კომპრომისი გამოირიცხა - უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად ემზადება

კომპრომისი გამოირიცხა - უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად ემზადება

მმართველი გუნდი პრეზიდენტის შეთავაზებას არ თანხმდება. იმ შემთხვევაში, თუკი კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებს შეთავაზებული ორი საკითხის გარდა სხვა საკითხები დაემატება, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით სხვა საკითხებზე დისკუსია არის დახურული.

როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე 4 წინადადებას სთავაზობს. კერძოდ, უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში, პრეზიდენტის ვეტოში ოთხი საკითხი აისახება: ბონუსების აკრძალვა; საარჩევნო ბლოკების დაშვება; პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020-ში და პრეზიდენტის არჩევის წესზე მსჯელობა პარლამენტის მხრიდან მას შემდეგ, რაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანი გახდება.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტს ახლა მაინც ჰქონდა შანსი, რომ ერთხელ მაინც შეესრულებინა კონსტრუქციული როლი, თუმცა მან ეს შანსიც ხელიდან გაუშვა. კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მზად იყო, რომ სხვაგვარი შედეგი დამდგარიყო იმისთვის, რომ ქვეყანა გადასულიყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან. თუმცა, მისი თქმით, ოპოზიციის გამო ეს ცვლილება შეუძლებელი გახდა.

„რაც შეეხება შემდგომ პროცესებს, ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის ვეტოს. ჩვენ მოვუწოდეთ პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო ცვლილებებისთვის იმ შეთანხმების შესაბამისად, რომელიც შედგა პარლამენტის ხელმძღვანელობასა და ვენეციის კომისიას შორის, თუმცა პრეზიდენტმა ეს შესაძლებლობაც გაუშვა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავლახავთ იმ ვეტოს, რომელიც დაიდება პრეზიდენტის მხრიდან დოკუმენტზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის ოთხპუნქტიან შეთავაზებას, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ხელისუფლება ცალსახად აღნიშნავდა, რომ თუ ვეტო შეეხებოდა იმ შეთავაზებას, რომელიც შედგა საპარლამენტო უმრავლესობასა და ვენეციის კომისიას შორის, საპარლამენტო უმრავლესობა გაიზიარებდა მას.

„დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვეტოს აუცილებლად დავძლევთ და აუცილებლად მივიღებთ პირვანდელი სახით. ასეთ შემთხვევაში კი, მოხდება ინიცირება ახალი პროექტის, რომელშიც იქნება გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ორი მიმართულებით - ბონუსების სისტემის ამოღება და ბლოკების ერთჯერადად დატოვება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს შეთანხმება ვენეციის კომისიასთან მესამე საკითხთან დაკავშირებით და ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებზე საარჩევნო ნორმებთან მიმართებაში. ამასთან დაკავშირებითაც შევა ცვლილებები.

გარდა პროპორციული სისტემისა, ოპოზიციამ მოგვაწოდა მეორე საკითხი, მათ მოითხოვეს ჩანაწერის შეცვლა პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით. ოპოზიცია და პრეზიდენტი კონსტრუქციულობისთვის მზად არ არიან. პრეზიდენტმა და ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთეს, რომ კონსენსუსი არ შემდგარიყო“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის ერთადერთი თვითმიზანი იყო კონსენსუსისთვის ხელის შეშლა და ამ მიზანს მიაღწია, თუმცა ვერ მიაღწია.

„დარჩენილიყო არადემოკრატიული კონსტიტუცია, რომელსაც ის ზეპირად ასწავლის რატომღაც საქართველოს მოსახლეობას, ეს მიზანი არ იქნა მიღწეული და ჩვენ პრინციპულობით შევძელით ის, რომ დღევანდელი აბსოლუტურად დაუხვეწავი კონსტიტუცია შევცვალეთ ძალიან დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციით, რასაც აღიარებს აბსოლუტურდ ყველა, მათ შორის ვენეციის კომისია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ დარჩენილ რამდენიმე დღეში კონსენსუსის მიღწევის შესაძლებელი გახდება. პრეზიდენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ოპოზიციის ეს ერთი საკითხი იქნას გათვალისწინებული მათ ოთხ საკითხთნ ერთად. იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა უარს იტყვის პრეზიდენტის შეთავაზებაზე, ასეთ შემთხვებაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც არის ერთი პარტიის მიერ მიღებული, ასეთად დარჩება.

„ჩვენ მოვისმენთ კომისიის მოსაზრებებს იმ დოკუმენტზე, რომელიც უკვე მიღებულია სამი მოსმენით, რაც თავისთავად ხაზს უსვამს იმ ნაკლოვან მხარეს, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესს ჰქონდა. ეს მხარე კომისიამ აღნიშნა თავის დასკვნაში. საბოლოო ჯამში არავითარი მცდელობაც კი არ ყოფილა, ნამდვილი და გულწრფელი მცდელობა ვინმესთან მოლაპარაკებისა, კონსტიტუციის ტექსტთან მიმართებაში, გარდა საკუთარი თავისა. შესაბამისად, ეს დოკუმენტი არის ერთი პარტიის მიერ მიღებული დოკუმენტი, ის ასეთად დარჩება და როდესაც საქმე ეხება ქვეყნის უმაღლეს კანონს, ეს ფაქტი უაღრესად სამწუხარო და არასასიამოვნო შედეგის მომტანია“, - განაცხადა ანა დოლიძემ.