„ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც ხალხმა 5 წლის წინ უთხრა არა, 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისას გაახსენდა სიღარიბეც, უმუშევრობაც და პენსიონრებიც - „პენსიებს რომ არ ზრდით და ინფრასტრუქტურის დაფინანსება იზრდება, ინფრასტრუქტურა ჭამოს ხალხმა“? - იკითხა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ ფრაქციის სხდომაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობდნენ.
სხვამ თუ არა, რომან გოცირეიძემ მაინც იცის, რას ნიშნავს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ღარიბი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის. თავის დროზე, ამერიკამ, დიდი დეპრესიის დროს, სწორედ, ამ ტიპის ეკონომიკური პოლიტიკით დაძლია კრიზისი. ამერიკის ისტორიასაც თავი რომ დავანებოთ, 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილი დაახლოებით 5 მილიარდი სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის იყო განკუთვნილი.
რომან გოცირიძე კი მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური მრჩეველი გახლდათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის შემდეგ და მასზე უკეთ არავინ იცის, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ეკონომიკაში რა და როგორ კეთდებოდა.
„2 წელია, ბიუჯეტში ვერ გამოინახა კაპიკი პენსიების ზრდისთვის. რომ გვაკრიტიკებდით, ასფალტი ვჭამოთო, ახლა პენსიები რომ არ იზრდება და ინფრასტრუქტურა იზრდება, ინფრასტრუქტურა ჭამოს ხალხმა? მოვისმინეთ ტყუილები, თითქოს პენსიების ზრდა არ არის გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში იმიტომ, რომ დაგროვებით პენსიაზე გადავდივართო. სინამდვილეში დაგროვებითი პენსია გულისხმობს, რომ მოხდება თანხების დაგროვება მთავრობის მიერ მონიშნულ ფონდებში, რომლებიც ამ თანხების გაცემას დაიწყებენ 20-30 წლის შემდეგ“, - განაცხადა გოცირიძემ.
როგორც ჩანს, „ლარის სპეციალისტი“ გოცირიძე ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებასაც ელოდება - მისი თქმით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი არის მაკროეკონომიკურად საშიში დოკუმენტი და „ნაციონალური მოძრაობა“ მას მხარს არ დაუჭერს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ოპოზიციას მიმართავს, ნუ აჩენენ ცრუ მოლოდინს ლარის გაუფასურების შესახებ. გიორგი კაკაურიძის აზრით, ოპოზიცია ასეთ მოლოდინს შეგნებულად ზრდის.
„შეგნებულად ზრდიან იმის მოლოდინს, რომ ლარი გაუფასურდება. რაც გვაქვს დაგეგმილი ბიუჯეტთან დაკავშირებით, გადაჭარბებით სრულდება შემოსავლების ნაწილი. ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი. დარჩენილ პერიოდში ბიუჯეტის ხარჯვას ლარზე არანაირი გავლენა არ ექნება. თხოვნა მექნება მათ შორის ოპოზიციასთან, ნუ აჩენენ ლარის გაუფასურების შესახებ ცრუ მოლოდინს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ნაციონალებს კიდევ ერთი საჭირბოროტო თემა აწუხებთ - როდის ვიყიდით ვერტმფრენებს, თუმცა თავისუფლად შეეძლოთ, ეს კითხვა ფრენის მოყვარული სააკაშვილისთვისაც დაესვათ თავის დროზე, რადგან ხანძარი 2012 წლის შემდეგ აღმოცენებული მოვლენა არ გახლავთ და ეს პრობლემა, განსაკუთრებით, 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყანაში აქტუალურია.
