მტვრის ნაწილაკებისა და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის ყველაზე მაღალი ოდენობა ტრადიციულად მელიქიშვილის ქუჩაზე ფიქსირდება, სადაც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი 111 მკგ/ მ3-ია. შემდეგ მოდის ავლაბრის მოედანი. ასევე, დაბინძურების მაღალი მაჩვენებელია პირველ საშუალო სკოლასთან, ტაშკენტისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გადაკვეთაზე. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი გლდანის პირველ მიკრორაიონში, მზიურის პარკის ტერიტორიაზე, ბენდელიანისა და ლიბანის ქუჩებზეა.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ინდიკატორული გაზომვების ლოკაციებს მუდმივად ცვლიან და გამორიცხული არ არის, სამომავლოდ დაბინძურების უფრო მაღალი მაჩვენებელიც გამოვლინდეს, რომელიც ჯერ მიკვლეული არ არის.
გარემოს დაცვის სპეციალისტი კახა ბახტაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო შეზღუდულია მონიტორინგის დროს. იგი მხოლოდ რამდენიმე წერტილს არჩევს და იმ წერტილში ახორციელებს დაკვირვებას. 90-იანი წლების შემდეგ ჰაერის მონიტორინგი არც ტარდებოდა ქვეყანაში, საამისოდ არც თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა არსებობდა და არც სპეციალისტების გადამზადება ხდებოდა. თუმცა ნელ-ნელა კვლევის ეს მეთოდი ინერგება ჩვენს სახელმწიფო უწყებებში და დასკვნებიც უფრო ფართო ხასიათს იძენს.
„ამჯერად ჰაერის დაბინძურების ხუთი წერტილი გამოვლინდა, თუმცა ეს ხუთი წერტილი ზუსტად იქ გამოვლინდა, სადაც კვლევა ჩატარდა, თორემ თბილისის საკმაოდ დიდი ტერიტორია შეუსწავლელია. შეუსწავლელია გარეუბნებიც. ხშირ შემთხვევაში, სააგენტო ფოკუსირებას უფრო ცენტრალურ უბნებზე აკეთებს. არის ერთი ავტომატური სადგური ვაშლიჯვარში, თუმცა ის ისეთ ადგილზეა განთავსებული, სადაც დაბინძურება ძალიან მაღალი არ იქნება. ამიტომ აუცილებელია მოდელირება. საკვლევი ადგილები წინასწარ უნდა შეირჩეს გზებისა და მანქანების რაოდენობიდან გამომდინარე. საუბარია იმ ტერიტორიებზე, სადაც, წესით, ყველაზე მაღალი უნდა იყოს დაბინძურება. მოსახლეობა თვითონვე გრძნობს, სად არის ასეთი ადგილები, რადგან დაბინძურება დაკავშირებულია ავტოტრანსპორტთან, ანუ იქ, სადაც გვაქვს ტრანსპორტის დიდი მოძრაობა, ე.წ. საცობები. ტრანსპორტის შეფერხების დროს ყველაზე მეტი გამონაბოლქვი წარმოიქნება. ზუსტად საცობების წერტილები უნდა იყოს ერთ-ერთი ინდიკატორი, რასაც უნდა დაეყრდნოს გარემოს ეროვნული საგენტო. სწორედ იქ უნდა გაზომონ დაბინძურების დონე. თუმცა მანდ მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორიცაა, რომელიც დაკავშირებულია დაბინძურებული ტერიტორიის განიავებასთან. თუ ნიავდება, მაშინ შედარებთ ნაკლები დაბინძურება იქნება, რადგან გადის ეს ნაწილაკები. მდინარის ხეობაში ჰაერი უფრო ნიავდება, რადგან ჰაერი მოძრაობს. შესაბამისად, მტკვრისკენ უფრო განიავებული ადგილებია“, - აცხადებს კახა ბახტაძე.
სპეციალისტი, ასევე, პრობლემურად მიიჩნევს იმ ადგილებს, სადაც მშენებლობები ან დიდი შენობებია. ამ შენობებში ჰაერი ნაკლებად მოძრაობს და ჰაერის დაბინძურება მაღალია. თუმცა დაუშვებელია, აქცენტი გავაკეთოთ მხოლოდ ჰაერის დაბინძურებაზე და თვალი დავხუჭოთ ნიადაგის დაბინძურებაზე, რომელიც ზუსტად იმითაა გამოწვეული, რომ ჰაერი დაბინძურებულია. ეს ყველაფერი ნიადაგში ჩადის, სადაც ბავშვები თამაშობენ და საშიშია პატარებისთვის. ამიტომ ჰაერის კვლევის გარდა, აუცილებელია ნიადაგის კვლევის დაწყება. მით უმეტეს, რომ წინასაარჩევნოდ ბევრს საუბრობენ საბავშვო მოედნების მოწყობაზე.
