პრეზიდენტმა კონსტიტუციას ვეტო დაადო, უმრავლესობა ამას უწოდებს „შანსს, რომელიც პრეზიდენტმა ხელიდან გაუშვა“, უმცირესობა კმაყოფილია იმ მოტივირებული შენიშვნებით, რაც პრეზიდენტმა პარლამენტს გადაუგზავნა; ევროკავშირის წარმომადგენლობა კი, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, ერთობლივად დაასრულონ საკონსტიტუციო პროცესზე მუშაობა - მიმდინარე მოვლენებზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი იძულებული იყო მოქცეულიყო ისე, როგორც მოიქცა, თუ ეს იყო შექმნილი სიტუაციიდან რეალური გამოსავალი?
- პრეზიდენტი თავიდანვე საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი იმ პროცესისადმი, რასაც კონსტიტუციური რეფორმა ერქვა. მას ჰქონდა სხვა წინადადება, რომ კომისია უნდა შექმნილიყო სამი თანათავმჯდომარის მინაწილეობით და როდესაც ეს არ მოხდა, ის ამ პროცესს ჩამოშორდა.
ასე რომ, პროცესი კონსტიტუციური რეფორმისა, წარიმართა პრეზიდენტის გარეშე, თუმცა მისი პოზიცია კონსტიტუციასთან დაკავშირებით - როგორი უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის არჩევის წესი, უშიშროების საბჭო და ა.შ. - ყველასათვის იყო ცნობილი.
ანუ პრეზიდენტის პოზიცია საპრეზიდენტო ინსტიტუტთან დაკავშირებით და უმრავლესობის პოზიცია ერთმანეთისგან თავიდანვე იყო გამიჯნული, ხოლო შემდეგ მოხდა ის ხუთპუნქტიანი შეთანხმება ოპოზიციასთან.
ალბათ, აჯობებდა, პრეზიდენტი თავიდანვე კი არ შეერთებოდა იმ გეგმას, არამედ ოპოზიციასთან საუბრის შემდეგ ეთქვა, რომ ეს არის ოპოზიციის გეგმა. მერე დალაპარაკებოდა უმრავლესობას და ამ შუალედში ეძებნა ნეიტრალიტეტი, მაგრამ მოხდა ისე, როგორც მოხდა - ამაში სიახლე არაფერი იყო.
პრეზიდენტი უარს ვერ იტყოდა იმაზე, რასაც მუდამ იცავდა და სწორად მიაჩნდა. უმრავლესობის მიერ შეთავაზებული ის ორი პუნქტი კი იქამდე დაანონსდა, რომ მიღებული იქნებოდა, ვიდრე პრეზიდენტს წარუდგენდნენ.
შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტმა თავის არგუმენტუირებულ შენიშვნებში თითქმის ყველა საკითხი გაითვალისწინა, როგორც ოპოოზიციის, ისე - საკუთარი და უმრავლესობის მიერ შეთავაზებული. სხვა გამოსავალი, ვფიქრობ, არ ჰქონდა - თუ ხელისუფლების წინადადებას გაითვალისწინებდა, ოპოზიცია დაადანაშაულებდა იმაში, რომ ხელისუფლების მხარე დაიჭირა. ახლა ხელისუფლება ადანაშაულებს ოპოზიციის მხარდაჭერაში. შექმნილ ვითარებაში, ვფიქრობ, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
სხვა საკითხია, რომ ეს ვეტო დაიძლევა, მაგრამ ისიც არ მესმის, ვეტოს საკითხს ასე მწარედ რატომ განიცდის უმრავლესობა - თუ ის დარწმუნებულია თავის სიმართლეში, რომ მიიღეს კონსტიტუცია, რომელიც ათწლეულებს გაუძლებს, თუმცა, ჯერარმიღებულ კონსტიტუციაში უკვე დაანონსებული ცვლილებები უნდა შევიდეს, მაშინ რა პრობლემაა? - ჰყავთ უმრავლესობა და მიიღებენ იმ კონსტიტუციას, რომელსაც თვლიან რომ სწორია.
