ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება საერთაშორისო დამკვირვებელთა საბოლოო დასკვნა, თუმცა დღეს ყველა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს. არჩევნების მეორე დღეს ოპოზიცია გაცილებით მწვავე იყო, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ დამარცხება ყველამ აღიარა და როგორც გაირკვა, უკმაყოფილების მიზეზი გახლდათ ის, რომ რეალურად, შედარებით მეტი პროცენტი უნდა მოეპოვებინათ, მაგრამ ხმების დათვლის შემდეგ ნაკლები ხმები აღმოაჩნდათ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ არჩევნების შედეგების შეფასებისას საქართველოს პრეზიდენტმაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას გაუსვა ხაზი.
ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლების დამაჯერებელი გამარჯვება ეჭვქვეშ უნდა დადგეს და რატომ ჩნდება მსგავსი განწყობები, ამ თემაზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.
რამაზ საყვარელიძე: მაშინვე დაიწყეს ლაპარაკი კოორდინატორებზე, რომლებიც აკვირდებოდნენ ამომრჩეველს. როდესაც ჩემს უბანზე მივედი ხმის მისაცემად, მეც ვნახე ქალბატონები, მაგრამ ისინი სხვა პარტიების წარმომადგენლები არიან - ამ ადამიანებს ვიცნობ, როგორც ამ უბანში მცხოვრები - ისხდნენ და უყურებდნენ ისინიც. შესაბამისად, ყველა პარტია იყენებდა ამ ხერხს. შემდეგ უკვე ოპოზიციამ დაასწრო და დააყვედრა ხელისუფლებას, რომ აი, თქვენ ეს ხერხი გამოიყენეთო, თუმცა თავადაც წარმატებით იყენებდნენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში გამოცდილი გვყავს, მაგრამ აჩევნებში მონაწილე პარტიებში გეგულებათ ვინმე, ვინც ადმინისტრაციულ რესურსს არ გამოიყენებს?!
გარდა ამისა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების განზრახვა, შესაძლოა, არც არავის ჰქონდეს, მაგრამ ადამიანმა, რომელიც მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურაში, შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ხმა მისცეს ხელისუფლების წარმომადგენელს. ესეც ადმინისტრაციული რესურსია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივი ადმინისტრაციული რესურსი, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე.
ანალოგიური გამოყენება ადმინისტრაციული რესურსისა თითქმის ყველა ქვეყანაშია, უბრალოდ, ისინი არ ყვირიან ამაზე და ეს არ ითვლება გაყალბებად. ეს არის რესურსი, რომელიც უნდა თუ არა ხელისუფლებას, არსებობს.
ასე რომ, თუკი ვილაპარაკებთ იმაზე, შედეგი საეჭვოა თუ არა, მაშინ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ყველა შემთხვევა უნდა იყოს დაფიქსირებული, გადამოწმებული და სასამართლოს გზით დადგენილი - ეს იყო ამ პარტიის პოლიტიკური ტაქტიკა თუ ბუნებრივი პროცესი, რომელშიც პარტიის საარჩევნო პოლიტიკა არაფერ შუაში არ იყო. თუ ეს ფაქტები დადგინდება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია, და თუ სასამართლო გამოიტანს განაჩენს, რომ ამ შემთხვევებმა გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე, ხელისუფლების მიერ ამ გზით მიღებული ხმები ვინმეს დააკლდა თუ არა, ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის თუ არა კანონიერი.
თუ აღმოჩნდება, რომ ასეთი ხმების რაოდენობა არჩევნების შედეგზე არსებით გავლენას ვერ ახდენდა და ჩვენ გვინახავს ასეთი დასკვნებიც, მაშინ მარტო ლაპარაკი შეგვრჩება, ხოლო შედეგი იგივე დარჩება.
