„მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ბევრი კითხვის ნიშანი დამრჩებოდა „ციანიდის საქმეზე“

„მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ბევრი კითხვის ნიშანი დამრჩებოდა „ციანიდის საქმეზე“

- ხარ ადვოკატი?

- ვარ ადვოკატი, ვიყავი და ვიქნები, სანამ მამა გიორგის უდანაშაულობას არ დავამტკიცებ, - ასეთი იყო, დეკანოზი, გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის, პასუხი პროკურატურის კითხვაზე.

თითქოს დაუსრულებელი, ერისთვის ბუნდოვანი ე.წ „ციანიდის საქმე“ გრძელდება... გრძელდება, მაგრამ ამჯერად არა უშუალოდ დეკანოზის, არამედ მოწმეების ჩვენებების მედია საშუალებებში გავრცელების ფაქტზე. პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით დაიწყო და დაიკითხა, მამა გიორგი მამალაძის სამი ადვოკატი, მათ შორის მიხეილ რამიშვილი.

რა კითხვები ჰქონდა პროკურატურას ადვოკატთან და ვის შეიძლება გაევრცელებინა მოწმეების საიდუმლო ჩვენებები - ამ თემაზე For.ge მიხეილ რამიშვილს ესაუბრა.

თქვენ დაბარებული იყავით საქალაქო სასამართლოში და დაიკითხეთ ციანიდის საქმესთან დაკავშირებულ გამოძიების მასალების გამჟღავნების თაობაზე, ძირითადად რა კითხვები ჰქონდა თქვენთნ პროკურატურას?

- დასაწყისში იყო კითხვა - ვარ თუ არა ადვოკატი? - მე დავუფიქსირე, რომ: ვიყავი, ვარ და ვიქნები, სანამ მამა გიორგის უდანაშაულობას არ დავამტკიცებ. ხოლო, დანარჩენ კითხვებზე - ვთქვათ, ეს მასალა საიდან, ვისგან, როგორ შეიძლებოდა გასაჯაროვებულიყო, მაგაზე ჩვეულებრივად, კანონის თანახმად ვიმოქმედე და გამოვიყენე ის ვალდებულება, რაც შემეძლო გამომეყენებინა.

რა ვალდებულებას გულისხმობთ?

- რომ არანაირი ჩვენება არ მიმეცა. ჩვენების არმიცემაზე ვალდებულება მაქვს, რაც განვაცხადე და მოსამართლემაც კანონიერად მიიღო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით.

ანუ, პროკურატურის მხრიდან იყო ვარაუდი, რომ შეიძლება, დეკანოზი, გიორგი მამალაძის ადვოკატებს გაევრცელებინათ ეს მასალები?

- ჰო, ადვოკატებს გაევრცელებინათ, ან რაღაც. ეს გამოძიების პრეროგატივაა და გამოძიება თვითონ დაკითხავს ყველა იმ პირს, ვინც ამ საქმეში იყო. ჩვენ, ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ.

ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ჩვენ საეთერო გამოსვლებში დეტალურად ვაცნობდით საზოგადოებას, თუ რასთან გვაქვს საქმე და ამ შემთხვევაში ჟურნალისტებმა რა გზით, რა მოიძიეს და რა წყარო აქვთ, წარმოდგენა არ მაქვს.

როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმის აღძვრა?

- მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად არის მცდელობა, რომ ადვოკატების დაკითხვის პროცედურა გადავიდეს ჟურნალისტებზე, რაშიც საშიშოებას ხედავენ, - სადაც ადვოკატებს დაკითხავენ ჩვენც არ მოგვაგნონო, მაგრამ მე მაგაში საშიშოებას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ მათ წყაროს გამხელის უფლება აქვთ და დანარჩენს ვერაფერს ვერ გეტყვით. ყოველთვის გამიხარდება რაც უფრო მეტს გაიგებს საზოგადოება, თუმცა რა გზით და როგორ ეს უკვე ჩემი კომპეტენცია აღარ არის.

თქვენი ვარაუდით, ვის შეიძლება გაემჟღავნებინა გამოძიების მასალები, ბატონო მიხეილ?

- დეტალურად ვის? რატომ? რისთვის? - არ ვიცი. არის რაღაც გარკვეული ადამიანები ვინც ინდივიდუალურად წყვეტენ ყველაფერს. ასე რომ, შევხედოთ, მაგალითად, სასამართლო პროცესი დახურული იყო და მიუხედავად ჩვენი ბრძოლისა, რომ საჯარო ყოფილიყო, ვერ გავხსენით, მაგრამ მერე გასაჯაროება პირველად პროკურატურამ განახორციელა 8 მარტს.

პირდაპირ ვერ გეტყვით, ვის უნდა აწყობდეს, მაგრამ ყველა წესიერად მოაზროვნე ადამიანს უნდა უნდოდეს, რომ საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა აბსურდულ ბრალდებასთან და განაჩენთან გვაქვს საქმე. არ არის ეს ჩემი კომპეტენცია და გამოძიებას არ ვაწარმოებ, მაგრამ მე გეუბნებით, როგორც რიგითი მოქალაქე, რომ არ ვიყო „ციანიდის საქმეში“ ჩართული და ზოგადად ვიცნობდე ამ ინფორმაციას, ყოველთვის მექნება კითხვის ნიშნები ამ საქმესთან დაკავშირებით და ყოველთვის კმაყოფილი დავრჩები, რომ ამ კითხვის ნიშნებს პასუხი გაეცეს.

ჟურნალისტების წყაროს წარმომავლობაზე რა შეგიძლიათ თქვათ?

- ჟურნალისტების წყაროს წარმომავლობა ჩემთვის უცნობია და მაგაზე ჩემგან პასუხს ვერასოდეს მიიღებთ. საიდან? როგორ? - წარმოდგენა არ მაქვს.