საარჩევნო კამპანიაში ბაღების თანამშრომელთა ჩართვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე იმსჯელეს უწყებათშორისიო კომისიის სხდომაზე. სახელმწიფო რესურსებისა და პოლიტიკური საქმიანობის ერთმანეთისგან გამიჯვნის აუცილებლობაზე საუბრობს არასამთავრობო სექტორი, რომელთა მტკიცებით, ბაღის თანამშრომლების მიერ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის სასარგებლოდ, მოქალაქეთა პირადი მონაცემების შეგროვება ხდება, რაც სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის ლევან ნატროშვილის შეფასებით, საქმე გვაქვს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან, რაც საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების პოლიტიკურ პროცესში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ჩართვაში გამოიხატება.
„გამოძიება უნდა დაიწყოს ამ საქმეზე, ვინაიდან ეს სისხლის სამართლის ნიშნებსაც შეიცავს. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა რეალურად, როდესაც შენ რთავ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულ ადამიანებს მათი ნების საწინააღმდეგოდ პოლიტიკურ პროცესებში.
სამართლებრივი გამოძიება თუ დაადგენს, რომ ნამდვილად ჰქონდა ამ ფაქტს ადგილი, არა მარტო სისხლის სამართლებრივად უნდა დაისაჯოს ზოგიერთი პირი, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები იყვნენ და ასრულებდნენ მათ დავალებებს, როგორც მინიმუმ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს მათი“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
საუბარია სქემაზე, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ საარჩევნოდ ხმების მობილიზების მიზნით, მერიის დაქვემდებარებულ ბაღების სააგენტოს ავალებს, რომ მათ მოამზადონ მხარდამჭერთა სიები, ანუ ბაღების დირექტორებს დაავალონ, რომ „ოცნების“ მხარდამჭერები მოძებნონ და თან მათგან მიიღონ პირობა, რომ ხმას აუცილებლად „ქართულ ოცნებას“ მისცემენ.
იუსტიციის მინისტრი და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებს მიმართავს გაეცნონ კანონს და დაიცვან ის.
„მოვუწოდებ თითოეულ მასწავლებელს, თითოეული რესურს ცენტრის ხელმძღვანელს და თითოეული ბაგა-ბაღის მასწავლებელს, რომ ჩახედონინ სტრუქციებს, ჩახედონ კანონს და იცოდნენ, რომ ისინი არიან ნეიტრალური პირები, ისინი თავიანთ პოზიციას გამოხატავენ, პირველ რიგში, საარჩევნო ურნასთან ფარულად და, რომ მათ ეკრძალებათ პოლიტიკური სიმბოლოების შეტანა სკოლებში, სიების შეგროვება და ა.შ.“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა დმანისის მუნიციპალიტეტში, „ქართლი ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიცემის პირობის ჩამორთმევისა და ყურანზე დაფიცების შესაძლო ფაქტებს. როგორც თეა წულუკიანი ამბობს ამ ფაქტს სამართალდამცავები გამოიძიებენ.
„დმანისის მუნიციპალიტეტში ყურანზე დაფიცების ფაქტებზე მოვისმინეთ „ქართული ოცნებისგან“ ინფორმაცია, თუ ამგვარი რამ მოხდა, ამას სამართალდამცავი ორგანოები დაადგენენ. მომავალში კი ყველამ თავი უნდა შეიკავოს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ბაღებში „ქართული ოცნების“ კანდიდატის კახი კალაძის სასარგებლოდ შეგროვებული სიების არსებობას არ გამორიცხავს თბილისის მერი დავით ნარმანია, თუმცა ამას კანონდარღვევად არ მიიჩნევს. ნარმანია ამბობს, ამ საკითხზე დედაქალაქის მერიაში შიდა მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა მისი თქმით, გადაცდომა ამ დრომდე არ გამოვლენილა.
„შესაძლოა, სიებს ვინმე ადგენდეს, მაგრამ სიის შედგენა, რომელიც ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს, ჩემი აზრით, არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ ხელმძღვანელის გადადგომაზე ვისაუბროთ ან უაპელაციოდ ვთქვათ, რომ ეს არის კანონის დარღვევა. ჩვენის მხრიდან შიგნით საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა რაიმე სახის არსებითი გადაცდომა ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს გამორიცხავს უმრავალესობა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები ხელისუფლების იმიჯზე ცუდად აისახება, სწორედ ამიტომ ის არ წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკას.
„ნებისმიერი ასეთი გამოვლინება, თუკი იქნა დაშვებული, ეს მოქმედებს განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ ჩვენს ავტორიტეტზე და ჩვენს წონაზე, არა მარტო პოლიტიკურ ასპარეზზე, არამედ საერთოდ საზოგადოებაში. ამიტომ მთავარია, ეს სახელმწიფო პოლიტიკა არ უნდა იყოს. რაც შეეხება კონკრეტულად ბაღების საკითხს, განცხადებაში მოყვანილი პოზიცია არის ის, რაც უნდა გავითვალისწინოთ. არანაირი სურვილი ან რაიმე სტრატეგიული ინტერესი ამაში არ დევს,“ - აცხადებს გია ვოლსკი.
ოპოზიცია კი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე საუბრობს და გამოძიებას ითხოვს. მმართველი ძალის მიერ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე, რომლის ინფორმაციით, საჯარო სკოლებისა და ბაღების პერსონალი წინასაარჩევნო აგიტაციაში მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ჩართული.
„ეს იძულების, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მნიშვნელოვანია, რომ როგორც პროკურატურა აწარმოებდეს გამოძიებას ამ მიმართულებით, ვკითხოთ დირექტორებს, ვინ აიძულებს მათ ამ უკანონო საქმიანობის განხორციელებას, რისი შიშით ახორციელებენ ისინი ამ საქმიანობას. ასევე, მნიშვნელოვანია დროული და ეფექტური რეაგირება ჰქონდეს თბილისის მერიას და რაც მთავარია, „ქართულ ოცნებას“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა, რომელიც ასევე უწყებათაშორისი კომისიის წევრია, ამბობს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს სისტემურ დანაშაულს ხელი დააფაროს და კანონდარღვევით შეინარჩუნოს ხელისუფლება. მისი თქმით, ბაღების მასწავლებლები განსაკუთრებით ძალიან ცუდად არიან გამოყენებული ამ კამპანიისთვის.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შავზე თეთრს გვეუბნება „ქართული ოცნება“. ბიძინა ივანიშვილი ტყუილებით მოვიდა ხელისუფლებაში და ახლა ცდილობს ტყუილებით შეინარჩუნოს ხელისუფლება. ასე რომ, გასაკვირი არ არის, ფაქტი სახეზეა, რომ რაც ხდება ბაღების მასწავლებლებთან დაკავშირებით, ეს არის სისტემური დანაშაული და რეალურად, „ქართულ ოცნებას“ რომ უნდოდეს ნორმალური რეაგირების მიცემა, ეს ადამიანები უნდა მისცეს პასუხისგებაში“, - აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.