„იშვიათი“ რუსი, რომელიც არ ეწევა, არ სვამს და არ ლოთობს“

„იშვიათი“ რუსი, რომელიც არ ეწევა, არ სვამს და არ ლოთობს“

ვლადიმერ პუტინი უკვე მერამდენედ, აგდებს ინტრიგას და საკუთარ ხალხს ერთგულების ტესტს უტარებს. რუსეთის ლიდერი ირწმუნება, თითქოს ჯერ არ გადაუწყვეტია, წამოაყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი თქმით, დეკემბრისთვის რუსეთის ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი თავის პროგრამას გამოაცხადებს, თუმცა მათ რიცხვში არ იქნება ვლადიმერ პუტინი.

რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ნოემბრის ბოლოს -დეკემბრის დასაწყისში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს.

ჯერ კიდევ 2015 წელს, სანამ რამდენიმე დღით გაუჩინარებული პუტინის დაბრუნება მოხდებოდა, რუსი ხალხი პანიკაში იყო ჩავარდნილი. იმ პერიოდში ყველაზე თამამმა რუსებმა პუტინის სავარაუდო შემცვლელზე დაიწყეს ფიქრი. გაჩნდა ვერსიები, დასავლეთი ხომ არ დებდა ფსონს სერგეი ივანოვზე? იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ოპოზიცია საკმაოდ სუსტი იყო, იქნებ, დასავლეთელებს სერგეი ივანოვი მოსდიოდათ თვალში? ეჭვებს ამძაფრებდა ისიც, რომ იმხანად ივანოვი შტატებში დააჯილდოვეს.

პუტინის გამოჩენის შემდეგ კი ყველაფერი დალაგდა და გაჩნდა მოსაზრება, რომ რუსეთის ლიდერი საკუთარი ხალხის რეაქციას აკვირდებოდა მის შესაძლო შემცვლელთან დაკავშირებით. ამიტომაც გააუქმა ყველა ვიზიტი და რამდენიმე ხნით განმარტოვდა.

მორიგი ტესტი რუსმა ხალხმა ამის შემდეგაც გამოსცადა, როცა რამდენიმე წლის წინ პუტინი 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე ალაპარაკდა. მაშინ პუტინმა მრავალმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ შესაძლოა, 2018 წელს მისი ადგილი სხვა ადამიანმა დაიკავოს, თუმცა ვინც არ უნდა ყოფილიყო იმ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დიდი სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას სპორტულ ღონისძიებებში.

თუ გავითვალისწინებთ, რომ რუს ხალხს არ სწამს ინსტიტუციების, არ სწამს სასამართლოების, მაგრამ სწამს პუტინის, ხომ არ ჩაქრება 2018 წლისთვის რუსი ხალხის იმედის ერთადერთი ნაპერწკალი? დაემშვიდობება თუ არა პუტინი სავარძელს და გადაიფიქრებს თუ არა მეოთხე ვადით კენჭისყრას?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პუტინის გარეშე რუსი ხალხი ვერ გაძლებს და დღესაც ისეთივე დამოკიდებულებაა პუტინის მიმართ, როგორც წლების წინ იყო. სამწუხაროდ, დღეს პუტინი რუსეთია და რუსეთი-პუტინი. პუტინს ჰყავს ძალზე ჭკვიანი პოლიტტექნოლოგები და ამ პოლიტტექნოლოგებს შორის არიან ამერიკელებიც, მიუხედავად ამერიკელების ლანძღვა-გინებისა.

„უბრალოდ, ახლავე რომ წამოაყენოს პუტინმა საკუთარი კანდიდატურა, მარტამდე დიდი დროა და რად უნდა კრიტიკისა და ლანძღვის მოსმენა? რასაკვირველია, საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინი აუცილებლად წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. რაც შეეხება სხვა კანდიდატურებს, ალექსეი ნავალნიმ ოდნავ დაიწყო მოძრაობა, მაგრამ დაიჭირეს და 20 დღით პატიმრობა მიუსაჯეს. ხომ ხედავთ, რუსეთში რას უკეთებენ სხვაგვარად მოაზროვნეებს? მაგრამ ნავალნი გამარჯვებისთვის კი არ იბრძვის, არამედ იბრძვის, როგორმე ლეგიტიმურობა ცოტათი მაინც გაუფერმკრთალოს პუტინს.

