დეკანოზის საქმეს ეკლესია ისტორიული გამოცდილების საფუძველზე შეისწავლის

დეკანოზის საქმეს ეკლესია ისტორიული გამოცდილების საფუძველზე შეისწავლის

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს ეკლესია შეისწავლის, რადგან ეკლესიას თავისი სამართალი აქვს. როგორც რუსთაველმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა აღნიშნა, საპატრიარქო სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდა და განაჩენის გამოტანის შემდეგ უკვე ეკლესიის კანონების მიხედვით უნდა განიხილოს ეს საკითხი.      

„ეკლესიას თავისი სჯულის კანონი აქვს, სადაც განხილულია ყველა ეს შემთხვევა, რაც ისტორიულად არის ცნობილი. სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე მოხდება განხილვა. საუბარია მისი (დეკანოზ გიორგის) მღვდელმსახურების გაგრძელების, თუ შეჩერების, ზიარების და სხვა საკითხებზე“, - აღნიშნა სინოდის სხდომიდან გამოსულმა მიტროპოლიტმა იოანემ.

მანვე სასულიერო პირის გასამართლების მეორე მაგალითი მოიყვანა და განმარტა, რომ სინოდის სხდომაზე გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოს მეუფე ექვთიმესთვის მღვდელმსახურების აღდგენის საკითხი განიხილეს. მეუფე ექვთიმეს შესახებ სასამართლომ დაადგინა, რომ ის უდანაშაულო იყო. „იქ ცოტა სხვა სიტუაცია იყო. უბრალოდ, მეუფემ თავის თავზე აიღო... ამიტომ მას აღუდგა მღვდელმსახურება“, - განმარტა მიტროპოლიტმა.

საუბარია გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოს მეუფე ექვთიმე ლეჟავაზე, რომელსაც მღვდელმსახურის უფლება ავტოავარიაში მონაწილეობის ბრალდების გამო შეჩერებული ჰქონდა.   

თვით ის ფაქტი, რომ ეკლესია თავისი სჯულის კანონით განიხილავს დეკანოზ გიორგი მამალაძის შემთხვევას, საეკლესიო სამართლის თვალსაზრისით, ძალზე საინტერესოა. მით უფრო, რომ ისტორიულად ცნობილი გამოცდილების საფუძველზე მოხდება დეკანოზის საქმის შესწავლა. მართალია, არ კონკრეტდება, რომელი ისტორიული სასულიერო პირის პრეცედენტით იხელმძღვანელებს წმინდა სინოდი, მაგრამ, ფაქტია, რომ ეკლესიას მსგავსი საქმეები საქართველოს ძნელბედობის ჟამსაც განუხილავს. ამ კონტექსტში საინტერესოა თეიმურაზ მეორისა და ერეკლეს მეორის თანამედროვის-ანტონ კათალიკოსის საქმე. თუმცა ამთავითვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ საქმეს უფრო პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა და სამართლიანობის ნიშნით არ იყო აღბეჭდილი.

1755 წელს ჩვენმა სამღვდელოებამ ანტონ კათალიკოსი ამხილა. ამავე წელს თეიმურაზ მეფემ მცხეთაში სასულიერო კრება მოიწვია, რომელმაც ანტონი კათალიკოსობიდან გადააყენა. 1756 წელს ჩატარდა მომდევნო საეკლესიო კრება, სადაც შინაპატიმრობაში მყოფმა ანტონმა „აღიარა“ ცთომილება და მხურვალედ „მოინანია“, რადგან პატიმრობაში მყოფს სხვა გზა არ ჰქონდა. ამ კრებაზე ანტონმა მღვდელმსახურების უფლების დაბრუნება და რუსეთში წასვლის ნებართვა ითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. ნაწილობრივ, ანტონის საქართველოდან გაძევება იმით უნდა აიხსნას, რომ თეიმურაზი ანტონში ყოველთვის ტახტის მოცილეს ხედავდა, რადგან ანტონი მუხრანელი ბაგრატიონების, ანუ ქართლის მეფეების შტოს განეკუთვნებოდა, განსხვავებით თეიმურაზისგან, რომელიც კახელ ბაგრატიონთა შტოს ეკუთვნოდა და ქართლის ტახტი ნაკლებად ერგებოდა. ასე რომ, ანტონის საქართველოდან გაძევების მიზეზი ორი სამეფო სახლის დინასტიურ შეუთავსებლობაში უნდა ვეძიოთ და არა -ანტონის „გაკათოლიკებაში“. მით უფრო, რომ ვახუშტის ნაშრომში პირდაპირაა ნათქვამი: „შეუთქვეს კახთ ანტონი კათალიკოზს ფრანგობა მტრობით და განაძეს“. ანტონს რუსეთის სინოდის წინაშეც მოუწია თავის მართლება- „კათოლიკე რომ ვყოფილიყავი, საქართველოდან გაძევების შემდეგ რომში წავიდოდი და არა რუსეთში“. მანვე თეიმურაზ მეორე ტახტის მიმტაცებლად, ხოლო საკუთარი თავი-ქართლის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ  გამოაცხადა.

