საქართველოს პარლამენტი დღეს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. პარლამენტი ჯერ პლენარულ სხდომაზე განიხილავს პეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციური კანონპროეტქს. მას შემდეგ, რაც პარლამენტი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, უკვე სამი მოსმენით მიღებულ კონსტიტუიურ კანონპროქტზე მოხდება კენჭისყრა.
113 პარლამენტის წევრის მხარდაჭერის შემთხვევაში, ეს უკვე ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია. ვეტოს დაძლევიდან 10 დღის ვადაში, თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს ვეტო დაძლეულ კონსტიტუციას, ასეთ შემთხვევაში, მას ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევა ძალაში.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი ხვალ საბოლოოდ მიიღებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომლითაც საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად. როგორც კობახიძე ამბობს, კონსტიტუციის ახალი რედაქციით, სათანადოდ მოწესრიგდება ქვეყნის თავდაცვის საკითხები.
„საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თავდაცვის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის სრულყოფაა, რასაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად.
მკაფიოდ და სათანადოდ, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად, წესრიგდება და იმიჯნება უმაღლესი კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებები თავდაცვის სფეროში. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მართვა, თავდაცვის ძალების მართვა და სამხედრო ძალების გამოყენება. ძლიერდება პარლამენტის როლი და ფუნქციები თავდაცვის სფეროში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის შენიშვნები არის ვიწროსუბიექტური და მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებულ მსჯელობას, ამიტომ ვეტოს დაძლევენ.
მაშ ასე, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად ემზადება. პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვას, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და პრეზიდენტის მრჩევლები.
თუმცა, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, პარლამენტის აპარატიდან მათ აცნობეს, რომ ქუთაისში, პარლამენტის სასახლეში, პრეზიდენტის სამუშაო ოთახში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ შეუშვებენ.
„ჩემს თანამშრომლებს დაურეკეს პარლამენტის აპარატიდან და უთხრეს, რომ ჩვენ არ შეგვიშვებენ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში. მე ვნახე კონსტიტუციის მოქმედი რეგულაცია და პროექტი და არსად წერია, რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს საკუთარი ადმინისტრაციის უფროსი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები არ შეუშვას საკუთარ სამუშაო ოთახში. იმედი მაქვს, რომ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან და საკითხი მოგვარდება, რადგან ჩვენ ვაპირებთ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში შესვლას“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ვეტოს არსებული სახით წარმოდგენისას ოპოზიციური ჯგუფების გავლენის ქვეშ იყო.
„ჩვენ ვისურვებდით, რომ ვეტო ისეთნაირად ყოფილიყო წარმოდგენილი, რასაც ჩვენ გავითვალისწინებდით და ამის თაობაზე მზაობა გვქონდა გაცხადებული, მაგრამ სამწუხაროა, რომ ის, რასაც მხარს უჭერდა ვენეციის კომისია და რასაც ჩვენც გავითვალისწინებდით, ვერ ასახა პრეზიდენტმა ვეტოში და ვეტოს სახით წარმოგვიდგინა კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან არის წარმოდგენილი. ეს მაფიქრებინებს, რომ პრეზიდენტი სწორედ ამ ოპოზიციური ჯგუფების გავლენის ქვეშ იყო, როდესაც ვეტო ამ სახით წარუდგინა პარლამენტს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ვენეციის კომისია და ევროკავშირის ელჩები თვლიან, რომ საკონსტიტუციო რეფორმის მიმართულება სწორია. თუმცა ხაზს უსვამენ იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ფართო კონსენსუსით ვერ მოხერხდა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ევროკაშირის ელჩების შეფასება არის დადასტურება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღო და მხარს უჭერს პრეზიდენტის ვეტოს.
„იმ ქმედებებმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციის მიღების პერიოდში ჩაიდინა, საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია. ეს დაიწყო ვენეციის კომისიამ და ევროკაშირის საელჩომ გააგრძელა. მან ფაქტობრივად ყველა შენიშვნა გაიზიარა, რომელიც ვენეციის კომისიას ჰქონდა და მთავარი გამოყო - კონსესუსის, დიალოგის არარსებობა და პროპორციულ სისტემაზე არგადასვლა 2020 წელს. ყველაფერს ამას თავისი პოლიტიკური ფასი ექნება ქვეყნის შიგნით და გარეთ. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს საქართველოს იმიჯიც ეწირება“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი.
