შენგენის ზონაში შესვლა მკაცრდება

შენგენის ზონაში შესვლა მკაცრდება

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა - LIBE, მხარი დაუჭირა ახალი რეგულაციების პროექტს, რომლის თანახმადაც, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლისთვის შესაძლოა ავტორიზაციის გავლა მოუწიოთ.

პროექტის თანახმად, ევროპული სამოგზაურო ინფორმაცია და ავტორიზაციის სისტემა - ETIAS, მოიცავს სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებას, პერსონალური მონაცემების შევსებას, მათ შორის სწავლისა და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვას, აპლიკაციის საფასურის - 10 ევროს გადახდას.

აპლიკანტი მაქსიმუმ 72 საათში მიიღებს დასტურს, ან უარყოფას შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით. ამასთან, ავტორიზაცია 3 წლის განმავლობაში იქნება მოქმედი. 18 წლამდე ახალგაზრდები, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, სტუდენტები და მკვლევარები სააპლიკაციო გადასახადისგან თავისუფლები არიან.

პროექტის საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, ახალი რეგულაციები 2020 წლიდან ამოქმედდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის აზრით, ავტორიზაციის ახალი სისტემა მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლას არათუ გაურთულებს, არამედ გაუადვილებს. მისი თქმით, წინასწარი ავტორიზაციის გავლა შეამცირებს საზღვრიდან უკან გამობრუნების ალბათობას.

„ეს ნამდვილად არ გაართულებს შენგენის ზონაში მოგზაურობას. გარკვეულწილად, ალბათ, გააადვილებს კიდევაც. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი მდგომარეობით, თუ, შესაძლოა, მოქალაქეს საზღვარზე შექმნოდა პრობლემა უკან გამობრუნების კუთხით, ამ აპლიკაციის შევსების შემდეგ ეს ალბათობა კიდევ უფრო შემცირდება. შესაბამისად, დაიზოგება თანხაც და დროც. მე მგონი, არ უნდა შევხედოთ ამას კრიტიკული ფორმით“, - აცხადებს ვახტანგ მახარობლიშვილი.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ ახალი რეგულაცია ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება კონსულტაციები.

„ევროკავშირი უბრალოდ ცდილობს, გააძლიეროს თავისი შიდა უსაფრთხოება და მსგავს ზომას ღებულობს, რაც თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებს დიდი ხანია აქვს. ევროკავშირის მოქალაქე როცა მიემგზავრება ამერიკაში, მას არ მოეთხოვება ვიზა, მაგრამ ინტერნეტში ისიც ავსებს რამდენიმე გვერდიან კითხვარს და ელოდება პასუხს.

ამიტომ, მე მოვუწოდებდი საზოგადოებას, ნუ გააიგივებენ ამას ვიზის დაბრუნებასთან. ეს არ არის ვიზა, აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატია და ბევრად უფრო ნაკლები მოთხოვნები. უბრალო კითხვარსაც არ დავარქმევდი, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული შესაბამისი სამსახურების მხრიდან პასუხს მაინც უნდა დაველოდოთ, მაგრამ ეს არ არის ვიზის აღება ან რამე მსგავსი“, - აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

მინისტრის მოადგილე თვლის, რომ ეს არის დამატებითი ბარიერი, თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ ახალი ავტორიზაციის შესახებ საუბარი არ ყოფილა მაშინ, როდესაც საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაცია მიიღო.

პოლიტილოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე ფიქრობს, რომ ახალი რეგულაცია არის ფილტრი, რადგან მიუხედავად მკაცრი რეგულაციებისა, დიდი რაოდენობაა იმ ადამიანების, რომლებიც არსებულ რეგულაციებს არღვევენ.

„სავარაუდოდ, ევროკავშირი სავიზო რეჟიმს ამკაცრებს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არღვევს მოქმედ რეგულაციებს. შესაბამისად, ახალი რეგულაციების ამოქმედება ერთგვარ ფილტრს წარმოადგენს. გადაამოწმებენ, რა წინაპირობაა იმისთვის, რომ ეს ადამიანები დარჩნენ ევროპაში. ფაქტია, რომ ევროპის ქვეყნები უკვე ამკაცრებენ ამ სავიზო რეჟიმს.

