„აურზაური სალხინეთში“ – „არავის მივცემთ მიწას!“

„აურზაური სალხინეთში“ – „არავის მივცემთ მიწას!“

თბილისის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის დამტკიცებას ჯერ საკრებულოს სხდომაზე, ხოლო მოგვიანებით საკრებულოს შენობასთან ხმაური მოყვა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა პროტესტის შემდეგ სხდომა დატოვა, ხოლო სხდომას არალეგიტიმური უწოდა, რადგან მისი შეფასებით, დაირღვა არაერთი კანონი, მათ შორის სხდომის საჯაროობის შესახებ კანონი.

„სასამართლოს გზით დავამტკიცებთ, რომ დღეს საკრებულოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება იყოს არალეგიტიმურად ცნობილი“, - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

ნაციონალების პროტესტის მიუხედავად, თბილისის საკრებულომ ოქროყანას დასახლებაში 4 433 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზაციის, ასევე პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ.მეტრ ფართობზე მიწისქვეშა სადგომის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები დაამტკიცა. საკითხები სხდომაზე ქონების მართვის საააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ წარადგინა და განმარტა, რომ ოქროყანაში, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საირიგაციო სისტემა მოეწყობა.

„განმცხადებელმა ითხოვა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა დამოუკიდებელი კერძო აუდიტორის შეფასებით, 102 000 ლარს შეადგენს“, - განაცხადა ლაფერაძემ.

რაც შეეხება პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ.მეტრი ნაკვეთის გასხვისებას, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ამ პროექტით გათვალისიწნებულია 30-ადგილიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა, რისთვისაც ინვესტორი ერთ მილიონ ლარს დახარჯავს.

აღნიშნული საკითხების განხილვას საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციიდან მხოლოდ ფრაქცია „დედაქალაქი“ ესწრებოდა. სამაგიეროდ, ოპოზიციამ თავი საკრებულოს შენობასთან მოიყარა და ისეთი აქცია გამართა, რამდენიმე წლის წინ, წინა ხელისუფლების მიერ აქციებზე ხალხის ხოცვასა და დასახიჩრებასაც რომ არ მოჰყოლია.

თბილისის საკრებულოსთან „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქციები პარალელურ რეჟიმში წარიმართა და როგორც „ევროპულმა საქართველომ“ განმარტა, ისინი „ნაცმოძრაობის“ აქციას არ უერთდებიან.

„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ისინი საკრებულოს გადაწყვეტილებას მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებენ.

„დღეს ვნახეთ დასუსტებული „ქართული ოცნება“, რომელსაც ეშინია კანონის. მას ხალხთან ურთიერთობის არანაირი რესურსი არ აქვს. მთავარი პროტესტი იქნება 21 ოქტომბერს, როცა უარს ვეტყვით ამ ყველაფერს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გაცილებით აგრესიულები იყვნენ ნაციონალები და როგორც შემდგომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ დარბევის პროვოცირებას ცდილობდა.

როგორც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, მან საკრებულოსთან მობილიზებულ პოლიციის თანამშრომლებს დეპუტატის საშვი აჩვენა და შესვლა მოითხოვა, თუმცა ის საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს.

„მე მათ ავუხსენი, რომ კანონი მაძლევს უფლებას შევიდე ამ შენობაში, თუმცა მათ არანაირი პასუხი არ გაგვცეს, თუ რის საფუძველზე გვეუბნებიან უარს. აქ, ამ შენობის წინ, დღეს უბრალოდ გარდაიცვალა ქართული სახელმწიფო და კანონი ამ ქვეყანაში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატის ვარაუდით, საკრებულოს შენობის წინ პოლიციელები კი არა „გადაცმული ხალხი“ იყო მობილიზებული.

„ისინი ბიძინა ივანიშვილის მიწას იცავენ ქართველი ხალხისგან, მათ შორის, მათი არჩეული წარმომადგენლებისგან პარლამენტში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ კი, რომელიც შენობის შესასვლელში პოლიციამ არ შეუშვა, რკინის ჯებირზე გადასვლა და საკრებულოში ამ გზით შეღწევა სცადა.

„არ გრცხვენიათ? კონსტიტუციას არღვევთ. დეპუტატს დაუბრკოლებლად შესვლის უფლება აქვს“,- მიმართა ბოკუჩავამ პოლიციას.