მიიღებს თუ არა პარლამენტი საბოლოოდ ისეთ კონსტიტუციას, რომლითაც, როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს - „ამას დრო გვიჩვენებს“. ძაბირაძე ფიქრობს, რომ ახალი კონსტიტუცია იმ ფუნქციას, რასაც ჰქვია დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობა, ვერ შეასრულებს.
„დღემდე ყოველთვის ასე იყო - უმარვლესობა ღებულობდა ახალ კონსტიტუციას, შემდეგ მეორე უმრავლესობა ცვლიდა ამ კონსტიტუციას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. ვერ იქნება ეს ის კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის დემოკრატიზაციას და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
თეორიულად, კონსტიტუციური სტანდარტები შეიძლება ძალიანც შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს, მაგრამ საქართველოს რელაობაში როგორ იმუშავებს ის სტანდარტები, აი, ეს არის საინტერესო და სადავო. მე ვფიქრობ - არ იმუშავებს და ეს არის პრობლემა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
მისი თქმით, საქართველოს არასოდეს არ ჰქონია პოლიტიკურ კონსენსუსზე დაფუძნებული კონსტიტუცია, რაც ყოველთვის იყო პრობლემა. კონსტიტუციონალისტის შეფასებით, როდესაც გადაწყვეტილების მიღება არ ხდება კონსენსუსის საფუძველზე, შემდეგ უკვე მისი პარაქტიკაში განხორციელება არ არის ეფექტური.
„ეს კონსტიტუცია ზუსტად ისე იმუშავებს როგორც მუშაობდა შევარდნაძის და შემდეგ, უკვე, სააკაშვილის დროს. ამ კონსტიტუციამ როგორ ერთს, ისე მეორეს ვერ უშველა, რომ შეენარჩუნებინათ ძალაუფლება, მაგრამ ორივე შემთხვევაში ჩვენ ვიდექით სამოქალაქო დაპირისპირების ზღვართან. ეს იყო ხავერდოვანი, მშვიდობიანი თუ ვარდების რევლუცია, მაინც რევოლუცია იყო, ისევე როგორც 2012 წელს. თითქოს გაფორმდა, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ რეალობა სხვა არის.
კონსტიტუციამ უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეს არის. როდესაც არ არსებობს კონსენსუსი და ოპოზიცია არ აღიარებს ამ კონსტიტუციის სამართლიანობას, ეს ნიშნავს, რომ ხვალ-ზეგ როდესაც სიტუაცია დაიძაბება, გავა ქუჩაში და ისევ მივიღებთ ქუჩას. აი, ეს არის მთავარი პრობლემა. ჩვენ გვჭირდება სტაბილური გარემო“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
კონსტიტუციონალისტი, საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი წევრი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი კონსტიტუცია მივიღეთ, რომელიც სრულ პოლიტიკურ კონსენსუსს ვერ დაეფუძნა, რადგან ის ძალისხმევა, რომელიც მხარეებმა საკონსტიტუციო ცვლილებების კონსენსუსის მიმართულებით გასწიეს, საკმარისი არ იყო.
„ის საკითხები, რომელიც დღეს დისკუსიის საგანია, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დროსაც ცხადი იყო, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა. საქართველოს პრეზიდენტის ვეტოც ამ მიმართულებაში ჯდება. ის ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, რომელზეც დისკუსია იყო. ცხადია, აქ გამოსაყოფი და უპირველესი საარჩევნო სისტემა და 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა.
ეს არის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა იმ პროექტს, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ საკითხზე პოლიტიკური სპექტრი ვერ შეთანხმდა. ვეტო დაიძლევა და საბოლოო ჯამში, ჩვენ იმ ვერსიას მივიღებთ, რომელიც მესამე მოსმენით პარლამენტმა დაამტკიცა.
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები გარკვეულწილად შემცირდა. მე ვისურვებდი, რომ არჩევნებთან დაკავშირებული ეს საკითხი იმ ტალღაში შესულიყო, რომელიც მმართველი გუნდის მიერ უკვე დაანონსებულია“, - აღ