„ნაციონალები ქვისა და ტყვიის სროლით არჩევნებს ვერ მოიგებენ“

„ნაციონალები ქვისა და ტყვიის სროლით არჩევნებს ვერ მოიგებენ“

სოფელ ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნების“ შტაბის წევრებზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 4 დაჭრილიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. ექიმები ვერ აკონკრეტებენ, ემუქრება თუ არა მათ სიცოცხლეს საფრთხე. საავადმყოფოსთან იმყოფებიან დაჭრილების ახლობ, ლებიც. ისინი კომენტარისგან თავს იკავებენ.

მარნეულის მცხოვრებლების ნაწილი „ქართული ოცნების“ შტაბში მომხდარი შემთხვევას ბიზნეს დაპირისპირებას უკავშირებენ. ადგილობრივთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ საკრებულოს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ჯეიხუნ ჩოვდაროვს გარკვეული ბიზნესები აქვს. მათი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შტაბზე თავდასხმა, სავარაუდოდ, ორმა პირმა განახორციელა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, თავდამსხმელები „კალაშნიკოვის“ ტიპის იარაღით იყვნენ შეიარაღებულები. რაც შეეხება ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს, ის ამ დროისთვის დაკეტილია. ადგილზე აღარ იმყოფებიან სამართალდამცველები, თუმცა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული შტაბის გვერდით მდგარი კარავი, სადაც თავდასხმის დროს შტაბის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ამ ეტაპზე პოლიტიკურ ანგარისწორებას გამორიცხავს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომლის განცხადებით, არჩევნებთან და პოლიტიკასთან დაკავშირების გარეშე უნდა დავაკვირდეთ ამ ამბავს და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. იუსტიციის მინისტრმა სხვა რეგიონებზეც ისაუბრა, სადაც არჩევნების დღეს დაძაბულობაა მოსალოდნელი. მისი თქმით, შესაბამისი სტრუქტურები ინფორმირებული არიან და სრულად გააკონტროლებენ სიტუაციას, რათა ყოველგვარი დაძაბულობა თავიდან აიცილონ.

„აუცილებელია, ყველამ გავითავისოთ, რომ, ამ ეტაპზე, არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება რაიმე ვერსიებზე საუბარი, რადგან მიმდინარეობს გამოძიება. ამ საკითხის ვერავითარი პოლიტიზირება ვერ მოხდება მარტო იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთ დაჭრილ პირს კანდიდატის სტატუსი აქვს.

რაც შეეხება ქვემო ქართლსა და იმ რეგიონებს, სადაც შეიძლება იყოს გარკვეული დაძაბულობის ნიშნები, რა თქმა უნდა, იქ როგორც ყველა წინა არჩევნებზე, შესაბამისი სტრუქტურები ფლობენ ინფორმაციას და აქვთ პრევენციული გეგმა იმისათვის, რომ ამომრჩეველმა მისთვის სასურველ პარტიასა და კანდიდატს ხვალ დილიდან ხმა მისცეს მშვიდ გარემოში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შიდა დაპირისპირებას გამორიცხავს „ქართული ოცნების“ მარნეულის საკრებულოს სიის პირველი ნომერი ამირან გიორგაძე, რომელიც ამ ეტაპზე მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მომხდარი პარტიის შიდა დაპირისპირებას არ უკავშირდება.

„გამოძიება მიმდინარეობს და გასცემს საბოლოო პასუხს, მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ჩვენ „ქართული ოცნება“ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მშვიდობიან პერიოდში ჩავატაროთ არჩევნები და დანარჩენს გამოძიება გასცემს პასუხს. გამორიცხულია შიდაპარტიული დაპირისპირება, ეს არის გამორიცხული და აბსოლუტური სისულელე“, - განაცხადა ამირან გიორგაძემ.

შიდაპარტიულ ან ბიზნესთან დაკავშირებულ დაპირისპირებაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის მერობის კანდიდატი აზერ სულეიმანოვი, რომლის განცხადებით, ყველა ინფორმაცია, რაც აქვს მხოლოდ ჭორის დონეზეა გავრცელებული. ამის მიუხედავად ამტკიცებს, რომ აღნიშნული თავდასხმა პოლიტიკურ მოტივს არ უნდა უკავშირდებოდეს.

„90-იანი წლები დაბრუნდა მარნეულში, ხალხი ავტომატით დარბის, არაფერს ერიდებიან. ხდება ჩაცხრილვა და ასეთი კრიმინალური ფაქტები. მარნეული ერთგვარად ავღანეთს დაემსგავსა იმით, რომ ყველა არჩევნების წინ, ან არჩევნებზე რაღაც უნდა მოხდეს. რაც ინფორმაციები მაქვს, ყველაფერი მაქვს ჭორის დონეზე, თუმცა პოლიტიკურ მოტივს უფრო მეტად გამოვრიცხავ“, - აცხადებს აზერ სულეიმანოვი.

„ქართული ოცნების“ შტაბში მომხდარ ფაქტს შიდაპარტიულ დაპირისპირებას უკავშირებს „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი. როგორც იმამკულიევი აცხადებს, მარნეულში სულ რაღაც ორი თვის წინ შეიცვალა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, რამაც პარტიაში გამოიწვია დაპირისპირება.