როგორც „რესპუბლიკური პარტიისა“ და თბილისის საკრებულოს წევრმა, ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, თბილისის საკრებულოს თავჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის მხრიდან რეგლამენტი ხშირად ირღვევა, თუმცა, დღეს მან ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.

„თქვენ არ გქონდათ არავითარი უფლება მიგეღოთ გადაწყვეტილება და დღეს მთელი სახელმწიფო მანქანა მობილიზებული ყოფილიყო საკრებულოს ირგვლივ და ისეთი დაცვა ყოფილიყო, რომ არავის გვქონოდა უფლება საკრებულოს შენობაში შემოსვლის. რის საფუძველზე, ვისი ბრძანებით დახურეთ სხდომა ისე, რომ არავინ, მათ შორის, პარლამენტის წევრები დღეს ვერ ახერხებენ შენობაში შემოსვლას. ვისი ბრძანებით იყო და ახლაც არის სუს-ის თანამშრომლები შენობაში და ისინი უკანონოდ იღებდნენ ვიდეოკამერებით ადამიანებს, რომლებიც შენობასთან არიან. რომელი კანონის საფუძველზე, რომელი მუხლის საფუძველზე მიიღეთ თქვენ ეს გადაწყვეტილება?!“, - განაცხადა სამნიძემ.

რაც შეეხება დეპუტატების საკრებულოს სხდომაზე არშეშვებას, რაც რეგლამენტის დარღვევაა, საკრებულოს თავმჯდომარემ ეს ადგილების არარსებობით ახსნა.

სოფიო კილაძის თქმით, არ იცის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა გახდა საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველი და კომენტარს ვერ გააკეთებს.

„არგუმენტები არ ვიცი, ალბათ, უნდა შევისწავლო ეს თემა და დაველაპარაკო ბატონ გიორგის“, - აღნიშნა სოფიო კილაძემ.

ხათუნა სამნიძის განცხადებით კი, საკრებულოს თანამშრომლებს უბრძანეს, რომ შესულიყვნენ და აივანზე დამდგარიყვნენ.

„აქაც კი არღვევთ კანონს, საკუთარ თანამშრომლებს იმორჩილებთ იმისთვის, რომ საკუთარი ნების გარეშე დადგნენ აივანზე. პირდაპირ უნდა მიპასუხოთ, ბატონო გიორგი, რის საფუძველზე, რომელი მუხლის საფუძველზე დახურეთ დღევანდელი სხდომა. ჩვენ ვითხოვთ, რომ სხდომა იყოს ღია“, - განაცხადა სამნიძემ.

რაც შეეხება პროტესტის თემას, მიწების გასხვისებას, კილაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც უამრავი კარგი რამ გააკეთა ამ ქვეყნისთვის და ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, რამენაირად ჩირქი მოსცხოს მის სახელს.

„ზუსტად ვიცი, ეს არ გამოუვათ. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა დამსახურება აქვს ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ქვეყნის და ერის წინაშე. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაცია, რომ იქნებ გამოიწვიონ ხელისუფლება, იქნებ ვინმემ დაარბიოს, მაგრამ ჩვენი სამართალდამცავი სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე, ყველაფერი უნდა იყოს და იქნება კიდეც კანონის შესაბამისად“, - განაცხადა კილაძემ.

აქციას შეუერთდა „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ - კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე, გუნდის წევრებთან ერთად თბილისის საკრებულოსთან მივიდნენ.

მათი განცხადებით, ისინი „თვითმმართველობაში დამკვიდრებულ 1-ლარიან კორუფიციას აპროტესტებენ, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი ყველაზე მახინჯი პრაქტიკაა“.

კანდიდატებმა პირობა დადეს, რომ საკრებულოს ახალ შემადგენლობაში, აუცილებლად შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის და გადახედავს ამ ტიპის გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება საკრებულოს შენობასთან პოლიციის მობილიზებას, შსს აცხადებს, რომ პოლიცია, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნის შესაბამისად, განლაგდა თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა თავიდან აეცილებინა საკრებულოს შენობაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევა.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით. მივმართავთ ყველა მოქალაქეს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ პოლიციაზე თავდასხმისა და პროვოკაციებისგან და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით, 8 პირი დააკავეს - საკრებულოს შენობასთან დღეს რამდენჯერმე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.