„დემოგრაფიული პროცესების შესწავლისთვის თანხის გამოყოფაზე ყურს არავინ იბერტყავს“

„დემოგრაფიული პროცესების შესწავლისთვის თანხის გამოყოფაზე ყურს არავინ იბერტყავს“

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში, წინა წელთან შედარებით, 2016 წელს 2 680 ბავშვით ნაკლები დაიბადა, რომლთა რაოდენობა, მომავლ წლებში, შესაძლოა, უფრო შემცირდეს. გასული წლების სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე (1990 წელს ქვეყანაში 92 815 ბავშვი დაიბადა; 1995 წ. - 56 341; 2000 წ.- 48 800; 2005 წ.- 46 512; 2006 წ.- 47 795; 2007 წ.- 49 287; 2008 წელს - 56 565; 2009 წ.- 63 377; 2010 წ.- 62 585; 2011 წ.- 58 014; 2012 წ.- 57 031; 2013 წ. - 57 878; 2014 წ.- 60 635 და 2015 წ.- 59 249, ხოლო 2016 წ.- 56 569) ექსპერტი დემოგრაფიულ საკითხებში, ავთო სულაბერიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ აუცილებელია პრობლემის შესწავლა და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება.

For.ge ავთო სულაბერიძეს ესაუბრა.

სანამ უშუალოდ დღევანდელ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ვისაუბრებთ, მოდით მივყვეთ სტატისტიკას და შევაფასოთ 90-იანი წლები, რადგან ერთი მხრივ სწორედ ეს წლები განაპირობებს შობადობის დღევანდელ დაბალ მაჩვენებელს.

- დიახ, სწორედ 90-იან წლებში იყო შობადობის დაბალი მაჩვენებელი, რაც განაპირობა ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და სოციალურმა ვითარებამ ქვეყანაში. ამას დაემატა ქალთა შობადობის 20-30%-ით შემცირება, ანუ ვაჟებზე ნაკლები ქალები იბადებოდნენ, რამაც უფრო გაამწვავა სიტუაცია, რადგან შემდეგ ამ ქალების ნაწილი მიგრაციაში წავიდა და თავისთავად მოხდა ქორწინების და შობადობის ვადის გადაწევა, რამაც ამ მდგომარეობამდე მოგვიყვანა.

ანუ ნაწილობრივ ქალების და მამაკაცების ქორწინების ასაკის გადავადებამაც განაპირობა შონადობის შემცირება?

- რა თქმა უნდა. ადრე ქალები, თუ 23 წლის, ხოლო მამაკაცები 27 წლისანები ქორწინდებოდნენ, შეიცვალა ეს მაჩვენებელი და ქალები 27, მამაკაცები კი 31 წლისანები ქორწინდებიან. ასევე მოხდა პირველი შვილის გადავადება 27-39 წლამდე და 35 წლის ქალი, რომ გათხოვდება, ის სამ შვილს აღარ გააჩენს, რაც, რა თქმა უნდა, ამცირებს შობადობის მაჩვენებელს.

რა მიზეზით შეიძლება აიხსნას ქორწინების ვადების გადაწევა?

- ერთ-ერთი შეიძლება იყოს განათლების მიღების სურვილი. ჩვენთან 12-წლიანი სწავლებაა და 18 წლის ბავშვი სკოლის დამთავრების შემდეგ კიდევ 24-25 წლამდე უნდება ბაკალავრიატის და მაგისტრატურის დამთვარებას, თუ დოქტურანტურა არ გააგრძელა, შემდეგ სჭირდება სამსახური, ბინის შეძენა და ა.შ. რასაც დაახლოებით, 5-6 წელი მაინც უნდება და ამასობაში 30 წელს გადააბიჯებს. აქედან გამომდინარე ქორწინდებიან 35-დან 40 წლის ასაკამდე და ბევრი შვილის ყოლის ალბათობაც იკლებს.

შობადობაზე ასევე მოქმედებს ეკონომიკური ფაქტორი, დაუსაქმებლობა და ეკონომიკის დაბალი ტემპები, რომელიც ვერ უზრუნველყოფს უმუშევრობის დაძლევას.

რა ღონისძიებებია საჭირო სახელმწიფოს მხრიდან, რომ მომავალში დემოგრაფიულ კატასტროფამდე არ მივიდეთ?

- დიდი პრობლემაა მოსახლეობის კონცენტრაცია თბილისში, რაც ძალიან ცუდ პირობებში მიმდინარეობს. ჩვენ ნელ-ნელა დავკარგავთ მცირე და საშუალო ქალაქებს, ეს კი იმან გამოიწვია, რომ თბილისშია თავმოყრილი მსხვილი ბიზნესი და ყველაფერი. ჩვენ თუ არ გავიტანეთ ეს ბიზნესი მცირე და საშუალო ქალაქებში და იქ ახალგაზრდობა არ იქნება დასაქმებული უფრო შემცირდება შობადობა. პოლიტიკა უნდა წარიმართოს ოჯახისკენ, უნდა გაძლიერდეს სოფლის მეურნეობა და მცირე და საშუალო რეგიონების განვითარება უნდა მოხდეს. მაგალითად: რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, თიანეთში ძალიან დიდი ხანია რაც დეპოპულაციის ნიშნებია და ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით მაგაზე, მაგრამ რეაგირება სახემწიფოს მხრიდან არ მოყოლია. თუ ასე გაგრძელდა ძალიან ცუდ შედეგებამდე მივალთ.

