„სიცრუეა, თითქოს ბათუმელებს მწვანე კონცხის პლაჟის ტერიტორიას ჩაუკეტავენ“

„სიცრუეა, თითქოს ბათუმელებს მწვანე კონცხის პლაჟის ტერიტორიას ჩაუკეტავენ“

„პანორამა თბილისის“ მსგავსად, ე.წ. „პანორამა ბათუმის“ შესახებ ბათუმელებში აზრთა სხვადასხვაობაა. მათი ნაწილი კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“, რომელმაც „პანორამა ბათუმის“ პროექტი უნდა განახორციელოს, იმედიანად უყურებს, მიიჩნევს რა, რომ ეს კომპანია საკმაოდ გამოცდილია და მან აჭარაში ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა. ბათუმელთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ ბათუმის საკრებულოში „პანორამა ბათუმის“ იდეის გატანით ბათუმი დამარცხდა, ადგილობრივმა საკრებულომ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორია 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ უსასყიდლოდ გადასცა, რის შემდეგაც ბათუმელებს ამ საზოგადოებრივი სივრცის ტერიტორიაზე შესვლა გაუჭირდებათ. საუბარია მწვანე კონცხის მიმდებარედ 6346 კვ.მ პლაჟზე, რომელიც კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“ 500 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით 49- წლიანი ვადით გადაეცა.

მწვანე კონცხის პლაჟის გასხვისებით აჭარის ხელისუფლება ოპტიმისტურადაა განწყობილი. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ „ბიზნეს დეველოპმენტი“ ახალ საბაგირო გზას გააკეთებს, რომლიც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული აღარ მუშაობდა; ასევე, მოწესრიგდება პლაჟები და ხელი შეეწყობა ბათუმში ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

For.ge დაინტერესდა, როგორია ბათუმელების თვალით დანახული „პანორამა ბათუმი“.

სამოქალაქო აქტივისტი სოფო პატარაია ამბობს, რომ მწვანე კონცხის პლაჟი ეკოლოგიურად სუფთაა, ყველაზე სუფთა წყალი სწორედ მწვანე კონცხთანაა და ეს საზოგადოებრივი სივრცე არ უნდა გასხვისდეს, რადგან, თუ ეს ადგილი კერძო პირის ხელში აღმოჩნდება, იქ შესვლა ჩვეულებრივ ბათუმელებს აეკრძალებათ.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე კი დარწმუნებულია, რომ აჭარელ ხალხს ინვესტიცია და ახალი პროექტები აინტერესებს, განსახვავებით ოპოზიციისგან, რომელსაც მწვანე კონცხის თემის წამოწევა პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება. For.ge-სთან საუბრისას ლაშა სირაბიძე აცხადებს, რომ საკრებულოში შევიდა მოთხოვნა კონკრეტულ მიწებთან დაკავშირებით. კერძოდ, ერთი კონკრეტული მიწა ჩვეულებრივად თანხის საფასურად უნდა შეიძინოს „ბიზნეს დეველოპმენტმა“, ხოლო მეორე ტერიტორია მწვანე კონცხის მიმდებარედ, ე.წ. პლაჟი, ჩვეულებრივად, იჯარით 49 წლით უნდა მიიღოს „ბიზნეს დეველოპმენტმა“.

„ეს პლაჟი მოწესრიგდება, აქ შეიქმნება ინფრასტრუქტურა, მოევლება და აბსოლუტურად ყველასთვის და არა რომელიმე ერთი კომპანიისთვის გამოსადეგარი გახდება. პირიქით, დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ასეთ კომპანიებს, თუკი სურვილს გამოთქვამენ, მოუვლიან ამ პლაჟებს მთელი ზაფხულის განმავლობაში და აქ იქნება იდეალური მდგომარეობა. რაც შეეხება კონკრეტულად მეორე ფართს, ანუ 2000 კვ.მ. მიწის ფართს, რომლის გასხვისების უფლებაც მერიას მივეცით, ეს მიწა გაიყიდება იმისთვის, რომ საბაგიროსთვის გაკეთდეს შესასვლელი. ეს ქონება ჩვენ არ გადაგვიცია ერთ ლარად, არამედ მივეცით კონკრეტული თანხის საფასურად, რომელიც დადგენილია წესით, შეფასებულია ექსპერტების მიერ და აქ გაკეთდება უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საბაგირო გზა. ეს ყველაფერი ხვალინდელი ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი იქნება“, - აღნიშნა ლაშა სირაბიძემ.