დეპუტატები დაინტერესდნენ, მიმდინარე წლის ზაფხულის ხანძრების დროს რატომ არ გამოიწვია ბიძინა ივანიშვილმა საზღვარგარეთ გაქირავებული მისი ვერტმფრენები საკუთარი ქვეყნის დასახმარებლად, მაშინ, როდესაც თბილისმა დახმარების თხოვნის ოკუპანტ სახელმწიფოს მიმართა. „ნაციონალური მოძრაობა“ დაინტერესდა, საჭიროდ მიიჩნევს თუ არა ხელისუფლება ვერტმფრენების შეძენას და სახანძრო-სამაშველო სამსახურის უკეთ აღჭურვას.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის აზრით, ქვეყანაში 5-6 ვერტმფრენი უნდა არსებობდეს მსგავსი სტიქიური შემთხვევებისთვის. ამასთან, გიორგი კაკაურიძის თქმით, 2-3 წლიანი პროცესი იქნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აღჭურვა როგორც ვერტმფრენებით, ისე მანქანებისა და სხვა საჭირო ტექნიკის თვალსაზრისით.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, 2018 წლის ბიუჯეტი გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის განვითარებას საფრთხეს უქმნის. რომან გოცირიძის შეფასებით, პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი არის ცუდი დოკუმენტი, რომელიც ხელს არ შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ფინანსურ სტაბილურობას, ლარის გამყარებას, ფასების ზრდის შეჩერებას.
გოცირიძის თქმით, ბიუჯეტი კვლაევ დეფიციტურია და ის 2 მილიარდი ლარის ოდენობის ვალით ივსება, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.ნაციონალები თვლიან, რომ რეალურად მთავრობა ხალხის ფულის განიავებით არის დაკავებული.
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის 3%-ით განსაზღვრა ოპტიმისტური პროგნოზია, - მიიჩნევს აფბა-ს (ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის) პრეზიდენტი, შოთა გულბანი.
„ერთი მხრივ, 2018 წლის ბიუჯეტში დოლარის მიმართ ლარის კურსი 2,5-ის ნიშნულზე არის დაგეგმილი, რაც არ ქმნის ლარის გამყარების საფუძველს, ხოლო მეორე მხრივ, აქციზური გადასახადების ზრდასაც ექნება თავისი გავლენა. შესაბამისად, 3%-იანი ინფლაციის დაჭერა ნაკლებ სავარაუდოა“, - აცხადებს შოთა გულბანი.
ექსპერტის თქმით, 2018 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 3,3%-ის ოდენობით არის დაგეგმილი, რაც შემცირებული მაჩვენებელია, რომელსაც ასევე, მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნია მიმდინარე ანგარიშის ბალანსის მაღალი მაჩვენებელიც, რომელიც 2016 წელს 13,5% იყო, ხოლო 2017 წლის პირველ კვარტალში 11,8% შეადგინა.
„საშუალოვადიან პერიოდში მთავრობა ეკონომიკური პროგრამების განხორციელებით და სტრუქტურული რეფორმებით გეგმავს ეკონომიკაში დანაზოგების ზრდას, რამაც დეფიციტი მდგრად დონემდე უნდა შეამციროს“, -აცხადებს გულბანი.
რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს, მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტში ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კონსერვატიული მიდგომით დაგეგმა და 2018 წლისთვის მშპ-ის რეალური ზრდა 4,5%-ის ნიშნულზე გაითვალისწინა.
„მთავრობას ამ ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს, ერთი მხრივ, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბიზნეს-სექტორში პროდუქციის გამოშვების 18%-იანი ზრდა, ხოლო მეორე მხრივ, 30 ათასი ადამიანით გაზრდილი დასაქმების მაჩვენებელი. ასევე მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად კერძო სექტორში დარჩენილი დაახლოებით 240 მილიონი ლარი, პლუს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების 250%-ით გაზრდილი მაჩვენებელი“, - აღნიშნა შოთა გულბანმა.
როგორც ექსპერტი, ლევან კალანდაძე აცხადებს, პროცესები კონცეპტუალურად სწორად რომ არის დაგეგმილი და სწორად მიმდინარეობს, ეს ფაქტია და ამას სავალუტო ფონდის მისიის ბოლო შეფასებაც მოწმობს.