მაგალითად, ამერიკის ვიზის მიღების შემთხვევაში, ზოგს დარჩენის არავითარი მიზანი არ აქვს, მაგრამ ვიზას მაინც ვერ იღებს. საინტერესოა, რა კრიტერიუმით მოხდება ამ ვიზების ნებართვის გაცემა? დიდია ალბათობა იმისა, რომ ადამიანი, რომელიც არ აპირებს დარჩეს ევროპაში, შეიძლება ვერ მიიღოს ვიზა“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.

მისივე ინფორმაციით, საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დარჩნენ ევროპაში. მათ შორის საკმაოდ დიდი რაოდენობა გადის უკრაინიდან.

„აქ მხოლოდ საქართველოზე არ არის საუბარი. ეს ეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს, იგივე უკრაინიდან ძალიან ბევრი ადამიანი მიდის. ამიტომ, როგორც ჩანს, ევროკავშირის ქვეყნები ადგილზე გააკეთებენ ფილტრს და ადამიანები, რომლებიც აწყობთ და გარკვეულ უნარ-ჩვევებს ფლობენ, ისინი კანონიერად დარჩებიან ევროპის ქვეყნებში.

დანარჩენების დეპორტირება მოხდება. ეს არის თავდაცვის მექანიზმი ევროკავშირის ქვეყნებისთვის. მიგრანტების არშეშვების ტენდენციები ნამდვილად არის ევროპაში. თუ თვალს გადავავლებთ ბოლო დროს არჩევნებს, ვნახავთ, რომ ხელისუფლებაში ის ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც სწორედ ამ პოლიტიკას, რასაც ჰქვია მიგრანტების არშეშვება, უჭერენ მხარს. ასე რომ, ეს ჩვეულებრივი თავდაცვის მექანიზმია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედება მოსალოდნელი იყო, რადგან ევროპამ თვალი არ დახუჭა სავიზო რეჟიმის დარღვევებზე.

„საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ელისეს მინდვრებში სასეირნოდ რომ არ აპირდებდა წასვლას, ეს თავიდანვე ცნობილი იყო. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი იყო, რომ ნახევარზე მეტი ქართველი არალეგალურად დარჩენას ისურვებდა. ევროპის მხიდან მოხდა ის, რომ ევროპამ ამაზე თვალი არ დახუჭა, რაც ასევე მოსალოდნელი იყო.

ის, რომ ახალ ავტორიზაციაზე საუბრობს ევროპა, ეს არის დამატებითი ბარიერი, რომელიც დათქმული არ იყო, როდესაც ვიზა-ლიბერალიზაცია მოგვცეს. ეს სიახლეა. ეს სიახლე სულაც არ ნიშნავს გამარტივებას, რომ თქვენი ჭირიმე მოდით და თავისუფლად ისეირნეთ შენგენის ზონაშიო. მინისტრის მოადგილე იტყუება, როცა ამბობს, რომ ახალი რეგულაციები გააადვილებს მოგზაურობასო“, - ამბობს სოსო ცინცაძე.

როგორც ცინცაძე აცხადებს, ევროკავშირისთვის ცხადია, რომ ქართველებს არ აინტერესებთ ვიზა-ლიბერალიზაცია და ევროპის ღირსშესანიშნაობა. ქართველების ერთადერთი მიზანია სამსახური.

„ნახეს, რომ ქართველები არაფრით არ განსხვავდებიან სხვა ქვეყნების არალეგალი მიგრანტებისგან. ვხედავთ, რომ ახლა არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ იბრძვის ევროპა. არავის არ უნდა გაიზიაროს ანგელა მერკელის ბედი. მართალია, არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ 65 ადგილი დაკარგა პარლამენტში. მერკელის ამ გამარჯვებას მთელი ეფექტი დაეკარგა, სწორედ ამ მიგრანტების გამო. აი, ამიტომ ამკაცრებს ევროპა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.