ცრუ დაპირებებზე აგებული საარჩევნო კამპანია

ცრუ დაპირებებზე აგებული საარჩევნო კამპანია

ყოველ ახალშობილზე 1000-ლარიანი დახმარება; თბილისის ყველა საჯარო სკოლა თბილისის მერიისგან მიიღებს 50 000-ლარიან დახმარებას, რომელიც მოხმარდება პედაგოგების ანაზღაურებას, ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარებას. თბილისში სოციალური დახმარება და პენსია 50 ლარით გაიზრდება - ასეთია „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდაუმაშვილის დაპირება.

გამარჯვების შემთხვევაში მუნიციპალური ბიუჯეტებიდან 400 მილიონ ლარს დაზოგავს „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარია და თბილისის მასშტაბით 200 000-ზე მეტი პენსიონერი მიიღებს 50-ლარიან ყოველთვიურ საპენსიო დანამატს, 100 000-მდე სოციალურად დაუცველი - დამატებით 70 ლარის საარსებო შემწეობას თვეში.

საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია შესული. შესაბამისად, ყველა პარტია ცდილობს, რომ საკუთარი პოლიტიკური დაპირებები ამომრჩევლამდე მიიტანოს და ძირითადად აქცენტი სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გააკეთონ. შესაბამისად, მძიმე სოციალური ფონი ასახონ საკუთარ საარჩევნო პროგრამებში. „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო დაპირებას სოციალურ დემაგოგიას და უსინდისო ტყუილს უწოდებს ანალიტიკოსი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში დავით ზარდიაშვილი, რომლის განცხადებით „ევროპულ საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაში დაახლოებით ხუთი თავი ერთი და იგივე შინაარსის არის.

„წერია, რომ „ევროპული საქართველო“ გაანახევრებს ბიუროკრატიას, შეკვეცავს არაეფექტურ ხარჯებს და აღმოფხვრის კორუფციასა და ნეპოტიზმს. ასეთი მიდგომებით, ადგილობრივი ხელისუფლება საქართველოს მასშტაბით 400 მილიონ ლარზე მეტს დაზოგავს, მათ შორის, 200 მილიონი თბილისის 826-მილიონიანი ბიუჯეტიდან. სწორედ ეს თანხები მიემართება გაჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად.

რასაკვირველია, თავიდან ბოლომდე სიცრუე და დემაგოგიაა. რეალობა კი ასეთია - თბილისში 200 მლნ. ლარი მთლიანად არის მოხელეთა შრომის ანაზღაურების სრული ხარჯი, ისევე, როგორც 1,5 მლრდ-იან მუნიციპალურ ბიუჯეტში (ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების ჯამი) სწორედ 400 მლნ. ლარია ეს თანხა. ამ თანხას თუ „დაზოგავენ“, მაშინ მუნიციპალურ მოხელეებს ხელფასი საერთოდ არ უნდა მისცენ, ე.ი. არა მხოლოდ უნდა გაანახევრონ, არამედ საერთოდაც უნდა მთლიანად „ლიკვიდაციაში“ გაუშვან ადგილობრივ მოსამსახურეთა მთლიანი კორპუსი“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

მისი თქმით, მთლიან მუნიციპალურ ბიუჯეტში შემოსავლების მეოთხედზე მეტი პენსიებისა და სოციალური დახმარებებს დანამატს მოხმარდა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის გამგებლობის სფერო არ არის. ეს ნიშნავს, რომ გაუქმდება მუნიციპალური სამსახურები. ასეთ შემხვევაში კი, ვერც რაიმე ინფრასტრუქტურული თუ სხვა მუნიციპალური პროგრამა ვეღარ დაფინანსდება. როგორც ზარდიაშვილი აცხადებს, ამ მძიმე სოციალური ფონის პირობებში ერთი-ორად უფრო მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების როლი და ფუნქციები. სწორედ ამიტომაც უფრო საშიშიც არის ამ ფუნქციების არასწორედ შეფასება და დამახინჯებულად გაგება.

„უბედურებაა, რომ ლამის ყველა ოპოზიციური ე.წ. პარტია ამ წინასაარჩევნოდ პირწავარდნილი სოციალური დემაგოგიით არის დაკავებული და ერთსა და იმავეს სთავაზობს საზოგადოებას. ღატაკები იმიტომ ხართ, რომ ეს ხელისუფლება მარტო თვითონ ჭამს, თქვენ ლუკმას არ გიყოფთ, აი, ახლა ჩვენ აგვირჩიეთ და ჩვენ გაგიყოფთ ლუკმასაო.

ზოგი უფრო შორსაც მიდის. მაგალითად, იგივე „პატრიოტთა ალიანსს“ სურს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობა სწორედაც რომ ღატაკთა თავშესაფრად წარმოგვიდგინოს. თუ სიღარიბის დაძლევა გვსურს, ისეთი თვითმმართველობა უნდა შევქმნათ, რომელიც ყველგან - სოფლად თუ ქალაქად თავად იქნება ძირითადი ლოკომოტივის როლში, რათა ყველამ, ვისაც რა შეგვიძლია, ხელი გამოვიღოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვიშოროთ ეს ჭირი და სირცხვილი - სიღარიბე“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძის განმარტებით, ვინაიდან ქვეყანაში სოციალური ფონი ჯერ კიდევ მძიმეა, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ სწორედ ტყუილი დაპირებით ცდილობს იმ ამომრჩევლის გულის მოგებას, რომლის ეკონომიკური მდგომარება ჯერ კიდევ არ არის სახარბიელო. როგორც გორგილაძე აცხადებს, სწორედ ცრუ დაპირებებით ცდილობენ როგორც დესტრუქციის შეტანას, ასევე აგრესიის გაჩენას მმართველი პარტიის მიმართ.