თბილისის ახლადარჩეული მერიც მომხრეა, რომ თუ არსებობს ასეთი ფაქტები, გამოიძიონ, მაგრამ რა შედეგიც არ უნდა დაიდოს, ისიც ფაქტია, რომ ოპოზიცია სასამართლოს ობიექტურობაშიც შეიტანს ეჭვს. არსებობს მექანიზმი, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ ეს თემები არ ტრიალებდეს?
- ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომ სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი და ბრალდებულმა აღიაროს, გადაწყვეტილება მართალია, მე დავაშავეო. ოპოზიციაც ასეა და შეიძლება თქვას, რომ სასამართლო არ იყო ობიექტური - ამ უნდობლობას ვერაფრით გააჩერებ. სხვა გზა, გარდა სასამართლოთი გამართლებისა, ადამიანებს ჯერ არ მოუგონებიათ.
თუმცა ყველაფრის მიმართ უნდობლობა საზოგადოებაში გადამდებია და შესაძლოა, გაცილებით მძიმე შედეგის მომტანი მთლიანად, ქვეყნის განვითარებისთვის...
- გადავიხედოთ ისევ უცხოეთში - ამერიკაში უმცროსი ჯორჯ ბუშისა და ელ გორის მიერ დაგროვილი ხმები ხელახლა გადაითვალეს ერთ-ერთ შტატში, მაგრამ შეფასების დროს არც ერთ მხარეს არ უთქვამს, რომ ხმები გაყალბდაო - იკითხეს, შეცდომა ხომ არ მოხდაო. შეიძლებოდა, ეთქვათ ხომ არ გაყალბდაო, მაგრამ ასეთი რამ არ თქმულა!
საერთოდ, დასავლეთში არჩევნების შემდეგ სიტყვა გაყალბება არ ისმის, იმიტომ, რომ ისინი უფრთხილდებიან არჩევნების ავტორიტეტს. თუ არჩევნების წესიერებაში ეჭვმა დაისადგურა ქვეყანაში, ეს არჩევნები შემდეგ აღარც იმათ გამოადგებათ, ვინც ოპოზიციაშია.
იმ ჭაში ჩაფურთხებას ჰგავს ეს ამბავი, მერე საიდანაც თვითონვე უნდა დალიონ წყალი. ამ შეგნებამდე ვერ მივიდა ქართული პოლიტიკური ელიტა, რომ არ გააუფასურონ არჩევნების ინსტიტუტი, სასამართლოს ინსტიტუტი, რადგან შემდეგ თვითონვე უნდა დაეყრდნონ ამ არჩევნებსა თუ სასამართლოს. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ასეთი პოლიტიკური კულტურა საქართველოში არ არის.
ჯერჯერობით-მეთქი, ამას ვამბობ იმიტომ, რომ პოლიტიკური ორთაბრძოლის კულტურაც სალაპარაკო თემაა და სასიამოვნო ფაქტია, რომ დედაქალაქის მერის არჩევნებში მეორე ადგილზე გასულმა ელისაშვილმა ორთაბრძოლის შემდეგ გამარჯვება მიულოცა მეტოქეს - თქვა კიდეც - უნდა დავამკვიდროთ დასავლური სტანდარტებიო. დანარჩენებს არ მიულოცავთ - როგორც ჩანს, მათ არ აღმოაჩნდათ ეს პოლიტიკური კულტურა, მაგრამ იმ ერთს ხომ აღმოაჩნდა და ყველამ აღნიშნა, რომ ეს დადებითი მოვლენა იყო. შემდეგი არჩევნებისთვის შესაძლოა, ასეთი მოვლენები გახშირდეს.
ანალოგიურად, ძახილი იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა, რომელიც ამ პოლიტიკური კულტურის ნაწილია, იმედია, შემცირდება, თუ ამ ძახილს არ ამყარებს შესაბამისი დოკუმენტები და შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილება.
მარტო იმიტომ, რომ მოსახლეობა დააეჭვო, სხვა მიზანი ხომ არ არსებობს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებ?! გინდა, აუდიტორია დააეჭვო, ანუ არჩევნების დისკრედიტაცია მოახდინო - მიხვდებიან, რომ არჩევნების დისკრედიტაცია მათთვისაც წამგებიანია, რადგან ხვალ-ზეგ მათი მეტოქე იტყვის, რომ გააყალბეს არჩევნები და მოსახლეობა ამას დაიჯერებს.