მანვე განმარტა, რომ არც კი მოუკითხავს „ბიზნეს დეველოპმენტის“ წარმომავლობის შესახებ, რადგან მისთვის მთავარია, რა პირობებს შესთავაზებენ კომპანიები და, საბოლოო ჯამში, რას გააკეთებენ. რა პირობითაც „ბიზნეს დეველოპმენტი“ შევიდა ბათუმში, პირველ რიგში, ამ ზღვისპირა ქალაქისა და ჩვენი ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, რომ 30 წლის წინ მიტოვებულ საბაგიროს ახალი საბაგირო გზა ჩაენაცვლება.

ოპონენტების გასაგონად ლაშა სირაბიძე ამბობს, რომ სწორედ ამ ხელისუფლების პერიოდში თითქმის ყველა ობიექტი შეფასდა ექსპერტების მიერ. ამის საპირწონედ კი გვახსენდება წინა ხელისუფლების ქმედებები, როდესაც თითქოს ერთ ლარად გაიცემოდა მიწები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველამ იცოდა, რომ ეს კორუფციის ერთ-ერთ წყარო იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს იმაზე მეტი ინვესტიცია იხარჯება, რაც უნდა დაიხარჯოს, ჩვენ არავისთვის გადაგვიცია მიწები ერთ ლარად. მომავალშიც არავინ ჩაუკეტავს ბათუმელებს ამ ტერიტორიას. ამ კომპანიებს აუშენებიათ ბევრი რამ და შემდეგ ქვეყნისთვის უჩუქებიათ. ნაჩუქარი ობიექტების ხელმეორედ სარეალიზაციოდ გატანა კი სწორედ „ნაციონალების“ დროს იყო აპრობირებული. ბევრ კომპანიას მოუწია ნაჩუქარი ობიექტის ორ-სამჯერ გამოსყიდვა. ყველაფერი ახსოვს საზოგადოებას“.

საზოგადოება „ბათუმის“ დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ კომპანიას ერთ ლარად გადასცეს. აქ შემაშფოთებელია ორი ფაქტორი, ერთი ის, რომ საჯარო სივრცე გახდება კერძო სივრცე და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც დღემდე იქ თავისუფლად შესვლა შეეძლო, შეეზღუდება შესასვლელი. ხოლო მეორე შემაშფოთებელი ფაქტორია, რომ ერთი ადამიანი ამ ქვეყანაზე თავის ნებაზე ატრიალებს სხვა ადამიანებს. აღარ არსებობს არც საკრებულო, არც საზოგადოება, არც რაიმე ძალა ან კანონი, რომელიც ამას წინ აღუდგება. ფული გაცილებით მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე სიმართლე.

ღირს თუ არა ამ პროექტზე დაფიქრება, თუკი ეს ინვესტიცია ბათუმს გამოადგება და მნიშვნელოვანი იქნება ქალაქის განვითარებისთვის, რაზეც შოთა გუჯაბიძემ აღნიშნა, რომ კონკრეტულად ამ პროექტის შესახებ ბევრ ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ, რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა და, რასაც ინფრასტრუქტურულ განვითარებას ეძახიან, სინამდვილეში, ბათუმის საზიანოდაა მიმართული.

„ბათუმში არსებული ყველა მშენებლობა ურბანული კატასტროფის წინაშე აყენებს ამ ზღვისპირა ქალაქს. მართალია, ეს „ნაციონალების“ დროს დაიწყო, მაგრამ „ოცნების“ პერიოდშიც კატასტროფულ მასშტაბს მიაღწია. ვერ გეტყვით, ჩემს მსგავსად ფიქრობენ თუ არა ბათუმელები, რადგან ბათუმში 160 ათასი ადამიანი ცხოვრობს და შეუძლებელია ყველა ერთ აზრზე იყოს“,-აღნიშნა საზოგადოება „ბათუმის“ დამფუძნებელმა.