მოგეხსენებათ, 2014 წლიდან სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 6 რეგიონი, (გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო/ზემო სვანეთი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი. 2017 წლიდან კი სამცხე-ჯავახეთი), რომლის ფარგლებშიც ოჯახები, ბავშვზე ფულადი სახით 150-200 ლარს დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან. თუმცა, ალბათ, ეს მიზერული თანხაა იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს.

- რა თქმა უნდა ეს მიზერულია, მაგრამ აუცილებელი იყო ეგ დახმარება, სხვა შემთხვევაში უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდით, თუმცა იმისათვის, რომ ბავშვზე 150-200 ლარი მიიღოს, იქ არ წავა ახალგაზრდობა, რომ წავიდეს, სად უნდა იმუშაოს? სოფლის მეურნეობაში იმდენი ინვესტიცია არ არის ჩადებული, რომ სოფლის მეორნეობისგან ბიზნესი აწარმოოს, ამიტომ ახალგაზრდობას გული უტყდება და მოდის. სახელმწიფომ 2014 წლიდან დახმარება დაიწყო, მაგრამ დღემდე ამ რეგიონებში შობადობის დაბალი მაჩვენებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.

ერთადერთი დემოგრაფიული ფანჯარა შობადობაში, გამოჩნდა მაშინ, როდესაც პატრიარქმა, მოუწოდა საზოგადოებას ჰყოლოდათ მესამე და მომდევნო შვილი და მათ ყოველგვარი მატერიალური დახმარების გარეშე გააჩინეს მესამე შვილი. ეს უკვე სულიერი მდგომარეობაა, მაგრამ შევარდნაძეს, ივანიშვილის, ან სააკაშვილს, რომ მოეწოდებინა ნამდვილად არ წაყვებოდა ხალხი. ამ შემთხვევაში პატრიარქი შევიდა ოჯახში, როგორც ნათლია და ეს სტიმული იყო მშობლებისთვის, რამაც გაზარდა შობადობა.

სწორედ პატრიარქის მოწოდების ხარჯზე იყო 2007 წელს დემოგრაფიული ამოსუნთქვა, თუმცა დღესდღეობით პირველი და მეორე ბავშვის პოზიციები შემცირდა და სწორედ ამიტომაა აუცილებელი სახელმწიფოს მხრიდან დაუყოვნებელი მოქმედება.

პატრიარქის მოწოდება ნამდვილად სტიმული იყო, რადგან დღესდღეობით პატრიარქის ნათლულთა რაოდენობა 28 ათასს აღწევს, თუმცა რამდენია ნორმა 1 ქალისთვის ბავშვის შობადობის თვალსაზრისით?

- 100 ქალი როდესაც შობს 210 ბავშვს, ეს არის ნორმა. ამის ქვემოთ, თუ წავიდა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დეპოპულაცია იწყება, მით უმეტეს მაღალი მოკვდავობის პირობებში უფრო გაუარესდება დემოგრაფიული პროცესები და განსაკუთრებით ეს მოსალოდნელია 2030 წლისთვის, ანუ 1000 კაცზე 6 -ით მეტი იქნება გარდაცვლილი, ვიდრე დაბადებული და ეს ძალიან რთული გამოსასწორებელი იქნება.

პირველ რიგში, ეს გამოიწვევს დემოგრაფიული უსაფრთხოების დარღვევას, ანუ საშიშროებას ერის გამრავლების საკითხებში და მეორე მხრივ ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას, რადგან ბიუჯეტიდან დაბერებულ მოსახლეობაზე წავა თანხები.

არჩევნების პერიოდში ხშირია მოწოდებები „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ძლიერი რეგიონი, ძლიერი საქართველო“ და ა.შ. არავის უთქვამს - „ძლიერი ოჯახი, ძლიერი საქართველო“.

90-იან წლებში ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა იყო, კრიზისს განიცდიდა სახელმწიფო, იყო უმუშევრობა და ოჯახებიც კრიზისის მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ ოჯახებმა დაძლიეს კრიზისი და სახელმწიფომ ვერ დაძლია. ასე რომ, ოჯახს რომ შეუწყონ ხელი სიღარიბის და უმუშევრობის კუთხით, ის უფრო გაძლიერდება, უფრო ნაკლებს მოითხოვს და სახელმწიფო და სოციალური დაცვის მოთხოვნილება უფრო ნაკლები იქნება. ყველაფერი ჯაჭვით არის გადამბული და ერთმანეთს მიყვება.

