგვისტოს ომში ჩვენ ცუდად ვიგემეთ ამ ყველაფრის საფასური. ყველამ ვნახეთ, რამდენ დღეს შევძელით წინააღმდეგობის გაწევა. ფაქტობრივად, ჩამოიშალა ჯარის მმართველობა. ამ დროს ჯარის აღჭურვაზე დიდძალი თანხები დაიხარჯა.

იმ პერიოდში ჯარიდან დათხოვნის პოლიტიკური მიზეზები არსებობდა.

- სწორედ მაშინ დაიწყეს რაღაც იარლიყების ჩამოკიდება- „საბჭოთა განათლება“, „საბჭოთა ოფიცრები“, რაც ასობით დამსახურებული ოფიცრის უპატივცემულობა იყო. ახლახანს ჩვენ დავასაფლავეთ 25 გმირი. მუდმივად საუბრობენ ცნობად სახეებზე - გურამ გაბესკირიაზე, მამია ალასანიაზე, მაგრამ მათთან ერთად იყო კიდევ 23 სხვა პიროვნება, რომელთაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს. სამაგიეროდ, იცნობს ვიწრო წრე, იცნობენ მათი ყოფილი თანამებრძოლები. ავიღოთ, თუნდაც, ზემოთ ხსენებული ეს ორი პიროვნება, ორივე პოლკოვნიკი გახლდათ, იმ დღეს ხომ არ მიუღიათ ეს პოლკოვნიკობა? მამია ალასანია გახლდათ ყოფილი კგბ-ს, ანუ უშიშროების პოლკოვნიკი. არ იყო იგი გმირი? კგბ-ზე მუშაობდა და მაგიტომ იბრძოდა იქ? რამდენი ასეთი იბრძოდა აფხაზეთში?! ისინი ხომ საბჭოთა არმიის, საბჭოთ სისტემის ოფიცრები იყვნენ. მაგალითად, ქართველი სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი იზანი ცერცვაძე 1993 წლის 23 სექტემბერს რუსებმა სოხუმის რაიონში, სოფელ თავისუფლებასთან ჩამოაგდეს და დაიღუპა. ამ პიროვნებამ წარმატებული კარიერა მიატოვა რუსეთში, სადაც პოლკის მეთაური იყო. ჩემთვის ის ერთ-ერთ მაგალითად ითვლება. უამრავი ასეთი ადამიანია, რომელთა მიმართაც არაკეთილსინდისიერებაა იარლიყების ჩამოკიდება, თუ არ გაქვს შესაბამისი საფუძველი.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, 1992-93 წლების ომის დროს 1137 ოფიცერი ჩამოვიდა საქართველოში რუსეთიდან, საბჭოთა ჯარიდან. საუბარია კადრის ოფიცრებზე, რომლებმაც დატოვეს რუსული არმია და ჩამოვიდნენ. რა ელოდა ამ ხალხს? ომი და განუკითხაობა, უშუქობა და უბედურება. თუმცა ვინ დაუფასა? იყო პიროვნული მომენტებიც, ვიღაცას კარიერის აწყობა უნდოდა და ამ დროს, როგორც წესი, კვალიფიციური ხალხი ხელს უშლით ხოლმე. ამ ადამიანების მოცილება სწორედ იარლიყების მიწებებით იოლი იყო. მთლიანობაში, ეს მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. აბა, როგორც ახლა ეძახიან, ტესტირება არავის ჩაუტარებია და ჩვენი კვალიფიკაცია არავის დაუდგენია. იმ წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება კადრების გადინება. ახლახანს, ზამთარში გამოვაქვეყნე, თუ ვინ დატოვა სამხედრო საჰაერო ძალები, მაღალი კლასის კვალიფიკაციის ოფიცრები დავკარგეთ. ეს კომპლექსური პრობლემაა, რომელსაც სახელმწიფომ უნდა მიხედოს. არ მინდა, სტალინის ფრთიანი  ნათქვამი გავიხსენო, კადრები წყვეტენ ყველაფერსო, მაგრამ ასეა. იმისთვის, რომ გამოვზარდოთ ბრიგადის მეთაური, 12-15 წელია საჭირო. წარმოიდგინეთ, როცა ყოველი მინისტრი საკუთარ „საკადრო პოლიტიკას“ ატარებს და არ არსებობს კადრების ზრდის სისტემა. ვინმეს წარმოუდგენია, ბანკში მივიდეს ახალი მმართველი, გაუშვას ყველა და მოიყვანოს ახალი ხალხი? სხვათა შორის, ბანკებს საკმაოდ სერიოზული საკადრო სისტემა აქვთ. რიგითი ოპერატორი გახდება ბანკის მმართველი? რატომღაც ჯარში გვგონია, რომ შეიძლება მთელი სტრატეგიული და ოპერატიული დონის მმართველი სახლში გაუშვა და ეს გავლენას არ იქონიებს. ჯარში, ისევე როგორც ყველა სფეროში, გამოცდილება ფასობს. ეს საკანონმდებლო დონეზეა დასარეგულირებელი, რომ ოფიცრების მარტივად გაშვება სახლში ფიზიკურად შეუძლებელი იყოს.

