მმართველ გუნდს ამ არჩევნებზე ნაკლები სანერვიულო ჰქონდა. ნაწილობრივ, ალბათ, ამითაც იყო განპირობებული ის ფაქტი, რომ თვითმმართველობის არჩევნებისგან დისტანცირებული გახლდათ ბიძინა ივანიშვილი, რომლის არაფორმალურ ლიდერობასაც დასავლეთში დიდი აღფრთოვანებით არ აღიქვამენ.
როგორც ამბობენ, არჩევნებამდელ პერიოდს ბიძინა ივანიშვილი შავიზღვისპირეთში, საკუთარ რეზიდენციაში ოჯახთან ერთად ატარებდა და დენდროლოგიური პარკის მოწყობით იყო დაკავებული.
რაც შეეხება მისი შვილის, ბერას მეგობარ კახა კალაძეს, მან არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და მისთვის მიცემული ხმები, მარგვლაშვილის საპრეზიდენტო ხმებისგან განსხვავებით, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არ ყოფილა. როგორც ჩანს, კალაძეს საკუთარი ფანები არა მხოლოდ ფეხბურთში ჰყავს, პოლიტიკაც არანაკლებ აზარტული გამოდგა.
თავის დროზე, კალაძის გააქტიურებისთანავე გაჩნდა კითხვები, რამდენად დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა გახდებოდა ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი და საბოლოოდ ხომ არ გადაიქცეოდა თავის ტკივილად „ქართული ოცნებისთვის“, სადაც ჯერ კიდევ მოუნელებელია გიორგი მარგველაშვილის მწარე გამოცდილება?!
რას მოუტანს კახა კალაძეს დედაქალაქის მერობა, იქნება ეს აღმასვლის თუ დაღმასვლის საწინდარი, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ესაუბრა.
„ქართული ოცნების“ სხვა წევრებისგან განსხვავებით, კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილზე ფინანსურად დამოკიდებული არ ყოფილა. ალბათ, ამითაც იყო განპირობებული, რომ თავად „ოცნებაშიც“ ბევრს გაუკვირდა, როცა ამ პარტიამ სწორედ კახა კალაძე წარადგინა თბილისის მერობის კანდიდატად. სამომავლო პერსპექტივაში შესწევს კი კახა კალაძეს იმის უნარი, რომ მესამე ძალის ლიდერად მოგვევლინოს, თუკი ეს პოლიტიკური პროცესების განვითარებას დასჭირდება?
- თუ ჩვენ ვფიქრობთ კახა კალაძის პოლიტიკურ ლიდერობაზე და, ამავდროულად, ვსაუბრობთ, რომ ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს გარკვეული მნიშვნელოვანი გავლენები ჰქონდა და აქვს ჩვენს პოლიტიკაზე, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ მესამე ძალის ჩამოყალიბება არ გულისხმობს მაინცდამაინც იდეურად ივანიშვილის საწინააღმდეგო ძალას. ეს არ იქნება ივანიშვილის ოპონირების, ან მის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებული ძალა. უბრალოდ, შესაძლებელია, არსებობდეს ხერხი, რომელიც გულისხმობს ენერგიისა და რესურსებისგან დაცლილი „ქართული ოცნების“ ჩანაცვლებას. ჩანაცვლება კი შეიძლება მოხდეს ან ახალი დამოუკიდებელი ფიგურანტით, ან რებრენდირების პრინციპით. მაგალითად, როდესაც რომელიღაც პროდუქტი ბაზარზე უკვე ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და საჭირო ხდება მისი ჩანაცვლება, შეიძლება შემოვიდეს ახალი პროდუქტი, ან ბევრმა მწარმოებელმა მიმართოს რებრენდირების პრინციპს. ასეთ შემთხვევაში, ბიზნეს აქტორი გამოიტანს ახალ პროდუქტს, ან ძველ პროდუქციას მისცემს ახალ შინაარსს, ანუ მიმართავს ახალი შეფუთვის ხერხს და პროდუქტს განაახლებს. ამ ლოგიკით, სავსებით შესაძლებელია, კახა კალაძე იქცეს ან სრულიად დამოუკიდებელ ფიგურანტად, ან იყოს პარტნიორულ თუ გარკვეულ კომუნიკაციაში მისი ძალის შემქმნელ პირთან, „ქართული ოცნების“ დამაარსებელთან და პირიქით - კახა კალაძე შეიძლება გახდეს ხერხი, რომლითაც „ქართული ოცნების“ ნაცვლად განახლებული პროდუქტი შევა ბაზარზე. შესაძლოა, ეს მოხდეს ახალი სავაჭრო ნიშნით, სამომავლოდ ახალი პარტიით, ახალი სუბიექტებით, ან ნაწილობრივ ძველი და ახალი სუბიექტებით, ოღონდ ახლის ასოციაციით და ის წარედგინოს ამომრჩეველს „რეალიზაციისთვის“. ეს გულისხმობს, რომ 2020 წელს ამომრჩეველს პოლიტიკურ ბაზარზე წარედგინება არა „ქართული ოცნების“ სავაჭრო ნიშანი, არამედ რაღაც სხვა ტიპის სავაჭრო ნიშანი, რომლის მთავარი ფიგურანტი, შესაძლოა, სწორედ კახი კალაძე იყოს.