„თავდაპირველად „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იყო ამირან გიორგაძე, თუმცა ორი თვის წინ ჩაანაცვლეს თემურ აბაზოვით. მარნეულში „ქართული ოცნება“ სამად არის გაყოფილი, ერთი არის გიორგაძის მხარე, მეორე - აბაზოვის, მესამე კი დეპუტატების, რომლებსაც ნდობა უკვე დაკარგული აქვს მოსახლეობაში.

ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს და რა ჭორებიც დადის, ის არის რომ მერობის კანდიდატის შეცვლამ გამოიწვია დაპირისპირება ამ სამ ფრთას შორის. პერიოდულად, გვაქვს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ შტაბში ხშირად არის კამათი, სიტყვიერი დაპირისპირება და ა.შ. ჩვენ როგორც ვიცით, დაპირისპირებული მხარეები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისშიც იმყოფებოდნენ“, - აღნიშნა აჰმედ იმამკულიევმა.

„ქართული ოცნების“ წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. თუმცა მისი თქმით, ამ ეტაპზე პოლიტიკურთან დაკავშირებული ვერსია გამოკვეთილი არ არის.

„გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს, ფაქტი ძალიან ცუდია, მაგრამ აუცილებელია გაეცეს კითხვაზე პასუხი, დაკავშირებულია თუ არა მომხდარი არჩევნებთან, რადგან ასეთი ვერსია ჯერჯერობით დაკავშირებული არ არის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატის ზაზა ხუციშვილი ფიქრობს, რომ ის, რაც მარნეულში მოხდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას ჰგავს. ხუციშვილის თქმით, პასუხისმგებლობა მშვიდ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, მმართველ გუნდს ეკისრება და სწორედ ამიტომ ცდილობენ წინასაარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენებას.

„გუშინ მომხდარ ინციდენტზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, გავიხსენოთ სწორედ მარნეული, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, როცა იყო ქვების სროლა. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალა არ ისვენებს, გაიხსენეთ კორცხელი, იგივე, - რაც უკრაინაში ხდება, ასეთი ინციდენტების დროს ერთი მხარე ყოველთვის არის „ნაციონალური მოძრაობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა ხუციშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ სამოქმედო გეგმა, რომ პროცესების დესტაბილიზაციაა, ამის შესახებ საუბრობენ ანალიტიკოსები, რომელთა შეფასებით, საყურადღებოა ისიც, რომ ოპოზიციის ლექსიკონში გაჩნდა ფრაზა - „წინასარევოლუციო ვითარება“, მაშინ როდესაც მათივე თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მარნეულის ინციდენტი არის გაგრძელება იმისა, რასაც ჰქვია რევოლუციური ფონის შექმნის მცდელობა ქვეყანაში.

„ხელისუფლების ვალდებულება არის დასაჯოს დამნაშავე და დაეხმაროს დაზარალებულებს. რაც შეეხება ინციდენტების თავიდან აცილებას, პრევენცია ვერც ერთ სახელმწიფოში ვერ ხდება. აგერ ტერაქტების უამრავი რაოდენობა გვაქვს. ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ პროცესები წავა ძალადობისკენ. ვფიქრობ, რომ იქნება ოპერატიულობა და არავის არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ უმართავი პროცესები შექმნას ქვეყანაში.

ის, რაც მმართველი პარტიის შტაბ-ბინაზე მოხდა, ეგ კიდევ ცალკე მსჯელობის საგანია. სულ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ხელისუფლებამ არ უნდა დაარღვიოს კანონი და ამ დროს ოპოზიცია უშვებს ძალადობას. ასე რომ, კანონის დარღვევიდან დაზღვეული არავინ არ არის. თითის გაშვერვა ხელისუფლებისკენ, ყოველთვის გამართლებული რომ არ არის, ეს ამ ფაქტმაც დაადასტურა“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მმართველი პარტიის შტაბ-ბინაზე თავდასხმა საკმაოდ ცუდი ფონია წინასაარჩევნოდ. ზარდიაშვილი იზიარებს შს მინისტრის განცხადებას და ამბობს, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც მიუღებელია პროცესების გამწვავება.

„გამოძიებას უნდა დაველოდოთ. პოლიტიკური ბრალდებები არც ერთი მხრიდან არ იქნება სწორი. ეს მხოლოდ დაძაბავს სიტუაციას. ძალიან ცუდია, რომ მარნეულში, სადაც ეთნიკურად არც თუ ისე კარგად ინტეგრირებული მოქალაქეები გვყავს, ასეთი მწვავე დაძაბულობის კერა გაჩნდა. ქვეყნის მასშტაბით საშიში ვითრების შექმნას გამოვრიცხავ. სამწუხაროდ, ეს პროცესი ჰგავს ნაციონალების ხელწერას. ცდილობენ, რომ ვითარება დაძაბონ, რადგან სხვა შესაძლებლობა არ აქვთ. წყალი აამღვრიონ და მერე თევზი დაიჭირონ, მაგრამ ამას ვერ მოახერხებენ, გამორიცხულია. 2003 წლის არჩევნებიდან დაწყებული ასე იქცევიან, მაგრამ ვერ მოახერხებენ ვითარების დაძაბვას ქვეყანაში, რადგან ასეთი განწყობა არ არის საზოგადოებაში. ნაციონალები ქვისა და ტყვიის სროლით არჩევნებს ვერ მოიგებენ“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.