„სამხედრო შენგენის ზონის“ შექმნა რუსეთის საფრთხის ასალაგმად

„სამხედრო შენგენის ზონის“ შექმნა რუსეთის საფრთხის ასალაგმად

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე „სამხედრო შენგენის ზონის“ შექმნის აუცლებლობაზე საუბრობს. სწორედ ამ ინიციატივით გამოვიდა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე მყოფი გრიბაუსკაიტე. მისი თქმით, სამხედრო სფეროში თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს, საერთაშორისო კრიზისებზე რეაგირება უფრო სწრაფი უნდა გახდეს და მესამე ქვეყნებთან უფრო აქტიური მუშაობა უნდა წარიმართოს.

„რუსეთის ჯარის გახშირებული წვრთნების ფონზე ჩვენ სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამარტივება, ე.წ. სამხედრო შენგენი გვჭირდება“, - ამბობს დალია გრიბაუსკაიტე.

მსგავსი გეგმების შესახებ For.ge ჯერ კიდევ 2016 წელს წერდა, როცა გერმანიამ და საფრანგეთმა ევროკავშირის თავდაცვითი პოლიტიკის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გეგმა შეიმუშავეს, რომელიც ახალი სამხედრო შტაბის შექმნასა და საზღვარგარეთ მისიების გაგზავნას ითვალისწინებდა. ეს იყო ერთგვარი „თავდაცვის შენგენი“ ევროპისთვის, რომლითაც ეს ორი ქვეყანა აპირებდა უფრო ეფექტურად დაეცვა ევროპის მოქალაქეები და საზღვრები.
აღსანიშნავია, რომ გერმანიისა და საფრანგეთის თავდაცვითი გაერთიანების გეგმის შემუშავებას წინ უსწრებდა გერმანიის სურვილი მსგავსი კავშირის შექმნის თაობაზე. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიენი იმთავითვე აცხადებდა, რომ ეს იგივე „თავდაცვის შენგენი“ იქნებოდა.

„ახლა დროა წინსვლისთვის ევროპის თავდაცვის კავშირისაკენ, რომელიც „თავდაცვის შენგენია“, - აცხადებდა გერმანიის თავდაცვის მინისტრი და განმარტავდა, რომ ეს იყო ის, რასაც აშშ მათგან ელოდა.

გეგმის თანახმად, ევროკავშირის ყველა სამხედრო მისია მომავალში უნდა დაქვემდებარებოდა ევროკავშირის ერთიან, სამხედრო შტაბს. საამისოდ ევროპელები აპირებდნენ ევროკავშირის ერთიანი ბიუჯეტის შექმნას, რომელიც სამხედრო კვლევების, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო აღჭურვილობის, თანამგზავრებისა და მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატების შესაძენად დაიხარჯებოდა.

საფრანგეთისა და გერმანიის შემდეგ ამჯერად უკვე ლიტვაა შეშფოთებული. რას ნიშნავს ლიტვის პრეზიდენტის ინიციატივა „სამხედრო შენგენის ზონის“ შექმნის შესახებ?!

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ბალტიის სახელმწიფოები უკვე იმდენად არიან დაპანიკებულნი და დაშინებულნი რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებებით, რომ თვითონაც ვერ ხვდებიან, რა განცხადებებს აკეთებენ. „სამხედრო შენგენის ზონის“ შექმნა, ეს სრული უაზრობა და ჰაერში გასროლილი ინიციატივაა, რომლის უკანაც არაფერი დგას. უბრალოდ, ეს არის რუსეთის სავარაუდო შეკავების იდეის დაფიქსირება, რადგან რუსეთის მანევრები შეშფოთების საფუძველს ნამდვილად იძლევა.