„ეს მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან მართლაც გაიზარდა სოციალური დახმარებების სამიზნე ჯგუფი. პენსიების და შემწეობების მომატება ეს არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის გადასაწყვეტი თემა. ეს არის თავხედური ტყული. ნებისმიერი ექსპერტი, არასამთვარობო ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია ადგილობრივი თვითთმმართველობის საკითხებით და პრობლემატიკით, იტყვის, რომ ეს საკითხები, როგორიც არის პენსიების მომატება, ან დანამატების წარმოქმნა, არ არის თვითმმართველობის კომპეტენცია. მაგრამ აგრძელებენ ამ დაპირებების გაცემას. ეს ლოგიკურიც არის, ვინაიდან სხვა გზა არც ერთ და არც მეორე ამ გადმონაშთს არ დარჩენია“, - ამბობს ვალერიან გორგილაძე.

როგორც სოციოლოგი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ თბლისში სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემატიკამ, როგორიც არის უმუშევრობა და პენსიების ზრდა, ჩაანაცვლა სხვა პრობლემებმა. ეს არის ეკოლოგია, ქაოტური და დაუგეგმავი მშენებლობები, ჰაერის დაბინძურება, სკვერების და რეკრიაციული ზონების არასაკმარისი რაოდენობა და საველოსიპედო ბილიკების არარსებობა.

„მთავარი პრობლემად რჩება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოგვარება. ამიტომ, ეს პარტიები მთავარი დღის წესრიგიდან უხვევენ და აქცენტს აკეთებენ იმაზე, რაც არ არის თვითმმართველობის საქმე. ეს პრინციპში არც იმ თვალსაზრისით არის გასაკვირი, რომ თუკი გადავხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერთა სტრუქტურას, დავინახავთ, რომ ამ პარტიების ძირითადი ბირთვი წარმოადგენს ნაკლებად განათლებულ და მცირე შემოსავლების მქონე მოსახლეობას. ამიტომ, ამგვარად ახდენენ თავის სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციას“, - აცხადებს სოციოლოგი.

გორგილაძის შეფასებით, ამ თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ემსგავსება „ლეიბორისტულ პარტიას“.

„ლეიბორისტულ პარტიაში“ ამომრჩეველთა ბირთვი კიდევ უფრო გაჭირვებული და კიდევ უფრო გაუნათლებელია. ამდენად, ერთი მხრივ არის ლოგიკა, ეს არის რევანშიზმი და ტყუილი, ყალბი და შეუსრულებადი დაპირება, რომელიც არ შედის თვითმმართველობის დისკრეციაში“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.

პარტიების მხრიდან რატომ კეთდება აქცენტი შეუსრულებად დაპირებებზე და სოციალურად დაუცველ საზოგადოებაზე, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე იმით ხსნის, რომ სოციალურად დაუცვლი ფენა არის გაცილებით დიდი და, როგორც ჩანს, პარტიებს აქვთ გათვლა იმისა, რომ ამ ფენაში უფრო მეტი არიან გაუთვიცნობიერებელი და დაუფიქრებელი ადამიანები.

„ფაქტობრივად, ეს დაპირება უკვე არის შურაცხყოფა იმ საზოგადოების, რომელსაც თითქოსდა პირდებიან მდგომარეობის გაუმჯობესებას. მერია და საკრებულო არ არის უფლებამოსილი ორგანო, რომ პენსიონერს მოუმატოს პენსია, ან იგივე სოციალურად დაუცველ ოჯახებს გაუორმაგოს შემწეობის თანხები. იმ შეხვედრებზე, სადაც ასე გასცემენ ამ დაპირებებს, ვინმემ უნდა იკითხოს, რატომ ამბობენ იმას, რაც არ შეუძლიათ გააკეთონ და საინტერესოა რას იტყვიან.

ამბობენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გავზრდი ამ ხარჯებსო, მაგრამ ადგილობრივ ბიუჯეტს თავისი გასაჭირი აქვს. კითხვა ისმის, რატომ არ იძლევიან დაპირებას, რომ 5 000-ით გაზრდიან პენსიებს? - იმიტომ, რომ იგივე ბიუჯეტები და მათ შორის ადგილობირვიც უნდა შედგეს ბალანსის პრინციპზე. ანუ, ერთს რომ აძლევ, მეორეს უნდა გამოართვა. როგორც წესი, სწორედ ეს არის ძნელი, რომ ფული გამოაკლო რომელიმე უწყებას. ის, რომ პარტიები ტყუილით იწყებენ საარჩევნო კამპანიას, ამას შეჩვეული ვართ, მაგრამ ისმის კითხვა - რა რესურსით არის ესა თუ ის დაპირება გაცემული?“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.