როგორ ფქრობთ სახელმწიფოს აქვს რესურსი რეგიონების განვითარების, სამუშაო ადგილების შექმნის და .შ. იმის გაკეთების, რაც ხელს შუწყობს დემოგრაფიული მდგომარეობის აღმავლობას?

- რა თქმა უნდა, აქვს, თუ ის შექმნის სწორ საკანონმდებლო ბაზას ოჯახის მიმართ. ყველაზე კარგი ინვესტორი საკუთარი მოსახლეობაა. ამდენი ინვესტიცია რომ მოდის, მიდის ერთეულების ჯიბეში და ეს ინვესტიცია მიზამიმართულად, თუ წავა ოჯახზე, ოჯახი თვითონ განაგებს მას.

სწორედ მატერიალური დაინეტერსებაა ქვეყნიდან გასული უამრავი ადამიანის მიზეზიც, რაც იწვევს მიგრაციას და მიგრაციის პროცესი თავის მხრივ დემოგრაფიულ დაღმავლობას იწვევს.

დღეისათვის მილიონ რვაასი ათასი ადამიანია გასული საქართველოდან და წარმოიდგინეთ, როგორ იმოქმედებს ეს შობადობის პოტენციებზე. ჩვენ ვწერდით, რომ 2018 წლიდან 2020 წლებში მოსალოდნელია დეპოპულაცია, რაც ნიშნავს, რომ შობადობას გადააჭარბებს გარდაცვლილთა რაოდენობა, მოკვდაობა. ერთ-ერთი პირველი პრობლემაა მოსახლეობის დაბერების ტემპი, რომელიც მიგრაციის და შობადობის შედეგად ხორციელდება. დღეისათვის უკვე პენსიონერთა რაოდენობა 14%-ია, როდესაც ნორმა არის 7%. 14% არის 70 წელს გადაცილებული ადამიანების წილი მოსახლეობის რაოდენობაში, საიდანაც იწყება დემოგრაფიული დაბერება.

„თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ 2050 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობა შესაძლოა 2 985 000 გახდეს. თქვენ როგორ პროგნოზს გააკეთებთ ბანოტო ავთო?

- არავინ იცის რამდენი გახდება, თუმცა 2050 წლის პროგნოზი, რომ გავაკეთო 2 მილიონზე ჩამოვდივართ, განახევრდება, მაგრამ შეიძლება 5-10 წელიწადში განვითარდეს ქვეყანა, შემოვიდეს ინვესტიციები, დაბრუნდეს მიგრაციაში წასული ხალხი და თუ ისინი დავაბრუნეთ, არანაირი საშიშროება აღარ იქნება. ოთხასი ათასამდეც დავედით, მაგრამ გადავრჩით.

ახალგაზრდობა სასწავლებლად, რომ მიდის და განათლებას იღებს კარგია, ასევე მიგრანტები, ვინც სამუშაოდ მიდის ქვეყნიდან, მაგრამ სახელმწიფომ აქ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ ქვეყნიდან წასულები დაბრუდნენ.

„2050 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 9,2 მილიარდს მიაღწევს და მისი ზრდის 99% ღარიბი ქვეყნების ხარჯზე მოხდება“, - ამას პროგნოზირებენ ექსპერტები. ჩვენთან როგორი მდგომარეობაა, რომ შეაფასოთ სხვა ქვეყნების მაგალითზე?

- ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია, მაგალითად გერმანიაში თურქები ბატონობენ, საფრანგეთმა არაბები შეიყვანა და დღეს იმკის მოსავალს - შეინარჩუნა შობადობის მაღალი დონე, მაგრამ სხვა ეროვნებების ხარჯზე.

საქართველოში სიტუაციას ეროვნების კუთხით თუ განვიხილავთ, ჩვენთან 85% ქართველია, ანუ ჯერ არა გვაქვს საშიშროება, მაგრამ ხვალ რომ ინვესტიციები ჩაიდება და უკვე მოდიან კიდევაც ინდოეთიან, არაბეთიდან, აფრიკის ქვეყნებიდან სასწავლებლად, ნელ-ნელა შეიმჩნევა მიგრაციის პროცესი ჩვენთანაც.

პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი წინააღმდეგები არიან მიგრანტების მიღების იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ნაციის უსაფროებაზე მოქმედებს. ეს პრობლემა სწორი პოლიტიკით უნდა ავიცილოთ თავიდან, რასაც მუშაობა უნდა.

მილიონი დემოგრაფიული საზოგადოება შექმნეს სპეკულანტობით და დემოგრაფიით, რომელთა წამოყენებულ წინადადებებს უკუქმედება უფრო გააჩნია დემოგრაფიულ პროცესებზე, ვიდრე დადებითი. დემოგრაფიული პროცესები უნდა იქნას შესწავლილი და გამოკვლეული, რაზეც ჩვენ დიდი ხანია თანხის გამოყოფას ვითხოვთ, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავს.