„ნარმანიას გამო იწმინდოს ოფლი კახი კალაძემ?“

„ნარმანიას გამო იწმინდოს ოფლი კახი კალაძემ?“

დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ მერობის დროს არსებითად შეუსრულებელი დაპირება არ ჰქონია, გარდა ერთისა. ეს არის ახალგაზრდული ცენტრის აშენება, რომლის პროექტიც უკვე არსებობს, თუმცა მისი განხორციელება ფინანსების უქონლობის გამო ვერ მოხერხდა.

„ჩემი წინასაარჩევნო დაპირებები ყოველთვის ჩემს სამუშაო მაგიდაზე მქონდა, როდესაც ყოველი წლის დასაწყისში განსახორციელებელ პროექტებს ვგეგმავდი“, - აცხადებს ნარმანია და მილიონი ხის დარგვის თემასაც ეხმაურება. ნარმანია მიიჩნევს, რომ გამწვანების კუთხით ბევრი იმუშავა და სამი წლის განმავლობაში 700 ათასი ხე დარგო, აღადგინა ბევრი პარკი თუ სკვერი, მაგრამ ამის შედეგს ქალაქი ოდნავ მოგვიანებით ნახავს, როცა ხეები გაიზრდება.

დავით ნარმანია თავადაც გრძნობს, რომ უფრო მეურნე მერია, ვიდრე- პოლიტიკოსი. თუმცა მიიჩნევს, რომ, როცა ამხელა ქალაქის მერი ხარ, იმთავითვე პოლიტიკურ ფიგურად ითვლები. ნარმანიამ სათქმელი პროცენტებში გამოხატა და აღნიშნა, რომ თბილისის მერი 70%-ით მეურნე უნდა იყოს, ხოლო 30%-ით პოლიტიკოსი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მერი მხოლოდ პოლიტიკოსი იქნება, მას აუცილებლად დასჭირდება კარგი მეურნე ვიცე-მერის რანგში.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნარმანიას ჰქონდა თავისი დადებითი და უარყოფითი მომენტები. უარყოფითს განეკუთვნება დედაქალაქში უაზროდ გაჩენილი საცობები, რომელიც კომფორტულად გადაადგილებას ხელს უშლის.

„ეს პრობლემა საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, თანაც, ამის მოგვარება ძალიან მარტივია წმინდა მათემატიკურ-ეკონომიკური მოდელირების შემოღებით. ქალაქში ასეთი ხელოვნური საცობები არ უნდა გაჩენილიყო. რაც შეეხება პლუსებს, გარკვეული ინფრასტრუტურული პროექტები განხორციელდა, გამოიცვალა კომუნიკაციური საშუალებები. თბილისში პოზიტიური ელემენტები შეინიშნება, თუნდაც გზების დაგების კუთხით. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კულტურის მიხედვით, თბილისის მერი უთუოდ პოლიტიკური თანამდებობაა. თორემ ამერიკაში, ნიუ-იორკისა და სხვა დიდი ქალაქების მერებს არავითარი პოლიტიკური შიგთავსი არ გააჩნიათ. ჩვენთან პოლიტიზირებული საზოგადოებაა და თბილისის მერიც მესამე თუ მეოთხე რანგის პოლიტიკურ ლიდერად ითვლება. ეს არის მთავარი ტრაგედია. სანამ არ მოხდება ამის პოლიტიკური ცვლილება, რომ თბილისის მერი არ გახლავთ პოლიტიკური ფიგურა და ის მხოლოდ სამეურნეო სუბიექტია, მანამ ასეთ კოლიზიას მივიღებთ.

ნარმანია პოლიტიკოსი მერი არც ყოფილა, ის დანიშნეს, როგორც მეურნე, რადგან იგი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გახლდათ, მანამდე კი იყო ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წევრი და, როგორც მეურნე, ფინანსისტი დაინიშნა ამ თანამდებობაზე. მას პოლიტიკური ამბიცია არც ჰქონია. კალაძეს კი პოლიტიკური თანამდებობა ეკავა, ვიცე-პრემიერის დონეზე, იგი პოლიტიკოსიც იყო და დღემდე პოლიტიკური პარტიის ლიდერად მოიაზრება. ამასთან, მეურნის ელემენტები ენერგეტიკის სამინისტროში მოღვაწეობის დროს შეიძინა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მას უჭირს საუბარი, როგორი მერი იქნება კახა კალაძე, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს და ლელა კაკულიას კონკურენტობას ვერავინ გაუწევს ისევე, როგორც ვერავინ შეეცილება ნოსტრადამუსს. რაც მთავარია, კახი კალაძეს მერობის კარგი პოტენციალი გააჩნია.

რა დაპირებები უნდა შეესრულებინა ნარმანიას, როცა ის იყო ანტიმერი?! - აინტერესებს პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს. ჩვენთან საუბრისას პოლიტოლოგი აცხადებს, რომ სწორედ ნარმანიას „დამსახურებაა“ კახი კალაძის უარი ელისაშვილთან დებატებზე. კახი კალაძე დღეს გამოჭერილია, რადგან ვერ იტყვის, ნარმანია ცუდი მერი იყოო, როცა ელისაშვილი ნარმანიას საგმირო საქმეებს ჩამოუთვლის.

„ნარმანიას გამო იწმინდოს ოფლი კახი კალაძემ? რატომ, რისი გულისთვის? ნარმანიას პირველი დაპირება იყო გიგი უგულავას დროს დაწყებული ქაოტური მშენებლობების შეჩერება. უგულავა ძალზე ცუდი მერი იყო, რადგან ქალაქის მეურნის ნაცვლად პოლიტიკა აინტერესებდა. მართალია, უგულავა გავლენიანი პოლიტიკოსი იყო საკუთარი მერობის დროს, მაგრამ ნარმანია პოლიტიკოსი არ ყოფილა. ნარმანიას არავინ არაფერს ეკითხებოდა პოლიტიკაში, თვით „ქართული ოცნებაც“ კი. ნარმანია უნდა ყოფილიყო ელემენტარულად „პრარაბი“, მაგრამ ნარმანია ამბობდა, უარს ვამბობთ ქაოტურ მშენებლობებზეო და ამ დროს ვაკე-საბურთალოს ეზოებში, უკაცრავად და, ტუალეტი აღარ დარჩა, ხალხს ტუალეტები დაანგრევინეს და იქ 17-სართულიანი კორპუსები ააშენებინეს. ეს სწორედ ნარმანიას დროს მოხდა“,-აცხადებს სოსო ცინცაძე და ეჭვობს, ქაოტური მშენებლობების შეწყვეტასთან დაკავშირებით კალაძის დაპირება განხორციელდეს.

პოლიტოლოგის თქმით, თბილისის მომავალი მერი ქაოტურ მშენებლობებს ვერ მოერევა, რადგან უკვე დაწყებულია ასობით შენობის აგება. გარდა ამისა, პოლიტოლოგი ინტერესდება, ვინ შემოიღო კოეფიციენტები? რატომ ხდება, რომ 9-სართულიანი სახლის მშენებლობის პროექტს იმტკიცებ და ფულს თუ გადაიხდი, 9-სართულიან შენობას 40-სართულიანად გადააქცევ?!