უცხოელ ტურისტს გიდი საკუთარი ქვეყნიდან რომ მოჰყვება და უცხოური კომპანიები ქართული ტურისტული კომპანიების გვერდის ავლით რომ საქმიანობენ, ამას გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ქეთევან მელაძე დაუშვებლად მიიჩნევს.
მისივე თქმით, მალე უცხოური ტურისტული კომპანიებისთვის შეზღუდვები დაწესდება და ისინი ტურისტს ქართველი გიდის გარეშე ვერ შემოიყვანენ. უცხოელი გიდებისთვის დაწესებულ ამ შეზღუდვას ტურისტული სფეროს სპეციალისტები განსხვავებულად აღიქვამენ. ერთნი მიიჩნევენ, რომ ასეთი აკრძალვები საბჭოეთში იყო გავრცელებული, მეორენი კი ამგვარ რეგულაციებს გამართლებას უძებნიან.
საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი For.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ჩვენ ვართ გახსნილი ქვეყანა და შეიძლება საქართველოში შემოვიდეს ნებისმიერი გიდი და ტურ-ოპერატორი, ვისი საქმიანობაც დარეგისტრირებული იქნება და, ვინც გადასახადს გადაიხდის.
„სხვა ქვეყნის მოქალაქე იქნება რომელიმე გიდი, თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარია, გადასახადი გადაიხადოს და ადგილობრივი კომპანიები, ადგილობრივი გიდები არ აღმოჩნდნენ არაკონკურენტუნარიან გარემოში. ახლა აპირებენ, რომ უცხოელ გიდებსა და ტურ-ოპერატორებს ლიცენზირება დაუწესონ, თითქოსდა, ლიცენზირებით მათ ხელი შეეშლებათ, საქმიანობა აწარმოონ საქართველოში. ეს დიდი შეცდომაა, რადგან, გარწმუნებთ, უცხოელები ჩვენზე ადრე აიღებენ ლიცენზიებს, უცხოური ტურ-ოპერატორები გაგვასწრებენ კიდეც და შეზღუდვის დაწესება ეფექტური არ იქნება. თანაც, ვინ უნდა გასცეს ლიცენზია? თუ სახელმწიფომ უნდა გასცეს, ეს დიდი შეცდომაა, რადგან სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს კერძო სექტორის საქმიანობაში. უბრალო მაგალითს გეტყვით - ამდენი წელია, სახელმწიფოს ვერ მოუგვარებია ავტოსადგურების პრობლემა, სადაც ჩამოდიან უცხოელები და, ასევე, შიდა ტურისტები. დიდუბის ავტოსადგურში დღემდე მე-20 საუკუნის 90-იანი წლებია. ამიტომ, სანამ გიდების ლიცენზირებას დაიწყებენ, ჯერ ტურიზმის ინფრასტრუქტურა მოაგვარონ“, - აღნიშნა ია თაბაგარმა და ქართველი გიდების კომპეტენციასაც შეეხო.
მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში საჭიროა მეტი განათლების შემოტანა და ტურიზმი ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. თუმცა ქვეყანაში გვყავს უამრავი სუპერგიდი, ასევე, არიან საშუალო და დაბალი დონის გიდებიც, რომელთა მომსახურებასაც ბაზარი თვითონვე არეგულირებს. როცა ადამიანს საკუთარი ტურისტული კომპანიისთვის ესაჭიროება გიდი, მან ძალიან კარგად იცის, ვის მიმართოს, ვის გააჩნია კარგი რეპუტაცია და ვინ ფლობს უცხო ენებს. თუმცა არიან ისეთნიც, რომლებსაც სურთ, ქუჩაში აიყვანონ გიდი.
