„როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყანა, მზად ვართ, ჩვენი  წვლილი შევიტანოთ შავ ზღვაზე უსაფრთხოებისა და  სტაბილურობის განსამტკიცებლად“

„როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყანა, მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ შავ ზღვაზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად“

რუსეთზე, როგორც მთავარ საფრთხზე ისაუბრეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელსაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, მთავრობის მეთაური და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები დაესწრნენ. საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის შეფასებით, საქართველოს პარტნიორები აფასებენ იმას, რომ საქართველო უსაფრთხოების რთული გამოწვევების წინაშე დგას და წარმატებულად უმკლავდება მათ.

„საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის აშშ-ს, სურვილი აქვს საქართველოს დაეხმაროს. საქართველოს როგორც სტრატეგიული, ასევე პოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა იან კელიმ.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონში. კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარის ლინკოლნ მიტჩელის განცხადებით, იმ საფრთხის, რასაც რუსეთი წარმოადგენს, უფრო მეტი გააზრებაა საჭირო. როგორც მიტჩელიმ აღნიშნა, მთავარი მესიჯი არის ის, რომ უსაფრთხოების გამოწვევები და პრობლემები იგივეა, თუმცა განსხვავებულია იმასთან შედარებით, რაც შარშან იყო.

„იმ საფრთხის, რასაც რუსეთი წარმოადგენს, უფრო მეტი გააზრებაა საჭირო. უფრო მეტი შეშფოთებაა მსოფლიოში არსებულ არასტაბილურობაზე. ჩვენ დღეს ამაზე ვსაუბრობთ. ერთი წლის წინ ამერიკელები დარწმუნებული ვიყავით, რომ პრეზიდენტად ჰილარი კლინტონი გვეყოლებოდა, რომლის საგარეო პოლიტიკა სტაბილური იქნებოდა. თუმცა, ეს არ მოხდა და სულ სხვანაირი პრეზიდენტი გვყავს. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო არასტაბილური ხდება, მათ შორის დასავლეთი, ჩნდება კითხვა - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? რას ნიშნავს ეს ნატო-სთვის? განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში რუსეთი უფრო გათამამდა. ეს არის უსაფრთხოებისთვის რთული გამოწვევა“, - აღნიშნა ლინკონლ მიტჩელმა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ეს გამოწვევები მომდინარეობს ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთის ფედერაციის მხრიდან და რუსეთისგან, როგორც გაერო-ს უსაფრთხოების წევრი ქვეყანისგან, მსგავსი ქმედებები არ უნდა ხორციელდებოდეს.

იორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთმა საქართველო დასაჯა იმ გადაწყვეტილების გამო, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი. „არა მხოლოდ 2008 წლიდან, არამედ სულ დასაწყისიდანვე, 90-იანი წლებიდან რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, საქართველოს ნაბიჯებს გახდეს მართლაც თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპაზე ორიენტირებული ქვეყანა, თავიდანვე სჯიდა იმ კონფლიქტებითა და დაპირისპირებით, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დააზიანა და მას ტერიტორიული მთლიანობა დაუკარგა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ეს ტენდენცია სამწუხაროდ გრძელდება დღესაც, როცა რუსეთის ფედერაცია საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ზრდის როგორც შეიარაღებას, ასევე არღვევს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს, ზღუდავს მათი გადაადგილების თავისუფლებას.

„ზღუდავს ურთიერთობებს საზოგადოებებს შორის და ამას ახორციელებს ფაქტიურად ყოველდღიურად, რადგან სულ ახალ შეზღუდვებს, სულ ახალ გამყოფ ხაზებს აგებს ჩვენს ტერიტორიაზე და ასევე ზღუდავს იმ გადასასვლელ პუნქტებს, რომელიც არსებობს საქართველოს მთავარ ტერიტორიასა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის. ამ ყველაფერს ახორციელებს სახელმწიფო, რომელიც არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი, სახელმწიფო, რომელსაც პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს სწორედ როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის განცხადებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა და რეგიონი დგას, არამედ მთელი მსოფლიო. პრემიერის განცხადებით, პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, რადგან მხოლოდ ამ გზით, მხოლოდ საერთო ძალისხმევით შეგვიძლია უზრუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება.

„მოგეხსენებათ, რამდენად რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და რამდენ რბილ თუ ხისტ გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება, თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა და რეგიონი დგას, არამედ, სამწუხაროდ, ეს საერთო გახდა მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომაც მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენგან კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას საჭიროებს. ამიტომ დღეს, როგორც არასოდეს ჩვენ გვჭირდება სიღრმისეული განხილვა და მსჯელობა, თუ როგორ დავძლიოთ ერთად ეს გამოწვევები“, - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.

როგორც პრემიერი აცხადებს, საქართველო მზად არის საკუთარი წვლილი შევიტანოს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებაში, შავ ზღვაზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად. პრემიერმა საქართველოში თავდაცვის სისტემის გაძლიერებასა და ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

„წარმატებით ვახორციელებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს და ვიყენებთ ყველა არსებულ პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც საჭიროა ნატო-ში გაწევრიანებისთვის. ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიისა და ამასთან, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყანა, მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებაში, შავ ზღვაზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.გარდა ამისა, უსაფრთხოების კონფერენციაზე გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა რუსეთის სამხედრო, უსაფრთხოების, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების

შთანთქმაზე. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დღესაც გრძელდება, რომელიც აისახება ისეთ პროცესებში, როგორიცაა: ოკუპირებული ტერიტორიების შთანთქმა რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეებში, ე.წ. ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებების მეშვეობით და უკანონო რეფერენდუმებით; განგრძობითი მილიტარიზაცია, რომელიც გამოხატულია დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზაციით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ათეულობით გამართული სამხედრო წვრთნით მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში; მაქსიმალური იზოლაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა,

გამოხატული, როგორც ე.წ. გადასასვლელების დაკეტვაში, ასევე, მავთულხლართების და არხების მშენებლობაში საქართველოს ტერიტორიაზე; ეთნიკური დისკრიმინაცია და წმენდა გამოხატული როგორც მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვაში და ეთნიკური ნიშნით ყოველგვარ უფლებლივ დისკრიმინაციაში, ასევე, ქართული სოფლების და დასახლებული პუნქტების კვალის სრული წაშლით, რომელსაც სულ უკანასკნელ დღეებში კიდევ ერთხელ ჰქონდა ადგილი.

„მიუხედავად ამ პროვოკაციული ქმედებებისა, საქართველო რჩება სრულ შესაბამისობაში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან და დგამს დიპლომატიურ ნაბიჯებს, რათა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების უზრუნველყოფა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.