საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საქართველოში არჩევნები, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, თუმცა ცალკეულ დარღვევებსაც ჰქონდა ადგილი. ოპოზიცია, რომელიც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა, ცდილობს ამ ანგარიშებიდან ძირითადად, მწვავე შენიშვნებზე გააკეთოს აქცენტი და ამით საზოგადოებას თავი მმართველი ძალის მიერ ჩაგრულ მხარედ წარმოუდგინოს.
მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მილოცვაში ნათქვამია, რომ საელჩო ულოცავს საქართველოს მთავრობასა და ხალხს 21 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც კარგად იყო ადმინისტრირებული და დიდწილად, მშვიდობიან გარემოში ჩატარდა თავისუფლების ფუნდამენტური უფლების დაცვით.
„ვეთანხმებით ეუთო-ს წინასწარ ანგარიშს, რომელშიც დადებითად აღინიშნა, რომ კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო. აგრეთვე ვიზიარებთ ეუთო-ს მოსაზრებას, რომ მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია ხაზს უსვამს მის პასუხისმგებლობას უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც კონკურენტების შესაძლებლობები არ შეიზღუდება. ეუთო-ს შეფასებაში ასევე საუბარია საჩივრებზე ამომრჩეველთა დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საჩივარი“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
თუმცა ხაზგასმულია ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საერთო მიზნის განხორციელებას და მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებას და მის სწრაფვას გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში.
ამერიკისა და ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს დემოკრატიული სტანდარტების მაგალითი უწოდა.
NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციის წინასწარი შეფასების მიხედვით, საარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკა, ძირითადად, ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენებას ეხებოდა.
„ბოლო 10-15 წელია ვაკვირდები პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში და ვიმედოვნებ, მოვესწრები იმ დღეს, როდესაც ეს აღარ იქნება დღის წესრიგში“,- განაცხადა NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წევრმა, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველოში პერ ეკლუნდმა.
საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ შეფასებებში პარტიების არათანაბარ რესურსებთან დაკავშირებითაც არის საუბარი.
„ჩვენ ყურადღებით გავეცნობით საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს და რეკომენდაციებს. საერთო სურათი არის ის, რომ არჩევნებმა ჩაიარა სამართლიან და მშვიდობიან გარემოში. დაფინანსებასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და ერთხელ კიდევ გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ, დეკლარაციები არ ასახავს პარტიების რეალურ შემოსავლებს და ხარჯებს. ოპოზიციური პარტიები თავს იკავებენ ამისგან, რასაც აქვს თავისი სუბიექტური მიზეზები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნების პასუხად.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პოლიტიკაში არადეკლარირებული ფული ნამდვილად არის პრობლემა.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ობიექტური მიზეზები ჰქონდა, რის გამოც ვერ ხერხდებოდა არადეკლარირებული თანხების კონტროლი, თუმცა ეს არის გამოწვევა, რომელსაც ყველა უნდა ვებრძოლოთ“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსებს, ხელისუფლება თავს იმით იმართლებს, რომ აქტივისტების მიერ ამომრჩევლების მობილიზება არის ჩვეულებრივი მოვლენა როგორც საქართველოში, ისე ნებისმიერ ქვეყანაში და მთავარია, რომ ამ დროს არ იყოს გამოყენებული არასამართლებრივი ფორმები.
როგორც ჩანს, მმართველი გუნდი ცაკლეულ შენიშვნებზე რეაგირებასაც აპირებს - ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც საარჩევნო უბნის გარკვეულ რადიუსში აქტივისტების ყოფნას აკრძალავს.
„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებს იშველიებენ.
„როდესაც, სკოლის იქნება, თუ ბაღის, მასწავლებელი იძულებულია, ვიდრე კონვერტში ჩადებს ბიულეტენს, საარჩევნო ყუთის უკან მდგომ სკოლის დირექტორს აჩვენოს რა შემოხაზა, როდესაც საჯარო მოხელეს პირდაპირ ავალებენ, რომ ფოტო უნდა გადაუღონ, რომ მან შემოხაზა 41, ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოების დიდ ნაწილზე ხელისუფლება ახორცილებს სერიოზულ ზეწოლას“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.
თუ აღნიშნული ფაქტები სინამდვილეს შეესაბამება, სავარაუდოდ, მმართველ გუნდს ამაზეც მოუწევს რეაგირება, თუკი იმიჯზე ზრუნვა მისთვის აქტუალურია.
როგორც ჩანს, საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავსი შენიშვნები საკმარისია იმისათვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურს პროტესტი გამოუცხადოს - იგი მერების არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, თუმცა ამის მიუხედვად, ქუთაისსა და მარტვილში არჩევნების მორიგი რაუნდი მაინც გაიმართება. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე ადგილზე გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც იქნებიან წარმოდგენილი.
ბოიკოტის გარდა, „ნაციონალური მოძრაობა“ მარნეულში შედეგების გაუქმებას ითხოვს, თუმცა მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, იაკობ ასანიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია ნაცმოძრაობის წარმომადგენლის მოთხოვნა, რადგან 32 საჩივრიდან არც ერთი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვინმემ მარნეულში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვოს.
საჩივრები და ოპოზიციის მწვავე რეაგირება არჩევნებისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი მოვლენაა და პარტიები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ხეირი ნახონ - ამ პროცესში გასაკვირი არაფერია. თუმცა საკრებულოს მიღმა დარჩენილი ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის განცხადებები აშკარად მიანიშნებს, რომ ოპოზიციურ ფრონტზე ყველაფერი რიგზე არ არის.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოქმებში მანიპულაციების დამადასტურებელ დოკუმენტაციას დამკვირვებლებს გადასცემს. როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტაციები საკმაოდ ბევრია, სადაც მისი მტკიცებით, ჩანს, როგორ ყალბდება არჩევნები.
„ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტები, რომლიც მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქურდი. მან უკვე მესამედ მოგვპარა ხმები, მან უკვე მესამედ ჩაყო ხელი ყუთებში და ჩვენი ხმები მოიპარა. მე ზუსტად ვიცოდი რა დავალება ჰქონდა გაცემული ბიძინა ივანიშვილს და რა არის მისი სურვილი - გავქრე პოლიტიკური არენიდან, ჩემს თანაგუნდელებთან და 100 ათასობით ადამიანთან ერთად, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერს. ვერ ეღირსებით! მე არ წავალ პოლიტიკიდან, ვიდრე არ მოვაშორებ თქვენი სახით პოლიტიკურ პრობლემას და თავის ტკივილს საქართველოს. ბატონო ბიძინა, ამ ქურდობისთვის დღეს თუ არა, ხვალ პასუხისგება აუცილებლად მოგიწევთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებასთან, უფრო სწორად, ივანიშვილთან კავშირში ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასაც ადანაშაულებს. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილმა ბრძანება გასცა, რომ სხვადასხვა მანიპულაციების შედეგად „ევროპული საქართველოსთვის“ ხმების ხელოვნური მომატება მომხდარიყო, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება „ევროპული საქართველო“.
„საჩხერის საარჩევნო უბნებზე მიღებული შედეგების ელემენტარული ანალიზი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ - ბიძინა ივანიშვილს სურდა, მეორე ადგილზე გაეყვანა ბოკერია-ბაქრაძე-უგულავას „ნაციონალური მოძრაობა“. მოხდა გარიგება ბოკერიასა და ივანიშვილს შორის“,- განაცხადა ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი მერობის არჩევნებში მეორე ადგილზე გასულ ალექსანდრე ელისაშვილსაც უწუნებს ტაქტიკას.
„თუ შენ თვლი, რომ ხალხს ცხვრებივით მიერეკებოდნენ არჩევნებზე, როგორღა ულოცავ გამარჯებას იმ კანდიდატს, რომელიც მთავარი ფიგურა და შემოქმედი იყო ამ არჩევნებში ხალხის ცხვრებივით გარეკვის?!“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
როგორც ჩანს, ოპოზიციის პროტესტი მხოლოდ ამით არ დასრულდება და კიდევ არაერთ მწვავე თუ არაორდინალურ განცხადებას მოვისმენთ, მაგრამ როდესაც ამ არჩევნებს აკრიტიკებს ოპოზიცია, ისიც უნდა გაიხსენოს, რა მეთოდებით მიერეკებოდა ხალხს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“. ან არჩევნებამდე რა მეთოდებით აიძულებდა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, 10-10 კაცის პირადი მონაცემები მიეტანა, რომელიც მმართველ პარტიას მისცემდა ხმას.
ყოფილი ხელისუფლების მეთოდები რომ არ ჩამოვთვალოთ და, თუ ამნეზიას „გადაურჩა“, ამას ყველაზე უკეთ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიხსენებს, მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ - ამ მასშტაბის ძალადობით ჩატარებული არჩევნები მაშინდელმა ხელისუფლებამ წააგო - არა ერთი და ორი ხმით!