უმრავლესობა მტკივნეულად განიცდის იმ წინადადებას, რაც შესთავაზა პრეზიდენტმა, რომ თუ იგი გაითვალისწინებდა მოტივირებულ შენიშვნებს და მაჟორიტარების მხარდაჭერას დაკარგავდა, მაშინ პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის გარანტიას აძლევდა...
- ეს შეთავაზება საერთოდ რა საჭირო იყო, არ მესმის. თუ უმრავლესობა დასვამს საკითხს, ისე, რომ პრეზიდენტის შენიშვნები გაითვალისწინოს, ოპოზიციაც ამას ითხოვს და დაუჭერს ამ შემთხვევაში მხარს კონსტიტუციას, აბა რას იზამს?! ამას რატომ განიცდიან?!
ისევ უცნაურ წრეში ვტრიალებთ, მოსწონს ვინმეს „ნაციონალური მოძრაობა“ თუ არ მოსწონს, მათ წინა არჩევნებზე მხარი 400 ათასმა ამომრჩეველმა დაუჭირა - ის ამომრჩევლები ხომ არიან ჩვენი მოქალაქეები?!
დღევანდელი უმრავლესობის შემადგენლობის 90%, მაპატიეთ და, ძალიან მშვიდად და წყნარად აკეთებდა თავის საქმეს, როდესაც ხალხი იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წინააღმდეგ. გადახედეთ, მათ ბიოგრაფიებს და ნახეთ, სად იყვნენ 10 წლის წინ, რას აკეთებდნენ. მესმის, რომ შეიძლება საპროტესტო აქციებზე არ წასულიყვნენ, მაგრამ მედიაში, სოციალურ ქსელებში აპროტესტებდნენ „ნაციონალურ მოძრაობის“ ქმედებებს და საკუთარ პოზიციას სადმე აფიქსირებდნენ?! ახლა, გამოდის, რომ მათ არ მოსწონთ „ნაციონალური მოძრაობა“ და მე მომწონს?! - ასე ხომ არ არის?!
„ნაციონალური მოძრაობა“ კი არ არის პრობლემა - მეც მაღიზიანებს, როდესაც დემოკრატიაზე, კონსტიტუციაზე კონსენსუსზე და ასეთ თემებზე ლაპარაკობს ის ხალხი, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთი წამითაც არ ახსოვდა ევროპული და დასავლური ღიღებულებები, მაგრამ მათ პრობლემას კი არა, იმ 400 ათასი კაცის პრობლემას ვხედავ, რომლებმაც მათ მხარი დაუჭირეს.
არ დაველაპარაკები რას ნიშნავს? პოლიტიკა არ არის ის ადგილი, სადაც მეგობრებს ირჩევ - სამწუხაროდ, ეს რეალობაა - ნაციონალების კი არა, მათი ამომრჩევლის მიერ მხარდაჭერილი კონსტიტუცია არ გვინდა.
ამ ბავშვური კინკლაობიდან უნდა გამოვიდეთ და ცოტა სერიოზულად შევხედოთ ისეთ რთულ საკითხს, რასაც ჰქვია ქვეყნის მოწყობა, სახელმწიფოს მშენებლობა.
შეიძლება, არ უნდა ეთქვა პრეზიდენტს, რომ ნაციონალები მხარს დაგიჭერენო, ეს ცალკე თემაა - ოპოზიცია, მარტო ნაციონალები ხომ არ არიან, „პატრიოტთა ალიანსიც“ ხომ არის და იგივეს ითხოვს?
უმრვლესობის პროგრესული ნაწილი ამბობს, რომ ემხრობიან პროპორციული წესის შემოღებას 2020 წლისთვის, მაგრამ მაჟორიტარები არ დაგვიჭერენ მხარს და კონსტიტუცია ჩავარდებაო. თუ ჩავარდება, ესეც არ არის პრობლემა, პროცესი დაიწყება თავიდან - ამას თავი დავანებოთ - თუ უმრავლესობა გაითვალისწინებს პრეზიდენტის შენიშვნებს და ნაციონალები მხარს არ დაუჭერენ, უკეთესი რა უნდათ? - სათქმელი ხომ ექნებათ, რომ მხარი ამაშიც არ დაუჭირეს?!