ქართველები კონტრაქტით მიდიან, მუშაობენ კერძო კომპანიებში ავღანეთში, ერაყში, აფრიკაში. სულ ახლახანს კონგოში კონტრაქტით მომუშავე ქართველის ბედის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა. ასე უაზროდ იკარგებიან ჩვენი თანამემამულეები მაშინ, როცა საქართველოში ისტორიულად ყველაზე საპატიოდ ითვლებოდა მებრძოლის პროფესია

- სხვათა შორის, სულ ახლახანს საქართველოდან წავიდა ძალზე კვალიფიციური მფრინავი, რომელიც გადავიდა უცხო ქვეყნის კერძო კომპანიაში. მიზეზები ყველგან ერთი და იგივეა. მარტივად გეტყვით, მფრინავმა თუ არ იფრინა, ის კარგავს კვალიფიკაციას და ეძებს ადგილს, სადაც შეიძლება საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს. სადაც დაუძახებენ, იქ წავა, მით უმეტეს, თუ ანაზღაურება ნორმალური ექნება. რაც შეეხება კონგოს, საქართველოდან პირველი ნაკადი კონგოში მას შემდეგ წავიდა, როცა 2010 წლიდან ჩვენი გამოცდილი მფრინავები ერთი-მეორის მიყოლებით  სხვადასხვა მიზეზით წამოვიდნენ ჯარიდან. ჯერ ერთმა გაკაფა გზა კონგოსკენ, შემდეგ მეორე წაიყვანა. ასე მივიღეთ კონგოში საკმაოდ სოლიდური ქართული დესანტი. ეს ოფიცრები დღეს ქართულ სამხედრო ავიაციაში უნდა მსახურობდნენ.

ბევრი სამხედრო მფრინავი სამოქალაქო ავიაციაშიცაა გადასული. ზოგი „აირზენაში“ დაფრინავს, ზოგი სხვა კერძო ავიაკომპანიაში, ჩვენი ყოფილი მფრინავი „აეროფლოტშიც“ დაფრინავს. ასე რომ, ჩვენმა არმიამ დიდი საკადრო დანაკარგი განიცადა, ნაცვლად იმისა, რომ გამოცდილი თაობა შეგვენარჩუნებინა. სწორედ მათ ბაზაზე უნდა განვითარებულიყო ქართული სამხედრო მეცნიერება, ისინი უნდა ყოფილიყვნენ დაკავებულნი ახალგაზრდა ოფიცრების მომზადებით. სახელმწიფო, რომელიც კადრებს ანიავებს, არ უფრთხილდება პროფესიონალებს, წარმატებას ვერ მიაღწევს.