„კი ბატონო, აიყვანონ ლესელიძის ქუჩიდან, „ბუდკები“ რომ დგას, ოღონდ გადასახადი გადაიხადოს იმ გიდმა; აბანოთუბანშიც არის ასეთი ადგილი, სადაც ბორბლებზე დგას ჯიხური და იქიდანაც გაუგებარ ტურებს აწყობს უცოდინარი ხალხი. ასეთებს სახელმწიფომ უნდა დაუწესოს რეგულაციები, ჰკითხოს, უბრალოდ, არიან თუ არა დარეგისტრირებულნი?!“
რაც შეეხება მძღოლებს, რომლებიც გიდობის ფუნქციას ითავსებენ, ია თაბაგარი ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ის ამბობს, რომ ადამიანი შეიძლება იყოს გიდი, მაგრამ მძღოლობა შეითავსოს და პირიქით. თუმცა ნებისმიერი ტურისტული კომპანია, რომელსაც კონტრაქტით ჰყავს აყვანილი რომელიმე მძღოლი, ცდილობს, მისი მომსახურება ხარისხიანი იყოს. ყველა მათგანს სჭირდება მძღოლი, რომელიც უსაფრთხოდ მართავს მანქანას და წესიერი ადამიანია. არ შეიძლება, თუშეთში, სადაც ურთულესი გზებია, გაუშვა ქუჩიდან აყვანილი მძღოლი, რომელმაც არც ის იცის, სად მიდის და არც გამოცდილება გააჩნია. როგორც წესი, ამას ტურისტული კომპანიები არ აკეთებენ, რადგან იციან, ეს რით შეიძლება დამთავრდეს.
ია თაბაგარის თქმით, ჩვენი უმთავრესი პრობლემა ისიცაა, რომ ტურიზმი გავიდა ქუჩებში. ამიტომ სახელმწიფომ უნდა მიხედოს იმ ადამიანებს, ვინც რეგისტრაციის, გადასახადების გარეშე აწარმოებს ტურისტულ საქმიანობას. პირველ რიგში, ეს უნდა მოგვარდეს, თორემ ლიცენზირებაში არ არის გამოსავალი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქართველი გიდების კომპეტენციის ამაღლება, რაც, პირველ რიგში, განათლებით უნდა გადავწყვიტოთ და არა -სერთიფიცირებით.
For.ge-სთან საუბრისას მაია სიდამონიძე აცხადებს, რომ სერთიფიცირებას თუ შემოვიღებთ, ეს ქართველ გიდებზეც აისახება და აღმოვაჩენთ, რომ ბევრი მათგანი კომპეტენტური არ არის. თუმცა ინტერნეტის ეპოქაში სერთიფიცირებულთა გაკონტროლება ადვილი არ იქნება.
„როგორ უნდა გაკონტროლდეს, უცხოელი გიდები საქართველოში მომავალშიც გააგრძელებენ მოღვაწეობას, თუ არ გააგრძელებენ? ამ ადამიანებს საზღვარზე დახვდებიან?! ეს არაფრის მომცემია. მათგან ბევრს შეუძლია თქვას, მე ტურისტულ ჯგუფს მოვყევი და სულაც არ ვარ გიდი. მეორე მხრივ, პრობლემაა არასერთიფიცირებულ ქართველ გიდებშიც. ძალიან ბევრი მძღოლი დღეს გიდობს. როგორ დაუმტკიცებენ, რომ ის მძღოლობასთან ერთად გიდობასაც ითავსებს?! ის ხომ იტყვის, მე არ ვარ გიდი, მე ვარ მძღოლი და სატრანსპორტო მომსახურებას უზრუნველვყოფ. ცხადია, ასეთი მძღოლი არ იტყვის, რომ ჩუმად გიდობისთვისაც დამატებით თანხას იღებს. ასე რომ, გიდების სერთიფიცირება არანაირ შედეგს არ მოიტანს. აქ იქნება ზედმეტი ბიუროკრატიული პროცესები და ამით შეიზღუდება უცხოური თუ ქართული ბიზნესი საქართველოში. გარდა ამისა, ლიცენზიები და სერთიფიკატები კორუფციის წარმომშობ ფაქტორებად იქცევა ხოლმე“, - აცხადებს მაია სიდამონიძე, რომლის თქმითაც, ზოგჯერ უცხოელ ტურისტებს უცხოელი გიდი იმიტომ მოჰყვებათ, რომ ქართველ გიდებს ენის პრობლემები აქვთ.
უფრო მეტიც, ბევრი უცხოური კომპანია აღიარებს, რომ ადგილობრივი კომპანიები და პარტიონრები საქართველოში მაღალი ხარისხის მომსახურებას ვერ უწევენ. ამიტომ ისინი იძულებულნი არიან, საკუთარი ტრანსპორტი იყიდონ, დაიქირავონ, საკუთარი გიდი ჩამოიყვანონ, რაც გაცილებით ძვირი უჯდებათ. ცხადია, არავის ეხალისება ამხელა ფინანსური ხარჯის გაღება.