კახა ბახტაძის თქმით, დაბინძურებული ჰაერი და ნიადაგი გავლენას თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე, სასუნთქი გზების სისტემაზე ახდენს. სხვადასხვა ტიპის დაავადების გავრცელება პირდაპირ ამასთანაა დაკავშირებული. უცხოელები და ქართველებიც, რომლებიც გადიან ქვეყნის გარეთ, ბევრად უკეთ ამჩნევენ ჰაერის დაბინძურების დონეს ჩვენს დედაქალაქში. ადრე გაკვირვებით ვლაპარაკობდით სმოგზე (შავი ნისლი) უცხო ქვეყნების ქალაქების თავზე, დღეს კი აღარ გვიკვირს, რომ სმოგი ჩვენი დედაქალაქის თავზეცაა, რადგან ეს უკვე კარგად ჩანს.
„ვერაზე ვცხოვრობ და ამიტომაც გადავწყვიტე ქალაქგარეთ გადავსულიყავი. ეს ტენდენცია მზარდია და ბევრი ადამიანი ქალაქგარეთ გადის, რათა ბავშვები მოარიდონ დაბინძურების კერებს - ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურებას. ზაფხული ძალზე გვალვიანი იყო, ქალაქის განიავება არ ხდებოდა, წვიმა არ მოდიოდა, რომ გაეტანა დაბინძურება. ეს ყველაფერი ჩადიოდა ნიადაგში“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ეკოლოგიის“ ხელმძღვანელი მანანა დევიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე ყოველთვის ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ფიქსირდებოდა. ასევე, დიდი დაბინძურება შეიმჩნეოდა გმირთა მოედანზე.
„ატმოსფეროს ინდიკატორული გაზომვების ძალზე ცოტა სადგური გვაქვს. ერთი პერიოდი, სულ არ იყო სადგურები. ახლა დაუმატეს და უფრო მეტი სინჯის აღება ხდება, მაგრამ ეს არის მოძრავი სადგურები, ანუ ერთი ადგილიდან მეორეზე გადადის, მეორიდან-მესამეზე. ამიტომ უნდა არსებობდეს სტაციონარული სადგურებიც, რადგან ამით უფრო ზუსტი სურათი დაიხატება. შეიძლება, ზოგან პიკის საათებში იყოს დიდი დაბინძურება, მაგრამ დილის საათებში ნაკლები ფიქსირდებოდეს, რადგან ტრანსპორტი ნაკლებია. მონიტორინგი უნდა ხდებოდეს ერთი და იმავე წერტილებიდან და ასეთი მეტი წერტილია საჭირო. რაც შეეხება 111 მკგ/ მ3 მტვრის ნაწილაკებს, რომელიც მელიქიშვილზე დაფიქსირდა, ეს არ არის ჰაერში გაფრქვეული გაზები, ეს არის მტვრის მყარი ნაწილაკები. ცხადია, მათი რაოდენობა ამდენი არ უნდა იყოს, რადგან ეს უფრო სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. მტვრის ნაწილაკების დაბინძურების დონე მაღალია თბილისში. მართალია, ტრანსპორტიდან გაზი გამოიფრქვევა, მაგრამ მყარი ნაწილაკებიც გამოიფრქვევა. თითო-ოროლა აღებული სინჯი კი სრულ სურათს ვერ იძლევა“, - აღნიშნა მანანა დევიძემ.
მანვე ისურვა, დედაქალაქში გაჩნდეს ეკოლოგიურად სუფთა ერთი უბანი მაინც, რასაც დანარჩენ უბნებს მივუსადაგებთ. სწორედ ასე ხდება უცხოეთში. მაგალითად, ვილნიუსში არის ასეთი უბანი, სადაც აკრძალულია მაღლივი შენობების აშენება, რადგან ის ეკოლოგიურად მდგრად ადგილად ითვლება. ბევრ ქალაქშია ასეთი პრაქტიკა. სხვათა შორის, კრწანისის დასახლებაში არის ასეთი მეტ-ნაკლებად სუფთა ადგილი, რომელიც ადრე სამთავრობო რეზიდენციად ითვლებოდა. ამიტომ ნიმუშად უნდა აიღონ კრწანისის დასახლება და მას შეუდარონ სხვა უბნები.
„თუმცა კრწანისშიც უკვე გაცხარებული მშენებლობები დაიწყეს. ამიტომ მერიის არქიტექტურის სამსახურის წინაშე აუცილებლად უნდა დაისვას საკითხი, რომ ერთი უბანი მაინც დატოვონ თბილისში, რომელიც ეკოლოგიურად საჩვენებელი, ფონური უბანი იქნება“.