1. გაბესკირია გურამ ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/ქ.სოხუმის მერი; 2. ალასანია მამია გიორგის ძე - მინისტრთა საბჭო/სახელმწიფო საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის რეგიონალური კურატორი; 3. შენგელია არშაველი ფილიპეს ძე - მინისტრთა საბჭო/ ჟიული შარტავას მოადგილე და მინისტრთა საბჭოს სამდივნოს წევრი; 4. გეგელაშვილი ვახტანგი ვახტანგის ძე - მინისტრთა საბჭო/მინისტრთა საბჭოს მოადგილე; 5. პაპუაშვილი გივი არჩილის ძე - სოხუმის რკინიგზის სადგური/მებრძოლი; 6. ბერუაშვილი ბადრი - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი (მოადგილე); 7. მაჩაიძე გოჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; 8. ფარცვანია ალექსანდრე დავითის ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის, რაულ ეშბას პირადი დაცვა; 9. თათრიშვილი გოჩა გურამის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; 10. ლიპარტელიანი გენადი ვალიკოს ძე - მებრძოლი; 11. ჯორბენაძე თეიმურაზი ზურაბის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; 12. კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე - მინისტრთა საბჭო/პირადი მცველების „იუპიტერის“ დანაყოფის განყოფილების უფროსი (ჟიული შარტავას დაცვა); 13. სილაგაძე სერიოჟა პლატონის ძე - სოხუმი/ახალი რაიონი/მებრძოლი; 14. სოფრომაძე ბესიკი მამიას ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; 15. გოჩიაშვილი დავითი მიხეილის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; 16. აბსანძე თენგიზი გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვის წევრი, დანაყოფი „იუპიტერი“; 17. ფარცვანია ვახტანგი კონსტანტინეს ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის, რაულ ეშბას პირადი დაცვა; 18. გიგოლაშვილი ომარი ოთარის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; 19. ხახიაშვილი ნოდარი ვლადიმერის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; 20. ჭუჭულაშვილი ნუგზარი როლანდის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; 21. ნადირაძე შალვა მერაბის ძე - მებრძოლი; 22. მირზაშვილი კობა ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფი „იუპიტერის“ წევრი; 23. შარტავა ელგუჯა გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ „იუპიტერის“ წევრი; 24. შალვაშვილი ხვიჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; 25. მოსიძე მარია ვასილის ასული - მშვიდობიანი მოქალაქე.
საქართველოს ხელისუფლებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, 1993 წელს სოხუმში დაღუპული ადამიანების ნეშტები, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ, რამდენიმე დღის წინ ოჯახებს დაუბრუნდა. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულების 25 ქართველი გმირის ნეშთი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გუშინ დილის 11:00 საათიდან დაიწყო. დღეს, 15:00 საათზე, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას გმირულად შეეწირნენ. მთავრობის მეთაურის მიერ პრეზიდენტის წინაშე, ეროვნული გმირის ორდენზე წარდგენილია საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, ხოლო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე წარდგენილნი არიან - არშაველ შენგელია, გივი პაპუაშვილი, ალექსანდრე ფარცვანია, გენური ლიპარტელიანი, მერაბ კვინიკაძე, სერგო სილაგაძე, ვახტანგ ფარცვანია, შალვა ნადირაძე და ელგუჯა შარტავა. პრემიერ-მინისტრის წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნილია.
სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულების ნეშთია დასვენებული დილიდან იმყოფებიან დაღუპული გმირების შვილები, მათ შორის არიან მამია ალასანიას ვაჟი ირაკლი ალასანია, სოხუმის ყოფილი მერის გურამ გაბესკირიას შვილები. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა ლტოლვილთა და განსახლებისმინისტრი სოზარ სუბარი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე. სამების ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია.
როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბედნიერია იმით, რომ მამამისი სხვებთან ერთად დაუბრუნდა თბილისს. მისივე თქმით, ისინი ხალხის, ქვეყნის მიმართ სიყვარულის გამო დარჩნენ სოხუმში.
„ეს 24-წლიანი ჭრილობა დღეს, მართლაც დაიხურა. აქ ყველა გმირია. არიან ავღანელი ვეტერანები, რომლებმაც დაიცვეს სოხუმი და შენობა, აქ არიან მთავრობის წევრები, ვინც არ დატოვეს სოხუმი და იყვნენ ბოლომდე სოხუმის მცველებად. მე ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემი სხვებთან ერთად დაუბრუნდა თბილისს. ისინი ხალხის, ქვეყნის მიმართ სიყვარულის გამო დარჩნენ სოხუმში.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წითელ ჯვარს, მათ, ვინც უდიდესი და ურთულესი საქმე გააკეთა. ასევე სასულიერო, საერო ხელისუფლებას, საზოგადოებას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა და დააფასა მათი გმირობა. მე მგონია, რომ სწორედ, ასეთი ადამიანების მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
სოხუმის ყოფილი მერის, გურამ გაბესკირიას შვილის, ვლადიმერ გაბესკირიას განცხადებით, დღეს არის ის ტკივილიანი დღე, რომელსაც 24 წელი ელოდა.
„დიდი მადლობა იმისთვის, რომ საშუალება მომეცა მივიდე მამის საფლავზე. დღეს არის ის ტკივილიანი დღე, რომელსაც 24 წელი ველოდით. პირველ რიგში, მადლობა უფალს, დიდი მადლობა იმისთვის, რომ საშუალება მომეცა მივიდე მამის საფლავზე. ეს არის დიდი ბედნიერება და ეს არის დიდი ტკივილი, რომელიც უკვე სიხარულში გადავიდა“, - განაცხადა ვლადიმერ გაბესკირიამ.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ და მომავალ თაობებს ეცოდინებათ, სად მივიდნენ, რომ სანთელი დაუნთონ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს.სოზარ სუბარმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც აფხაზეთიდან ცხედრების გადმოსვენების პროცესში იყო ჩართული.
მინისტრის განცხადებით, ეს პროცესი ძალიან დიდი ხნის დაწყებულია, თუმცა ძალიან ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხერხდა ყინულის გატეხვა. მისი თქმით, ამაში ძალიან დიდი როლი ითამაშა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა.
„ძალიან დიდი როლი ითამაშა ორივე მხარის მიდგომამ, რომ ჩვენ, ამ შემთხვევაში, პოლიტიკა გადავდეთ განზე და ვთქვით, რომ ამოვდივართ სუფთა ჰუმანიტარული მიზნებიდან, რადგან დაკარგულები ყველას ყავს, დაკარგულები ყავთ, მშობლებს, შვილებს და ჩვენ უბრალოდ მათი ტკივილი უნდა გავითვალისწინოთ, განზე უნდა გადავდოთ ნებისმიერი პოლიტიკური თემა, რომელიც შეიძლება ამ დროს წამოიწიოს.
განზე უნდა გადავდოთ ისიც, რა ხდებოდა ომის დროს, რათა ომს ყოველთვის ახლავს დანაშაული, ახლავს სისასტიკე და ჩვენ ამ შემთხვევაში ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ ჩვენი დაკარგულების მოძიებაში. დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში მონაწილეობდა, განსაკუთრებით წითელ ჯვარს და აფხაზურ მხარეს, რომელიც გაგებით ეკიდება იმ ტკივილს, რომელიც მშობლებს და თითოეულ ჩვენგანს აქვს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.