„რუსეთმა აგრესიული საქციელი 2017 წლის მასირებული სამხედრო წვრთვნების დროსაც დაადასტურა, როცა ახალი სამხედრო ტექნოლოგია გამოიყენა. კერძოდ, საუბარია რადიოელექტრონული სისტემების ჩამხშობზე, მრავალფუნქციური დატვირთვის მქონე ახალი ტიპის უპილოტო თვითმფრინავებზე. ასევე, ამ წვრთვნების ფარგლებში რუსეთის სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განახორციელეს ბირთვული დარტყმის იმიტაცია სწორედ ბალტიისა და პოლონეთის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს იწვევს შეშფოთების საფუძველს. თუმცა ბალტიის სახელმწიფოებმა არ იციან, რეალურად რა უნდა იღონონ, რომ რუსეთის ჰეგემონობა შეაჩერონ, რომელიც წარმოადგენს დიდ საშიშროებას არა მარტო მათთვის, არამედ დემოკრატიული ევროპული საზოგადოებისთვის. ლიტველები ხვდებიან, რომ, მართალია, ნატოს სტრუქტურა ამოქმედებულია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან საინტერესოა, რამდენად არის ნატო მზად, მოახდინოს რუსული აგრესიის შეკავება. როგორც ჩანს, ბალტიისპირელები აპირებენ, ევროგაერთიანების შიგნით ანალოგიური ტიპის გაერთიანების შექმნას, მაგრამ ასეთი ინიციატიავები ევროპელებს ხშირად ჰქონდათ. მათ შორის, ევროპული არმიის შექმნის შესახებაც. ასევე, უნდა გაძლიერებულიყო ევროგაერთიანების თავდაცვითი მიმართულება“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბარში და ასეთ იდეებს მისტიკად მიიჩნევს, რადგან ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი ფინანსური საშუალებები სჭირდება, რასაც ბალტიიპირელები კი არა, ნატოს წევრი სახელმწიფოებიც ვერ გასწვდებიან. ევროპელები იმასაც ვერ ახერხებენ, 2-3%-იან სამხედრო ხარჯების გაზრდას მიაღწიონ.

მით უმეტეს, ახლანდელ პერიოდში, როცა ევროპაში ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისია. ამდენად, ევროპულ სახელმწიფოებს შორის ახალი ტიპის სამხედრო ბლოკის შექმნა დამატებით თანხებს მოითხოვს.

მიიჩნევს რა დალია გრიბაუსკაიტეს იდეას პესიმისტურად, ფობიურად, ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ეს უფრო ყურადღების მიქცევის ხმაა ბალტიისპირელთა მხრიდან, რათა მათ ევროპელების გონება საკუთარი თავისკენ მიმართონ.

„მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტ-საქართველოს“ ხელმძღვანელი ლევან გერაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სრულიად გაუგებარია, რას ნიშნავს „სამხედრო შენგენის ზონა“. ასეთი ცნება არსად ახსნილი არ არის. ყველამ იცის, რომ შენგენის ზონის ქვეყნები ნატოში შედიან. ეს ერთი სამხედრო კომპონენტი, ანუ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი უკვე არსებობს, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ევროკავშირს ჰყავს სპეციალური რეაგირების ძალები, რომლებიც ევროპულ სტრუქტურებს ექვემდებარებიან და სწორედ ევროპული სახელმწიფოების გადაწყვეტილებით მოქმედებენ, როგორც ევროპის შიგნით, ასევე, მანდატს იღებენ ევროპის გარეთ სამოქმედოდ. ამდენად, რაიმე დამატებითი სტრუქტურის შექმნას აზრი არ აქვს.

„ერთადერთი, რა პრობლემასაც ვხედავ ამ სამხედრო პოლიტიკურ გაერთიანებებში, ეს არის დასავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის შეუთანხმებლობა გარკვეულ საკითხებთან მიმართებით. ერთი მხრივ, არიან გერმანია-საფრანგეთი და, მეორე მხრივ, - ბალტიისპირეთი და პოლონეთი. ეს სახელმწიფოები სხვადასხვაგვარად უყურებენ რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს. ამიტომ, თუ შენგენი იქნება, ყველა შემთხვევაში, იქ გერმანიაც უნდა იყოს და არის კიდეც და საფრანგეთიც. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, აჯობებდა, უკვე არსებული სტრუქტურების ეფექტურობა გაზრდილიყო და ამით მიეღწიათ შედეგისთვის. თუ რაიმე სხვა არის ჩადებული „სამხედრო შენგენის ზონის“ შექმნის წინადადებაში, მე არ ვიცი, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ რუსეთისგან მომავალ საფრთხეს დაუპირისპირდნენ, უკვე არსებობს საამისო მექანიზმები და ახლის გამოგონება საჭირო არ არის“, - აცხადებს ლევან გერაძე.

რაც შეეხება დალია გრიუბაუსკაიტეს შეშფოთების საფუძვლიანობას, ექსპერტი განმარტავს, რომ მომავალ წელს რუსეთში არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამის გამო რუსეთისგან ყველაფერს შეიძლება ველოდოთ. თუ რუსეთის ფედერაციის შიგნით სახელისუფლებო გუნდს საფრთხე შეექმნება და ისინი ძალაუფლების დაკარგვის წინაშე დადგებიან, მაშინ ყველანაირი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ, რათა აქცენტი სხვა ფაქტორებზე გადაიტანონ. რუსეთი დღეს იმდენად არასტაბილურ მდგომარეობაშია, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.