თუ იმ პროცენტებს გადავხედავთ, რაც არჩევნებზე მიიღეს პოლიტიკურმა ძალებმა, შეიძლება ითქვას, უახლოეს მომავალში მათ გამარჯვება ნაკლებად ემუქრებათ... ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ამ არჩევნებმა მეტ-ნაკლებად პერსპექტიული ოპოზიციური ძალა გამოკვეთა?
- მეორე ადგილზე გავიდა ისევ „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ რეალურად თუ ვიმსჯელებთ, მეორე ადგილი აიღო ელისაშვილმა, იმიტომ, რომ პარტიული სპექტრი ძალიან ღარიბია. ელისაშვილმაც იმიტომ აიღო მეორე ადგილი, რომ პარტიების მიმართ არის უნდობლობა. პარტიების მიმართ უნდობლობა კი იმიტომ არის, რომ თვითონ პარტიები ავლენენ უკულტურობას და აგრესიულობას. ამიტომაც ვერ იმსახურებენ მოსახლეობის კეთილგანწყობას. შესაბამისად, მოსახლეობა ხელისუფლების მიმართაც კრიტიკული და აგრესიულია, მაგრამ ამ სიტუაციით ხელისუფლების მაგინებელი პარტიების რეიტინგიც არ იზრდება.
კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც საქართველოშია - არჩევანი კეთდება ისევ სიმპათია-ანტიპათიის საფუძველზე. თუკი ვინმემ საარჩევნო პროგრამებს გადახედა, გიორგი ვაშაძეს ჰქონდა ერთ-ერთი საუკეთესო საარჩევნო პროგრამა, თუმცა მისი პარტიის მიერ მიღებულ ხმებზე ეს არ ასახულა - ეს მიდგომაც ჩვენი პოლიტიკური კულტურის ნაწილია?
- ყველა ქვეყანაში და საარჩევნო კამპანიის პიარის კანონებში წერია, რომ პირველ ადგილზე არ დგას პროგრამები და ეს პიარის კანონები დასავლეთშია შესწავლილი. ასე რომ, ძალიანაც ნუ გავამტყუნებთ ჩვენს საზოგადოებას, რომ პროგრამამ ვერ დაიკავა ადამიანთა ყურადღების ცენტრი.
გარდა ამისა, ხალხი დიდ ყურადღებას აქცევს, რა წარმომავლობისაა პარტია თუ პოლიტიკოსი. რა დამოკიდებულებაც აქვთ პოლიტიკოსის პოლიტიკური წარმომავლობის მიმართ, ეს განწყობა ვრცელდება კონკრეტულ ფიგურაზეც. ვაშაძე მოდის „ნაციონალური მოძრაობიდან“. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ კონკრეტულად ვაშაძეზე და არა ზოგადად, - ვიდრე ვაშაძე არ შეტრიალდება და „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას არ დაიწყებს, მასზე ყოველთვის გავრცელდება ის განწყობა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ არსებობს საზოგადოებაში.
ნაციონალებთან ასოცირების გამო ვაშაძემაც ცოტა ხმები მიიღო და ხოშტარიამაც - ნაციონალების დაბალმა რეიტინგმა დასწია მათი რეიტინგიც.
მესამე ადგილი მიიღო ხოშტარიას პარტიამ, თუმცა სხვა ოპოზიციური პარტიები, თავად „ნაციონალური მოძრაობაც“ თვლის, რომ „ევროპული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილს გაურიგდა მეორე ადგილისთვის. თუმცა, თუ გარიგება იყო, რატომ ვერ აიღო ამ პარტიამ მეორე ადგილი, ამის ახსნას უკვე აღარავინ ცდილობს...