ნავალნი ჭკვიანურად იქცევა, იცის, რომ დაიჭერენ, არ გაუშვებენ, მიტინგების უფლებას არ მისცემენ, ისიც იცის, რომ, ყველა ვარიანტში, გაიმარჯვებს პუტინი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, პუტინს ლეგიტიმურობის პრობლემა ექნება. ჩვენს კონსტიტუციასთან მიმართებითაც იგივე ხდება, მაინც გაიტანენ ამ კონსტიტუციას, მაგრამ ლეგიტიმურობის პრობლემა შეექმნება. ლეგიტიმურობა კი ისეთი საკითხია, რომელზეც ხანდაზმულობა არ მოქმედებს“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

დაიღლება თუ არა ოდესმე პუტინი პრეზიდენტობით, ამის შესახებ პოლიტოლოგი განმარტავს, რომ პუტინმა ერთხელ თქვა, მე თუ ვიყარე კენჭი, ეს ჩემთვის უკანასკნელი იქნებაო. მან უკვე იმდენჯერ იყარა კენჭი, უხერხულიცაა ამდენჯერ მისი გაპრეზიდენტება. ამიტომ შესაძლოა, ისევ მედვედევით მოხდეს მისი ჩანაცვლება. 65 წლის ხდება ახლა პუტინი, ჯერ კიდევ ძალზე მოხუცი არ არის. მით უმეტეს, გამონაკლისი რუსია, არ ეწევა და არ სვამს, არ ლოთობს, სპორტსმენია. ალბათ, 20 წელიწადს კიდევ იცოცხლებს. დენ სიაოპინი 86 წლის იყო, მილიარდიან ქვეყანას მართავდა. ასე რომ, რუსებს ისევ ელით პუტინის მმართველობა, იმ პუტინის, რომელიც არც ქართველებს გვაკლებს ყურადღებას, მაგრამ, სამაგიეროდ, „პატრიოტები“ გვიშველიან“.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია დარწმუნებულია, რომ პუტინი აუცილებლად წამოაყენებს საკუთარ კანიდატურას 2018 წლის არჩევნებში. For.ge-სთან საუბარში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ პუტინის რეიტინგი მაღალია და 83%-ს უტოლდება. უბრალოდ, ახლა იგი ცდილობს, საკუთარი ამბიციები არ გაამჟღავნოს, რადგან ეს მისი უსაფრთხოების გარანტიაცაა, მან უნდა მოამზადოს ისეთი მემკვიდრე, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფს პუტინის უსაფრთხოებას.

ცხადია, ეს მემკვიდრე მედვედევი ვეღარ იქნება, რადგან, ვახტანგ მაისაიას თქმით, მედვედევი უკვე გაჭრილი კარტია და ის ყველა შემთხვევაში შეიცვლება. მედვედევმა თავისი როლი შეასრულა, მაგრამ რუსეთში არიან კიდევ სხვა საპრეზიდენტო კანდიდატები, გაცილებით უფრო ახალგაზრდები, ამბიციურები, მომზადებულები. ასე რომ, ეს კანდიდატები 2018 წლის შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უკვე სრულად მომზადებულნი იქნებიან.

„ეს კანდიდატურები უკვე აშკარად ჩანან, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიტყვი, ესენი ვინ არიან. მათზე დაიდება რეალური ფსონი, მაგრამ პუტინი აუცილებლად გამოიყენებს იმ შანსს, რომ მას მეორედ შეუძლია ექვსწლიან საპრეზიდენტო ვადაზე გააკეთოს განაცხადი. ალბათ, კანდიდატურას, ასევე, წამოაყენებენ „სახალხო ფრონტისა“ და „საზოგადოებრივი პალატის“ წამომადგენლები. სამწუხაროდ, რუსული საზოგადოება პუტინის მმართველობის დროს კომფორტულად გრძნობს თავს და საკუთარი ლიდერით დაღლა არ ეტყობა. პუტინს სერიოზული ოპოზიციაც არ ჰყავს. ერთი სერიოზული ოპონენტი ჰყავდა, ბორის ნემცოვის სახით, და ისიც „დროულად“ მოკლეს, თუკი შეიძლება ასე ცინიკურად ითქვას ამ ტრაგედიის შესახებ. ბუნებრივია, ვისაც აწყობდა ამ სერიოზული კონკურენტის ლიკვიდაცია.

ქსენია სობჩაკს რომ წამოაყენებ პრეტენდენტად, ეს უკვე სასაცილოა. პუტინი აპირებს, არჩევნები გადააქციოს ფარსად. ის ერთობა ამით. ჟარგონზე რომ ვთქვათ, კაიფობს, რომ დარჩა მარტო, უალტერნატივო კანდიდატად“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია, რომელიც ელის, რომ პუტინის შემცვლელებიც ველიკოდერჟავული პოლიტიკის მიმდევარნი იქნებიან. რუსებს ხომ სწორედ ასეთი ადამიანები მიჰყავთ მართვის სადავეებთან. ყოველ შემთხვევაში, სულ მცირე, რუსეთში 2030 წლამდე ასეთი სიტუაცია იქნება.