აქ მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ფაქტორი. საექსპერტო წრეებში ჩვენ ვმსჯელობთ იმის შესახებ, რომ, მართალია, კახა კალაძე შემოქმედებითობით საკმაოდ გაჯერებული, განვითარებადი და პროგრესული პოლიტიკური სუბიექტია, მაგრამ ჯერ მას არ აქვს პოლიტიკური ლიდერის ფუნქცია მიღებული.
ხალხის ლეგიტიმაციით მიღებული ძალაუფლება, ანუ თბილისის მერობა ვერ შესძენს მას პოლიტიკური ლიდერის ფუნქციას?
- ხალხის ლეგიტიმაციით მიღებული ძალაუფლება, როგორიცაა თბილისის მერობა, თანაც, ისეთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი თბილისშია წარმოდგენილი, მას საშუალებას მისცემს, ჩამოყალიბდეს ლიდერად. თუ კალაძე ლიდერად ჩამოყალიბდება, მან შეიძლება დაასრულოს ლაპარაკი არაფორმალურ მმართველობაზე, გადაიბაროს რა თავად მართვის ძირითადი და სრული ბერკეტები. თუმცა, არის კიდევ სხვა თეორიული რისკ-ფაქტორი, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, პირიქითაც მოხდეს და კალაძის მერობა უკავშირდებოდეს მის პოლიტიკურ დასასრულს.
თუკი გავითვალისწინებთ ბაზრის თავისებურებებს, რომ საქართველოში კმაყოფილი ამომრჩევლის მიღება ძალიან რთულია, ცხადია, თბილისის მერობა დიდ გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს. შესაძლოა, ეს ტრამპლინი ან ეფექტურად განხორციელდეს, ან წარუმატებლად დამთავრდეს და კალაძის პოლიტიკურ პერსპექტივას წერტილი დაესვას. შესაძლოა, სულაც ეს რამდენადმე პროვოცირებაც კი იყო, რომ კალაძე გამხდარიყო მერობის კანდიდატი და ამით წასულიყო უკუსვლაზე. თუმცა მისი „სტარტაპი“ ჯერჯერობით უფრო ოპტიმიზმის პერსპქექტივას იძლევა.
ამ წუთისთვის იკვეთება, რომ კალაძემ ბევრად უფრო მეტი ფუნქციისა და შედეგისკენ უნდა დაიწყოს სვლა, ვიდრე უბრალოდ მერობაა. თუმცა თეორიულ რისკად მაინც რჩება ის ფაქტორი, რომ შეიძლება ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ წავიდეს.
საქართველოში ფინანსები ბევრ რამეს განსაზღვრავს და დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის საშუალებას იძლევა. კახა კალაძის ფინანსური თავისუფლება ხომ არ გახდება თავის ტკივილი „ქართული ოცნებისთვის“, სადაც ყველანი ერთი ლიდერის ფინანსებზე არიან დამოკიდებულნი და ცოტა სხვანაირად აღიქვამენ ერთგულების ცნებას? ამ კონტექსტიდან ამოვარდნილია მარგველაშვილი. ამდენად, მარგველაშვილის პრეცედენტი რას გვეუბნება?
- მარგველაშვილის ბეგრაუნდი მაინც ცოტა სხვანაირია. კალაძის შემთხვევაში, უფრო ფარული ფაქტორებია მნიშვნელოვანი. პირობითად თუ ჩავთვლით, რომ კალაძე ივანიშვილის პროექტია და ის მაინც წავა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ანუ მეორე მარგველაშვილი გახდება პრემიერის თუ არსებული გუნდისთვის, ეს სულ სხვა ფაქტორია. თუკი კალაძე თავად ივანიშვილის წინააღმდეგ წავა, ეს კიდევ სხვა ფაქტორია. მოგეხსენებათ, მარგველაშვილი ივანიშვილის და მთლიანი გუნდის წინააღმდეგ თავიდანვე წავიდა. იმისთვის, რომ მარგველაშვილს გარკვეული დამოუკიდებლობა მიეღო, გარდამავალი ეტაპი საკმაოდ უხეში და ხისტი ფორმით განახორციელა და ეს იმდენად მალე მოხდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაუპირისპირდა იმ გუნდს, რომელმაც ის მოიყვანა. ეს ყველაფერი რომ დროთა განმავლობაში უფრო რაფინირებულად და პოლიტიკური მოქნილობით გაეკეთებინა მარგველაშვილს, მას შეეძლო ნელ-ნელა დისტანცირებულიყო საკუთარი გუნდისგან. მით უმეტეს, რომ მარგველაშვილს ამომრჩეველი არ ჰყოლია, მას ჰყავდა ივანიშვილის ამომრჩეველი. ამდენად, მას შეეძლო ამომრჩევლის მიმართ შეექმნა ახალი პლატფორმა და ამ ახალ პლატფორმაზე ფრთხილად, უმტკივნეულოდ, ნელა გადაეყვანა მომხმარებელი. მაშინ მის მიმართ დამოკიდებულება სხვანაირი იქნებოდა.
არა მგონია, კალაძემ მსგავსი შეცდომები დაუშვას. კალაძე უფრო მეტი მოქნილობით, პოლიტიკური გამბედაობით და შემოქმედებითობით გამოირჩევა. თანაც, პრეზიდენტი მარგველაშვილი არ არის აღმასრულებელი სუბიექტი. ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისად, ის სხვა ტიპის ფიგურაა. იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი აღმასრულებელ ხელისუფლებას არ წარმოადგენს, მისი სისუსტე სწორედ ის არის, რომ მას არაფერი აქვს შესათავაზებელი ამომრჩევლისთვის. კალაძე ამ მხრივაც განსხვავებულია. კალაძე არის აღმასრულებელი ლიდერიც და როგორც მერი-პოლიტიკური ლიდერი. ამიტომ მას შეუძლია, რაღაც შესთავაზოს ამომრჩეველს და ამით კმაყოფილი მომხმარებელი, ანუ ამომრჩეველი მიიღოს. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ პრეზიდენტისგან განსხვავებით, კალაძე იწყებს მერობას პირადად მის მიმართ დადებითად განწყობილი ამომრჩევლებით. მას საკუთარი ამომრჩეველი ჰყავს.
უშუალოდ მისი ამომრჩევლები ფიქრობენ, რომ კახა კალაძე შეძლებული ადამიანია და ფულის შოვნის მოტივით კორუფციაში მაინც არ ჩაეფლობა, განსხვავებით, სხვა კანდიდატებისგან, რომელთაც ახლა უნდა იშოვონ სახსრები.
- მართალია, კალაძის არჩევის დროს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც აქტიურობდა, ადმინისტრაციული რესურსიც გამოიყენებოდა, ივანიშვილის ფაქტორიც მუშაობდა (მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს ხმა არ ამოუღია), მაგრამ ამ ფაქტორებთან ერთად, კალაძეს პირადი ამომრჩეველიც ჰყავდა. მარგველაშვილს მსგავსი არ ჰყოლია, ამიტომ „სტარტაპის“ პერიოდი და რეალური პერსპექტივები ნამდვილად განსხვავებული აქვთ კალაძეს და მარგველაშვილს.