- ესეც წამგებიანი ფორმულაა „ნაციონლური მოძრაობისთვის“, იმიტომ, რომ მათ თუ ოდესმე დასჭირდებათ პარტნიორი პარტია, ერთადერთი შანსი ისევ „ევროპული საქართველოა“. როდესაც ასეთი გარიგების შესაძლებლობას უშვებენ, კიდევ უფრო მარტონი დარჩებიან. ამის გარდა, რომ ამბობენ, ბიძინა ივანიშვილმა იყიდა, გაყიდა, გადაიბირა თუ სხვა, ამით ისევ ბიძინა ივანიშვილს უკეთებენ კარგ საქმეს, მისი რეიტინგი იწევს - ე.ი. ძლიერი ფიგურაა.
თქვენ თქვით, რომ ელისაშვილმა ხმები მიიღო, რადგან პარტიების აღარ სჯერა საზოგადოებას. ელისაშვილმა უკვე დააანონსა, რომ პარტიას ქმნის, თუ ზოგადად პარტიებისადმია უნდობლობა, რამდენად პერსპექტიული შეიძლება აღმოჩნდეს ახალი პოლიტიკური ძალა?
- ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტულს ვერ ვიწინასწარმეტყველებ. ელისაშვილის პლუსი უპარტიობა იყო და ახლა პარტია იქმნება. თუ მოახრხებს ელისაშვილი, რომ გააანალიზოს რაში იყო ამ პარტიების წამგებიანობა, სასარგებლო იქნება.
არსებულმა პარტიებმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახერხეს და ამიტომ ჩამოყალიბდა ასეთი დამოკიდებულება პარტიების მიმართ საქართველოში. თუ მათ შაბლონში მოექცა ელისაშვილის პარტიაც, მის მიმართაც გავრცელდება ეს განწყობა, მაგრამ თუ მოახერხა და ამ შაბლონიდან გამოვიდა, შეიძლება გაჩნდეს განწყობა, რომ არც ერთი პარტია არ ვარგა, მაგრამ ერთი პარტია რაღაცით გამოირჩევა.
მოლოდინი უსუფაშვილის პარტიის მიმართაც არსებობდა, მით უმეტეს, რომ იგი კარგი რეიტინგითა და ავტორიტეტით წავიდა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან, მაგრამ დამაჯერებელი კონცეფციაც საჭიროა. პარტიამ დამაჯერებლობა უნდა შეიძინოს - პატიოსნება, რაც ახლავს პიროვნებას, მხოლოდ ეს ფაქტორი ხმების მისაღებად პარტიისთვის საკმარისი არ არის. მან უნდა იქონიოს რაღაც მთლიანი, კოლექტიური სტილი, კოლექტიური კომპეტენცია, ინტელექტი და რაც მთავარია, დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ ამ პარტიას თუ ქვეყანას მიაბარებ, კარგი შედეგი იქნება - ეს კი ცოტა უფრო ძნელია.
როგორ ფიქრობთ, ამ არჩევნებზე გამოიკვეთა ერთი ან რამდენიმე ალტერნატიული პარტია ვისთვისაც, თუნდაც 2020 წელს ქვეყნის მიბარება შეიძლება გადაწყვიტოს ხალხმა?
- არ ვთვლი, რომ არჩევნების შემდეგ სურათი არსებითად შეიცვალა. უბრალოდ, ელისაშვილის ფიგურაზე ხშირად ლაპარაკობენ იმ თვალსაზრისითაც, რომ ელისაშვილის ამ წინსვლამ და ნახტომმა გამოავლინა საზოგადოების დამოკიდებულება სწორედ პარტიების მიმართ. ანუ, მან ხომ იმის ხარჯზე აჯობა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ამ საზოგადოებას არც ერთი პარტია არ უნდოდა - ამის სიმბოლო გახდა ელისაშვილი, მაგრამ ასეთი განწყობა 2016 წლის არჩევნების შემდეგაც ცხადი იყო, უბრალოდ ელისაშვილში, როგორც პერსონაში განსხეულდა ის მდგომარეობა, რაც იყო 2016 წელს.