ეს არის ამ ბრალდებების მთელი ფილოსოფია. ბოლოს და ბოლოს, არ შეიძლება ასე, მუდმივად, პრეზიდენტს ყველა ჭკუას არიგებდეს. არ მგონია, ეს სწორი იყოს, არა იმიტომ, რომ მარგველაშვილის იმიჯი შეილახება, თვითონ ინსტიტუტისადმი დამოკიდებულებაა ძალიან ცუდი.
მეორე უცნაურობაც აქვს ამ ყველაფერს, უმრავლესობას უნდა ისეთი პრეზიდენტი, რომელიც იქნება მისი მორჩილი, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. თუ ასეთი პრეზიდენტი გვინდა, რომელსაც საკუთარი პოზიცია არ ექნება, მაშინ ავდგეთ და გავაუქმოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი, ფულს ტყუილად რატომ ვხარჯავთ?!
ევროკავშირის წამომადგენლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოუწოდებს, გააგრძელონ მუშაობა ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესის დასასრულებლად. გამოხატავენ წუხილს, რომ 2020 წლისთვის ვერ ხერხდება პრპორციული წესით არჩევნების ჩატარება, თუმცა ელოდებიან, რომ უმრავლესობა შეასრულებს იმ დანაპირებს, რომელიც ვენეციის კომისიასთან დადო. ევროკავშირი ასევე ელოდება, 2024 წლისთვის პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების საკითხის მოსამზადებელ პროცესში პარტიებმა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. რას ნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან ამ ტიპის განცხადება?
- უფრო კატეგორიული ევროკავშირი, უბრალოდ, ვერ იქნებოდა. რა უნდა ეთქვა, რომ სანქციებს შემოიღებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ თუ რა? მან დიპლომატიურ ენაზე გვითხრა - ცუდია, რომ შემდეგი არჩევნებისთვის ვერ ხერხდება არჩევნების წესის შეცვლა და პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს თანამშრომლობისკენ.
თუმცა ეს ვალდებულება თანამშრომლობის, აიღო უმრავლესობამ, რომელსაც ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს ინიციატივებიც ისევ უმრავლესობიდან უნდა წამოვიდეს. კენჭისყრის დროს მას მხარს დაუჭერს თუ არა ოპოზიცია ეს სხვა საკითხია.
დღესდღეობით ოპოზიციისთვის ეს მხარდაჭერა პოლიტიკურად იქნებოდა წამგებიანი - ამ ეტაპზე ოპოზიცია სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, მაგრამ შემდეგ, უკვე, როდესაც მოხდება შესწორებების ინიცირება, ვეთანხმები ვენეციის კომისიის და ევროკავშირის წარმომადგენლობის წინადადებას, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ფორმულირებების შემუშავებაში. დაველოდოთ, რა ფორმულირებებს შემოიტანს უმრავლესობა და შემოიტანს თუ არა - საერთოდ.
როდესაც ვენეციის კომისიაზე ვსაუბრობდით, ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს იყო რეკომენდაციები და არა ვალდებულებები. როდესაც ევროკავშირი საუბრობს ვენეციის კომისიასთან შეთანხმებაზე, ეს მიუთითებს, რომ ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს, რა ხდება საქართველოს შიდა პოლიტიკაში და ამ რეკომენდაციებსაც უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე, ზოგადად, რეკომენდაციას. შეიძლება ითქვას, დღეს საქართველო აგროვებს ქულებს, რომელიც შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობის დროს წაადგება?
