„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი მზად არის მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ საერთო დებატში. „ქართული ოცნება“ ძირითად მედია-საშუალებას სთავაზობს, თბილისის მერობის კანდიდატების ტელედებატებთან დაკავშირებით ერთობლივ ფორმატზე შეთანხმდნენ, სადაც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელს და ყველა კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არსებობს ბევრი მედია-საშუალება, რომელთაც სურთ კანდიდატებმა მონაწილეობა სწორედ მათ არხებზე გამართულ დებატებში მიიღონ.
„ვინაიდან, არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება - ჩვენ ვთავაზობთ ყველა ძირითად მედიასაშუალებას შეთანხმდნენ ერთობლივ ფორმატზე, რომელშიც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელს და ყველა კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და მაყურებლისთვის ეთერი იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი.
პატივს ვცემთ საზოგადოებას და მედიას, არ გვსურს გამოვარჩიოთ რომელიმე მედია-საშუალება, ან რომელიმე მერობის კანდიდატი. ამიტომ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მზად არის მონაწილეობა მიიღოს საერთო დებატში, რომელიც აგებული იქნება პარიტეტულ პრინციპზე და ყველასთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გამოწვევა მიღებულია. „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი მზად არის ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ კანდიდატთან დაჯდეს დებატებში. უდუმაშვილი ამბობს, რომ კალაძის შეთავაზება, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდს ჰგავს, სადაც დავით ნარმანია სხვა მერობის კანდიდატებს საერთო ეთერში მონაწილეობას სთავაზობდა. უდუმაშვილი ფიქრობს, რომ კანდიდატი მედიას დებატების ფორმატს არ უნდა კარნახობდეს, რადგან ეს მისი პრეროგატივა არ არის.
„პირადად მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში, ნებიმიერ არხზე დავჯდე დებატებში, ნებისმიერ კანდიდატთან. ამომრჩეველთან კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება სწორედ დებატებია. კონკრეტულად კალაძის განცხადებას რაც შეეხება, არ მგონია, რომ კანდიდატი უნდა კარნახობდეს დებატების ფორმატს, ეს მედიის პრეროგატივაა. მახსენდება 2014 წლის არჩევნები, მაშინაც ანალოგიური მოთხოვნები ჰქონდა დავით ნარმანიას, რომ საერთო დებატები გამართულიყო, ერთ და არა ყველა არხზე. დღესაც იგივე სტრატეგია აქვს „ქართულ ოცნებას“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
„ევროპული საქართველოს“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდის შეთავაზება საერთო დებატებთან დაკავშირებით, არის, პრაქტიკულად, ირიბად უარის თქმა იმ დებატებზე, რომელიც უკვე ჩანიშნულია.
„დებატები უკვე დანიშნულია, ყველა არხს აქვს თავისი ფორმატი. ჩვენ ყველა დებატში ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას. აქ, უბრალოდ, არის, რომ კალაძეს არაფერი კონკურენტულ გარემოში არ აქვს სათქმელი თბილისელებისთვის და ცდილობენ რაღაცა სტერილიზებული ფორმატის მოფიქრებას, ან ფორმატზე შეუთანხმებლობის გამო, უარის თქმა იმ დებატებზე, რომელიც დანიშნულია. ერთიც და მეორეც ნამდვილად ძალიან ცუდი ნაბიჯი არის მართველი პარტიის კანდიდატისგან“, - ამბობს გოკა გაბაშვილი.
რაც შეეხება თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს, რომელიც კალაძის ჯერ დებატებში და შემდეგ უკვე ფეხბურთში დამარცხებას გეგმავდა, კალაძის საარჩევნო შტაბის შეთავაზებას მედია-საშუალებების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად აფასებს. თუმცა, ამბობს, რომ მზად არის ამ „აჯაფსანდალში“ მონაწილეობის მისაღებად.
„ცდილობენ ჩემს შეთავაზებაზე უარი „გააპრავონ“. „ქართული ოცნების“ შტაბი მედიას სთავაზობს გაურკვეველ ფორმატს, აჯაფსანდალს. ამაზეც თანახმა ვარ. არც ეს აჯაფსანდალია ჩემთვის დიდი პრობლემა. მინდა მივმართო ტელევიზიებს, რომ „ქართული ოცნების“ შტაბის დირექტივებით ნუ გადაწყვეტთ, როგორი ფორმატი უნდა იყოს. თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, როგორი უნდა იყოს დებატები.