„ორი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა - ერთი საბიუჯეტო პროცესი და მეორე ლარის კურსთან დაკავშირებული თემები. ორივე პოზიტიურად იქნა შეფასებული. ანუ ცალსახად გაცხადდა, რომ სწორი პოზიცია შემუშავდა მცურავ კურსთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს აქვს რესურსი გარკვეული ხელოვნური ჩარევები განახორციელოს კურსთან მიმართებაში, ამას არ აკეთებს. ანუ სსფ-თვის ისევე, როგორც ჩვენი მთავრობისთვის, ეს არის სწორი ნაბიჯი, რომ ეკონომიკა მაქსიმალურად მოქნილი და ელასტიური იყოს იმ გამოწვევების, რა გამოწვევებიც არსებობს გარეშოკების სახით“, - განმარტავს ლევან კალანდაძე.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მის მიერ საქართველოში ჩადებული ფულის უკან დაბრუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს წარმატებული.
„აქედან გამომდინარე ამ ურთიერთობას ორმხრივი სარგებელი აქვს - ჩვენთვის ეს არის ფინანსური მდგრადობა და განვითარება, ფონდისთვის სწორად განხორციელებული ინვესტიციები“, - ამბობს ლევან კალანდაძე.
კალანდაძის შეფასებით, სსფ-ის მისიის შეფასება ასევე პოზიტიური იყო ვალისა და ბიუჯეტის საკითხთან მიმართებაში. მისი თქმით, ის, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ფინანსური ვალდებულებების ზრდა არის გათვალისწინებული, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმიდან გამომდინარეობს და პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც მთავრობამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების კუთხით გამოაცხადა.
„ასე რომ, სესხი და ვალი არ არის საშიში, თუ ის კონკრეტულ ეკონომიკურ მიზანს ემსახურება. ჩვენს მიერ 2018 და შემდგომ წლებში გაწერილი ვალდებულებების ზრდა უკავშირდება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს“, -აცხადებს კალანდაძე.
ექსპერტი, ეკონომიკის საკითხებში, გიორგი პაპავა თვლის, რომ სსფ-ის მისიის მხრიდან წლევანდელი ბიუჯეტის დადებითად შეფასება დადებით სიგნალად სეიძლება მივიჩნიოთ.
„აღნიშნულია, რომ შემოსავლების უფრო მეტი მობილიზება მოხდა, ვიდრე დაგეგმილი იყო, ხოლო ხარჯები მისდევს დაგეგმილს, რაც ნამდვილად დადებითია“, - ამბობს გიორგი პაპავა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 25 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია იმყოფებოდა მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით. მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, სსფ-ის მისია და საქართველოს მთავრობა შეჯერდნენ 2018 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე.
„მომავალი წლის ბიუჯეტი მიზნად ისახავს ფისკალური კონსოლიდაციის გაგრძელებას, თუმცა არ შეიზღუდება სახელმწიფო საინვესტიციო თანხები/კაპიტალური ხარჯები. ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 3 პროცენტი იქნება 2018 წელს, რაშიც შემოსავლების ზრდა და მიმდინარე ხარჯების შეზღუდვა დაგვეხმარება“, - განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა.
პირველადაა, როდესაც საქართველოს ბიუჯეტს უფრო დადებითად აფასებენ, ვიდრე უარყოფითად, თუმცა, მთავარ ოპოზიციურ ძალას ურჩევნია, მთელი ბიუჯეტი ძირითადად, პენსიებსა და შემწეობებში დაიხარჯოს - ექსპერტების აზრით ასეთ შემთხვევაში ვერც ინფლაციის კონტროლი მოხერხდება, ხოლო ეკონომიკურ ზრდაზე ლაპარაკი საერთოდ არ იქნება. ექსპერტების აზრით, ნაციონალები „ასფალტსა და ინფრასრტუქტურაზე“ საუბრისას ხალხის ემოციაზე თამაშს ცდილობენ, თორემ თავადაც კარგად იციან, რომ ინფრასტრუქრურაში ჩადებული თანხები ნიშნავს ერთი მხრივ, ქვეყნის იერსახის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ ხალხის დასაქმებას და მათთვის ხელფასის გადახდას.