სსფ და უმრავლესობა ბიუჯეტით კმაყოფილია, უმცირესობა პენსიების გაზრდისთვის „იბრძვის“

სსფ და უმრავლესობა ბიუჯეტით კმაყოფილია, უმცირესობა პენსიების გაზრდისთვის „იბრძვის“

2018 წლის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა დაახლოებით 949 მილიონი ლარით გაიზრდება და იგი 12 მილიარდ ლარზე მეტი იქნება. საპარლამენტო ოპოზიციას მიაჩნია, რომ პრიორიტეტები არასწორად არის გადანაწილებული.

ოპოზიციის მთავარი პრეტენზიაა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს 112 მილიონი ლარით ეზრდება დაფინანსება, მაგრამ პენსიების ზრდა მაინც არ არის გათვალისწინებული. რამდენადაც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტროს ბენეფიციართა რაოდენობა ეზრდება, თუმცა ოპოზიციისთვის, როგორც ჩანს, ეს არგუმენტი არ არის. საპარლამენტო ოპოზიცია იმაზეც აპელირებს, რომ თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაზე 46 მილიონით ნაკლები იხარჯება. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სალომე სამადაშვილს აინტერესებს, როგორ გაძლიერდება სამხედრო ინფრასტრუქტურა და თავდაცვითი შესაძლებლობები. თუმცა, როგორც მთავრობა განმარტავს, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების დახმარებით, რეალურად, თავდაცვისათვის 2017 ბიუჯეტთან შედარებით 10 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი უკმაყოფილოა, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში პენსიების ზრდა არ არის გათვალისწინებული.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტის ფარგლებში პენსიის ოდენობის გაზრდა შესაძლებელი არ არის, თუმცა ეს თემა მაინც გახდა ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტის წევრებს შორის კამათის საგანი.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პენსიის ზრდა პრემია-დანამატების შემცირებით, კაკაურიძემ უპასუხა: „ეს არ არის შესაძლებელი“, რადგან დანამატების დიდი ნაწილი ჯარისკაცებისა და პოლიციელების სახელფასო დანამატს წარმოადგენს და ეს მათი ანაზღაურების ნაწილია.

თუმცა უმცირესობის წევრი, ელენე ხოშტარია თვლის, რომ პრემია-დანამატების შემცირების, ასევე, ფუფუნების ხარჯების შეკვეცის გზით შესაძლებელია ბიუჯეტიდან 420 მილიონი ლარი პენსიის გაზრდისკენ იყოს მიმართული. მისი თქმით, მაღალი ინფლაციისა და ფასების მატების ფონზე ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ფენა პენსიონერები არიან.

გიგი წერეთელის თქმით კი, მთავრობა დაგროვებითი პენსიის ინიციატივით პენსიონერებს ვერ გამოკვებავს, რადგან ამ ადამიანებს დღეს ეგზისტენციალური პრობლემები უდგათ.

აღსანიშნავია, რომ ელენე ხოშტარია, რომელიც თბილისის მერობისთვის იბრძვის, ამომრჩეველს პირდება, რომ დაზოგავს ამ 420 მილიონ ლარს და მას პენსიებს მოახმარს, იმის მიუხედავად, რომ მას, როგორც უმცირესობის დეპუტატს და მით უმეტეს, პოტენციურ დედაქალაქის მერს, საამისო ბერკეტი არ აქვს და ვერც ექნება. წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი, საერთოდ, არ გახსენებია, რომ სააკაშვილისა და მისი მთავრობის ხარჯების შემცირების ხარჯზე პენსიების გაზრდა იყო შესაძლებელი.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდა 4,5%, ხოლო დეფლატორის პროგნოზი 3,5%-ია. ამავე დოკუმენტის თანახმად, საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5%-ის ფარგლებშია. 2018 წელს, 2017 წლის მსგავსად, ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები. მთავრობა 2 მილიარდი ლარის ახალი სახელმწიფო ვალის აღებას აპირებს და უცვლელად ტოვებს პენსიისა და სოციალური დახმარებების ოდენობას.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, რომ წინა წლისგან განსხვავებით, ამ წლის ბიუჯეტში შენიშვნები არ აქვს.

როგორც ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსისვილი აცხადებს ჩვენ შევძელით ახალი, ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური მოდელის შექმნა, რომლის მიზანი ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებაა.

„მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც წარვუდგინეთ პარლამენტს. ჩვენ და სავალუტო ფონდი შევთანხმდით ყველა ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრზე. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კონსერვატიული - 3,5 პროცენტიდან 4.3 პროცენტამდე გაზარდა. მომავალ წელს, სსფ-მა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ კონსერვატიული პროგნოზით - 4.2 პროცენტზე დაგეგმა.

როგორც ქუმსიშვილი აცხადებს, ეს არის საქართველოსთვის უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც სავალუტო ფონდი სრულად ეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეფორმების პროგრამას და მის ხედვებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით“.

მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წარმატებით იქნა შეფასებული ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა, რომელთა უმრავლესობა გაწერილია სსფ-ის პროგრამაში.

„ჩვენი პროგნოზით წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი, 4,5 პროცენტი იქნება, რის თქმის საშუალებასაც გვაძლევს საბიუჯეტო შემოსავლებისა და მიმდინარე ხარჯების არსებული დინამიკა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი განმარტებით, დაჩქარებულმა ეკონომიკურმა ზრდამ საშუალება მოგვცა საბიუჯეტო დეფიციტი 3.6 პროცენტიდან 3.0 პროცენტამდე შეგვემცირებინა პროგრამის ფარგლებში გამოყენებული დეფიციტის განსაზღვრების მიხედვით.

„ზოგადად, სავალუტო ფონდი და მთავრობა თანხმება, რომ 2018 წლის ბიუჯეტი ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს მნიშვნელოვნად გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, გრძელდება მიმდინარე ხარჯების შემცირების ტენდენცია და იზრდება კაპიტალური ხარჯების წილი, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის და საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემლის დაჩქარებული მშენებლობის ხარჯზე.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი პროგრესული და ოპტიმისტურია, მაგრამ მთავარია, შემდგომ მისი შესრულება, ისე, როგორც ჯერ არ ვიცით, რა მაჩვენებლებით შესრულდება მიმდინარე წლის ბიუჯეტი. რაც მთავარია, ჩანს, რომ მთავრობა ერთგულია პრიორიტეტების და დაფინანსება ეზერდება ყველა პრიორიტეტულ სფეროს - ჯანდაცვას და სოცუზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურას და განათლებას, რომელიც ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია.