საქართველოში ექიმები ბევრია, მაგრამ მათი კვალიფიკაცია საეჭვოა. ექთნები, პირიქით, ცოტაა, მაგრამ მაგრამ მათი დონეც არადამაკმაყოფილებელია. გამოსავალი ერთია: მათი პროფესინალიზმი უნდა შემოწმდეს და ამიტომ მომავალი წლიდან, შესაძლოა, სერტიფიცირების გავლა მოუწიოთ.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ჯანდაცვის სამინისტროსთან და ექიმთა ასოციაციებთან ერთად დიპლომის შემდგომი განათლების შესახებ კანონპროექტზე მუშაობს. შეიძლება მომავალი წლიდან ის ძალაშიც შევიდეს.
კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, სახელმწიფოს მიდგომაა, სამედიცინო შეცდომის პრევენციაზე გააკეთოს აქცენტი და არა იმაზე, რომელი ექიმი დაისაჯოს და სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდეს.
სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ 157 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა, ხოლო 67-ს სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერა.
„დაახლოებით იგივე მონაცემებია, რაც 2016 წელს იყო. საქართველოსთვის ეს ბევრია თუ ცოტა, ძნელი სათქმელია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 35 ათასი სამედიცინო შეცდომა ხდება ყოველწლიურად. გასაგებია, რომ იქ მოსახლეობის რაოდენობა მეტია, მაგრამ სამედიცინო მომსახურების ხარისხიც განუზომლად მაღალია.
20 ათასამდე ექიმი გვყავს საქართველოში. მოქმედი, აქტიური ექიმი 12 ათასია და აქედან 67-ს შეუჩერდა სერტიფიკატის მოქმედება. ეს საერთო რაოდენობის 1 პროცენტიც არ არის. ჩემი აზრით, უფრო მეტი სამედიცინო შეცდომა ხდება, მაგრამ აქ უკვე ეფექტიანობის სისტემაზეა საუბარი. ყველას ვერ დასჯი, ძირითადად, მაინც სამედიცინო შეცდომის პრევენციაზე უნდა იყოს აქცენტი და არა რეაგირება ამ შეცდომაზე, რომ დავსაჯოთ ექიმი, შევუჩეროთ სერტიფიკატის მოქმედება, დავაყენოთ მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ზოიძემ.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პრობლემიდან გამოსავალს დიპლომის შემდგომი განათლების კონცეფციის სრულყოფაში ხედავს და აცხადებს, რომ აუცილებელია ექიმის კვალიფიკაციის საკითხი მუდმივად გადამოწმდეს.
„არც ერთ ქვეყანაში არ არის მსოფლიოში, რომ ერთხელ მივცეთ ექიმს სერტიფიკატი მთელი ცხოვრებით და შემდგომ არც განათლება დასჭირდეს, არც პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება. დღეს არ ხდება მისი პროფესიის გადამოწმება. არადა, ეს არის პირი, რომელსაც ყოველდღიურად უხდება ადამიანის სიცოცხლესთან შეხება.
ჩვენი მიდგომა გულისხმობს გარკვეული ინტერვალით გამოცდების ჩატარებას, პრაქტიკული ან ქულების სისტემის ჩამოყალიბებას. ამის პრაქტიკა მსოფლიოში არის, სადაც ხდება სერტიფიკატით დადასტურება იმისა, რომ ექიმის უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია კვლავ შეესაბამება იმ დონეს, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ პაციენტის სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააგდოს“, - აღნიშნავს ზოიძე.
კიდევ უფრო დიდი პრობლემებია ექთნების კვალიფიკაციასა და რაოდენობის კუთხით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2015 წელს ქვეყანაში ექიმების რაოდენობა 24 307 იყო, ხოლო ექთნების - 15 781. 2016 წელს ექთნებისა და ექიმების რაოდენობამ იმატა, თუმცა ბალანსი იგივე დარჩა. კერძოდ, ქვეყანაში 17 093 ექთანი და 26 552 ექიმი იყო.
„საგანგაშო მაჩვენებელია ის, რომ ექთანი უფრო მცირე რაოდენობისაა, ვიდრე ექიმი. სხვადახვა ქვეყანაში მაჩვენებლები განსხვავებულია. საშუალოდ ერთ ექიმზე 4-5 ექთანი უნდა მოდიოდეს. ყველა წარმატებულ სამედიცინო სისტემაში ასეა და ზოგან ერთ ექიმზე 8 ექთანიც მოდის. არანაირ პარამეტრს არ აკმაყოფილებს ეს თანაფარდობა, რაც სტატისტიკიდან ჩანს. განვითარებად და პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც კი არ ხდება ასეთი რამ“, - აცხადებს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი სერგო ჩიხლაძე.
ცალკე პრობლემაა ისიც, რომ მცირე ოდენობის ექთნების კვალიფიკაციაც საეჭვოა. მათი დონე ხშირად ვერ აკმაყოფილებს ვერანაირ სტანდარტს. ჯანდაცვის სამინისტრო რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ნათია ნოღაიდელის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, რომ საექთნო პროფესია რეგულირებადი გახდეს, რამაც მათი კვალიფიკაციის პრობლემა უნდა გადაწყვიტოს.
„ოფიციალური სტატისტიკა ან კვლევები ექთნების კვალიფიკაციის შესახებ არაა ჩატარებული, თუმცა ვიცით, რომ არის შემთხვევები, როცა ისინი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. სამინისტროს ამ მიმართულებითაც დაწყებული აქვს მუშაობა. საექთნო პროფესია ისეთივე რეგულირებადი უნდა გახდეს, როგორც ექიმის პროფესია. სერტიფიცირება საჭიროა. დასაქმებული ექთანი მთელი ცხოვრების განმავლობაში მზადებას უნდა გადიოდეს. ამას ევროკავშირის სტანდარტებიც ითხოვს“, - განმარტავს ნოღაიდელი.