2015 წელს ჰაერისა და წყლის დაბინძურების გამო, მსოფლიოში ცხრა მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში ასეთი სტატისტიკა არ იწარმოება. წყლის დაბინძურებით გამოწვეული პრობლემები ჩვენთან ნაკლებადაა, მაგრამ ჰაერის მავნე ნივთიერებების კონცეტრაციით თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ქალაქია. ყველაზე მთავარი ისაა, რომ საქართველოშიც და მსოფლიოშიც ეს საფრთხე მზარდია.
ჯანდაცვისა და გამონაბოლქვის საკითხებზე მომუშავე კომისიის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსოფლიოში სიკვდილის ყოველი ექვსი შემთხვევიდან ერთი გამონაბოლქვს უკავშირდება. შესაბამისი კვლევა სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა. როგორც მეცნიერები აცხადებენ, ყველაზე მეტი ადამიანი - 6,5 მილიონი სწორედ ჰაერის დაბინძურებისა და გამონაბოლქვის გამო გარდაიცვალა, წყლის დაბინძურების გამო კი - 1,8 მილიონი ადამიანი.
კვლევაში ნათქვამია, რომ ჰაერისა და წყლის დაბინძურებით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების 92% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის.
„ბავშვები ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთნებიან. აუცილებელია ამ ინფორმაციის გათვალისწინება ადგილობრივ, ნაციონალურ და გლობალურ დონეზე“, - განაცხადა კომისიის წევრმა ოლუსოჯი ადეიმ.
„სიენენის“ კომისიის ერთ-ერთი წევრი ფილიპ ლენდრიანი აცხადებს, რომ პრობლემა ქიმიურ ნივთიერებებს უკავშირდება.
„არსებობს ათასობით ქიმიური ნივთიერება და ჩვენ ვიცით, რომ ისინი გავლენას ახდენენ ადამიანებზე, თუმცა ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, კონკრეტულად, რა ზეგავლენას ახდენენ ქიმიური ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმზე“, - განაცხადა ლენდრიანმა.
საქართველოში წყლის დაბინძურებით გამოწვეული პრობლემები ნაკლებადაა, მაგრამ ჰაერის მავნე ნივთიერებების კონცეტრაციით თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ქალაქია. მთელ საქართველი ურბანული გარემოს უმთავრესი დამაბინძურებელი არის ავტოტრანსპორტი, რომელიც ნახშირბადის მონოქსიდისა და აზოტის ოქსიდების ემისიის ძირითად წყაროს წარმოადგენს. აღნიშნული დამაბინძურებლების მიხედვით, ავტოტრანსპორტის წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევებში 62-78%-ს შეადგენს.
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ხარისხის ექსპერტი დიმიტრი შენგელია ამბობს, რომ ატმოსფეროს დაბინძურებამ, საქართველოს მასშტაბით, ეკოლოგების ყველა პროგნოზს გადააჭარბა. საორიენტაციო მონაცემის თანახმად, გარემოში ყოველწლიურად გამოიყოფა ათასობით ტონა მავნე ნივთიერება.
„ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობისა და საწვავის ხარისხის გაუმჯობესება, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია. როგორი მაღალი ხარისხის საწვავიც არ უნდა გამოვიყენოთ ტექნიკურად გაუმართავ მანქანაში, ეკოლოგიური თვალსაზრისით, სასურველი შედეგი არ გვექნება.
როგორც წესი, საქართველოში სხვადასხვა კატეგორიის საწვავი შემოაქვთ. იმპორტირებისა და ხარისხის სერტიფიცირების შემდეგ მათ ათავსებენ ტერმინალებსა და ავტოგასამართ სადგურებში, სადაც სავსებით შესაძლებელია საწვავის ხარისხის შეცვლა. ამიტომ რეალიზაციამდე უნდა განხორციელდეს მათი ანალიზი სტაციონარულ ლაბორატორიაში“, - განმარტავს დიმიტრი შენგელია.
მისი თქმით, საკონტროლო სამსახურმა მკაცრი ზომები უნდა მიიღოს იმ ავტოგასამართი სადგურებისა და ტერმინალების მიმართ, რომელთაგან რეალიზებადი ავტომობილის თხევადი საწვავი არ პასუხობს სტანდარტის მოთხოვნებს.