როდესაც პოლიტიკოსი ხარ, როცა ეს დაგჭირდება, ხალხს შეიძლება ცხვარიც ეძახო, მაგრამ ხალხი ცხვარი არ არის, მით უმეტეს, ქართველი ამომრჩეველი, რომელსაც არაერთი მძიმე არჩევნები გადაუტანია. თუ ხალხს რეალურად არ სურდა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები მოეგო, მას ვერავინ შეაშინებდა და ვერავინ ვერსად გარეკავდა.
როგორც ჩანს, ამას ოპოზიციაც კარგად გრძნობს და შეიძლება ითქვას, თავის მართლების რეჟიმშია.
როგორც ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე აცხადებს, ექსპერტების და საზოგადოების მოლოდინი არჩევნებთან დაკავშირებით როგორიც იყო, ზუსტად ისეთი სურათი მივიღეთ. მისივე შეფასებით, ალეკო ელისაშვილის ძირითადი ძალა სწორედ მის უპარტიობაში იყო - ამ უპარტიობით მან „ნაციონალური მოძრაობა“ უკან ჩამოიტოვა და მეორე ადგილს მიაღწია.
ექსპერტის აზრით, ელისაშვილის ასეთი ნახტომი მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოების დამოკიდებულება პარტიების მიმართ კრიტიკულია.
„ელისაშვილის ასეთი ნახტომი მიუთითებს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება კრიტიკულია პარტიების მიმართ, მათ შორის, არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების მიმართ, არამედ მმართველი გუნდის მიმართაც, უბრალოდ ეს შედეგში ჯერ ვერ ვლინდება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
მისივე განმარტებით, ანალიტიკოსები ამბობდნენ, რომ თუ ძალთა სრული მობილიზაცია იქნებოდა, „ქართული ოცნება“ მინიმუმამდე დაიყვანდა მეორე ტურის შესაძლებლობას და ეს ასეც მოხდა.
„მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. ყველა ელოდა, რომ ოპოზიციური ფრთა აღმოჩნდებოდა კიდევ უფრო დაბლა. ის, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები, ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ მათ შორის სხვაობა როცა არის ძალიან დიდი, ეს არის მიუღებელი. პარტიებმა უნდა გადახედონ იმას, რა დამოკიდებულებას ავლენს მათდამი ამომრჩეველი. ყველა პარტიას ეხება ამომრჩევლის კრიტიკული დამოკიდებულება“, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.
იგი თვლის, რომ უნდა დადგეს საკითხი, „სახლში წავიდნენ“ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც არასდროს გაუმარჯვიათ.
შესაძლოა, საზოგადოების ეს განწყობაც გახდა მიზეზი, რომ NDI-ის სადამკვირვებლო მისია წინასწარი შეფასებისას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ერთპარტიული მმართველობის გამყარებაზე საუბრობს, რაც დემოკრატიული განვითარების გზაზე გამოწვევას წარმოადგენს.
თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ჟორჟოლიანი აღნიშნავს, თუ ხალხი ერთ პარტიას აირჩევს და არჩევნები ობიექტურად ჩატარდა, ე.ი. დემოკრატიული არჩევნები ჩატარებულა.
„ცოტა მიკვირს ასეთი რამე, რომ ხალხმა ის კი არ უნდა აირჩიოს, ვინც უნდა, არამედ - განსხვავებული“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
რაც შეეხება OSCE/ODIHR-ის წინასწარ შეფასებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, მცირე დარღვევებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ მოისმინა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს, სადაც ლაპარაკი იყო, რომ ეს ინფორმაცია მათ ძირითადად ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
„ჩვენ ამ ანგარიშს უნდა დაველოდოთ. მთლიანობაში მე მაინც მგონია, რომ ალბათ, ეს არჩევნები ჩატარდა ყველაზე უფრო მაღალი სტანდარტით, რაც აქამდე ჩატარებულა საქართველოში. თუ აქ, ჩვენთან რაღაც მენტალური საზოგადოებრივი განწყობები არსებობს, რომ ხალხი თავისთავად რაღაცას უწევს ანგარიშს, ამას მხოლოდ არჩევნები არ უშველის. ამას უშველის ძალიან სერიოზული ცვლილებები ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მთლიანად და არა მხოლოდ საარჩევნო სისტემის ან წესების მიმართულებით. საზოგადოება უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე კი არ იცხოვროს, არამედ უნდა იცხოვროს მუდმივად და არჩევნები ერთ-ერთი ეპიზოდი უნდა იყოს დემოკრატიული განვითარების და არა ერთადერთი“,- აღნიშნავს ჟორჟოლიანი.