გამოვიდა „ქართული ოცნების“ შტაბი და ამბობს, ტელევიზიები უნდა შეგროვდეს, ამდენი წამყვანი უნდა იყოს და ა.შ. ასე აკეთებს, ალბათ, კიმ ჩენ ინი ფხენიანში, ჩვენ კი ვცხოვრობთ თბილისში. მე მზად ვარ ნებისმიერ სახელისუფლებო ტელევიზიაშიც მივიდე. მთავარია, ტელევიზიებმა თავად გადაწყვიტონ, როგორი ფორმატი უნდა შესთავაზონ მაყურებელს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია მერობის მერობის მსურველი სხვა კანდიდატების პოზიცია მმართველი ძალის შეთავაზებაზე. ანალიტიკოსის, ექსპერტის თვითმმართველობის საკითხებში, დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ეს არჩევნები ელისაშვილის ფენომენით არის გამორჩეული, მაგრამ ისევ „გუგავა მოვათი“ დაღდასმული. მისი თქმით, „გუგავა მოვა“ - ფსევდო-პარტიული, პატრონ-კლიენტელური სისტემის აბსურდულობის მოუცილებადი საფირმო ნიშანია, რაც სიახლეს და ეგზოტიკას, მიუხედავად ამ ახალი ფრთიანი ფრაზისა, ნამდვილად არ წარმოადგენს.
„ეგზოტიკა - ელისაშვილია, თუმცა ისიც - არა უნიკალური; იგი, როგორც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი, მარტო-კაცია ქართულ პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილიც პრინციპულად არაპარტიული იყო, მაგრამ ელისაშვილისგან განსხვავებით, მან ჯერ საკუთარი მოძრაობა, შემდეგ პარტია და ბოლოს პარტიული კოალიცია შექმნა. ივანიშვილს პრაქტიკულად ულევი რესურსი გააჩნდა, რათა „შუა გაკრეფის“ წინასაარჩევნო პოლიტიკა ეფექტიანად ეწარმოებინა.
მან ერთპარტიულ, კორპორაციულ პატრონ-კლიენტელურ წყობაში მოახერხა და ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, ერთგვარი საკუთარი სუპერ-კლიენტელა რეკორდულად მცირე დროში დააარსა, მთლიანად პოლიტიკური ველი გაღმა და გამოღმა ნაპირებად გაყო, ამ გამოღმა ნაპირზე ყველა ე.წ. პარტიას და რაც მთავარია, ამომრჩევლებს მოუყარა თავი და სააკაშვილის კორპორაციულ რეჟიმს, რომელიც გაღმა ნაპირზე სრულიად იზოლირებული აღმოჩნდა, სწორედ ამ ხერხით გამოუყვანა წირვა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე აცხადებს, რომ ელისაშვილს თავისი ამოცანები აქვს და ბუნებრივია, ელისაშვილისთვის ბევრად უფრო კომფორტულია ფეხბურთში კალაძესთან წაგება, ვიდრე უდუმაშვილთან. მისი თქმით, ამიტომაც იწვევს, კალაძეს ამ ესტრავაგანტული ფორმებით.
„აქ პრინციპში არაჩვეულებრივს ვერაფერს ვხედავ, გარდა გარკვეული ინფანტილიზმისა, რომელიც. რაც შეეხება ლეიბორისტებს, უკვე დიდი ხანია ასრულებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციას - ისინი არიან, უბრალოდ, იარაღი, არა ბრმა იარაღი, მაგრამ შეგნებული ინსტრუმენტი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ.
ლეიბორისტების ძირითადი ლეიტმოტივი რა არის? - არაფერს არავის არ პირდებიან, იმიტომ, რომ არც არაფრის გამკეთებლები არ არიან და ეს უკვე ყველამ იცის. მხოლოდ - შეტევა ბიძინა ივანიშვილზე და „ოცნებაზე“. აქაც კლასობრივი დაპირისპირების ელემენტებს ვხედვათ. მდიდრებს და ოლიგარქებს ადანაშაულებენ.
თითქოს გაჭირვებაში მყოფი ხალხის მზრუნველებად და დამცველებად გვევლინებიან. ესეც ერთი კონსტრუქციაა, ერთი პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი ელემენტია. პირდაპირ ახორციელებენ ნეგატიურ კამპანიას. არანაირი პოზიტიური არც დეკლარაცია და არც დაპირებები არ გააჩნიათ. ამ თვალსაზრისით „ლეიბორისტული პარტია“ ერთ-ერთი იარაღია ამ ძალების ხელში“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.