- ძალიან მარტივადაა ყველაფერი, ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან, ხელი მოვაწერეთ ამ თანამშრომლობის ხელშეკრულებას, ევროკავშირმა მოგვცა გარკვეული ლგოტები და ა.შ. ადრე იქნება ეს, თუ - გვიან, ღიად არის გაცხადებული, რომ გვინდა ევროკავშირის წევრობა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებენ და აქვთ ინტერესი. თუ ითხოვენ ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევას, ამით ცდილობენ, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ჩააყენონ იმ ჩარჩოში, რა ჩარჩოშიც არის ევროპაში პოლიტიკური ურთიერთობები პარტიებს შორის; ხელისუფლებასა და ოპოიზიციას შორის. ამიტომ, მათი ინტერესი არის ის, რასაც თავის ქვეყანაშიც ახორციელებენ და დარწმუნებულები არიან, რომ თუ ასეთი თანამშრომლობა შედგება, დიდი ალბათობით, ქვეყნის შიგნით იქნება სტაბილურობა. მუდმივი დაპირისპირების ფონზე, როდესაც საზოგადოება გახლეჩილია, ყოველთვის არის საშიშროება, რომ არასტაბილური სიტუაცია შეიქმნას. მათი ინტერესი ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია.
რა თქმა უნდა, რასაც ვენეციის კომისია გვთავაზობს, რეკომენდაციებია, მაგრამ ვენეციის კომისიაც ამოდის იმ პოზიციიდან, რომ კარგია, როდესაც ხელისუფლებას და ოპოზიციას შეუძლია რაღაცაზე შეთანხმება. კონსენსუსის მიღწევა ყველაზე კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ქვეყანა სტაბილურად განვითარდეს.
თუ არ გავითვალისწინებთ, ამას არავინ დაგვაძალებს, მაგრამ გაჩნდება კითხვის ნიშნები და როგორც წესი, ეს კითხვის ნიშნები როდესაც გადამწყვეტი მომენტი დგება, იქ იჩენს ხოლმე თავს.
მაგალითად, თითქოს გვყავდა, ყველასაგან აღიარებული „დემოკრატიის შუქურა“ - როდესაც დადგა საკითხი ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების შესახებ, ამ კითხვის ნიშნებმა სწორედ მაშინ იჩინა თავი - აღმოჩნდა, რომ საქართველოში რაღაც ძვრები კი არის, მაგრამ ძალიან შორსაა დემოკრატიისაგან. ეს ჰქონდათ საბაბად გარკვეულ ძალებს, რომ რუსეთი კი არა, საქართველო დაედანაშაულებინათ იმაში, რომ მაპ-ს არ გვაძლევდნენ.
ეს არის პრობლემა - დღეს რა თქმა უნდა, იმაზე მეტს არ იტყვიან რაც თქვეს, მაგრამ ხვალ რომ დადგეს საკითხი, ევროკავშირში მიგვიღონ თუ არა, მაშინ შეიძლება გამოჩნდეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა რაღაც, რომ საქართველოში არის დაპირისპირება, არ არის სტაბილური ვითარება და ა.შ. უამრავი პრობლემა შეიძლება ამოვარდეს, ამიტომ არის საჭირო ამ რეკომენდაციების გათვალისწინება. თუ ქვეყანაში ყველაფერი სტაბილურად წავა, ამ რეკომენდაციებს ყველა დაივიწყებს, მათ შორის, ვენეციის კომისია.
მაგრამ მათ აქვთ გამოცდილება არა მხოლოდ კონსტიტუციის საკითხებში, არამედ ზოგადი გამოცდილება, რომ როდესაც ასეთი შეუთანხმებელია კონსტიტუცია პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებას შორის, იქ ალბათობა იმისა, რომ დაპირისპირება მოხდეს ამა თუ იმ მიზეზის გამო, არის ძალიან მაღალი.
ეს გამოცდილება მათ აქვთ იმიტომ, რომ მარტო საქართველოს შიდა საქმეებში კი არ ერევიან და მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაზე არ მუშაობენ, არამედ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მთელ მსოფლიოში სწავლობს კონსტიტუციურ პროცესებს პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში და არა, დამოუკიდებლად, როგორც ცალკე აღებულ ნაშრომს. ამიტომაც, ეს არის რეკომენდაციები, მაგრამ ისეთი, რომელსაც შემდეგ გარკვეული საკითხების გადაწყვეტის დროს ითვალისწინებენ.