რიგგარეშე სხდომა 13 ოქტომბერს დაინიშნა. საქართველოს კონსტიტუციის 61- ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2017 წლის 13 ოქტომბრის 11:00 საათიდან მოიწვია.
ასევე განსაზღვრულია რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხები. ესენია - „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტზე და აჭარის ა-რ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა.
პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანო პარასკევის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პარლამენტში წარდგენილი 6-პუნქტიანი მოტივირებული შენიშვნებიდან პირველ 4 პუნქტში, თავიდან ბოლომდე იმეორებს ვენეციის კომისიის წინაშე „ქართული ოცნების“ მიერ აღებულ ვალდებულებას. ეს საკითხებია: ბონუსის, საარჩევნო ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მე-5 საკითხიც ასევე „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის - ეს 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხია.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, პრეზიდენტმა იმ სახით წარმოადგინა ვეტო, რომ იგი პარლამენტის მიერ გაზიარებული არ იქნება. მისი თქმით, უმრავლესობა შეეცდება პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. როგორც დეპუტატი აცხადებს, იმისთვის რომ ქვეყნის მთავარ დოკუმენტზე კონსენსუსი ყოფილიყო, ხელისუფლებამ მაქსიმალური გააკეთა.
„პროცედურულად, ახლა, ვეტოს განხილვის ეტაპზე ვართ. როგორც მოგეხსენებათ, სამი მოსმენით მიღებულ კონსტიტუციის კანონის პროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. უმრავლესობას 13 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე ექნება ვეტოს განხილვა, თუმცა მანამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოხდება ვეტოს განხილვა.
სპეციფიკა ისეთია, რომ პრეზიდენტი თავის შენიშვნებს წარმოადგენს შესაბამის კანონპროექტთან ერთად. ჩვენ ვიმსჯელებთ პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ კონსტიტუციის კანონის პროექტზე და თავდაპირველად მას ეყრება კენჭი პლენარულ სხდომაზე“, - აცხადებს გიორგი კახიანი.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ კონსტიტუციის კანონის პროექტს, როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, შემდგომ ხდება იმ კონსტიტუციური კანონის პროექტზე განმეორებით კენჭისყრა, რომელიც სამი მოსმენით უკვე არის მიღებული.
„ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი მხარდაჭერილი იქნება, ასეთ დროს ითვლება, რომ პრეზიდენტის ვეტო არის დაძლეული. პრეზიდენტს ექვსი შენიშვნა აქვს ვეტოში წარმოდგენილი, ან ექვსივე უნდა გაითვალისწინოს პარლამენტმა, ან არც ერთი. ასეთია ვეტოს სპეციფიკა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარს არ უჭერს ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი წერეთელის განცხადებით, ოპოზიცია შეეცდება კოლეგები დაარწმუნოს, მხარი დაუჭირონ იმ შენიშვნებს, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა.
„სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს იმ გზას, რომელიც აირჩია, ეს არის უთანხმოების, კონსენსუსის არდაშვების და ოპოზიციის ინტერესების არგათვალისწინების გზა, რაც ძირშივე ხდის ამ კონსტიტუციას საზოგადოებისთვის ნაკლებად სანდოს და არაფუნქციონირებადს.
ჩვენ ვფიქრობთ და შევეცდებით, თუკი ეს სხდომა დაინიშნება, დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები იმაში, რომ მხარი დაუჭირონ იმ შენიშვნებს, რომელიც პრეზიდენტმა წარმოადგინა, რომელიც არის ლოგიკური და სადაც შეიძლება ყველა საკითხი არ არის ასახული, მაგრამ ძირითადი პრინციპული საკითხები გათვალისწლნებულია“, - აცხადებს გიგი წერეთელი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა ფიქრობს, რომ ქვეყანას მოტივირებული შენიშვნების გაზიარება აუცილებლად სჭირდება. რურუა დარწმუნებულია, რომ მმართველი უმრავლესობა პრეზიდენტის წინადადებას არ მიიღებს.
„რადგან „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ დაძლიოს ეს ვეტო, ესე იგი, მას გადაწყვეტილი აქვს, რომ მთელს ქვეყანას ერთპარტიული კონსტიტუცია მოახვიოს თავზე. ცხადია განწყობა და პოზიცია იქნება საპროტესტო, იმიტომ, რომ ეს არ არის სახალხო და საქვეყნო კონსტიტუცია. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის ხარჯზე ფუფუნებაში იცხოვროს“, - აცხადებს ნიკა რურუა.