როდესაც ხალხი პარტიებს არ ენდობა, მაშინ ჩნდება ხოლმე არჩევნებზე მისვლის პრობლემა. მით უმეტეს, როდესაც საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. მოლოდინიც იყო, რომ შესაძლებელი იყო ამომრჩევლის დაახლოებით, 30%-ის მობილიზება, თუმცა შედარებით სხვა სურათი გამოიკვეთა - ცესკო-ს მონაცემებით, დაახლოებით ამომრჩევლის 45% პროცენტი მივიდა არჩევნებზე, რაც ნამდვილად არ შეიძლება ცუდ შედეგად ჩაითვალოს...
- შესწავლა უნდა მოხდეს მოტივაციის, რატომ მივიდა ამომრჩეველი არჩევნებზე, მაგრამ მსგავს გამოკვლევებს ჩვენთან არავინ არ ატარებს - შემეცნება დიდად არ გვეხალისება-ხოლმე.
ვფიქრობ, აზარტი იყო იმაში, რომ გამოჩნდა ახალი ფიგურა ელისაშვილის სახით, გარდა ამისა, ძალიან ენერგიულად იბრძოდნენ თვითონ ნაციონალები და ამბობდნენ, რომ თუ მეორე ტურამდე მივიდოდა საქმე, მერე უკვე პროცესები სხვანაირად წავიდოდა.
აქ იყო ის მომენტი, რომ თუ მეორე ტურამდე მივიდოდა თბილისის მერის არჩევნები და მეორე ადგილზე ელისაშვილი გავიდოდა, მაშინ კალაძე-ელისაშვილი დაუპირისპირდებოდა ერთმანეთს და ეს უკვე სრულიად მოულოდნელ სიტუაციას ქმნიდა. ამ უნდობლობისა და ამ შანსების გამო გაიზარდა აზარტი. ერთი მხრივ იმიტომ, რომ ნაციონალებს არ მისცემოდათ ამის საშუალება, მეორე მხრივ, აშკარა იყო ისიც, რომ თუ თვითონ ვერ გავიდოდნენ მეორე ადგილზე, ნაციონალები მხარს უჭერდნენ იმას, რომ ელისაშვილს მაინც მიეღო მეორე ადგილი და ა.შ.
ასე რომ, ბევრი მოტივი ჩანდა ამ პროცესებში. ამ მოტივებისა და შანსების არსებობამ გაუჩინა ხალხს საარჩევნო ყუთებთან მისვლის სურვილი.
ასე თუ ისე, მაინც საინტერესო წინასაარჩევნო ბრძოლის მოწმე გავხდით და დაიდო ის შედეგი რაც დაიდო, მაგრამ რჩება მთავარი კითხვა, მივიღეთ ის თვითმმართველობები, რომელიც შედარებით ახლოს იქნება ხალხთან და რეალურად გააკეთებს იმ საქმეს რასაც უნდა აკეთებდეს თვითმმართველობები და მმართველობები? - ვგულისხმობ იმას, რომ სამომავლოდ შედეგები შესაძლოა, სწორედ გაკეთებული ან გაუკეთებელი საქმით დაიდოს და არა როგორც ოპოზიცია ამბობს, სხვადასხვა რესურსების წყალობით...
- კახა კალაძეს რაც შეეხება, მისი მერობის პირობებში უკეთესი იქნება თბილისის მმართველობა, რადგან კონკრეტულად, კალაძე არის ენერგიული, ამბიციური ადამიანი, რომელსაც სწავლა შეუძლია - ანუ მისთვის ახალი სიტუაცია დამაბნეველი არ აღმოჩნდება. ზრდის უნარი როდესაც აქვს პოლიტიკოსს, ეს მე მგონი, ოპოტიმიზმით უნდა განგვაწყობდეს. ამიტომ ვარ ოპოტიმისტურად განწყობილი თბილისის თემის მიმართ. სამწუხაროდ, სხვაგან, ასე მკაფიოდ არ ვიცი, რა ხდება.