თუმცა თეიმურაზ მეფის გარდაცვალების შემდეგ ერეკლემ რუსეთში მყოფი ანტონი მოიხმო. 1772-74 წლებში საკათალიკოსო ტახტზე კვლავაც აღზევებული ანტონი საგანგებო ელჩობის მეთაურადაც გაგზავნეს რუსეთში.

ანტონ კათალიკოსის შემთხვევა მოწმობს, რომ საქართველოს ისტორიის მანძილზე წმინდა სინოდსაც უწევდა რთული გადაწყვეტილებების მიღება.  

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს, ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზურისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ საერო სამართლის შემდეგ საეკლესიო სამართლის ჯერიც დადგებოდა. შესაბამისად, ეკლესიას ამ საკითხთან მიმართებით თავისი სიტყვა უნდა ეთქვა. For.ge-სთან საუბარში გიორგი ოთხმეზური ამბობს, რომ საპატრიარქოს აქვს თავისი კანონმდებლობა, ცალკე სამონასტრო ტიპიკონებიც, სამონასტრო წესდებებიც არსებობს, უფრო მეტიც, წინათ ყველა მონასტერს თავისი წესდება ჰქონდა. ამის მიხედვით განიკითხავდნენ სასულიერო პირებს და, თუკი ეჭვი გაჩნდებოდა რამესთან მიმართებით, ყველაფერზე არსებობდა შესაბამისი სასჯელი.

„შეიძლება, პასუხისგება ყოფილიყო მსუბუქი, საშუალო ან მძიმე ფორმის. ყველაზე მძიმე სასჯელად ითვლებოდა მონასტერში მყოფი პირის მონასტრიდან გაძევება. ყოფილა ასეთი შემთხვევები. მაგალითად, ანტონ კათალიკოსი წავიდა საქართველოდან, რადგან აქ მის წინააღმდეგ ძალიან დიდი და სერიოზული დაჯგუფება ამოქმედდა. შემდეგ ჩამოვიდა და ისევ კათალიკოსობა გააგრძელა და კათალიკოსის რანგში მოხდა მისი აღდგენა. გავიხსენოთ ის ფაქტიც, ვახტანგ გორგასალს კბილი რომ ჩაუმტვრია მიქაელ მთავარეპისკოპოსმა. მეფის სისხლის დათხევისთვის, როგორც ჯუანშერი წერს, სასჯელი სიკვდილით დასჯა იყო, მაგრამ მიქაელი კონსტანტინოპოლის პატრიარქთან გაგზავნეს და მან გამოუტანა სასჯელი - სამუდამოდ ერთ მონასტერში გაამწესა“, -აღნიშნა გიორგი ოთხმეზურმა. 

მანვე განმარტა, რომ ძნელია იმის თქმა, გიორგი მამალაძესთან მიმართებით რა განაჩენს გამოიტანს ეკლესია, მაგრამ, ალბათ, მღვდელმსახურების გაგრძელების უფლებას ვერ მისცემენ, რადგან ციხეშია ადამიანი. უფრო მეტიც, რაგინდ დასაბუთებული ან დაუსაბუთებელიც არ უნდა ყოფილიყო საერო სასამართლო პროცესები, ეკლესია საეკლესიო სამართალს მაინც უნდა მიბრუნებოდა, რადგან თავისი ვერდიქტის გამოტანა მართებდა.

თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ  ეკლესიას თავისი სამართალი აქვს და ამ საკითხში ეკლესია დამოუკიდებელია. შესაძლოა, სამოქალაქო და სისხლის სამართალი არ იყოს დარღვეული, მაგრამ ეკლესიურად ეს ცოდვად ითვლებოდეს. მაგალითად, მრუშობა ჩვენი კანონებით არანაირად არ ისჯება, ეკლესიისთვის კი მძიმე ცოდვაა. პირიქითაც შეიძლება მოხდეს და საერო სასამართლომ ვიღაცას სასჯელი მიუსაჯოს, მაგრამ ეკლესიამ ეს სასჯელი არ აღიაროს და  არ გაითვალისწინოს, ანუ არ ჰქონდეს ნდობა ამა თუ იმ განაჩენის მიმართ.

„თუ ადამიანმა სამოქალაქო კანონები დაარღვია, სავარაუდოდ, მან რაღაც ცოდვაც ჩაიდინა, რადგან უსამართლო ქმედება თავისთავად ქრისტიანულადაც ცოდვა იქნება. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ეკლესია თავისუფალია, გაითვალისწინებს თუ არა საერო კანონების დარღვევას. დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან მიმართებით ეკლესიამ გამოაცხადა, ჩვენ ვენდობით გამოძიებას და სასამართლოს, ამიტომ დაველოდოთ გამოძიებასო. მართლაც დაიცადეს. განაჩენი უკვე გამოცხადდა და ახლა თვითონ სასულიერო პირები გადაწყვეტენ, რამდენად სანდოა ეს განაჩენი. შესაძლოა, ეკლესიას ის მტკიცებულებებიც გადაეცა, რაც სასამართლოში იყო წარდგენილი“.